თამთა ჩაჩანიძე
01.10.2024

აშშ-სგან „ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების რისკი არჩევნების მახლოებასთან ერთად იზრდება. ამაზე რამდენიმე ფაქტი მეტყველებს. ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია - ივანიშვილს საკუთარი ფინანსების განკარგვის უფლება არ მიეცა და ვერდიქტში მოხსენიებულია, როგორც „სანქცირების რეალური რისკის ქვეშ მყოფი პირი". ამასთან, დასავლელი რამდენიმე ლიდერი სანქციებს პირდაპირ ითხოვს, საქართველოში აშშ-ის საელჩო კი ივანიშვილს ტყუილში ადანაშაულებს, რასაც თავად „ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ეხმიანება.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ივანიშვილის დასანქცირების რისკი 50/50-ზეა, თუმცა ალბათობა უფრო გაზარდა ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილებამ და აშშ-ს საელჩოს განცხადებამ, სადაც ივანიშვილი პირდაპირაა მოხსენიებული. ამბობს, რომ არის იმის ალბათობაც, რომ ფინანსური, ან სავიზო სანქციები არჩევნებამდეც დაუწესდეს.

„მათი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ოპოზიციას, რომელსაც საკმაოდ მწირი ელექტორალური მხარდაჭრა აქვს, რასაც დასავლეთშიც ხედავენ, ხელი შეუწყონ იმაში, რომ როგორმე რაღაც წარმატებას მიაღწიოს - ფაზლი ლოგიკურად ლაგდება", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

მისივე თქმით, პირადად ბიძინა ივანიშვილს არ უთქვამს, რომ აშშ-სგან არაფორმალურადაა დასანქცირებული.

ინდიკაციები, რომლებიც ივანიშვილის დასანქცირებაზე მიანიშნებენ

ბიძინა ივანიშვილმა „კრედიტს სუისს" თითქმის ათწლიანი დავა მოუგო და წინა წლის ზაფხულში ბერმუდის სასამართლომ ბანკს ივანიშვილის სასარგებლოდ 607 მილიონის გადახდა დააკისრა. თუმცა, ეს გადაწყვეტილება ბანკმა სააპელაციოში გაასაჩივრა. შესაბამისად, საქმის ბოლომდე დასრულებამდე ივანიშვილის თანხის სურვილისამებრ განკარგვის საშუალება არ ეძლევა.

2024 წლის 29 თებერვალს ბერმუდის სასამართლოში გამართული მსჯელობისას ბიძინა ივანიშვილი მოიხსენიეს, როგორც „სანქცირების რეალური რისკის ქვეშ მყოფი, არასანდო და ქართულ სასამართლო სისტემაზე გადაჭარბებული გავლენის მქონე" პირი.

ამასთან, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ივანიშვილის „კრედიტ სუისთან" დაკავშირებულ საკითხს ეხმაურება. როგორც 1-ელ ოქტომბერს საელჩო სოციალურ ქსელში წერს, ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ „კრედიტ სუისთან" დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია, თუმცა ქართველი მოსახლეობის წინაშე რეალობას სხვაგვარად წარმოაჩენს.

„ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ „კრედიტ სუისთან" დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა ამერიკის. რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?"- წერს საელჩო.

ამ განცხადებას მალევე თავად ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა. მისი შეფასებით, როდესაც „ოცნების" მხრიდან საუბარი იყო ფინანსურ შანტაჟზე, ყოველთვის კონკრეტიკა მოჰყვებოდა, რომ ამის უკან არა აშშ და ევროკავშირი, არამედ „გლობალური ომის პარტია" იდგა.

„საელჩო ვერ დაასახელებს ვერც პირადად ჩემი და ვერც „ქართული ოცნების" რომელიმე სხვა ლიდერის განცხადებას, სადაც ჩვენ ფინანსურ შანტაჟში აშშ-ს ან ევროკავშირს ვადანაშაულებთ.

„როდესაც საბანკო ანგარიშის ძარცვაზე და ფინანსურ შანტაჟზე ვსაუბრობდით, ყოველთვის ვაკონკრეტებდით, რომ ამ შანტაჟის უკან არა აშშ ან ევროკავშირი, არამედ ის ძალები დგანან, რომლებსაც გლობალურ ომის პარტიად მოვიხსენიებთ. ფინანსურ შანტაჟში აშშ ან ევროკავშირი ჩვენ მაშინაც კი არ დაგვიდანაშაულებია, როდესაც „კრედიტ სუისმა" თანხის არგადმორიცხვის მორიგ საბაბად ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია გამოიყენა.

„მეტიც, არაერთგზის დავაზუსტეთ, რომ გლობალურ ომის პარტიაში არც აშშ-ს და არც ევროკავშირს არ ვგულისხმობდით, თუმცა, იქვე ვაკონკრეტებდით, რომ გლობალურ ომის პარტიას აქვს პრინციპული გავლენა პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ფინანსური შანტაჟის დასრულებამდე უარს ვაცხადებ ამერიკელ პოლიტიკოსებთან და ბიუროკრატებთან შეხვედრებზე, რადგან გლობალური ომის პარტიის გავლენის ალბათობა თითოეულ მათგანთან მიმართებით ძალზე მაღალია",- აცხადებს ივანიშვილი.

აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, დევიდ კრამერი ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების" წინააღმდეგ სანქციებს ითხოვენ.

კონგრესის ჟურნალ „ჰილში" წერენ, რომ ქართული დემოკრატიის გადასარჩენად, „ბაიდენმა სანქციები უნდა დაუწესოს ქვეყნის ოლიგარქებს და შეერთებულმა შტატებმა ნათლად უნდა აჩვენოს, რომ გამოიყენებს თავის ფინანსურ ბერკეტს თავად ივანიშვილისა და მისი პარტიის წინააღმდეგ, თუ ისინი გააგრძელებენ გზას, რომელიც დამღუპველი იქნება ქართველი ხალხისთვის და ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებისთვის".

გაიზარდა თუ არა ივანიშვილის დასანქცირების ალბათობა

როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, იმის ალბათობა, რომ ივანიშვილს დაასანქცირებენ, აშშ-ის საელჩოს განცხადებამ გაზარდა, რადგან საელჩო ასეთ განცხადებას შეერთებული შტატების სახდეპის გარეშე არ გააკეთებდა.

„ასე დაზუსტებით ვერ ვიტყვი ივანიშვილს დაასაქნცირებენ თუ არა. ალბათობა 50/50-ზეა, მაგრამ რადგანაც აშშ-ს საელჩომ გააკეთა ასეთი განცხადება, მოიმატა იმის ალბათობამ, რომ ბიძინა ივანიშვილი დასანქცირდეს.

„გასაგებია, რომ ამერიკის საელჩო ასეთ ბანერს და ასეთ განცხადებას სახელმწიფო დეპარტამენტის ნებართვის გარეშე არ გამოიტანდა. მისი ყველა საჯარო განცხადება ზემდგომ სტრუქტურებთანაა შეთანხმებული. საელჩოს ზემოთ კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დგას", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

მისივე თქმით, პირადად ბიძინა ივანიშვილს არ უთქვამს, რომ აშშ-სგან არაფორმალურადაა დასანქცირებული. ამას მხოლოდ „ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამბობენ.

„ბანერიც საკმაოდ თვალსაჩინოდ მიუთითებს, რომ განცხადება პირადად ბიძინა ივანიშვილს ეხება, თუმცა მას პირადად ეს არ უთქვამს, ამას „ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამბობენ - რომ ივანიშვილი არაფორმალურად სანქცირებულია და ამაში ლომის წილი სწორედ აშშ-ს მიუძღვისო, რომლებიც ნაწყენები არიან იმაზე, რომ ივანიშვილი ისე არ მოექცა, როგორც მათ სურდათ, თუნდაც იგივე უკრაინის ომთან დაკავშირებით.

„რადგანაც საელჩოს „ფეისბუქ" გვერდზე ასეთი განცხადება და ასეთი ბანერი გაჩნდა, ალბათობა იმისა, რომ ივანიშვილს ან ფინანსური, ან სავიზო სანქციები დაუწესდეს, შესაძლოა იმაზე უფრო მაღალი იყოს, ვიდრე მანამდე, სანამ ეს განცხადება გამოქვეყნდებოდა", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

კითხვაზე, რამდენად დასაშვებია, რომ ივანიშვილი არჩევნებამდე დაასანქცირონ, ანალიტიკოსმა გვითხრა:

„რატომაც არა, თუკი იმ მიზნიდან ამოვალთ, რაც უკვე ცხადია ყველა ობიექტირად მოაზროვნე ადამიანისთვის. ვინც პროცესებს მეტ-ნაკლებად აკვირდება, ხედავს, რომ აშშ და ევროკავშირი ოპოზიციას პრაქტიკულად ღიად უჭერს მხარს და თვლის, რომ სწორედ, პირობითად, პროდასავლურ ოპოზიციაში არიან წარმოდგენილი ის ძალები, რომელთა ხილვაც მათ სურთ ხელისუფლებაში.

„ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა (გერმანიის პრეზიდენტმა) სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე პირდაპირ განაცხადა, რომ იმედი მაქვს საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენო. მათთვის პროევროპული ძალა კი სწორედ კოლექტიური ოპოზიციაა. როცა ფსონები უკვე დადებულია და არჩევანი გაკეთებულია, მათი მხროდან ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ოპოზიციას, რომელსაც საკმაოდ მწირი ელექტორალური მხარდაჭრა აქვს, რასაც დასავლეთშიც ხედავენ, ხელი შეუწყონ იმაში, რომ როგორმე რაღაც წარმატებას მიაღწიოს. ფაზლი ლოგიკურად ლაგდება", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსმა ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა.

„ბერმუდის სასამართლოს ვერდიქტი პირადად მე მაფიქრებინებს, რომ, შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება (ივანიშილის დასანქცირება) უფრო მეტი ალბათობით იქნას მიღებული.

„ბერმუდის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ რაღაც ჰიპოთეტური მიზეზების გამო, თითქოს ივანიშვილს ზეგავლენა აქვს ქართულ სასამართლოზე, რომ ქართული სასამართლო დამოუკიდებელი არაა და ა.შ. მათი არგუმენტაცია ყველამ იცის და ეს ყველაფერი სცენარების დაშვების დონეზეა. სინამდვილეში ამ ვერდიქტით ეუბნებიან, რომ „გეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთვნისო". კი, ეს თანხა შენია, მაგრამ არ გეკუთვნისო.

„ჩემი შეფასებით, ლოგიკასთან მწყრალად მყოფი გადაწყვეტილებაა. ეს იმ ახალი ტენდენციის მანიშნებელია, რაც ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ევროპაში დამკვიდრდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როცა დაასანქცირეს ადამიანები, რომლებიც ევროპელებისა და ამერიკელების აზრით, ისტორიიის სწორ მხარეს არ დადგნენ. შესაბამისად, ვიღაცას ფორმალური სანქციები დაადეს - რუს ოლიგარქებს. ივანიშვილს კი დაადეს არაფორმალური სანქციები.

„არაფორმალური სანქცია რაღაც სიახლეა - „ნოუ-ჰაუ", თითქოს ოფიციალურად სანქცირებული არ ხარ, მაგრამ, ამავე დროს, შენს კუთვნილ აქტივებზე წვდომა აკრძალული გაქვს და ვერ იყენებ", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×