ნატალია ჯვარიძე
10.10.2024

„ევროკავშირი „ქართულ ოცნებას" პირდაპირ ომს უცხადებს, თუმცა აქ მეორე საკითხია - როგორია ეს ბრძოლა, კეთილმოსურნეობით თუ პირიქით... ერთი ის იმედი გვაქვს, რომ ისინი ქართველ ხალხს არ ებრძვიან," - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

იგორ კვესელავა: პოლიტიკა მარტივი საქმე არაა, მასზე რთული მსოფლიოში არაფერი არ არსებობს. მითუმეტეს, თუ მის ხელოვნებას და დიპლომატიას დაუფლებული არ ხარ და არ იცი, სად რა უნდა თქვა. პოლიტიკაში არც ადრე უნდა მოხვიდე და არც გვიან. თქვენი აზრით ევროკავშირის გადაწყვეტილება ხელისუფლებისთვის ცნობილი არ იყო? ეს არის უმკაცრესი გადაწყვეტილება პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და სხვა თვალსაზრისით. ხომ შეიძლებოდა ეს თავიდან აგვეცილებინა? აქ რომ ერთი, ორი ან სამი ქვეყანა იყოს კიდევ ხომ, მაგრამ თითქმის ყველა „ოცნების" წინააღმდეგ გამოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ შენი დიპლომატია იმ სახელმწიფოებთან ვერ მუშაობს - საგარეო და საშინაო პოლიტიკის გამო არ მოსწონხარ. უფრო მეტად საშინაო პოლიტიკის გამო, რადგან საშინაო საგარეოს საზღვრავს. არის, ასევე, მოსაზრება, რომ საგარეო საზღვარს საშინაოს, თუმცა ამ შემთხვევაში ეს არ მუშაობს.

მე ამ მოვლენას მკვეთრად უარყოფითად ვაფასებ. ევროპამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც ამ მთავრობისგან მიიღო, მაგრამ ერთი ის იმედი გვაქვს, რომ ისინი ქართველ ხალხს არ ებრძვიან. ისინი „ქართულ ოცნებას" პირდაპირ ომს უცხადებენ, თუმცა აქ მეორე საკითხია როგორია ეს ბრძოლა, კეთილმოსურნეობით, თუ პირიქით.

„რეზონანსი": როგორ შეაფასებდით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას?

ი.კ: ყველა პერიოდში უზენაესი სასამართლო, ეკლესია და ა.შ. პოლიტიზირებული იყო და ახლაც ასეა. ისინი სახელმწიფოს ექვემდებარებიან - ხალხის განწყობილებას კი არ იზიარებენ, არამედ მმართველი გუნდისას. მათ ეს გააკეთეს იმიტომ, რომ ამ ხელისუფლების მიერ არიან არჩეულები და მათზე არიან დამოკიდებულები. თუმცაღა ეს გადაწყვეტილება ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან ჩვენ ძალიან მალე სერიოზული არჩევნები გვექნება და იქ გადაწყდება ყველაფერი. ახლა რომ ვიშ-ვიში ავტეხოთ, ამას არანირი აზრი არ ექნება.

მე ამ გადაწყვეტილებას ველოდებოდი. რა, ოპოზიციამ არ იცოდა, რომ ასე მოხდებოდა? სხვა რამის იმედი ჰქონდათ? რა თქმა უნდა, არ უნდა ჰქონოდათ იმიტომ, რომ სასამართლო და ხელისუფლება ამ შემთხვევაში ერთად ძოვენ ბალახს და ერთმანეთს იცავენ. მე აქ ვერაფერს ვხედავ უცანურს.

დავუშვათ, არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა, მაშინ რას გააკეთებს ეს ორგანო? ხომ არ გადადგება? ეს ორგანო იმ წუთშივე შეიცვლება და იმ მთავრობის გვერდით დადგება, რომელიც ხელისუფლებაში მოვა. ასე რომ, ის თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს და სულ ვიღაცაზე დამოკიდებული იქნება. ეს ჩვენთან ძალიან ცუდ ტრადიციად იქცა. ოპოზიცია რომ ხელისუფლებად იქცევა, ეს არ უნდა გააკეთოს, მაგრამ მე ბევრ რამეში ეჭვი მეპარება.

„რ.": თქვენი აზრით, რა შედეგი ექნება ოპოზიციისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოლაპარაკებებს?

ი.კ: საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში აქამდე ეს საკითხი ასე არ დასმულა, ალბათ ამის საჭიროებაც არ იყო, თუმცა დრო მოვიდა ეს პრეზიდენტს გაეკეთებინა, რაშიც მე აბსოლუტურად ვეთანხმები. ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ და ვთქვათ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სულ სხვა პრეზიდენტია, განსხვავებით სხვებისგან. გიორგი მარგველაშვილიც გარკვეულწილად ეწინააღმდეგებოდა „ოცნებას", მაგრამ აქ ეს წინააღმდეგობა უფრო მკვეთრად არის გამოვლენილი. თუმცაღა აქ ისმევა კითხვა, ვინ არის აქ მართალი? მე მგონია, რომ ძირითად სიმართლე ზურაბიშვილის მხარესაა. პრეზიდენტის და ხელისუფლების ასეთი დაპირისპირება რამ გამოიწვია? ეს იმის ბრალია, რომ მთავრობის გადადგმულ ნაბიჯებს ზურაბიშვილი საერთოდ აიგნორებდა. ადამიანი, რომელსაც ევროპული მუშაობის უდიდესი გამოცდილება აქვს, პიროვნებადაც არ იქნა მიჩნეული, არა თუ პრეზიდენტად. სხვათაშორის, ის ზვიად გამსახურდიას მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი, თუმცა მერე ბევრი რამე გადასინჯა. ასეთი რაღაცები ხშირია და შეცდომები ყველას აქვს. უკვე დაახლოებით 2 წელია მისი ყველა გამოსვლა ხელისუფლებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ეს არის სწორედ ერთპარტიულობა. როდესაც ბიძინა ივანიშვილი იტყვის ეს არის თეთრი, მაგრამ მე ვფიქრობ ეს შავია და ყველა ტაშს დაუკრავს. ეს სისტემა მოდის „მოქალაქეთა პარტიიდან", შემდეგ „ნაცმოძრაობიდან" და ახლა „ქართულმა ოცნებამ" გააგრძელა, თუმცა მათ უფრო ცუდად გააგრძელეს.

თუ აკვირდებით ევროპაში ზურაბიშვილის მოქმედებებს როგორ ხვდებიან. მე არ ველოდი, რომ მას ასე ზარ-ზეიმით მიეგებებოდნენ და ასეთ დროს აქ პარლამენტის წევრები როგორ ლაპარაკობენ. ელემენტარული ცოდნა არ აქვთ, რომ შენ ლანძღავ იმ პრეზიდენტს, რომელსაც ევროპაში კარგად იღებენ. ვერ ხვდებიან, რომ შენ ასევე, ლანძღავ იმ ადამიანებსაც, რომლებმაც მას ხელი ჩამოართვეს.

მე ვერ გავიგე, რა უნდა საქართველოს მთავრობას - რუსეთთაან ურთიერთობა არ გვაქვს, ამერიკასთან არა, ევროკავშირთანაც არა, მაინცდამაინც არც ჩინეთთან არის გადასარევი, რადგან აქ კიდევ ბევრი წინააღმდეგობაა. ასეთ ვითარებაში, როცა შუაგზაზე დგახარ, ვერც წინ და ვერც უკან მიდიხარ, რა გამოსავალი გაქვს? მაშინ უნდა გადახტე წყალში და დაიხრჩო. ამათ კი არავინ ახრჩობს, თვითონ აკეთებენ ძალით. ასე რომ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა მდინარეში გადახტომა, გადახტება თუ არა, არ ვიცი.

ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში ზურაბიშვილის სვლა აბსოლუტურად გამართლებულია და მიმაჩნია, რომ თვითონ პრეზიდენტის ტაქტიკა ხელს უწყობს ევროპასთან საქართველოს დაახლოებას და განვითარებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ხელისუფლებაში რაღაც შეიცვლება, ეს პრეზიდენტის დამსახურებაც იქნება, რადგან საერთოდ ევროპასთან კავშირი არ გაწყდა. თუმცაღა, ჩვენ ევროპა აღარფერს გვეკითხება და აღარც გვეხმარებიან. ეს დახმარებები უამრავი რომ იყო, ახალი არაა.

პრეზიდენტისა და ხელისუფლების დუელმა ჩვენ გარკვეულწილად ამ მდგომარეობამდეც მიგვიყვანა და საზოგადოებამ 26 ოქტომებრს აუცილებლად უნდა გააკეთოს არჩევანი. მე სულ ვიძახი, რომ მოდი ეს კოალიციური მთავრობის მოდელი გამოვცადოთ, იქნებ გამოგვადგეს. დარწმუნებული ვარ, რომ „ოცნება" ხმებს აიღებს და ამის რეზერვები აქვს. ბუნებრივია, ოპოზიციაც აიღებს და აქედან უნდა დაკომპლექტდეს მთავრობა. სწორედ ის იქნება ის გზა, როცა კოალიცია ბევრ საკითხზე შეთანხმდება, ან პირიქით და უმრავლესობა შეჯერდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×