საქართველოს არჩევნების ისტორიაში შესაძლოა მალე უპრეცედენტო ფაქტი ვიხილოთ - აშშ და ევროკავშირი 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ და კონსულტაციებს აწარმოებენ, თუ რომელი საერთაშორისო ორგანო გამოიძიებს საქმეს. მედიაში უკვე გაჟღერდა ერთი შესაბამისი ორგაიზაციის დასახელება.
„ქართული ოცნება" ასეთ გამოძიებაზე ჯერჯერობით უარს ამბობს. ოპოზიცია კი იმის ინდიკატორად მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებას „ბევრი რამ აქვს დასამალი".
ცესკომ კი პროკურატურას ოფიციალურად მიმართა და არჩევნების გაყალბებაზე პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ სხვა პირების განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება მოითხოვა. თუმცა, რამდენად ექნება დასავლეთში ნდობა ასეთ გამოძებას, ძნელი სათქმელია.
როგორც ცესკო განცხადებაშია აღნიშნული, იმ გარემოების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს საქართველოს პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ გაკეთებული განცხადება თუ გავრცელებული ინფორმაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, კომპლექსური და ობიექტური გამოძიების ჩატარებას საჭიროებს, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას სცილდება.
„მივმართავთ წინადადებით საქართველოს პროკურატურას დაიწყოს და აწარმოოს გამოძიება ზემოთ ხსენებულ განცხადებებთან დაკავშირებით. ჩვენის მხრივ კი, გამოვხატავთ მზაობას ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან და შეუფერხებლად მივაწოდოთ ინსტიტუციაში არსებული გამოძიებისათვის საინტერესო და აუცილებელი ინფორმაცია", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ცესკო ავრცელებს.
ანალიტიკოსების თქმით, საქართველოს ხელისუფლება საბოლოოდ შესაძლოა დათანხმდეს საერთაშრისო გამოძიებას, ოღონდ გარკვეული კომპრომისების დაშვებით, მაგალითად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ჩართულობით, რათა იზოლაციაც აარიდონ ქვეყანას და პერსონალური სადამსჯელო ზომებიც.
თუმცა, ანალიტიკოსებს ამ დროისთვის უჭირთ იმაზე საუბარი, თუ ვინ და რა პლატფორმამ შეიძლება გამოიძიოს ჩვენი არჩევნების საქმე. ქართულ მედიაში ვარაუდის დონეზე გავრცელებული ინფორმაციით, არაა გამორიცხული, რომ ეს იყოს გამომძიებელი ჟურნალისტი ხრისტო გროზევი და მისი ორგანიზაცია „ბილინგქეთი".
რას ამბობენ აშშ-ის სახდეპი, „ოცნება" და ოპოზიცია
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი ამბობს, რომ აშშ გამოძიებას ითხოვს.
„ქართველი ხალხი შაბათს არჩევნებზე მივიდა იმ საარჩევნო გარემოში, რომელიც მმართველი პარტიის პოლიტიკით, მათ შორის სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების, ხმების ყიდვისა და ამომრჩევლის დაშინების ფონზე შეიქმნა. ამან ხელი შეუწყო არათანაბარ გარემოს და არჩევნების სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ნდობას ძირი გამოუთხარა.
„ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის სრული გამოძიების შესახებ და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პატივი სცეს გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, განიხილონ ის, თუ როგორი ურთიერთობა სურთ ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან, ვიდრე იმ პოლიტიკის გაძლიერება, რომელსაც ავტორიტარები აქებენ...
„ჩვენ არ გამოვრიცხავთ შემდგომ შედეგებს, თუ საქართველოს ხელისუფლების მიმართულება არ შეიცვლება", - განაცხადა მეთიუ მილერმა.
ამასთან, მეთიუ მილერმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა, კერძოდ, მოეწონა თუ არა პროცესი და ეთანხმება თუ არა იგი შედეგებს.
„ამ დროისთვის შედეგების საბოლოო შეფასება არ გვაქვს. ჩვენ გვინდა, რომ გამოძიება ჩატარდეს. გვინდა, რომ პროცესის გამოძიება ვნახოთ. ჩვენ დარღვევები აღვნიშნეთ და სრული გამოძიების შესახებ ადგილობრივი ოფიციალური პირების მოწოდებებს ვუერთდებით", - განაცხადა მეთიუ მილერმა.
მილერს ასევე ჰკითხეს, გამოძიება უნდა ჩაატაროს თუ არა მმართველმა პარტიამ, რაზეც მილერმა განაცხადა, რომ ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს აწარმოებენ, თუ რომელი შეიძლება იყოს შესაბამისი ორგანო.
„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ გვინდა გამოძიება ვნახოთ და ჩემს განცხადებაში არ დამიკონკრეტებია, თუ ვინ უნდა ჩაატაროს გამოძიება. ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ იმის შესახებ, თუ რომელი შეიძლება იყოს შესაბამისი ორგანო, რომელიც გამოძიებას ჩაატარებს", - განაცხადა მეთიუ მილერმა.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ამას ქვეყნის შიგნითაც გამოიძიებენ.
„საშინაო გამოძიებას რას ერჩიან? საშინაო რომ იყოს, რა პრობლემაა, რატომ არ ენდობიან? ასე არ ენდობოდნენ „რუსთავი 2"-ის საქმეზე სასამართლოს, ასე არ ენდობოდნენ გვარამიას, მელიას, სააკაშვილის საქმეებზე. ხომ აღმოჩნდა, რომ ეს იყო ცრუ ბრალდებები სასამართლოს მიმართ, ქართული მართლმსაჯულება იყო მართალი და მის მიმართ ბრალმდებლები იყვნენ მტყუანი? ანუ, ჩვენ ძალიან კარგი საშინაო გამოძიებები გვაქვს ყველაფერთან დაკავშირებით, თუკი რაიმე საჭირო არის და უპირველეს ყოვლისა, აქ იგულისხმება საჩივრების განხილვა ცესკო-ში. ამას ყველა ნახავს და დააკვირდნენ და ნახონ, კმაყოფილი იქნებიან თუ არა ამ განხილვებით",- განაცხადა პაპუაშვილმა.
„ქოცებმა" უარი თქვენს საერთაშორისო გამოძიებაზე, ხომ? კარგია, ყოჩაღ! ეს იმის ინდიკატორია, რომ გამოძიების ეშინიათ. ვინც გამოძიებაზე უარს ამბობს, იმას დასამალი ბევრი რამ აქვს, მაგრამ არ არს დამალული, რომ არ გაცხადდეს!" - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
რა შეიძლება იყოს გამოსავალი „ოცნებისთვის"
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გამოძიება საქართველოს ცესკოსთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით უნდა ჩატარდეს.
„რომელ ქვეყანაში ჩატარებულა მსგავსი გამოძიება, ამაზე არ მაქვს ინფორმაცია, თუმცა საქართველოს არჩევნების ისტორიაში ეს პირველი პრეცედენტია. გასაგებია, ისინი ადგილობრივ სტრუქტურებს არ ენდობიან და ითხოვენ, რომ ეს საერთაშორისო ორგანიზაციამ ჩაატაროს. ჩემი აზრით, არ იქნება მთლად მიზანშეწონილი, რომ ეს გამოძიება მხოლოდ და მხოლოდ საერთასორისო ორგანიზაციას ჩაატარებინონ, ეს საქართველოს ცესკოსთან ერთად უნდა ჩატარდეს, რადგან მათ შეიძლება ბევრი ნიუანსი არ იცოდნენ, რაც ცესკომ იცის.
„ნებისმიერ შემთხვევაში ცესკო-სთან თანამშრომლობა მუწევთ - შეამოწმონ ვერიფიკატორები, დამთვლელი აპარატები, შეისწავლონ დარღვევები და ა.შ. ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ ღია ვართ, რომ გადამოწმება მოხდესო, მაგრამ ეს მხოლოდ განცხადების დონეზე იყო და (საბოლოოდ) როგორი პოზიცია ექნებათ, ვერ გეტყვით. თუმცა, მე პირადად მომხრე ვიქნებოდი, რომ ცესკოსთან თანამშრომლობით მოხდეს.
„დამკვირვებლების ინფორმაციის საფუძველზე წარმოიშვა პრეტენზიები. ეს ინფორმაცია სწორედ მათ მიაწოდეს და საგამოძოებო კომისიის ფუნქციაა დაამტკიცოს, რომ ეს დარღვევები ნამდვილად მოხდა. რაც ვნახე, მცირე გამონაკლისის გარდა, საერთაშორისო დამკვირვებლები ძირითადად ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციებს იმეორებდნენ, ამ ადგილობრივი დამკვირვებლების მიუკერძოებლობასა და ობიექტურობაში კი სერიოზული ეჭვია შესატანი, რადგან ისინი ხელისუფლებასთან მწვავე დაპირისპირების რეჟიმში არიან, დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენენ და მათი სურვილია ხელისუფლება შეიცვალოს.
„ვერ გეტყვით რა პროცედურებით იხელმძღვანელებენ, მათ თავიანთი მეთოდოლოგია აქვთ. როდესაც ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს დარღვევების შესახებ ჰკითხეს, მათი მისიის ხელმძღვანელმა ძალიან ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა - რომ კი მივიღეთ ინფორმაცია დამკვირვებლებისგან (ადგილობრივი დამკვირვებლები უგულისხმა), მაგრამ ჩვენ ჩვენი მეთოდოლოგია გვაქვსო და ვაფასებთ წინასაარჩევნო პროცესს და კენჭისყრის დღეს. ასე რომ, ასე არაა მთლად საქმე, რომ ისინი ბოლომდე თვალდახუჭული დაეყრდნონ ადგილობრივი დამკვირვებლების მიწოდებულ ინფორმაციას.
„დათანხმდება თუ არა „ოცნება" გამოძიებას, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ძლიერი იქნება წნეხი დასავლეთიდან. თუ დადგა საკითხი უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე, ან იმაზე, რომ ახალი სადამსჯელო ღონისძიებები იქნება შემოღებული, ეს არ მგონია ის გამოსავალი იყოს, რაც „ქართულ ოცნებას" უნდა აწყობდეს. ამიტომაც, ჩემი აზრით, ხელისუფლებაში ფიქრობენ, თუ რა კომპრომისული ვარიანტი შეიძლება მოიძებნოს შექმნილ სიტუაციაში.
„ხელისუფლება სულ ასე კონფრონტაციულ რეჟიმში ვერ იმუშავებს. თუ მას არ ექნება აღიარება ევროკავშირის მხრიდან, ეს ხელისუფლებისთვის რთული დარტყმა იქნება და შესაძლოა, საზოგადოებაშიც გააჩინოს გარკვეული უხერხული კითხვები, მათ შორის ხელისუფლების მომხრეებშიც. ამიტომაც უფრო ვიხრები იმისკენ, რომ ხელისუფლება რაღაც კომპრომისულ ნაბიჯებს გადადგამს", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
ანჯაფარიძემ პაპუაშვილის განცხადებაც შეაფასა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე შიდა გამოძიებაზე საუბრობს.
„საშინაო გამოძიება კი, ბატონო, მაგრამ ჩვენ უნდა შევხედოთ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ დასავლეთის სამრეკვლოდანაც. ისინი შესაძლოა ფიქრობდნენ, რომ ხელისუფლების ჩატარებული გამოძიება ბოლომდე ობიექტური და მიუკერძოებელი ვერ იქნება. გამოდის, რომ ხელისუფლება გამოძიებას საკუთარ თავს უტარებს. ამიტომაც მე მაინც იმისკენ ვიხრები, რომ რაღაც კომპრომისული ვარიანტი იქნება მოძებნილი, რომელიც გამოძიების პროცესში გულისხმობს უცხოელი ექპსრტების ჩართვას.
„აშშ-სა და სხვა დასავლური ოფიციალური სტრუქტურების განცხადებები ჩვენ ერთ რამეს გვეუბნება - ეჭვი გვეპარება და თქვენ დაგვიმტკიცეთ, რომ ყველაფრი კარგად და სუფთად ჩატარდაო. თუ მინიმალური დარღვევები იყო და ის არჩევნების შედეგებზე ზეგავლენას ვერ მოახდენდა, მაშინ არჩევნებს ვაღიარებთო. თან, როგორც ვხედავ, გარკვეულ პირობებსაც აყენებენ - გამჭვირვალობისა და ანტი-ლგბტ კანონების უკან გაწვევას. რაღაცნაირი პოლიტიკური ვაჭრობის ელფერი დაჰკრავს ამ ყველაფერს და ვნახოთ, ამ დღეებში ალბათ გაირკვევა ხელისუფლების პოზიცია როგორი ინება, მე მაინც რეკომენდაციას მივცემდი, რომ კომპრომისულ ვარიანტზე იფიქრონ.
„ის ფაქტიდან, რომ ასეთი მოთხოვნა დადგა, ჩანს რამდენად დიდია დასავლეთის ინტერესი ამ არჩევნებისადმი და მათ მიერ დადებული პოლიტიკური ფსონი რამდენად მაღალია. მათი მოლოდინიც და სურვილიც აშკარად იყო, რომ არჩევნებში ოპოზიციას გაემარჯვა, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაყალბებებს ჰქონდა ადგილი, მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის ამხელა სხვაობა როგორ მიიღწეოდა?
„შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დარღვევები არ იყო. ვიდეოკადრები ვნახეთ კიდეც -ბიულეტენები ჩაყარეს და ა.შ. მაგრამ ყველა ეს ბრალდება მტკიცებულებებს საჭიროებს. დოკუმენტები უნდა დაიდოს - სად, როდის, რა გარემოებაში და ვის მიერ მოხდა დაშინება, მოსყიდვა, ზემოქმედება და რა სიხშირით მოხდა ეს. თუ ეს ერთეული შემთხვევები იყო, ამას არჩევნებზე გავლენა ვერ ექნებოდა, მაგრამ თუ ამას ჰქონდა მასობრივი ხასიათი, მაშინ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ მოახდენდა ზეგავლენას არჩევნების შედეგებზე", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
პრეცედენტები
შავი ზღვის უნივერსიტეტი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ მსგავსი პრეცედენტი 2005 წელს უკრაინაში იყო. მისი თქმით, თუ „ოცნებამ" გამოძიებაზე საბოლოოდ უარი თქვა, ეს ქვეყანას სრული იზოლაციისკენ წაიყვანს.
„ნარინჯისფერი რევოლუციის პერიოდში, დასავლეთი დაინტერესებული იყო, რომ უკრაინაში რეალური შედეგები დამდგარიყო. დასავლურ ძალებს ჰქონდათ უპირატესობა, შედეგების დადგენაში დასავლეთი იყო ჩართული, საბოლოო ჯამში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, სადაც იუშენკომ გაიმარჯვა. უკრაინაში, როგორც ვიცი, საგამოძიებო საქმიანობაში უცხოელი ექსპერტები იყვნენ ჩართული. ისინი იუშჩენკოსა და იანუკოვიჩის მომხრეებს შორისაც შუამავლობდნენ და ცესკოსთანაც ჰქონდათ კომუნიკაცია.
„(საქართველოს) ოპოზიცია ასევე ითხოვს, რომ საერთაშორისო მისიების ხელმძღვანელობით ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. მსგავსი რამ ყოფილა - გაერომ უზრუნველჰყო არჩევნების ჩატარება, მაგალითად, კამბოჯაში, ბოსნია ჰერცოგოვინაში და კოსოვოში.
„ქართულ ოცნებას" საერთაშორისო გამოძიება არ აწყობს, შიდა გამოძიებას კი აზრი არ აქვს, ამას არ ჩაუთვლიან. თუ „ოცნებამ" გამოძიებაზე უარი თქვა, ბელარუსზე უარესი იზოლაცია გველის", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.