ნატალია ჯვარიძე
01.10.2024

პრემიერი ირაკლი კობახიძე ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" და სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას. ანალიტიკოსები შეცვლილ გადაწყვეტილებას სხვადასხვა მიზეზებს უკავშირებენ, მათ შორის პრემიერის აშშ-ში ვიზიტს, რის შემდეგაც ის იძულებული გახდა ეს გაეკეთებინა.

„ვფიქრობ, კობახიძემ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა, მაგრამ სამართლიან ქვეყანაში მთავარია სასამართლო გადაწყვეტილებები და მას ყველა უნდა დაემორჩილოს", - განაცხადა ანალიტიკოსმა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

ყოფილ სახელმწიფო მინისტრისა და კონფლიქტოლოგის პაატა ზაქარეიშვილის აზრით კი, კობახიძის ეს განცხადება რაღაცაზე მიანიშნებს, რასაც „ოცნების" საპატიო თავმჯომარის, ბიძინა ივანიშვილის ვერ გარეშე იტყოდა:

„ლოგიკურად ასეა - კობახიძე ამერიკიდან დაბრუნდა, დადუმდა, არ ჩანს და წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ქართული კანონი უფრო ლმობიერი იყოს. ეტყობა იქ რაღაცაზე მიანიშნეს. ბუნებრივია, ამას ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე არ იტყოდა. სავარაუდოდ, კობახიძემ ივანიშვილი საქმის კურსში ჩააყენა, რომ საქმე იმაზე რთულად არის, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინოს „ქართულმა ოცნებამ".

ირაკლი კობახიძე ასევე მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროს, ისარგებლოს სამართლებრივი დისკრეციით და საპარლამენტო არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდებისგან.

„სახელმწიფო ინტერესებისათვის და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოიკვეთა, მიზანშეწონილად მიმაჩნია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას. ამასთან, სასურველია, იგივე მიდგომა გავრცელდეს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებზეც, მიუხედავად, იმისა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას დაუმორჩილებლობა მხოლოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გამოუცხადა.

„ასევე, ანალოგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე, მოვუწოდებ ანტიკორუფციულ ბიუროს, ისარგებლოს სამართლებრივი დისკრეციით და საპარლამენტო არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდებისგან", - წერს კობახიძე

პრემიერის განცხადებას „აირჩიე ევროპის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ხათუნა ლაგაზიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ როგორც ამ შემთხვევაში მოუწია ხელისუფლებას მათი სიმართლის აღიარება, ასევე მოუწევს არჩევნების შედეგების აღიარება. მისი თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ხელისუფლების ცვლილებისკენ.

„მთავარი არის შედეგი. შედეგი არის ის, რომ როგორც ახლა მოუწია საქართველოს ხელისუფლებას ჩვენი სიმართლის აღიარება, ასევე მოუწევს არჩევნების შედეგების აღიარება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ხელისუფლების ცვლილებისკენ საქართველოს საზოგადოების აზრის, განწყობების და ნების შესაბამისად," - განაცხადა ლაგაზიძემ.

24 სექტემბერს, ანტიკორუფციულმა ბიურომ ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და „აირჩიე ევროპა" საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად" სცნო. რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ შეაჩერა, რაც იმას ნიშნავდა, რომ არჩევნებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" სახელით ვერავინ დააკვირდებოდა.

რატომ შეცვალა გადაწყვეტილება პრემიერმა

პაატა ზაქარეიშვილის აზრით, შესაძლოა ეს საკმაოდ საიმედო შეტყობინება იყოს, რამაც პროცესები შეაჩეროს.

„პრემიერი რაც ამერიკიდან ჩამოვიდა, რაღაც არ ჩანს. ამბობენ ავად არისო. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, თუმცა აშკარად დაემთხვა მისი დუმილი ამერიკიდან ჩამოსვლას და ამ წერილს. იმედი მაქვს, კარგი გაგებით, ამერიკაში ჯადო გაუკეთეს და აჩვენეს, რომ ყველაფერი ისე არაა, როგორც ის ფიქრობს და რაღაც რაღაცებზე თვალი აუხილეს.

„ისინი სპეკულირებდნენ საქართველოს მნიშვნელოვანი მდებარეობითა და როლით. დიდი ალბათობით, ამერიკამ უთხრა, რომ ეს ასე არ არის - ჩვენ ავღანეთიდან, სირიიდან და ერაყიდან მოვდივართ და თავში ნუ აგივარდებათო. თუ მიდიხართ რუსეთში, ჯანდაბამდე გზა გქონიათ და თქვენს გამო თავს არავინ მოიკლავს, რადგან ჩვენ სხვა საკითხებიც საკმაოდ ბევრი გვაქვსო. დაახლოებით მსგავს რაღაცას ეტყოდნენ.

„მგონი აგრძნობინეს, რომ საქართველოს არავინ გადაჰყვება და ამათ რაღაც უნდა მოიფიქრონ. ამიტომ მათ უთხრეს, რომ როგორ ჩაივლის არჩევნები, იმის მიხედვით ვილაპარაკოთ. ეს საიმედო შეტყობინებაა და როგორც ჩანს, დაფიქრდნენ იმაზე, რომ, თუ რამეს ვერ შეცვლიან, რაღაც პროცესები მაინც შეაჩერონ", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძეს კი მიაჩნია, რომ პრემიერს, როგორც ყველა მოქალაქეს, საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება აქვს.

„ჩემი აზრით, ამით კობახიძე ანტიკოროფციულ ბიუროსა და „საერთაშორისო გამჭვირვალობას" მოუწოდებს, რომ მან მონაწილეობა არ მიიღოს საარჩევნო კამპანიაში. ხოლო ანტიკორუფციულ ბიუროს, გამოიყენოს დისკრეციის უფლება და დაკვირვების უფლება მისცეს. მე მიმაჩნია, რომ სასამართლო რასაც გადაწყვეტს, ის უნდა აღსრულდეს. ბატონ პრემიერს, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება აქვს", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×