ნატალია ჯვარიძე
09.10.2024

ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო ჩვენს ოჯახში დაბრუნდება, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა. მოსკოვში გამართულ სამიტზე ალექსანდრე ლუკაშენკომ თქვა, რომ მას „დსთ-ს ოჯახის" ძველი შემადგენლობით აღდგენა სურს. ანალიტიკოსები დსთ-ს გაფართოებას გამორიცხავენ, ლუკაშენკოს ამ განცახდებას კი, სხვადასხვა მიზეზს უკავშირებენ.

„აქ ორი ვარიანტია: ან ლუკაშენკოს თვითშემოქმედება და იდიოტობა, ან რუსეთის აბსოლუტური უკონტროლო, თავდავიწყებული მცდელობა იმისა, რომ რუსული სამყაროდან რაღაც გადაარჩინოს, რადგან უკრაინას კარგავს, პანიკაში არიან და იქნებ მობილიზაციისთვის საქართველოში შემორჩათ ძალები იმისათვის, რომ ხალხს დააჯერონ დსთ კარგია, რაც კატასროფობაა", - განაცხადა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და კონფიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი, ლუკაშენკოს ამ განცხადებას საქართველოში წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას უკავშირებს: „რასაკვირველია, საქართველოს წინასაარჩევნო პერიოდში ყველა ჩვენი მეგობარი და არამეგობარი აქტიურობს. ეს ნამვდილად გასაკვირი არაა. რას იტყვის ლუკაშენკო, ლავროვი თუ კრემლის სხვა წარმომადგენელი, ქართველი ხალხის თავისუფალ ნებაზე ამას არანაირი აზრი არ აქვს".

ლუკაშენკოს თქმით, ყველა ვინც თანამეგობრობას არ დაშორებულა, ღირსეულ შედეგებს აჩვენებს.

„ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო ჩვენს ოჯახს დაუბრუნდება, მოლდოვა თავის სრულ მონაწილეობას განაახლებს, უკრაინის ხელისუფლება გონს მოეგება, რომლის ნორმალური ცხოვრების აღდგენაში მონაწილეობის მიღება ჩვენც მოგვიწევს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება. ეს უბრალოდ დროის საკითხია", - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

„ყველა ვინც ჩვენს თანამეგობრობას არ დაშორებულა, დღეს ღირსეულ შედეგებს აჩვენებს. მათ თავიანთ ქვეყნებზე კონტროლი არ დაუკარგავთ და საერთაშორისო ურთიერთობებში სრულფასოვან სუბიექტებად რჩებიან", - აღნიშნა ლუკაშენკომ.

პაატა ზაქარეიშილის აზრით, შესაძლოა რუსეთს ამით უნდა გააძლიეროს და გაამყაროს საქართველოში პრორუსული განწყობილებები, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს.

„სიმართლე გითხრათ ლუკაშენკოს განცხადებებზე ზოგჯერ ძალიან ვიბნევი. სრული იდიოტიზმი და აბსურდია. მგონი ის არავის ეკითხება და რაც თავში მოუვა იმას ამბობს. დღეს „ქართულ ოცნებას" არანაირად არ აწყობს რუსეთის იმ სახელმწიფოებიდან, რომლებიც მათ პირდაპირ გავლენის ქვეშ არიან, ამ ტიპის შეტყობინებები მოდიოდეს, რადგან საქართველოში ყველამ იცის, რომ ჩვენთან ეს ძალიან არაპოპულალურია.

„პრინციპში, ეს კარგი განცხადებაა იმისთვის, რომ მივხვდეთ „ოცნება" რას გვიპირებს. შეიძლება ლუკაშენკო შევაქო და ვუთხრა: ყოჩაღ, ძალიან კარგ საქმეს აკეთებ, მაგრამ მე არ მესმის ეს ბელაურსს რაში სჭირდება? ლუკაშენკო რატომ უწევს რუსეთს დათვურ სამსახურს? ეს აშკარად ის განცხადებაა, რომელიც კიდევ მეტად მიუღებელი იქნება ქართველი ამომრჩეველისთვის და „ქართული ოცნების" მხარდამჭერებისთვისაც, რომლებიც ფიქრობენ, რომ უმჯობესია ხმა მათ მივცეთო.

„თუ ეს რუსეთის ჩაწვეთებულია, ესე იგი საკუთარ თავზე კონტროლი მართლა დაკარგული აქვს, საერთოდ არ იცის რას აკეთებს და მხოლოდ იმპერიალისტური ზრახვები აქვს. აშკარად რეგიონს (კავკასიას) კარგავს და ლუკაშენკო იქნება, თუ სხვა ყველას ავალებს, რომ გააძლიერონ და გაამყარონ მისი აზრით, საქართველოში პრორუსული განწყობილებები, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

გია აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ ლუკაშენკოს ამ განცხადებას სავარაუდოდ, ქართული ოპოზიციური ძალები თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენებენ, მაგრამ, ხალხის საერთო განწყობაზე გავლენას ვერ მოახდენს.

„გასაგებია, ზოგს რაღაც ოცნებები აქვს, რომ საქართველო დსთ-ში დაბრუნდეს, აღდგეს საბჭოთა კავშირი, ძველი რუსული იმპერია და.შ. თუმცა, გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს, მითუმეტეს სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერებს, მაგრამ ქართველი ხალხის ნება ურყევია, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანად აღგდეს, არანაირი დათმობებით, არანაირი კუდის ქიცინით არც ევროპასთან, არც რუსეთთან და არც სხვა ძალებთან.

„ამიტომ, ეს ადრე თუ გვიან შესრულდება, უბრალოდ ამას დრო სჭირდება. ჩვენ ევროპაში გვინახავს 100-წლიანი ომი, რომელიც ასევე, დაზავებითა და მშვიდობით დასრულებულა. თუმცაღა, გარკვეული მანიპულაციები, რასაც განსაკუთრებით აქტიურობა წინასაარჩევნო პერიოდში ეძლევა, არაფერს ნიშნავს. ეს შეიძლება ზოგიერთმა ქართულმა ოპოზიციურმა ძალამ გამოიყენოს, მაგრამ, საერთო სახალხო განწყობაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×