![](rubrics/rubs2/artc214114/a1728557163.jpg)
არჩევნებამდე ორი კვირაა დარჩენილი, პოლიტიკური ძალები კვლავ აქტიურად განაგრძობენ რეგიონებსა და დედაქალაქში წინასაარჩევნო კამპანიას. პარტიებს გადასალახი აქვთ 5%-იანი ბარიერი და აქტუალურია კითხვა - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რამდენი ძალა შევა საკანონმდებლო ორგანოში. სხვადასხვა კვლევებით მათი რიცხვი 3-დან ხუთამდეა.
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის პროგნოზით, 5%-იან ბარიერს მინიმუმ 5 პოლიტიკური ძალა გადალახავს. ამასთან, როგორც ის „რეზონანსთან" აცხადებს, „ოცნება" საპარლამენტო არჩევნებში დაახლოებით 35%-ს აიღებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ არა მხოლოდ ბარიერს გადალახავს, არამედ ორნიშნა პროცენტი ექნებათ ოთხივე ოპოზიციურ პლატფორმას - „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას", „კოალიცია ცვლილებებისთვის", „ძლიერი საქართველოსთვის" და „გახარია საქართველოსთვის" და მეხუთე ეს თავად „ქართული ოცნებაა".
„ბარიერს ხუთი პოლიტიკური ჯგუფი გადალახავს და საკმაოდ წარმატებითაც, დანარჩენებს არანაირი შანსი არ აქვთ. ერთპროცენტიანი ხმების მიღების შანსი აქვს - იაგო ხვიჩიას „გირჩს", „პატრიოტთა ალიანსს" თავის "ლტ-ინფოსთან" ერთად და მეტ-ნაკლებად ნათელაშვილის პარტიას. ამ პარტიებმა თითო პროცენტიანი ზღვარი რომ გადალახონ, ეს საშუალებას მისცემთ ფინანსები მიიღონ. დანარჩენებს ერთი პროცენტიც არ ექნებათ.
ამ თემას თუ რეალური და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მივუდგებით, ამ ხუთი სუბიექტის გარდა, ვინც კი არჩევნებში მონაწილეობს, ყველა "ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს.
„ზღაპარია, 59%-ს „ქართული ოცნება" ვერ აიღებს, ვფიქრობ, რომ სადღაც 35%-ის ფარგლებში იქნება, ეს არის 700-750 ათასი ხმა. თუ არჩევნებზე 1 მილიონ 800 ათასი მოვიდა, 700 ათასი ხმა 35%-ზე მეტია, თუ ორი მილიონი მოვიდა, მაშინ ნაკლებია. პროცენტი დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ადამიანი მივა არჩევნებზე",- განაცხადა ძაბირაძემ.
კითხვაზე, ვისია ემიგრანტების ხმები, ამბობს, რომ ძირითადად ოპოზიციის.
„ემიგრანტების ხმები ძირითადად ალბათ ოპოზიციური იქნება, რადგან აქედან წასულ კაცს საზღვარგარეთ როგორი კარგი შემოსავალიც არ უნდა ჰქონდეს, მას მაინც აქ ურჩევნია ყოფნა. აქ რომ ჰქონდეს შესაძლებლობა თუნდაც იმის ნახევარი აიღოს, რასაც იქ იღებს, უმეტესობა დაბრუნდება, მაგრამ ამის შანსი არ არის.
„ამიტომ, თუ საელჩოებს, საკონსულოებს და მის თანამშრომლებს არ ჩავთვლით, ძირითადად ეს არის ოპოზიციური ხმები, ამიტომაც არ უნდა „ქართულ ოცნებას", რომ საარჩევნო უბანი ბევრგან გაიხსნას", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ბარიერის გადალახვის რეალური შანსი ორ პოლიტიკურ ძალას აქვს.
„რასაც ვუკვირდები, ბარიერის გადალახვის საშუალება ორ პოლიტიკურ ძალას აქვს - "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას". ძალიან ეჭვი მეპარება ამხელა პროცენტი თუ შეიძლება ჰქონდეს გვარამია-მელია-ხოშტარია-ზურაბა გირჩს. მაშინ ეს ქვეყნის ტრაგედიაა - ოფიციალურად დადგენილია, რომ ხოშტარია რუსეთიდან ფინანსდება, გირჩი ზურაბა შარვალს იხდის, სუბიექტი, რომელიც ეწინააღმდეგება ყოველგვარ ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ღირებულებებს. ამასთან ერთად გვარამია, რომელიც ქართულ სიამაყეს და სიმბოლოს - ღვინოს შეურაცხყოფს.
"რასაც მე ქუჩაში დავდივარ, მიწევს რა საზოგადოების ყველა ფენასთან ურთიერთობა, ვფიქრობ "ქართული ოცნება" 65%-მდე აიღებს, იმ სიტუაციიის ფონზე, როგორშიდაც ეს ოპოზიცია, სინამდვილეში "მეხუთე კოლონა" იმყოფება. ერთი-ორჯერაც თუ მიიღებენ ასეთ რეზოლუციებს, სადაც მოგვიწოდებენ რუსეთის მიმართ სანქციებს და ერთი ორჯერაც ჩამოიყვანენ მიხაილ რუთს და ა.შ. ალბათ "ოცნების" მხარდაჭერა 80%-მდე ავა.
ჩვენმა ხელისუფლებამ მუშაობა დაიწყო და ვფიქრობ, რომ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ემიგრანტების ხმები შუაზე გაიყოფა - 50/50-ზე იქნება",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ "რეზონანსთან".
ერთ-ერთი ბოლო კვლევა 8 ოქტომბერს ტელეკომპანია "იმედმა" გამოქვეყნდა, "გორბის" გამოკითხვით, არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, "ქართულ ოცნებას" ხმათა 59.5% აქვს, მას მოსდევს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 13.6%-ით, "კოალიცია ცვლილებებისთვის" - 10.3%. "ძლიერი საქართველო" - 4.5%, "გახარია საქართველოსთვის"- 3.8%, იაგო ხვიჩიას "გირჩი" - 2.7%, "პატრიოტთა ალიანსი"/"ალტ-ინფო" - 2.5%, სხვა პარტიები - 3.1%.
როგორც "იმედი" წერს, "გორბის" კვლევა ჩატარდა, ქვეყნის მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს პრინციპით, 18 სექტემბრიდან 30 სექტემბრის შუალედში.
4 ოქტომბერს ტელეკომპანია "ფორმულამ" "ედისონ რისერჩის" კვლევა გამოაქვეყნა შედეგები ასეთია : "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 33%; ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო - 19%; კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 13%; ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები - 12%; გახარია - საქართველოსთვის - 11%; ლეიბორისტული პარტია - 4%; გირჩი (იაგო ხვიჩია) - 4%; პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო - 3%; სხვა პარტიები - 1%.
კვლევა ჩატარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, საველე სამუშაოები კი, 17-29 სექტემბრის შუალედში მიმდინარეობდა.
„ედისონ რისერჩმა" კვლევის შედეგები მიმდინარე წლის 27 სექტემბერსაც გამოაქვეყნა, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რესპონდენტების ხმები ასე გადალაწილდა : ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 32%; ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო - 20%; კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 11.9%; გახარია - საქართველოსთვის - 11.9%; ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები - 9.9%; ლეიბორისტული პარტია - 5%; გირჩი (იაგო ხვიჩია) - 4.7%; პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო - 3.6%; ჩვენ - დავით ქაცარავა - 0.7%; სხვა პარტიები - 0.3%.
ეს კვლევა 10-22 სექტემბრის შუალედში მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა.