თამთა ჩაჩანიძე
29.10.2024

შვედეთი საქართველოს მთავრობასთან პირდაპირ თანამშრომლობას აჩერებს, კანადა „ოცნებასთან" ურთიერთობების გადასინჯვას გეგმავს, ევროკავშირის 14 სახელმწიფო კი საქართველოში არსებული სიტუაციით შეშფოთებულია და „გმობს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას". რაც შეეხება აშშ-ს, ის ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიებას ელოდება. პრემიერ ირაკლი კობახიძეს კი არჩევნებში გამარჯვება უნგრეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთისა და ჩინეთის პირველმა პირებმა მიულოცეს.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ საქართველო იზოლაციაში აღმოჩნდეს, თუმცა მიაჩნია, რომ „ქართველმა ხალხმა გამძლეობა უნდა გამოიჩინოს და თავისი გაიტანოს".

ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის აზრით კი, ასეთ შემთხვევაში საქართველო არა უბრალოდ „ახალ ბელარუსად" გადაიქცევა, როგორც ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, არამედ „ჩვენ ბელარუსზე უარესადაც ვიქნებით".

ოფიციალური განცხადებები

„მცდელობები, ხელი შეეშალოს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას თავისი დემოკრატიული როლის შესრულებაში, კერძოდ, შემზღუდავი კანონმდებლობით, ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, მთავრობა აჩერებს შვედეთ-საქართველოს მთავრობის პირდაპირ თანამშრომლობას, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, მათ შორის საქართველოს საგადასახადო ორგანოსთან", - აცხადებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი ბენჟამინ დოუსა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირთან კვლავ დაახლოების შემთხვევაში, შესაძლოა, ურთიერთობები განახლდეს.

რაც შეეხება კანადას, ქვეყნის მთავრობის გლობალურ საქმეთა დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთიბას გადახედავს „დიდი შვიდეულის" ქვეყნებთან და ევროპელ კოლეგებთან კოორდინაციის საფუძველზე.

„კანადას მტკიცედ სწამს, რომ თავისუფალი, სამართლიანი და დამოუკიდებელი არჩევნები დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. „დიდ შვიდეულთან" და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით და ამ არჩევნების ჩატარებისა და შედეგების გათვალისწინებით, კანადა ხელახლა შეაფასებს ურთიერთობას საქართველოს ხელმძღვანელობასთან. კანადა ღიაა საქართველოსთან თანამშრომლობისთვის მანამ, სანამ საქართველოს ხელმძღვანელობა პატივს სცემს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და მოაგვარებს ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლას", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამას ემატება ევროკავშირის 13 ქვეყნის მინისტრების განცხადება, რომელსაც შემდგომ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე შეუერთდა.

„ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში ამჟამად შექმნილი სიტუაციით. საერთაშორისო დამკვირვებლები დარღვევებზე იუწყებოდნენ საარჩევნო კამპანიისას, ისევე როგორც არჩევნების დღეს. ვგმობთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას. ვიზიარებთ მათ შეშფოთებას და მოვითხოვთ საჩივრების დამოუკიდებელ მოკვლევას და დადგენილი დარღვევების გამოსწორებას.

„ამ რთულ დროს ქართველების მხარეს ვდგავართ. მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი და განსაკუთრებით მის მიმართ მთავრობის რეაქცია, მშვიდობიანი იყოს. საარჩევნო (პროცესის) ერთიანობის დარღვევა შეუთავსებელია სტანდარტებთან, რომლებიც ევროკავშირის (წევრობის) კანდიდატისგანაა მოსალოდნელი. ესაა ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მიზანსწრაფვის ღალატი. კანონის უზენაესობის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დაცვა განუყოფელი ნაწილია საქართველოს ნებისმიერი პროგრესის ევროკავშირისკენ გზაზე. ჩვენ ვაკრიტიკებთ (უნგრეთის) პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ნაადრევ ვიზიტს საქართველოში. იგი ევროკავშირის სახელით არ ლაპარაკობს", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

მარტინ დვორჟაკი, ჩეხეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი;

მარი ბიერი, დანიის ევროპულ საქმეთა მინისტრი;

ანა ლურმანი, გერმანიის ევროპისა და კლიმატის საქმეთა მინისტრი;

მარგუს ცახკნა, ესტონეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი;

იოაკიმ სტრანდი, ფინეთის ევროპულ საქმეთა და საკუთრების მართვის მინისტრი;

ბენჟამინ ჰადადი, საფრანგეთის ევროპულ საქმეთა დელეგატი მინისტრი;

ჯენიფერ კეროლ მაკნილი, ირლანდიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი;

გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი;

კასპარ ველდკამფი, ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრი;

ხავიერ ბეტელი, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობის, განვითარების კოორდინირებისა და ჰუმანიტარული საქმეების მინისტრი;

ადამ შლაპკა, პოლონეთის ევროკავშირის მინისტრი;

ინიეს დომინგოსი, პორტუგალიის სახელმწიფო მდივანი ევროპულ საქმეებში;

ჯესიკა როზენკრანტსი, შვედეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრი.

გვემუქრება თუ არა დიდი იზოლაცია

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ მოცემულობით არაა გამორიცხული, რომ მართლაც იზოლაციაში აღმოვჩნდეთ.

„შესაძლოა იზოლაციაში აღმოჩნდე, თუკი დასავლეთის ქვეყნები გადაწყვეტენ, რომ საქართველოში ხელისუფლება შეცვალონ. მთელი ეს პროცესი კი ამისკენ მიდის. მათ ის არ აინტერესებთ, ქართველმა ხალხმა ვინ აირჩია, მათ აინტერესებთ იყოს ის, ვინც აწყობთ - ასეთ პირობებში ვართ.

„საქართველოში ანალოგიური მდგომარეობა იყო (1978 წლის) 14 აპრილს, როცა საბჭოთა კავშირმა ქართული ენის მოქმედება საქართველოში რუსული ენის სასარგებლოდ შეზღუდა. მაშინ რუსთაველის გამზირი ხალხით გაივსო, რამაც საბჭოთა კავშირი აიძულა, რომ ეს პუნქტი შეეცვალათ. აი, ასეთი ბრძოლაა ახლაც, ოღონდ საბჭოთა კავშირთან ურთიერთობაში ის საკითხი არ იდგა, ხელისუფლებაში ვინ იქნება, რადგან მათ მოჰყავდათ ის, ვინც უნდოდათ. მაგრამ დღეს, როცა დემოკრატიული ქვეყანა ვართ, ეს საკითხი დგას, რომ ხალხს თავისი არჩევანის მიხედვით უნდა მოქმედება. დასავლეთი აქ გვედავება, რომ ხალხს რა უნდა, საეჭვოა და არც პრეზიდენტის და არც ოპოზიციის განცხადებები საეჭვო არ არისო.

„მაშინ დასავლეთი ჩვენს მხარეს იყო, თუმცა აქტიურად არ მოქმედებდა და არც ოპოზიცია ჰყავდა იმ პროცესს. მაშინ ერი და ბერი ერთად იყო და ესეც გამძლეობის ერთ-ერთი პირობაა, რომ ქვეყენა უფრო გამძლე აღმოჩნდეს სხვების ზეწოლისგან.

„ამათ (დასავლეთის ქვეყნებმა) ახლა გამონახეს ეს ფორმულა, რომ ეს („ოცნების" პოლიტიკა) რუსული ხაზია, ის (ოპოზიციის პოლიტიკა) კი ევროპულია და რადგან ევროპულია, ესე იგი ისაა სწორი. ანუ პოლიტიკური ინტერესია. ახლა იმაზეა საქმე - დაგვსჯიან თუ არა და თუკი არ დაგვსაჯეს, მაშინ ვიტყვი, რომ ევროპა ევროპაა, მაგრამ თუკი დამსაჯეს, მაშინ ვიტყვი, რომ ერთხელ საბჭოთა კავშირში ვიყავით და ახლა მეორედ გვაქვს ისეთ კავშირთან საქმე, როცა პოლიტიკური ნებაა გადამწყვეტი და არა ხალხის სურვილი", - განაცხადა საყვარელიძემ.

ამბობს, რომ მივდივართ თუ არა დიდი იზოლაციისკენ, ეს „ჩვენს გამძლეობაზე" იქნება დამოკიდებული.

„ჩვენს გამძლეობას გააჩნია. არჩევნებში ერთხელ ეს გამძლობა უკვე გამოვავლინეთ. ხალხმა იცოდა, რომ მთელი დასავლეთი გვექაჩებოდა იმისკენ, რომ გაგვეკეთებინა ის, რაც თავად სურდა. ახლა იგივე ეტაპი დგება. თუ აღმოჩნდება, რომ მტკიცედ ვართ, ჩვენსას გავიტანთ.

„ეს პროცესი მთელს მსოფლიოში დაიწყო. იგივე ორბანის ვიზიტიც ამის ნიშანია - მართლა იმიტომ ხომ არ ჩამოვიდა, რომ თბილისის შემოდგომა ნახოს?! იმიტომ ჩამოვიდა, რომ მთელს მსოფლიოშიც და უნგრეთშიც არის ეგ ტენდენცია, რომ ვიყოთ ევროპაში, ოღონდ საკუთარი ხმით და უფლებებით და არ დავკარგოთ საკუთარი თავის განკარგვის უფლება.

„გვედავებიან, შენთან ომი იქნება თუ არა, მაგასაც შენ კი არა, ჩვენ გადავწყვეტთო. ამ დონეზე საკუთარი თავის განკარგვა მნიშვნელოვანია, რომ ასეთი საკითხები სხვა ქვეყნების გაკარგვის საგანი არ აღმოჩნდეს", - განაცხადა საყვარელიძემ.

კითხვაზე, თუ რა იგულისხმება გამძლეობაში, საყვარელიძე ამბობს:

„თუ საქართველომ მოსახლოების 60-მდე პროცენტმა ერთი პარტია აირჩია და არა სხვა, მაშინ დაიცვას ეს არჩევანი, გინდ ხელისუფლებამ და გინდ ხალხმა", - ამბობს ანალიტიკოსი.

კითხვაზე, არჩევანის დაცვაში იგულისხმება თუ არა კონტრაქცია, საყვარელიძემ გვიპასუხა:

„მეეჭვება, რომ კონტრაქციემდე საქმე მივიდეს, რადგან ასეთი კონტრაქციები არაერთხელ გაკეთდა და ხალხის რაოდენობა, ცხადია, უფრო მეტი გამოვა; მაგრამ, მეორეს მხრივ, სახიფათოა თუ აქციები დროსა და სივრცეში ერთმანეთს დაემთხვა, რომ მოქალაქეთა დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს, რაც არ გვაწყობს და უკმაყოფილოთა რიგებს გაზრდის, რადგან ნორმალურმა ქვეყანამ ადამიანები ერთმანეთს არ უნდა დააპირისპიროს.

„გამომდინარე აქედან, უნდა დავიცადოთ. ვხედავთ ევროპაც არ ჩქარობს ანტიქართული ვერდიქტის გამოქვეყნებას. იცის, რომ ასეთი რამ ანტიევროპულ განწყობებს გაზრდის. უნგრეთიც არ აპირებს ევროკავშირის ნების უსიტყვო შემსრულებლები იყვნენ, მათთვის დამოუკიდებლობას უფრო მეტი ფასი აქვს. სულ არის იმაზე აპელირება, რომ ორბანი რუსეთის გამო უპირისპირდება ევროპასო. ევროპასთან დაპირისპირება მხოლოდ რუსეთის გავლენის შედეგი არაა, თვითონ ევროპა უშვებს იმ შეცდომებს, რის გამოც შეიძლება დაუპირისპირდე. ასეთი შეცდომაა ჩვენი არჩევნების მიმართ ასეთი აგდებული დამოკიდბეულება, როცა ევროპა ხალხის უმრავლესობის ნებას უნდობლობას უცხადებს და ცდილობს, რომ მცირე ნაწილის გადაწყვეტილებას დაუჭიროს მხარი მხოლოდ იმიტომ, რომ მას ეს აწყობს. აი, ასეთი პოლიტიკურად მორივირებული, დემოკრატიის სახელით მოქმედი ევროპა შეიძლება ბევრს აღიზიანებდეს და მათ შორის ქართველებსაც", - განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი ამბობს, რომ დასავლეთის მხრიდან იზოლაციის შემთხვევაში, პირველ რიგში ქვეყანაში მკვეთრად დაეცემა ცხოვრების დონე და გარდა ამისა, ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით სახელმწიფო გაცილებით მოწყვლადი გახდება.

„ჩვენ ბელარუსზე უარესადაც ვიქნებით. ის კიდევ უკეთესადაა, იქ მიწის რესურსიც აქვთ და მეურნეობაც, აქედან გამომდინარე, უკეთეს მდგომარეობაში არიან, თუნდაც ეკონომიკურად, რადგან სამთო გადამამუშავებელი და ტრაქტორების ქარხანაც მუშაობს და ა.შ. საქართველოში უარესი იქნება, ეკონომიკურად არანაირი ინვესტიცია არ შემოვა და ამის პარალელურად ტერიტორიული მთლიანობაც არაა უზრუნველყოფილი", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×