„ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია ერთი კვირის დაგვიანებით, 7 ოქტომბერს შედგა. თავის დროზე პრემიერ ირაკლი კობახიძის ჯამრთელობის მდგომარეობის მიზეზით გადადებულ ღონისძიებას ამჯერად არ ესწრებოდნენ არც პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და არც „ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი. ოპოზიცია და ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს, სავარაუდოდ, მმართველ პარტიაში არსებულ დაძაბულებაზე მიუთითებს. რაც შეეხება თავად პროგრამის შინაარსს, ამასთან დაკავშირებით შეფასებები არაერთგვაროვანია.
მმართველი პარტიის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია 1-ელ ოქტომბერს იყო დაანონსებული, თუმცა „ოცნებამ" ის რამდენიმე დღით გადადო და მიზეზად მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ჯანმრთელობის გაუარესება დაასახელა.
აღანიშნავია, რომ იმ და მომდევნო დღეებშიც ირაკლი კობახიძე აქტიურად აკეთებდა პოლიტიკურ განცხადებებს სოციალურ ქსელში და უკვე 3 ოქტომბერს საჯაროდაც გამოჩნდა. ამან გააჩინა მოსაზრება, რომ პრეზენტაციის გადადების მიზეზი მაინცდამაინც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო. მაშინ ანალიტიკოსების მხრიდან გამოითქვა ვარაუდი, რომ, სავარაუდოდ, თავად საარჩევნო გეგმის ეკონომიკური ნაწილი არ იყო სრულყოფილი და დახვეწას საჭიროებდა.
ახლა კი, როგორც ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, ღონისძიებაზე ივანიშვილისა და ღარიბაშვილი არდასწრება „ოდიოზური ფაქტი და ხარვეზია", რაც კითხვებს ბადებს პირველ რიგში თავად „ოცნების" ამომრჩეველში და ამას პასუხიც უნდა გაეცეს მმართველი პარტიის მხრიდან.
რას ჰპირდება „ოცნება" ამომრჩევლებს 2024 წელს
მმართველმა პარტიამ პროგრამა საზოგადოებას „ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააცნო. პრაქტიკულად ეს არის 2024-28 წლების პერიოდის სამუშაო გეგმა, რომელიც შეიცავს დაპირებებს სხვადასხვა სფეროში. ამასთან, თავის პროგრამაში მმართველი პარტია აკეთებს შედარებებს, თუ მდგომარეობა იყო 20212 წლამდე ამა თუ იმ სფეროში, რა გაკეთდა „ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნისას და რას გაკეთდება მომავალში.
კობახიძე აქცენტს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე აკეთებს. მისი თქმით, "ოცნებას" აქვს ამოცანა, რომ 2028 წლისთვის ბიუჯეტმა 50 მილიარდ ლარს გადააჭარბოს. პრემიერის ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე უმუშევართა რიცხვი შემცირდა და ამოცანაა, რომ 4%-მდე შეამცირონ ეს მაჩვენებელი.
საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების ზრდა გაგრძელდება და 2028 წლისთვის საშუალო ხელფასი 3500 ლარს მიაღწევს.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, კობახიძის თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით 3 მილიარდი ლარი გამოიყოფა.
„ყბადაღებული თემა იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაპირება, რომ მილიარდი მოხმარებოდა სოფლის აღორძინებას. არათუ მილიარდზეა საუბარი, წლების განმავლობაში მრავალი მილიარდი მოხმარდა სოფლის აღორძინებას და მარტო შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში დამატებით 3 მილიარდი მოხმარდება. ანუ ძალიან დიდი გადაჭარბებით შესრულდა ეს დაპირება", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ეკონომიკური პოტენციალი საშუალებას იძლევა, რომ პენსიები 450 ლარამდე გაიზარდოს.
რაც შეეხება ჯანდაცვას, კობახიძე ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს აშენების პირობას დებს.
„ასევე გვაქვს უამრავი ახალი მიზნობრივი პროგრამა ჯანდაცვაში. მთლიანობაში 100-მდე პროგრამაა, რომელიც განკუთვნილია მიზნობრივი ჯგუფებისთვის. ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო ჩვენი ერთ-ერთი ამბიციური ამოცანაა. თბილისს სჭირდება ახალი, უმაღლესი სტანდარტების რესპუბლიკური საავადმყოფო და ის აუცილებლად აშენდება. უახლოეს მომავალში გვექნება ამ საავადმყოფოს კონცეფციის პრეზენტაცია", - აცხადებს კობახიძე.
„ოცნებას" ეროვნული სამხედრო მრეწველობის განვითარების გეგმაც აქვს, რაშიც, კობახიძის თქმით, ინვესტიციები ჩაიდება. გარდა ამისა, მომდევნო წლებში „ჯარის ქალაქის" პროგრამის ფარგლებში 1000-ზე მეტი სამხედრო დაკმაყოფილდება ახალი ბინებით. 1000-ზე მეტი პოლიციელი კი ბინებს მიიღებს ახალაშენებულ კორპუსებში.
რაც შეეხება ენერგეტიკის სფეროს, კობახიძის დაპირებით, „ოცნებას" ამბიციური მიზანი აქვს, რომ 2030 წლისთვის საქართველო გახდეს „სრულად თვითკმარი და დამოუკიდებელი" ამ სფეროში.
ინფრასრუქტურაზე საუბრისას კი პრემიერი მოსახლეობას ახალი გზების მშენებლობას დაჰპირდა. მისი თქმით, ანაკლიის პორტი პირველ გემებს 2029 წლისთვის მიიღებს. ასევე აშენდება ახალი აეროპორტი ვაზიანში, რომელიც წელიწადში 18 მილიონ მგზავრს მოემსახურება.
რაც შეეხება განათლების სფეროს, „ოცნების" გეგმაა, ქუთაისის უნივერსიტეტის ინფრასტრუქურა გაფართოვდეს და სტუდენტთა რაოდენობა 20 ათასს გადასცდეს, რისთვისაც „ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ჩაიდება სერიოზული ინვესტიცია".
არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, „ოცნება" მოსახლეობას ჰპირდება, რომ ბოუჯეტში გამოიყოფა 30 მილიონი, რაც ხელოვნების სფეროს მხარდაჭერას მოხმარდება. ასევე გაიზრდება სპორტის დაფინანსებაც და ინფრასტრუქტურისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყოფა.
კობახიძე ამბობს, რომ „ოცნების" გუნდი „ეროვნული ამოცანების შესრულებისთვის ყველაფერს გააკეთებს".
„საბოლოო ჯამში, ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია ეროვნული ამოცანების შესრულება, ამისთვის ჩვენი სამთავრობო გუნდი ყველაფერს გააკეთებს. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ - ეს არის ჩვენი სლოგანი. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობდით, არ იქნება მშვიდობის გარეშე. აქედან გამომდინარე, ჩვენი უმთავრესი მოკლევადიანი ამოცანაა შევინარჩუნოთ მშვიდობა. ამისთვის პრინციპული და საკვანძო მნიშვნელობისაა, რომ ყველა ერთად მივიდეთ 26 ოქტომბერს არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მომავალს, მშვიდობის შენარჩუნებას ჩვენს ქვეყანაში და კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესებას.
„ეს პროგრამა ყველამ ერთად უნდა განვახორციელოთ და დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად ვიმუშავებთ ამ პროგრამის განხორციელებისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან პროგრამის პრეზენტაციისას დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის დალაგების შესახებაც ისაუბრა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ნატო-სთან თანამშრომლობის გაღრმავება არის ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრესი პრიორიტეტი, ასევე ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, „რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით".
მისივე თქმით, პრაგმატული პოლიტიკა და რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ასევე, პრემიერის თქმით, უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანა არის აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა.
დამაჯერებელია თუ არა პროგრამა და რატომ არ ესწრებოდნენ ღონისძიებას პარტიული ლიდერები
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მისი გადასახედიდან პროგრამა დამაჯერებელი იყო.
„ყველა ადამიანი იმას იჯერებს, რისი დაჯერებაც უნდა. ამდენად, საქმე მხოლოდ პროგრამის წარმოთქმაში არაა, ამას შესაბამისი გამგონეც სჭირდება შეფასებისთვის. რაც შეეხება ჩემს თვალსაზრისს დამაჯერებლობის მხრივ, თითქმის ყველა საკითხში წარდგენა იწყებოდა წარსულის ანალიზით - გაკეთდა ამდენი რამე და ვაპირებთ გავაკეთოთ ამდენიო. ეს წარსულიდან გამოსვლა და უკვე მომხდარი და გაკეთებული ციფრების მიხედვით მოქმედება დამაჯერებლობისთვის იყო გაკეთებული და მემგონი ახდენდა კიდეც დამაჯერებელ შთაბეჭდილებას.
„რადგან ციფრები გაწელილი არაა, შედარებით დაბალი ციფრი, რომელიც იმ რეალობიდან ამოდის, რაც დღეისთვის გვაქვს, რა თქმა უნდა უფრო დამაჯერებელია, ვიდრე, მაგალითად, პენსიებზე ათასი ლარი რომ ყოფილიყო დასახელებული. სხვა პარტიებისგან ასეთი შეპირებაც იყო", - განაცხადა საყვარელიძემ.
კითხვაზე, რამდენად დამაჯერებელია „ოცნების" დაპირებები იმ ფონზე, რომ მათი წინა დაპირებების ნაწილი არ შესრულდა, ანალიტიკოსმა გვითხრა:
„ეკონომიკურ საკითხის შეფასებას ამ საქმის სპეციალისტი უნდა. მე საქმის კურსში არ ვარ, თუმცა, როგორც მოხსენების დროს ითქვა, ასი კი არა, სამასამდე საწარმო გაკეთდაო და საიდანაა აღებული ასი ქარხნის გახსნა რომ არ შეასრულა? ენას ძვალი არ აქვს - იქით კობახიძე იძახის სამასი საწარმო გავაკეთეთო, აქეთ ოპოზიცია იძახის არცერთი არ გააკეთეთო...
„არის დაპირება არსებითი და არის დაპირება დაპირებისთვის. არსებითი დაპირება იყო, რომ ქვეყანაში ძალადობა არ იქნებოდა. ქვეყანაში არც ძალადობაა და არც ომი - ეს შესრულებულია და თუკი გვინდა, რომ არ ავირჩიოთ, კი, ბატონო, ალბათ უამრავ რამეს ვიპოვით, რაც უხეიროდაა გაკეთებული.
„მე ვვარაუდობ, რომ მოსახლეობა შედარებებით მსჯელობს და ამ შედარებებში და ჩვენს გამოცდილებაში არის წინა ხელისუფლება. „ნაციონალებთან" შედარებული სურათი კი, მემგონი „ქართული ოცნებისთვის" წამგებიანი არაა", - განაცხადა საყვარელიძემ.
მან იმაზეც ისაუბრა, თუ რამდენად დამაჯერებელი იყო 1-ლ ოქტომბერს დაგეგმილი პრეზენტაციის კობახიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადება და როგორ აღიქმება ამომრჩევლებში ასეთ მნიშვნელოვან პარტიული საარჩევნო ღონისძიებაზე „ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილისა და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილის არყოფნა.
„ადამიანი ამბობსს ცუდად ვიყავიო, მაგრამ წამყვანი საკითხი რა იყო - თუკი პროგრამა დამუშავებას ითხოვდა და ამიტომ გადაიდო, მადლობა უნდა ითქვას, რომ ბოლომდე დაამუშავეს. დიდი ალბათობოთ, მასალა ბოლომდე დამუშავებული არ იყო. ხდება ხოლმე, რომ პროექტის ავტორებს დამუშავების ის დონე არ მოსწინთ და კიდევ უფრო უკეთესი უნდათ.
„ეს პარტიული ღონისძიება იყო და რა თქმა უნდა, ერთიც უნდა ყოფილიყო და მეორეც (ბიძინა ივანიშვილიც და ირაკლი ღარიბაშვილიც). კომენტარს ვერ გავაკეთებ, არყოფნის მიზეზს ალბათ იტყვიან.
„ეს ხომ პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაა და პარტიული ხელისუფლება თუ არ ესწრება, რა თქმა უნდა, ოდიოზური ფაქტია. მიუხედავად იმისა, რომ კობახიძე ამ პარტიის წევრი და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია, ეს ამ ხარვეზს მაინც არ ავსებს. ვთვლი, რომ ეს არის ხარვეზი და კითხვის ნიშანი, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი აცხადებს, რომ პრემიერი „გებელსის პროპაგანდას მისდევს".
„პრემიერი მისდევს გებელსის პროპაგანდას, რომ ყველაზე დაუჯერებელი რამ უნდა თქვა იმისთვის, რომ დაგიჯერონ. პიარია, სხვა არაფერი. როდესაც ევროკავშირში საქართველოს საკითხის განხილვა მიდის და ყველა განცხადება, რომელსაც პოლიტიკური ჯგუფები აკეთებენ, კატასტროფულია, როგორ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ დავალაგებთ ურთიერთობას?
„თუ ურთიერთობის დალაგება უნდათ, სულ ერთი კანონი იყო გასაწვევი და არ გააკეთეს. ყველაფერი რჩება ისე, როგორც ჰქონდათ პროპაგანდის თვალსაზრისით, ეს არის სატყუარა. „ქართული ოცნება" დასავლეთთან ურთიერთობას ვერანაირად დაალაგებს, თუ პოლიტიკა არ შეცვალა", - ამბობს ძაბირაძე.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილი არ დასწრენ, ძაბირაძის შეფასებით, პირველ რიგში, ეს არის მათი მხრიდან „ქართული ოცნების" გუნდიდან გარკვეულწილად დისტანცირება.
„როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი გადააყენეს და პარტიის თავმჯდომარედ გაუშვეს, მაშინ ვფიქრობდი, ეს იყო სვლა იმისათვის, რომ ღარიბაშვილი გაერიდებინათ ამ საარჩევნო ბატალიებისგან. როგორც ჩანს, ეს თემა მუშავდებოდა და დღესაც მუშაობს. დისტანცირებას აკეთებს ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილი პროგრამიდან. როგორ ჩანს, სჭირდება „ტაიმ აუტი", რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს, რადგანაც ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ დგას დასავლეთიდანაც და ალბათ, რუსეთიდანაც. ამიტომ დრო სჭირდება, სრულად ჩამოყალიბდეს, რას გააკეთებს", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსთან".