შევიდა თუ არა ათონელის სასახლეში მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში და რატომ არ ასახელებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ვინ ჰყავს პრემიერის კანდიდატად შერჩეული? აღმოჩნდა, რომ ქარტიის სულისკვეთებას ბოლომდე მისი ხელმომწერი პარტიებიც არ იზიარებენ და რამდენიმე პუნქტთან დაკავშირებით პრეტენზიებსაც ღიად გამოთქვამენ. მაგალითად სადაოა პუნქტები, სადაც ერთი წლის თავზე ხელახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.
პრეზიდენტი ამბობს, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, დრო არ უნდა დაიკარგოს. თუმცა ეს პარტიების ნაწილისთვის მიუღებელია. ექს-პრემიერმა გიორგი გახარიამ, რომლიც ათონელის სასახლეში პრეზიდენტთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, პირდაპირ თქვა, რომ ის ერთი წლის ვადაში არჩევნების დანიშვნის აზრს ვერ ხედავს. ასევე ბოლო დროს მიდის საუბარი იმაზე, რომ პრემიერობის კანდიდატი სჯობდა თავად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოფილიყო და მას ეკისრა სწორედ ქვეყნის ევროპულ რელსებზე დაბრუნების ვალდებულებაც. თუმცა უცნობია, არის თუ არა ოპოზიციაში ყველა მის კანდიდატურაზე თანახმა.
როგორც გიორგი გახარია ამბობს, არჩევნების შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლება ისე უნდა დატოვოს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ დაბრუნდეს.
“ამიტომ ვფიქრობ, რომ ტექნიკური მთავრობა არის გამოსავალი”, - დასძინა გახარიამ და ისიც დაამატა, რომ ვადამდელი არჩევნების იდეა მისთვის “გაუგებარია”.
„გახარია საქართველოსთვის“ გუნდში არასდროს გვითქვამს, რომ დროებით მთავრობას ვეთანხმებით, რადგან ეს შეიცავს მნიშვნელოვან რისკებს და არ არის საჭირო. რაც შეეხება მომავალ მთავრობას, ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა კონკრეტული კონსულტაციები,“ – თქვა „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ.
მისი განცხადებით, შესაძლებელია, პრემიერობის კანდიდატად პრეზიდენტს ჰყავს ვინმე მოაზრებული, რისი გაზიარებაც სურს ოპოზიციური პარტიებისთვის, თუმცა ჯერ კონსულტაციები არ ყოფილა.
„პრეზიდენტს შეიძლება, ჰყავდეს გუნებაში კონკრეტული ადამიანი, რომელიც შესაძლებელია, იყოს შეთავაზებული, მაგრამ ამ ტიპის კონსულტაციები არ ყოფილა ამ ეტაპზე. ჩვენ ხომ არ ვიცით, ვისზეა საუბარი, ამიტომ ის, რაც ჯერ დეტალურად არ არის განხილული, ამაზე პოზიციის თქმა შეუძლებელია. დაველოდებით პრეზიდენტის შეთავაზებას კონსულტაციებზე, თუმცა ერთწლიანი მთავრობა არ არის ჩვენთვის მისაღები, რადგან საფრთხეებს შეიცავს, ქვეყანას ახლა სჭირდება ევროკავშირისკენ სწრაფი ტემპით სვლა. ვადებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია უცვლელია, არ ვიზიარებთ იმას, რომ დროებითი უნდა იყოს მთავრობა, თუმცა ცხრა ევროპული რეკომენდაცია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ასევე მთავრობის ფორმირებისას პროფესიონალური ნიშნით დაკომპლექტების საკითხის განხილვა მისაღებად მიგვაჩნია“, – განაცხადა აქუბარდიამ.
ამასთან კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, რომ სალომე ზურაბიშვილი დასახელდეს პრემიერობის კანდიდატად, აქუბარდია აცხადებს, რომ ამ ტიპის საუბარი არ ყოფილა.
„პრეზიდენტმაც თქვა, რომ არ ყოფილა განხილული ეს საკითხი, თუმცა ის, რომ პოლიტიკოსმა არასდროს არაფერი უნდა გამორიცხოს, ეს ჩვეულებრივი ამბავია. მომავალში სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელების საკითხზე ჩვენი პოზიცია უცვლელია, ვფიქრობ, მისი ბრძოლა ქვეყნის ევროპული მომავლისა და კონსტიტუციის დაცვისთვის მნიშვნელოვანი, სხვა დანარჩენი კონსულტაციების საგანია“, – განაცხადა აქუბარდიამ. „სალომე ზურაბიშვილის მიმართ ჩემი ძალიან კრიტიკული დამოკიდებულების მიუხედავად, მას აქვს დღეს „პოლიტიკური მომენტუმი“, ეს უკიდურესად ტურბულენტური პერიოდი ნაკლები რყევით გავიაროთ, ინიციატივა და კონსოლიდირებული ძალაუფლება გამოვტაცოთ ხელიდან ივანიშვილს და ჩამოვშალოთ რეჟიმი,“ - წერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.
„ჩემი აზრი მინდა შემოგთავაზოთ, როგორ მესახება 26 ოქტომბრის საღამოს პროცესების განვითრება. პროფესიული მთავრობა სალომე ზურაბიშვილის თავმჯდომარეობით გარდამავალ ფუნქციას შეასრულებს, გაატარებს ქარტიით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, დააბრუნებს ქვეყანას ევროკავშირის გზაზე და ქვეყანას მოამზადებს თავისუფალი არჩევნებისთვის.
„ეს რთული „ირმის ნახტომი“, რომელიც ქვეყანამ 26 ოქტომბერს 8:30 საათზე უნდა გააკეთოს, მე მხოლოდ ასეთი ფორმით მესახება, ცხადია, ყველა რეალობის გათვალისწინებით. მე ვფიქრობ, ეს საკითხი უნდა იყოს საჯარო დისკუსიის საგანი და არა აბსტრაქტული, ყოველთა და ყოვლისათვის მისაღები „დიმიტრი გელოვანის“ ძიება, რომელთანაც დაკავშირებით პარტიები ვერ შეთანხნდებიან ვერც ახლა და ვერც 26-ში ღამეს და არც უნდა შეთანხმდნენ, რადგან ქვეყანა ექსპერიმენტების მორევში არ უნდა გადაეშვას. საკმარისზე მეტი რისკებია ქვეყანაში და მის გარშემო, რომ ასე უპასუხისმგებლოდ მოვიქცეთ. ჩემი სალომე ზურაბიშვილის მიმართ ძალიან კრიტიკული დამოკიდებულების მიუხედავად, მას აქვს დღეს „პოლიტიკური მომენტუმი“, ეს უკიდურესად ტურბულენტური პერიოდი ნაკლები რყევით გავიაროთ, ინიციატივა და კონსოლიდირებული ძალაუფლება გამოვტაცოთ ხელიდან ივანიშვილს და ჩამოვშალოთ რეჟიმი“, – წერს გიგი უგულავა.
ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ცოტა რთულია იმაზე საუბარი, თუ ვინ შეარჩია პრეზიდენტმა ტექნიკური მთავრობის პრემიერობის კანდიდატად და ასევე იმაზე ლაპარაკი, რომ ქარტიის ხელმომწერი პარტიები მის ყველა სულისკვვეთებას იზიარებენ. მიიჩნევს, რომ სჯობს ჯერ არჩევნები ჩატარდეს და დანარჩენზე შეთანხმება შემდეგ მოხდეს.
„ქარტიაში ასეა განსაზღვრული, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ უნდა იყოს არც პოლიტიკური ფიგურა და არც რომელიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი. ეჭვი მაქვს, რომ ეს იქნება შედარებით ნეიტრალური პირი. თუმცა რთულია იმაზე საუბარი, რომ ამ კანდიდატურას ყველა დაეთანხმება. ფაქტია, რომ ასეც არის, რადგან ამ ხნის განმავლობაში რაც შეხვედრები მიდის, არვის უთქვამს, რომ კანდიდატურა დაასახელა პრეზიდენტმა და ამაზე დათანხმდნენ.
„ახლა წინასაარჩევნო პერიოდია და რომც არ მოეწონოთ ამ პარტიებს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული პრემიერობის კანდიდატი, საჯაროდ ამის გაცხადება ძალიან ცუდი იქნება. წინააღმდეგობის გამოვლენა და ურთიერთქიშპი წინასაარჩევნოდ კარგად არ აისახება.
„მეორეს მხრივ, ეჭვი მაქვს, რომ ამ პარტიებს ასეთი საყოველთაო შეთანხმება არ უნდათ. მაინც მგონია, რომ უფრო სწორი იქნება ეს გადაიდოს არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის“, - ამბობს ზურაბიშვილი.
მისივე თქმით, სჯობს პრემიერობის კანიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე იქნეს მიღებული - იმის მიხედვით, თუ რომელი პარტია ხმების რამდენ პროცენტს აიღებს.
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ კონსულტაციების საბოლოო შედეგი არჩევნების შემდეგ დადგება. ჩიტაძის აზრით, შესაძლოა რაღაც უთანხმოება არსებობს, თუმცა მოლაპარაკებები გაგრძელდეს და ყველა პარტიამ პრემიერობის საკუთარი კანდიდატი წამოაყენოს.
„შეიძლება ამ მოლაპარაკებებზე რაღაცა შეთანხმებები ხდება, მაგრამ მის საჯაროდ გახმოვანებისგან ჯერ თავს იკავებენ. არ არის გამორიცხული, რომ საუბორბენ იმაზე, ვინ არის მინისტრი და პრემიერი, თუმცა ეს ახლა საჯარო არ გახდეს.
სწორი ნაბიჯია შემადგენლობა ახლა რომ შეირჩეს, რადგან ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, მერე ცოტა დრო რჩება - ახლადარჩეული პარლამენტი უფლებამოსილებას იღებს არჩევნებიდან სადღაც სამი კვირის შემდეგ და ეს პერიოდი ოპოზიციისთვის შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი. არ არის აგმორიცხული, რომ პარტიები მაინც ფიქრობენ, ჯერ კონცენტრაცია უნდა მოხდეს საპარლამენტო არჩევნების გამარჯვებაზე. მაგრამ არაა გამორიცხული, რომ მანამდე ფარულად ვიღაც კანდიდატურები შეარჩიონ. მერე ადამიანების ძებნა თუ დაიწყეს, შეიძლება გართულდეს. პრეზიდენტმა კი თქვა, რომ მას ჰყავს შერჩეული კანდიდატი, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ პარტიებს არ მოეწონათ მისი კანდიდატურა, ან თავად ჰყავთ შერჩეული",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.