უკვე ზედიზედ სამი დღეა, რაც ოპოზიციური პლატფორმების წარმომადგენლები კონსულტაციებს აწარმოებენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ე.წ. ტექნიკურ მთავრობასა და პრემიერობის კანდიდატთან დაკავშირებით.
ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში ერთ-ერთი ბოლო აუდიენცია "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენლებთან გამართა და ეს შეხვედრაც კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.
ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კონსულტაციების შედეგი უფრო არჩევნების შემდეგ დადგება, ნაწილი კი ამბობს, რომ "ქართული ქარტია" ჩაშლის პირასაა.
პრეზიდენტს ერთ-ერთი პირველები "კოალიცია ცვლილებებისთვის" წარმომადგენლები შეხვდნენ - 7 ოქტომბერს. 8-ში ორბელიანების სასახლეს ეწვივნენ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" და ძლიერი საქართველო". 9 ოქტომბერს კი გახარიას გუნდი.
შეხვედრის შემდეგ ყველამ განაცხადა, რომ კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარი არ ყოფილა, კონცენტრირება კი ჯერ არჩევნებში მოგებაზე უნდა გაკეთდეს და ამის მიხედვით განისაზღვროს შემდგომი ნაბიჯები.
რა შედეგი შეიძლება დადგეს კონსულტაციების შედეგად
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ კონსულტაციების საბოლოო შედეგი არჩევნების შემდეგ დადგება.
"შეიძლება რაღაც უთანხმოება არსებობს, მაგრამ მოლაპარაკებების პროცესი გაგრძელდეს და სხვადასხვა პარტიებმა თავიანთი კანდიდატურები წარადგინონ, ვინ შეიძლება იყოს საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრი, ან ეკონონომიკის მინისტრი და პრემიერი, თუმცა ეს ახლა საჯარო არ გახდეს.
"სწორი ნაბიჯია შემადგენლობა ახლა რომ შეირჩეს, რადგან ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, მერე ცოტა დრო რჩება - ახლადარჩეული პარლამენტი უფლებამოსილებას იღებს არჩევნებიდან სადღაც სამი კვირის შემდეგ და ეს პერიოდი ოპოზიციისთვის შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი.
"შესაძლოა პარტიები ფიქრობენ, რომ ჯერ კონცენტრაცია იმაზე უნდა გაკეთდეს, რომ არჩევნებში გაიმარჯვონ - "ჯერ გადახტი და ჰოო მერე დაიძახეო". მაგრამ არაა გამორიცხული, რომ მანამდე ფარულად ვიღაც კანდიდატურები შეარჩიონ. მერე ადამიანების ძებნა თუ დაიწყეს, შეიძლება გართულდეს.
"კონსულტაციის საბოლოო შედეგი ალბათ არჩევნების შემდეგ დადგება, მანამდე შეუძლებელია, რომ მინისტრთა კაბინეტის მთლიანი შემადგენლობა განსაზღვრონ. პრემიერი ალბათ ნეიტრალური უნდა იყოს და ამავე დროს, ყველა პარტიისთვის მისაღები. პრეზიდენტმა კი თქვა, რომ მას ჰყავს შერჩეული კანდიდატი, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ პარტიებს არ მოეწონათ მისი კანდიდატურა, ან თავად ჰყავთ შერჩეული",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ პრემიერობის კანდიდატსა და ტექნიკურ მთავრობაზე საუბარი უადგილოა, როცა მისი თქმით ოპოზიციას "პულსი არ ესინჯება".
"ქართველი კაცი ბრძენია - "უსაქმო კაცისა და მახათის" ამბავი საყოველთაოდაა ცნობილი. ამ დღეშია ჩვენი ე.წ. უკანონო პრეზიდენტი. რომელ პრემიერობის კანდიდატზე, ტექნიკურ მთავრობასა და ოპოზიციურ გაერთიანებაზეა ლაპარაკი, როდესაც ოპოზიციას - "მეხუთე კოლონას" პულსი არ ესინჯება.
"სამწუხაროდ, პრეზიდენტიან ოპოზიციანად მომსახურების სფეროდან არიან გასულები. საქართველოს უნდა ჰყავდეს ქვეყანაზე მოფიქრალი ოპოზიცია. ამ ოპოზიციის მოქმედება კი "ტიტანიკის" სცენარს მაგონებს - გემი რომ იძირება, გარბიან-გამორბიან და აქეთ-იქით ეხეთქებიან. დღეს ამ სიტუაციაშია ბოკუჩავა-ხაზარაძე-მელია-გვარამიანად. მათი გემი იძირება.
"როცა ამ არჩევნების შემდეგ, საყოველთაო სასამართლო პროცესის ჩატარების შედეგად, პოლიტიკურ-სამართლებრივად ის საშინელი ძალა გაუქმდება, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია, რომლის ეგიდითაც არის ყველა დანარჩენი ოპოზიცია, გარდა ზოგიერთებისა - საქართველო ამისგან როცა გათავისუფლდება, შემდეგ აუცილებლად ახალი ოპოზიციური ძალა ჩამოყალიბდება, რომელიც კონსტიტუციურად, დამშვიდებით, დაწყნარებით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ხელისუფლებას შეცვლის.
"დათვი ჯერ არ მოუკლავთ და მის ტყავს ინაწილებენო" - რომელ პრემიერობის კანდიდატზეა საუბარი, ვინ უნდა დააყენონ კანდიდატად - გახარია, ხაბეიშვილი, გვარამია თუ მელია? ისეთ აბსურდებზე ლაპარაკობენ, რომ ამით საკუთარ თავს გამოუტანენ განაჩენს",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.
რას ამბობს გახარია
პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტTან შეხვედრიდან გამოსულმა ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამაც დაახლოებით იგივე შინაარსის კომენტარი გააკეთა, რაც წინა სხვა წარმომადგენლებმა, რომ კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარი არ ყოფილა.
მისი თქმით, პრეზიდენტის ნათქვამი, რომ სააკაშვილის გათავისუფლებას არ აპირებს მისასალმებელია, რადგან თავისუფალი სააკაშვილი რადიკალიზაციის უფრო მეტი წყაროა.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს პოლიტიკურ ძალას აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია - ოქტომბრის არჩევნების საშუალებით ხელისუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ „ოცნება" ისე, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდეს. ეს ჩვენთვის არის სტრატეგიული ხაზი და სტრატეგიული მიზანი. შესაბამისად, ჩვენ ამას გავაკეთებთ ყველასთან თანამშრომლობით, ვისი პოზიციებიც ემთხვევა ჩვენს პოზიციას.
"ჩვენთვის, ყველასთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, მთავარი მიზანია ქვეყანა დავაბრუნოთ ევროპულ გზაზე. ევროპულ გზაზე დაბრუნებას დღეს აქვს ორი მთავარი წინაღობა: ეს არის ავტორიტარული, ანტიდემოკრატიული „ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობის" რადიკალური რევანშისტული იდეები. ერთიც დამაზიანებელია და მეორეც ქვეყნის ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად.
"ამიტომ ვამბობთ, ქვეყანაში რომ იყოს სიმშვიდე, არა რადიკალიზაცია, არა დაპირისპირება, არა არჩევნების მეორე დღეს გაწევ-გამოწევა, რომ იყოს სიმშვიდე, ამიტომ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, უნდა გავაკეთოთ ისეთი არჩევანი, რომ არც ერთ და არც მეორე ძალას არ ჰქონდეს შესაძლებლობა ქვეყნის ერთპარტიულად მართვაზე იფიქროს.
"ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ეს ჩამოშლილი „ოცნება" უკვე იმდენად უსუსურად გამოიყურება, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ცხელ თავებში შეიძლება ეს რევანშისტული იდეები კიდევ უფრო გაძლიერდეს.
"ამიტომ მე საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებ და ვეუბნები, რომ ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვისთვის „ნაციონალური მოძრაობის" რაიმე სახის რევანში კატეგორიულად მიუღებელია და ამაში პრეზიდენტიც გვეთანხმება. ვფიქრობ, რომ ე.წ. ტექნიკური მთავრობა არის გამოსავალი, სხვა ყველაფერი არის ტექნიკური საკითხები. ჩემთვის მთავარია, რომ საქართველოში არ იყოს მთავრობა, რომელიც კონტროლდება „ოცნების" მიერ და საქართველოში არ იყოს მთავრობა, რომელიც კონტროლდება „ნაციონალური მოძრაობის" მიერ.
"იმ მოწოდებების პარალელურად რომელიც ევროპარლამენტიდან ისმის, კარგად მახსოვს პრეზიდენტის დაპირება, რომ არცერთ კონტექსტში და არცერთი სცენარის პირობებში ის არ აპირებს და არ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს. მე მიხეილ სააკაშვილის ჯინი კი არ მჭირს, უბრალოდ, თავისუფალი მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანაში რადიკალიზაციის კიდევ უფრო მეტი წყაროა და კიდევ უფრო მეტი საფრთხეა.
"ბრძოლები თანამდებობისთვის არ არის ჩვენი საქმე. ჩვენ ვხედავთ სად არის ბრძოლის მთავარი ხაზი, ეს გადის დემოკრატიზაციის დაცვასა და ქვეყნის ევროპაში დაბრუნებაზე. ამიტომ კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარი არ ყოფილა.
"ქარტიაში ვადები დასახელებული არაა. ჩვენ ამ პროცესში ვრჩებით, იმიტომ, რომ დავამარცხოთ და ხელისუფლებიდან გავუშვათ „ოცნება" ისე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" შანსი არ ჰქონდეს.
"შეიძლება არის კანდიდატურა, რომელიც მისაღებია არჩევნებამდეც, შეიძლება არის კანდიდატურა, რომელიც არჩევნებამდე მისაღები არ არის. ჩემთვის მთავარია ქვეყანაში შეიქმნას გარემო, როცა „ოცნება" მარცხდება და „ნაციონალური მოძრაობაც" მარცხდება. მე ამისთვის ყველანაირ თანამშრომლობაზე ვარ მზად ქართველ ხალხთან, საქართველოს მოქალაქეებთან და მათ შორის, პრეზიდენტთანაც იმიტომ, რომ ვიცი, ისიც იზიარებს ჩვენს ამ პოზიციას",- განაცხადა გიორგი გახარიამ.