თამთა ჩაჩანიძე
09.10.2024

495 ხმა 73-ის წინააღმდეგ, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, 86-მა ევროდეპუტატმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. 9 ოქტომბერს მიღებული პროექტის შინაარსი ცნობილია - ევროპარლამენტარები ევროკავშირს მოუწოდებენ, რომ პერსონალური სანქციები შემოიღონ "ქართული ოცნების" ლუდერის ბიძინა ივანიშვილსა და იმ პირების წინააღმდეგ, ვინც "ძირს უთხრის საქრთველოში დემოკრატიას".

ასევე, საუბარია ვიზალიბერალიზაციასა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე. დოკუმენტში არის საქართველოს მთავრობისადმი მოწოდება, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე.

მიმდინარე დღეებსა და კვირებში ევროკავშირი საქართველოს საკითხზე აქტიურად იმსჯელებს - 8 ოქტომბერს ევროპარლამენტში გაიმართა დებატები, 14 ოქტომბერს კი, დაანონსებულია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც ასევე საქართველოს საკითხი ოფიციალურად არის დღის წესრიგში შეტანილი.

ანალიტიკოსთა შეფასებით, ევროინტეგრაციის კუთხით, ახლა საქართველოს რთული პერიოდი უდგას, ევროკავშირის მაგიდაზე რამდენიმე საკითხი დევს, მათ შორის, უვიზო მიმოსვლისა და ფინანსური დახმარებების შეჩერება, პერსონალური სანქციები და სტატუსის ჩამორთმევაც კი, თუმცაღა ამათგან ყველაზე მოწყვლადი ვიზალიბერალიზაციის საკითხია.

რა წერია რეზოლუციის ტექსტში

რეზოლუციის პროექტით ევროპარლამენტი: მყარად გმობს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნების დაცვის" შესახებ კანონების მიღებას, ისევე როგორც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს; მიაჩნია, რომ ეს არის ინსტრუმენტები, რომლებსაც მთავრობა იყენებს გამოხატვის თავისუფლების დასარღვევად, მედიის ცენზურისთვის, სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთავრობო სექტორში კრიტიკულ ხმებზე შეზღუდვების დაწესებისთვის ან დაუცველი ხალხის წინააღმდეგ დისკრიმინაციისთვის; ხაზს უსვამს, რომ ეს შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს, აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას;

ხაზს უსვამს, რომ სანამ ზემოთქმული კანონმდებლობა არ გაუქმდება, საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებში პროგრესის მიღწევა შეუძლებელია; მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველო, ოდესღაც ევროატლანტიკური მისწრაფებების მქონე დემოკრატიული პროგრესის ჩემპიონი, მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში დემოკრატიული გაუარესების „თავისუფალ ვარდნაში" იმყოფება.

[ევროპარლამენტი] გმობს მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში და, რუსეთისკენ გადახვევისთვის, ქვეყნის ევროატლანტიკური ორიენტაციისთვის ძირის გამოთხრაში ქართველი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პერსონალურ როლს, რომელიც 2023 წლის 30 დეკემბერს დაბრუნდა აქტიურ პოლიტიკაში, როდესაც "ქართული ოცნების" პარტიის "საპატიო თავმჯდომარე" გახდა;

[ევროპარლამენტი] კიდევ ერთხელ მოუწოდებს [ევროპულ] საბჭოს და ევროკავშირის დემოკრატიულ პარტნიორებს, დაუყოვნებლივი და მიზნობრივი პერსონალური სანქციები დაუწესონ ივანიშვილს საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლისთვის;

[ევროპარლამენტი] მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს პასუხისმგებლობა დააკისრონ და პერსონალური სანქციები შემოიღონ ყველა მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ვინც თანამონაწილეობა პოლიტიკური ოპონენტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში, და ვინც ანტი-დასავლურ დეზინფორმაციას ავრცელებენ;

[ევროპარლამენტი] მიესალმება აშშ-ის მიერ "ქართული ოცნების" ოფიციალური პირების წინააღმდეგ შემოღებულ პერსონალურ სანქციებს. [ევროპარლამენტი] აღნიშნავს, რომ 2023 წლის 14 და 15 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმ გაგებით მისცა, რომ 2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებზე შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმებოდა;

[ევროპარლამენტი] ხაზს უსვამს, რომ ბოლო დროს მიღებული კანონები ნათლად ეწინააღმდეგება ამ ამბიციას და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია შეაჩერა.

[ევროპარლამენტი] ხელახლა მოუწოდებს ევროკომისიას, რომ სწრაფად შეაფასოს თუ რა გავლენას ახდენენ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნების მიმდინარე შესრულებაზე, განსაკუთრებით ფუნდამენტური უფლებების მოთხოვნაზე, რომელიც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის საკვანძო კომპონენტია, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა" და "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნების დაცვის" კანონები, გენდერული კვოტების გაუქმება და საარჩევნო კანონმდებლობაში სხვა ცვლილებები, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება და არჩევნების მიღებულ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად ჩატარება.

[ევროპარლამენტი] ხელახლა იმეორებს მოთხოვნას, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებულ იქნას ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული პირობების საფუძველზე, რათა სამედიცინო დახმარება საზღვარგარეთ გაეწიოს;

[ევროპარლამენტი] ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობას სრული და უდავო პასუხისმგებლობა აკისრია ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე და კეთილდღეობაზე, და სრულად პასუხისმგებელი უნდა იყოს თუ მას ნებისმიერი ზიანი მიადგება.

[ევროპარლამენტი] ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში გაზრდილი რუსული გავლენის გამო, მათ შორის რუსეთიდან გაზრდილი იმიგრაციის გამო, რუსეთთან გაზრდილი სავაჭრო კავშირების გამო და საქართველოს სურვილის გამო, ცდილობდეს რუსეთთან შერიგებას უკრაინაში რუსეთის ომის და საქართველოს სუვერენული ტერიტორიის მეხუთედის ოკუპაციის მოუხედავად;

[ევროპარლამენტი] საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შემოიღოს უკრაინის წინააღმდეგ მისი აგრესიული ომის საპასუხოდ, გააგრძელოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების თავისი წინა პოლიტიკა და პატივი სცეს თავის ვალდებულებას, რომ ევროპული სანქციებისთვის გვერდის ავლის არდასაშვებად ეფექტიანი ზომები განხორციელდეს;

[ევროპარლამენტი] საქართველოს მთავრობას მოუწოდებს სრულ თანხვედრაში მოვიდეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან და რუსეთისადმი ევროკავშირის სტრატეგიასთან.

როგორია სანქციების დაწესების და უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ შეჯერებულ ტექსტში დიდი ალბათობით მთავარი აქცენტები იქნება დასმული, როგორიცაა პერსონალური სანქციებისა და ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი.

"ეს ჯერ შეჯერებული ტექტსი არაა, რამდენიმე პროექტია წარდგენილი და ეს ერთ-ერთია, თუმცა, სავარაუდოდ ასეთი სახის ტექსტს მიიღებენ - იქნება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე მოწოდება თუ არჩევნები დემოკრატიულად არ ჩატარდა. ასევე, კანდიდატის სტატუსი ისედაც გაყინულია, მაგრამ შესაძლოა მის ჩამორთმევაზეც იყოს საუბარი.

"რაც შეეხება ივანიშვილისა და ყველა მათ სანქცირებაზე, ვინც ადამიანებზე ძალადობდა, ეს ტექსტიც ალბათ გავა. ევროპარლამენტი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო არაა, თუმცა, რეზოლუციებს ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე გავლენა აქვს.

"პირად სანქციებს კონსენსუსი სჭირდება, რაც დღეს ევროკავშირს არ აქვს, მაგალითად უნგრეთის პრემიერი ივანიშვილს იცავს. "ქართულ ოცნებას" და ორბანის პარტიას ურთიერთობები აქვთ და ამიტომ ძნელად სავარაუდოა, რომ პერსონალური სანქციების დაწესება მოახერხონ. ამერიკელები კი მოახერხებენ, მაგრამ ევროკავშირში გაუჭირდებათ.

"ვიზალიბერალიზაციის შესაჩერებლად 14 ქვეყნის თანხმობა სჭირდებათ, ანუ უბრალო უმრავლესობა. 14 ქვეყანას თავისთავად დააგროვებენ, შემდეგ ევროკომისიას ევალება, რომ მან გააუქმოს. ევროკომისია გამოიტანს დადგენილებას და გააუქმებს 9 თვით, ამასობაში ქვეყანასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რომ ის მიზეზები აღმოიფხვრას, რომლის გამოც აჩერებენ.

"ესაა ვიზის შეჩერების მექანიზმი. ვიზის შესაჩერებლად კი რამდენიმე კრიტერიუმია - არაა მხოლოდ ის მიზეზი, რაც ჩვენს შემთხვევაშია ნახსენები. კრიტერიუმებია: თავშესაფრის მომთხოვნთა მნიშვნელოვნად ზრდა, ან თუ ჩვენი მოქალაქეები იქაურ საზოგადოებას უქმნიან საფრთხეს, ან არალეგალური მიგრანტების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ ამასთან ერთად არის კრიტერიუმი, როგორიცაა ქვეყანაში ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების შელახვა - ჩვენს შემთხვევაში ალბათ ამას გამოიყენებენ",- განაცხადა კახა გოგოლაშვილმა "რეზონანსთან".

ჯიპას ასოცირებული პროფესორი და ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ვითარება მძიმეა, რადგან საქართველომ შეიძლება ყველა ის სიკეთე დაკარგოს, რაც ევროინტეგრაციის პროცესს მოჰყვა, მათ შორის ვიზალიბერალიზაცია, რომელიც ყველაზე მოწყვლადია ამ კუთხით.

"ძალიან რთულ ვითარებაში ვართ, დებატებმაც და რეზოლუციის პროექტმაც ეს კიდევ ერთხელ აჩვენა და რეზოლუციაც მიიღება. ქვეყანა როგორი წარმატებული იყო და სადამდე მივედით. ის, რომ "ქართულ იცნებას" რამდენიმე დამცველი გამოუჩნდა, მათთვის სჯობდა, რომ ეს დამცველები საერთოდ არ ჰყოლოდათ, რადგან ესაა ხალხი, რომლებმაც პუტინის ქებით დაიმკვიდრეს რეპუტაცია, ზოგი რუს ჩინოვნიკებთან ერთად ყირიმში იყო ჩასული, ანექსიის შემდეგ.

"ის გერმანელი პარლამენტარი, რომელიც გუშინ გამოვიდა და ქართულ ოცნებას" იცავდა, ეს სწორედ ისაა, ვინც 2024 წელსაც კი აცხადებდა, რომ რუსეთისგან არ შეიძლება საფრთხე მოდიოდეს, სანამ იქ მმართველი პუტინია და ა.შ. ზოგადად განწყობა კრიტიკულია, საფრთხე იმისა, რომ დავკარგოთ ის მიღწევები, რასაც ამდენი წვალების შედეგად მივაღწიეთ, ძალიან დიდია.

"ევროკომისიამ ოფიციალურად გამოაცხადა 121 მილიონის შესახებ, რომელსაც საქართველო დაკარგავს. არ გვაქვს იმ ფონდებზე წვდომა, რომელზედაც უნდა გვქონოდა, ზოგადად ევროინტეგრაციის პროცესი გაყინულია.

„დემოკრატიის უკუსვლას, მათ შორის მოჰყვება ვიზალიბერალიზაციის შეჩერება. 14 ოქტომბერს საგარეო მინისტერიალია, არ ველოდები, რომ გადაწყვეტილება 14-შივე იქნება (არ მგონია, რომ არჩევნებამდე მიიღონ გადაწყვეტილება), მაგრამ აბსოლუტიურად ყველა პროექტი მაგიდაზე დევს.

"ამათგან ყველაზე მძიმე, იმ დახმარებების სრული შეჩერებაა, რომელიც ჯერ კიდევ გვაქვს. ასევე ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, რა გადაწყვეტილებაც ყველაზე მარტივად მისაღებია, რადგან ამას ხმათა ნახევარი სჭირდება.

„ფრაზა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი გაყინულია, ეს მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები კი არა, არამედ ისაა, რომ ყველა ის სიკეთე, რითაც დღეს ვსარგებლობთ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას",- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ "რეზონანსთან".

როგორ აფასებენ რეზოლუციის შინაარს თბილისში პოლიტიკოსები

უმრავლესობის დეპუტატი რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ რეზოლუციის პროექტების ჩანაწერებს მმართველი პარტია სერიოზულად ვერ აღიქვამს.

„ფაქტი არის, რომ ისეთი ჩანაწერები, რომელიც პირდაპირ უპირისპირდება როგორც ქართულ ასევე ევროპულ ღირებულებებს და პირდაპირ კონფლიქტში მოდის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, ვერ იქნება ვერანაირად სერიოზულად აღქმული ჩვენთვის.

„უბრალოდ, ეს კიდევ ერთხელ ააშკარავებს იმ შიდა და გარე აქტორების რეალურ ზრახვებს, რაც მათ საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ გააჩნიათ, რაც ნიშნავს, აქ სიტუაციის არევას, უკიდურესად დაძაბვას და ესკალაციას. სწორედ ეს არის მათი მიზანი, ამიტომ ეს ყველაფერი ჩვენს ამომრჩეველს გაუმარტივებს გადაწყვეტილების მიღებას," - განაცხადა იონათამიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კი აცხადებს, რომ რეზოლუციაში წაყენებული მოთხოვნა, რომ რუსეთს სანქციები დაუწესდეს, "ამაზრზენია".

„ამ რეზოლუციამ ნათელი გახადა საქართველოს მოსახლეობისთვის, თუ რა წნეხის ქვეშ იყო მთელი ეს პერიოდი საქართველოს ხელისუფლება. სწორედ ეს, და ზოგიერთი სხვა ნაბიჯიც, იყო ის, რასაც ბოლო ორწელიწად ნახევრის განმავლობაში ზოგიერთი აქტორი დახურულ კარს მიღმა ჩვენგან დაჟინებით ითხოვდა.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ყველამ, მათ შორის ამ რეზოლუციის ავტორებმა, კარგად იციან, რომ საქართველოს მიერ ორმხრივი სანქციების დაწესება რუსეთს ვერაფრით დააზარალებს. პირიქით, ჩვენი ხელისუფლება რომ დაჰყოლოდა ამ და სხვა მსგავს მოთხოვნებს, არა რუსეთს, არამედ ჩვენს ქვეყანას და ხალხს გარანტირებულად ეკონომიკურ კოლაფსში ჩავაგდებდით და დიდი ალბათობით, სამხედრო დაპირისპირების რისკის წინაშე დავაყენებდით.

„ის, რომ ევროკავშირის და ნატოს უსაფრთხოების ქოლგით დაცული ქვეყნების წარმომადგენლები, ამ რეზოლუციით, საქართველოსგან, რომელსაც არც ევროკავშირის და არც ნატოს ქოლგა არ იცავს, რუსეთთან ურთიერთობების უკიდურეს გამწვავებას ითხოვენ, კარგად აჩვენებს, თუ, რეალურად, რამდენად აწუხებთ მათ იმ ქართველი ხალხის ბედი, რომელსაც ასე ხშირად ახსენებენ რეზოლუციაში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი კი აცხადებს, რომ რეზოლუციაც და 8 ოქტომბერის დებატებიც აჩვენებს, რომ ქართველ ხალხს ევროკავშირის მხარდაჭერა აქვს.

„რეზოლუციაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტია - ერთი მხრივ, რეზოლუცია მკაფიოდ ამბობს, თუ რამდენად დიდ სარგებელს მიიღებს ქართველი ხალხი და მეორე მხრივ, ნათქვამია, რომ თუკი არჩევნები გაყალბდება (და მხოლოდ ასე შეიძლება "ქართული ოცნება" დარჩეს ხელისუფლებაში), მაშინ ჩვენ დავკარგავთ იმ სარგებელსაც, რომელიც უკვე გვაქვს - უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან და ხელიდან გავუშვებთ შანსს, რომ ვიყოთ ყველაზე წარმატებული კავშირის, ევროკავშირის წევრები.

„რეზოლუციაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი უპირობოდ და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და სრულიად ნათელია, რომ პოლიტიკური დევნა, რომელსაც 12 წელია, „ქართული ოცნება" ახორციელებს, შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან, კანონის უზენაესობასთან და მმართველობის ევროპულ სისტემასთან. არჩევანი ქართველ ხალხზეა, ევროპელებს აქვთ იმედი, რომ ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს დემოკრატიისა და ევროპის სასარგებლოდ", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×