თამთა ჩაჩანიძე
08.10.2024

ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციური ძალებს შორის კონსულტაციების მორიგი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას უკვე შეჩეული ჰყავს პრემიერობის კანდიდატი, რომელსაც „საზოგადოების მაღალი ნდობა გააჩნია". ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ უმჯობესია „ნებისმიერი კანდიდატურა არჩევნების შემდეგ იქნას განხილული".

ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს მოსალოდნელიც იყო. მათივე აზრით, პრეზიდენტის ბოლოდროინდელ ინიციატივებს ერთი საერთო თავისებურება ახლავს თან - იქმნება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი წინასწარ არ სწავლობს სიტუაციასა და პოლიტიკური ძალების განწყობებს და ისე სთავაზობს ოპოზიციას თავის გეგმებს. ეს კი ამ გეგმის შესრულებას მნიშვნელოვნად ართულებს, რა ოპოზიციისათვისაც და თავად პრეზიდენტისთვისაც დამაზიანებელია. მათი თქმით, ასე იყო „ლელოს" და ექსპრემიერ გიორგი გახარიას გაერთიანების მცდელობისას, სავარაუდოდ ასე ხდება პრემიერობის საერთო კანდიდატის შემთხვევაშიც და შესაძლოა, ასეთივე ბედი ელის ზოგადად „ქართულ ქარტიასაც".

ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ „ქართული ქარტია" ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაშიც ჩაიშალოს, განსაკუთრებით ის პუნქტები, სადაც საუბარია პროფესიული ნიშნით ტექნიკური მთავრობის შექმნაზე და ერთი წლის მერე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე.

რაც შეეხება უშალოდ ე.წ. ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით მიმდინარე კონსულტაციებს. ოპოზიციის წარმომადგენლები ღიად მიანიშნებენ ორ მთავარ გარემოებაზე. მათი აზრით, პირველ რიგში საჭროა ფოკუსირება არჩევნების მოგებაზე და კოალიციური მთავრობის შემადგენლობა მხოლოდ ამის შემდეგ უნდა განისაზღვროს. გარდა ამისა, ამ მთავრობის ფორმირებაში გადამწყვეტი სიტყვა უნდა ეკუთვნოდესს ამომრჩეველს, რაც სავარაუდოდ იმას ნიშნავს, რომ, ოპოზიციონერი ლიდერების აზრით, მომავალ მთავრობაში ადგილების განაწილება იმის მიხედვით უნდა მოახდეს, თუ რა შედეგს აჩვენებენ არჩევნებში მომავალი სამთავრობო კოალიციის პოტენციური წევრი პარტიები.

რას ამბობენ პრეზიდენტისგან გამოსული ოპოზიციონერები

ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის კონსულტაციების პროცესი 7 ოქტომბერს დაიწყო და 8-ში გაგრძელდა. ათონელის რეზიდენციაში გამართული შეხვედრების შემდეგ, „ქართულ ქარტიაზე" ხელმომწერები აცხადებდნენ, რომ კოალიციური მთავრობის საკითხის განხილვა მხოლოდ არჩევნებისა და მასში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგაა მიზანშეწონილი. ამასთან მიანიშნებდნენ, რომ ახალი მთავრობის დაკომპლექტება ცალკეული ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნებზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით უნდა მოხდეს.

„ძლიერი საქართველოს" პოზიცია არის ძალიან კონკრეტული - ამ ქვეყანაში ძალაუფლება ეკუთვნის ქართველ ხალხს, ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი კანდიდატურა, თუ კანდიდატურები, უნდა იქნეს განხილული არჩევნების შემდეგ და ჩვენ ეს ძალიან მკაფიოდ ვუთხარით (პრეზიდენტს).

„არანაირ კანდიდატებზე საუბარი არ ყოფილა. ჩვენ ახლა მთავარი ფოკუსირება უნდა გავაკეთოთ იმაზე, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვოთ და ქვეყანა დავაბრუნოთ ევროპულ კურსზე.

„ჩვენ არ ვთვლით, რომ პოლიტიკოსებმა უნდა გადაწყვიტონ არჩევნებამდე ამა თუ იმ თანამდებობის პირების დანიშვნა-არდანიშვნის საკითხი, იმიტომ, რომ ძალაუფლება ეკუთვნის ქართველ ხალხს. ქართველი ხალხის არჩევანი არის უზენაესი. ჩვენ ჯერ უნდა დაველოდოთ 26 ოქტომბერს, გავიმარჯვოთ, გავაფორმოთ ეს გამარჯვება მშვიდობიანად და შესაბამისად, ქარტიის ფარგლებში, პრეზიდენტი, როგორც ამ ძალაუფლების გადაცემისა და (მათავრობის) ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბების გარანტორი, იქნება მთავარი ფიგურა," - განაცხადა „ძლიერი საქართველოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელიც ასევე ფიქრობს, რომ დღეს მთავარი ამოცანა არჩევნებში გამარჯვებაა.

„ძალიან მშვიდი და კონსტრუქციული საუბარი გვქონდა პრეზიდენტთან. ვიცით მისი მოსაზრებები, თუმცა მიგვაჩნია, რომ ახლა ფოკუსირება არჩევნებზე უნდა მოხდეს. გამარჯვება დღეს მთავარი ამოცანაა იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანას სწორედ ევროპული კეთილდღეობა ჰქონდეს და დავეხსნათ ვითარებას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" შექმნა.

„პრეზიდენტის სურვილია, მაქსიმალურად სტაბილურობა არსებობდეს იმ პერიოდში, სანამ მთავრობა დაკომპლექტდება. ისიც დარწმუნებულია გამარჯვებაში. რაიმე დაკონკრეტებული არ არის, არის სურვილი გადამზღვევი მექანიზმის შექმნისა, თუკი იქნება სხვა პოლიტიკური აქტორებისა თუ კოალიციების საუბარი და მუშაობა, ჩვენ ნამდვილად არ გამოვაკლდებით ამ პროცესს.

„არის ვერსია, რომ არსებობდეს ე.წ. გარდამავალი, დროებითი თუ პროფესიონალური მთავრობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. თუკი იქნება კონსულტაციების საერთო პროცესი, ჩვენ ცალკე კონსულტაციებს არც და ვერც ვაწარმოებთ. ეს უნდა იყოს საერთო გადაწყვეტილება", - განაცხადა გიგი წერეთელმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

მანამდე „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსთან" განაცხადა, რომ „ქარტიაში" ტექნიკურ მთავრობაზე არ არის საუბარი, საუბარია კოალიციურ მმართველობაზე, რომელიც პროფესიონალებისგან უნდა დაკომპლექტდეს". ისინი მოუსმენენ პრეზიდენტს, მაგრამ „ყველაფერი ისე არ ლაგდება".

ჩაიშალა თუ არა პრეზიდენტის მცდელობა პრემიერობის ერთიან კანდიდატზე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ, პრეზიდენტისგან განსხვავებით, ოპოზიციას ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების პროცესის დაწყება და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება მხოლოდ არჩევნების შემდეგ სურს და „სწორედ აქაა ძაღლის თავი დამარხული".

„სანამ კონსულტაციები დაიწყებოდა, „ნაცმოძრაობა" და სხვა პარტიები მანამდეც სკეპტიკურად იყვნენ განწყობილები ამ ე.წ. ტექნიკური მთავრობისა და განსაკუთრებით პრეზიდენტის მიერ პრემიერობის კანდიდატის შერჩევის მიმართ. ის, რომ მათ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მოსალოდნელი იყო.

„განცდა მაქვს, რომ „ნაცმოძრაობა" „ქართულ ქარტიას" მხოლოდ იმიტომ შეუერთდა, რომ შესაძლოა ამის სანაცვლოდ პრეზიდენტისგან „საჩუქარს", ანუ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას მოელოდა. ანუ ენმ-ის უარმა, რომ პრეზიდენტი იყოს წამყვანი ფიგურა, დააკომპლექტოს ტექნიკური მთავრობა და პრემიერ-მინისტრი შეარჩიოს, შეიძლება საერთოდ ჩამოშალოს ტექნიკური მთავრობის იდეა, რადგან პრეზიდენტს ყველაზე უფრო მსხვილი ოპოზიციური პარტიის თანხმობა არ ექნება.

„მელია-გვარამიას კოალიცია პრეზიდენტის ამ ინიციატივას მხარს უჭერენ და კითხვები არ აქვთ. მნიშვნელოვანია იმ პარტიების პოზიცია, ვინც „ქარტიას" ხელი მოწერეს. თუ არ ვცდები, 11 პარტიაა. როგორც ჩანს, ხელმომწერი პარტიები და ზურაბიშვილი განსხვავებულად კითხულობენ „ქარტიის" ტექსტს და პათოსს - ზურაბიშვილი მომხრეა, რომ ტექტიკური მთავრობის მონახაზი მაინც არჩევნებამდე შედგეს, ამ დროს ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს.

„სწორედ აქაა ძაღლის თავი დამარხული - თუ ოპოზიციამ აარჩევნები მოიგო, შესაძლოა არჩევნების მერეც ვერ შეთანხმდნენ. როცა თავისას გაინაღდებენ, შეიძლება ათასი რამე მოიმიზეზონ და თქვან, რომ „ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ტექნიკური მთავრობის შექმნა მიზანშეწონილი არაა, ჩვენც ასევე ვართ მოწადინებული, რომ რეკომენდაციები შევასრულოთ, ვიდრე ტექნიკური მთავრობა გააკეთებსო" და შესაბამისად, ეს ყველაფერი ჩაიკარგოს. ხოლო თუ ოპოზიციამ ვერ მოიგო, ეს ქარტია ფარატინა ქაღალდად დარჩება.

„ვერ გეტყვით რა შინაარსის საუბრები მიმდინარეობდა ორბელიანების რეზიდენციაში ოპოზიციის წარმომადგენლებს და ზურაბიშვილს შორის. ისინი არასოდეს არ იტყვიან რეალურად იქ რა მოხდა. ამბობენ, რომ კონკრეტულ სახელზე და გვარებზე საუბარი არ ყოფილა. მაგრამ, მაშინ რაზე იყო საუბარი? ჩემთვის ეს იმის ინდიკატორია, რომ უფრო ვერ შეთანხმდნენ, ვიდრე შეთანხმდნენ. ეს კი ამომრჩეველში იმის ეჭვს აჩენს, რომ ოპოზიციურ ბანაკში ყველაფერი დალაგებული არაა, რაც მათ ელექტორალურ მხარდაჭერაზე მოქმედებს, შესაძლოა ამომრჩევლებმა ოპოზიციას ზურგი აქციონ", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პრეზიდენტის ასეთი ინციატივები, რომელიც ჩაშლისთვისაა განწირული, ოპოზიციის რეიტინგზე უარყოფითად მუშაობს.

„ოპოზიცია ერთიან კანდიდატზე რომ შეთანხმებულიყო და ამ ადამიანის გვარი გაჟღერებულიყო, ეს იქნებოდა დამატებითი ფაქტორი იმისთვის, რომ ოპოზიციას გაცილებით მეტი ხმები მიეღო, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ასეთი შეთანხმება ვერ მოხდებოდა.

„მეორეც, პრეზიდენტის ასეთი ინიციატივები მაკვირვებს. თავის დროზე ხაზარაძესა და გახარიას შესთავაზა გაერთიანება. მაშინაც ვფიქრობდი, რომ ნიადაგი მოსინჯული ექნებოდა და ეს გაერთიანებით დამთავრდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ასე არ იყო და ახლაც იგივეა.

„ეს ვერშეთანხმება ოპოზიციის რეიტინგზე უარყოფითად მუშაობს და უბრალოდ გაუგებარია, თუ წინასწარი პოზიციები მაინც არ იცის პრეზიდენტმა, მაშინ ოპოზიციას ასეთ რამეს რატომ სთავაზობს. ეს კონტრპროდუქტიულია.

„იყო კი კანდიდატზე საუბარი? მაშინ ამ შეხვედრებს რა აზრი აქვს? კანდიდატების შეთავაზება უნდა ყოფილიყო და თუ ასეთი რამ არ არის და თუ წინასწარ არანაირი ნიადაგი მოსინჯული არაა, მაშინ პრეზიდენტმა ასეთ ინიციატივებს თავი უნდა დაანებოს და ფრთხილად მოიქცეს, რადგან არჩევნებამდე არც ისე ბევრი დრო დარჩა. ახლა გარისკვა და ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელმაც შეიძლება უკუ ეფექტი გამოიწვიოს, ჩემი აზრით, სწორი არაა", - განაცხადა ძაბირაძემ.

რა ბედი ელის „ქართულ ქარტიას"

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, „ქართული ქარტია", ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაშიც ჩაშლისთვისაა განწირული.

„ოპოზიციისთვის ეს სარისკო გადაწყვეტილებაა. წარმოიდგინეთ, არჩევნებში ამდენი ფული, რესურსი და ყველაფერი დახარჯეს და რისთვის - რომ გვერდზე გაიწიონ, ზურაბიშვილის მიერ შექმნილ მთავრობას დაუთმონ ასპარეზი და ერთი წლის მერე ხელახალი არჩევნები ჩაატარონ? ერთი წლის მერე, შიდა და გარე კატაკლიზმების ფონზე, სახელმწიფოში რა მდგომარეობა იქნება, არავინ იცის.

„მე რომ ოპოზიციონერი ვიყო, ჩემთვის არც პოლიტიკურად და არც პრაგმატულად ტექნიკური მთავრობა მისაღები არ იქნებოდა. ამ „ქარტიაზე" ხელი სავარაუდოდ იმ პრინციპით მოუწერეს, რითაც თავის დროზე შარლ მიშელის შეთანხმებას. გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ეს „ქარტია" და მასზე ხელის მოწერა გარედან იყო ინიცირებული - მათ უბრალოდ უთხრეს, რომ ზურაბიშვილი თქვენი ლიდერია და ყველა დოკუმენტს ხელი მოუწერეთო.

„თუნდაც იგივე ბრიუსელის დეკლარაცია, რომელზეც „ქართულ ქარტიაზე" ხელის მომწერი პარტიების მიერ, „ევროპის სახალხო პარტიის" ზედამხედველობით მოეწერა ხელი. იქ ასეთი პუნქტია, რომ ხელმომწერები უნდა შეთანხმდნენ პრეზიდენტობის ერთიან კანდიდატზე. სახელი-გვარი ჩაწერილი არ იყო, მაგრამ ზურაბიშვილი იგულისხმებოდა, რის მერეც თავად გამოვიდა და ოპოზიციას საკუთარი კანდიდატურა მოახვია თავზე, უთხრა - მეორე ვადისთვისაც მზად ვარო.

„ოპოზიციის ფლანგზე სიტუაცია ძალიან აჭრილია და ეს, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს. ამომრჩეველს გაურკვევლობა არ მოსწონს და არაა გამორიცხული, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი არჩევნებზე საერთოდ არ წავიდეს, ან თუ წავა, ისევ „ოცნებას" მისცეს ხმა.

„თუ არჩევნებამდე ვერ მოხერხდა პრინციპული შეთანხმების მიღწევა „ქარტიაზე" ხელმომწერი აბსოლუტურად ყველა პარტიის მხრიდან, საკმარისია ერთმა პარტიამ თავი შეიკავოს, ან უარი თქვას და ჩათვალეთ, რომ ტექნიკური მთავრობის იდეა შორეული მომავლისთვისაა გადადებული. თუ შეთანხმება ვერ შედგა, ეს იქნება ძალიან სერიოზული პოლიტიკური და რეპუტაციული დარტყმა ისევ სალომე ზურაბიშვილზე - გამოდის, რომ ლიდერის როლი, რაც მან თავის თავზე აიღო, დაკნინებული იქნება", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს კი ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ „ქარტიის" შესრულებას არავინ აპირებს.

„ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ამ პარტიებმა „ქარტიაზე" ხელი იმიტომ მოაწერეს, რომ რიტუალი ჩაატარეს და როგორც ჩანს, არც არავინ აპირებს ამ „ქარტიის" შესრულებას თუ აღსრულებას. თავიდანვე „ქარტიის" შეთავაზებაც გაუგებარი იყო. პარტიებს ეს ულტიმატუმივით წარუდგინეს და მის შექმნაში მონაწილეობა პარტიებს არ მიუღიათ.

„ცხადია, არავინ არ იტყვის იმას, რომ არ შევასრულებო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი მაინც კითხვის ქვეშ დადგება და არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული, რა და როგორ მოხდება. რომ გითხრათ, ველოდები, რომ არჩევნების შემდეგ რაღაც ტექნიკური მთავრობა შეიქმნება, მით უმეტეს ისეთი, როგორზედაც ზურაბიშვილი ლაპარაკობს, არ ვქფირობ, რომ ეს მოსალოდნელია. თუ ამის შესაძლებლობა არსებობს, სჯობს ახლა შეიქმნას და თუ დღეს ეს ვერ მოხერხდა, არჩევნების შემდეგ მით უმეტეს ვერ მოხერხდება", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×