ელზა პაპოშვილი
09.10.2024

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმმა „გამჭვირვალობის“ კანონთან დაკავშირებით, რომლიც ოპოზიიცის მხრიდან ე.წ. რუსულ კანონად არის შეფასებული, გადაწყვეტილება მიიღო. ერთ თვიანი და 9 დღიანი ფიქრის შემდეგ, 8 მოსამართლის გადაწყვეტილებით სარჩენილი ნაწილობრივ დაკმაყოფილებულია. მოსამართლეეების გადაწყვეტილებით კანონის შეჩერება არ მოხდება, თუმცა, ის წარმოებაში მიიღეს. საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს მსჯელობას, არის თუ არა  კანონი კონსტიტუციური და ირღვევა თუ არა 78-ე მუხლი. 

ისტორიულ სარჩელს ორი მოსამართლის, თემურ ტუღუშის და გიორგი კვერნჩხილაძის განსხვებულია აზრი დაერთო. კიდევ ერთი განსხვავებული აზრი დაიწერა ევა გოცირიძის მხრიდან. მოსამართლე თვლიდა, რომ 78-ე მუხლის დადგენას ადგილი არ ჰქონდა, შესაბამისად, მას მიაჩნდა, რომ სარჩელი წარმოებაში არ უნდა მიღებულიყო.  

გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები ოპოზიციასა და მესამე სექტორში. 

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, არ შეაჩეროს რუსული კანონის მოქმედება, მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას, არ ითვალისწინებს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების სამართლებრივ დასკვნებს და მოსამართლეთა მხრიდან კონსტიტუციის ღალატს წარმოადგენს“ - ვკითხულობთ  არასამთავრობო ოერგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში. 

მათი შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი მოვალეობა არ შეასრულა.

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი ანა ნაცვლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეეტილებას "სამარცხვინოს" უწოდებს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით რუსეთის მსახური ხელისუფლების გზა გააგრძელა. 

ამასთან, ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ახლა ჯერი ქართველ ხალხზეა, რომელმაც ისტორიის ეს სამარცხვინო ფურცელი 26 ოქტომბერს უნდა გადაწეროს.

„ვწუხვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სამარცხვინო გაუბედაობა გამოიჩინა, მაგრამ მახარებს, რომ ამ ვითარებაშიც კი გამოჩნდნე გამონაკლისი მოსამართლეები, რომლებმაც მიიღეს კონსტიტუციის დაცვის გადაწყვეტილება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ყველა სიტუაციაში არის შესაძლებლობა, ადამიანმა შეინარჩუნოს პროფესიული ღირსება, განახორციელოს სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დადგეს ისტორიის სწორ მხარეს. საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა დადგება ისტორიის სწორ მხარეს 26 ოქტომბერს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.  

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კანონს არანაირი ის საფრთხე არ მოუტანია, რასაც ტირაჟირებდნენ:

"დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს სარჩელი არ დაკმაყოფილდებოდა იქიდან გამომდინარე, რომ კანონი სრულ თანხვედრაშია ჩვენს კონსტიტუციასთან. სასამართლო პროცესი, რომელიც ვიხილეთ, სრულიად სამარცხვინო იყო, ვერანაირი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს. 

„არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობდნენ, მეორე დღესვე დაგვხურავენო, ყველა ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას. ის, რომ ჩელიაბინსკში უნდა გაგვეღვიძა, გავიდა 5 თუ 6 თვე და ყველამ გავიღვიძეთ ისევ საქართველოში. აბსოლუტურად არანაირი საფრთხე არ მოუტანია ამ კანონს, რასაც ტირაჟირებდნენ რადიკალური ოპოზიციისა და ენჯეოების წარმომადგენლები,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსგან სხვა გადაწყვეტილებას არც ელოდა. მას მიაჩნია, რომ ის სრულიად პოლიტიზირებულ ორგანოდ გადაიქცა, რომელიც გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებს. თუმცა, მიაჩნია, რომ მოსამართლეებმა მაინც თავი დაიზღვიეს და არც მწვადი დაწვეს და არც შამფური. სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილეს, ნაწილობრივ კი არა. 

„მაგალითად, სხვა მოლოდინი საკონსტიტუციო სასამართლოსგან არ მქონდა, რადგან ის თავიდან ბოლომდე პოლიტიკურ ორგანოდ გადაიქცა. ზოგიერთი მოსამართლე პირდაპირ საუბრობდა იმაზე, რომ ამ კანონის კონსტიტუციასთან შეუთავსებლობას ვერ ხედავდა. 

„ასეთი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა, რომლიც პირდაპირ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა. ასევე, ქალბატონი მანანა კობახიძე, რომელიც „ოცნების“  წევრი იყო და მისი დამოკიდებულებაც ამ ხელისუფლების მიმართ ყველასთვის კარგად ნაცნობია. 

„ამიტომ მგონია მაინც ეს პერიოდი კი არ ფიქრობდნენ რა ექნათ, არამედ „ოცნებისგან“ გარკვეულ დირექტივებს ელოდნენ. ამ გადაწყვეტილების მიღებას ამხელა ფიქრი რაში სჭირდებოდა. 

„სამწუხარო ისაა, რომ დასავლეთიდან ყველა მოუწოდებდა „ოცნებას“, რომ ეს კანონი შეეჩერებინა და სიტუცია განმუხტვისკენ წაეყვანა, მაგრამ, ეს შანსიც არ გამოიყენეს. წარმოებაში კი მიიღეს, მაგრამ კანონის შეჩერება არ მოხდა. ალბათ ახლა არჩევნებს დაელოდებიან. ამით გარკვეულწილად მოსამართლეებმაც თავი დაიზღვიეს, რომ რამე იყოს და „ოცნება“ ვეღარ მოვიდეს ხელისუფლებაში, მაშინ მერე ამ კანონს შეაჩერებენ“, - ამბობს ნიკა ჩიტაძე. 

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ მოსამართლეების გადაწყვეტილება სამართლებრივად სწორია თუ არა ეს იურისტებმა უნდა შეაფასონ. 

საყვარელიძის თქმით, ამ ეტაპზე „ოცნებას“ და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსაც ვინც აკრიტიკებს, ყველა მათგანი პოლიტიკურად მოტივირებულია, რომელთაც „ოცნების“ ხელისუფლებიდან მოშორება უნდათ. 

„როცა იგივე კანონი ამერიკაში და  ევროპის სხვა ქვეყნებში მოქმედებს, მაინც და მაინც „ოცნებას“ აუხტნენ ამ კანონის მიღებაზე და ყოველდღიუ რეჟიმში ვისაც ეზარება და არ ეზარება შენიშვნებს აძლევს. 

„სწორედ იგივე კანონი მოქმედებს ამერიკაში და კაციშვილს არასდროს მოსვლია აზრად, რომ ის გაეკრიტიკებინა. რაღაცა პრინციპის საკითხად იქცა „ოცნებისთვისაც“ და ამ დასავლელი პარტნიორებისთვისაც ამ კანონის მიღების საკითხი. 

„რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ საბაბია და აქ სრულიად სხვა პოლიტიკური მიზნები დევს. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება ორივე მხარისთვის. ერთის მხრივ ის არ შეაჩერა და მეორეს მხრივ წარმოაბაში მიიღო. 

„ამით აჩვენა, რომ ის არ არის მიკერძოვებული და ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინება მოხდა. მე „ოცნების“ გავლენას მოსამართლეებზე ვერ ვხედავ. საუბარი იმაზე, რომ ეს კანონი შეჩერებულიყო და იქნება „ოცნებას“ დასავლეთთან რაღაცა სიტუაცია დაელაგებინა, აბსურდია, რადგან ახლა მათ ინტერესშია, რომ ისინი ხელისუფლებაში უკან აღარ დაბრუნდნენ. ამიტომ კანონი საერთოდ არაფერ შუაშია და ამ საკითხით მხოლოდ ადგილი სპეკულაციებს აქვს“,-ამბობს საყვარელიძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×