ელზა პაპოშვილი
01.10.2024

შეეცდება თუ არა „ოცნება“ ოპოზიციონერი დეპუტატების გადაბირებას იმ შემთხვევაში, თუკი 26 ოქტომბერს მან უმრავლესობა ვერ აიღო და 76 ხმა პარლამენტში ვერ შეაგროვა? ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამაზე ჯერ კიდევ საარჩევნო სიების გამოცხადებამედ საუბრობდა და აცხადებდა, რომ ოპოზიციურ სიებში „მერყევი ელემეენტების“ მოხვედრა არ უნდა მოხდეს, რადგან ივანიშვილი ნებისმიერ ფასად მათ გადაბირებას შეეცდება. 

ვინ შეიძლება ეს ადამიანები იყვნენ და ვის გულისხმობს სააკაშვილი? ანალიტკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ, ალბათ, პირველ რიგში, ამაში ეჭვმიტანილები „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში მყოფი ის პირები არიან, რომლებიც 2012 წელს არჩევნების წაგების შემდეგ „ოცნებაში“გადაპორტირდნენ. განსაკუთრებული ეჭვები კი ბიზნესმენებზეა, რომლებმაც მსგავსი რამ არაერთხელ გააკეთეს. 

ასევე ყველაზე „რეალურ ეჭვმიტანილად“ ანალიტიკოსები ექსპრემიერ გიორგი გახარიასა და მის პარტიას „საქართველოსთვის“ მიიჩნევენ. მათი აზრით, სჯობია ოპოზიციაში ექს-პრემიერს არ ენდონ, რადგან თუკი საჭიროდ ჩათვლის, დიდი ალბათობით, ის „ოცნებას“ კოალიციური მთავრობის შექმნაშიც დაეხმარება. ხოლო მისი პარტიიდან ალბათ ბევრი აღმოჩნდება ისეთი, ვინც ივანიშვილს „ოცნების“ უმრავლესობის შექმნაში შეიძლება დაეხმაროს.

სააკაშვილის ვერსია 

როგორც მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში"  13 სექტემბერს წერს, მმართველი პარტია 26 ოქტომბრის არჩევნებზე მარცხისთვისაა განწირული და ერთადერთი გზა, რომლითაც მან შეიძლება რეალურად გაზარდოს პარლამენტში თავისი ადგილების რაოდენობა, ოპოზიციონერი დეპუტატების გადაბირებაა.   

„როგორც მოსალოდნელი იყო ნაციონალური მოძრაობის კოალიციის პოპულარობა ყოველ ჯერზე იმატებს, თან იმ პირობებში, რომ ჩვენი მომხრეების დიდი ნაწილი ერიდება არჩევნებამდე თავის სიმპათიის ღიად გაცხადებას, რაც პირიქითაა ოცნების შემთხვევაში, უფრო მეტი ამბობს, რომ აძლევს ხმას, ვიდრე რეალურად მისცემს.

რაც შეეხება რუსულ ოცნებას და მის სამარცხვინო ბაობაბთა საპარლამენტო სიას, ჩემი პროგნოზი მთლიანობაში ემთხვევა სალომე ზურაბიშვილისას, ის იმოძრავებს 25-30%-ის ფარგლებში (მთელი ადმინისტრაციული რესურსების და გაყალბებების გათვალისწინებით).

გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა. ახლა ივანიშვილის ერთადერთი იმედია ოპოზიციის მომავალი პარლამენტარების ყიდვა და ამიტომ ჩვენს კოალიციაში ძალიან გულისყურით მოვეკიდებით, რომ მერყევი ელემენტები არ აღმოჩნდნენ სიაში, და ამ მხრივ, ჩვენი აქტივისტების აქტიური ჩართულობა გადამწყვეტია!“,-ამბობს საკაშვილი. 

ვინ შეუქმნის და ვინ არა „ოცნებას“ კოალიციას 

ოპოზიციაში ღალატის გარკვეული შიში გაჩნდა - მელია-გვარამიას კოალიცია „ცვლილებებისთვის“ გამოვიდა ინიციატივით, რომ არჩევნების შემდეგ, მთავრობის ფორმირების პროცესში, „ქართულ ოცნებასთან“ არ ითანამშრომლებენ და ეს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ხელმოწერით დაადასტუროს. კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერების თქმით, მომავალი მთავრობა იქნება ქართველი ხალხის ნების, პროდასავლური ოპოზიციის კოალიციური მთავრობა. 

ამ იდეას იზიარებენ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“, ხოლო „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ მათთვის წითელი ხაზია როგორც „ქართული ოცნება“, ისე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პაატა მანჯგალაძე აღნიშნავს, რომ არჩევნების შემდეგ მთავრობის ფორმირების პროცესში „ქართულ ოცნებასთან“ მათი კოალიციიდან არცერთი წარმომადგენელი არ ითანამშრომლებს. მეტიც, „თუ ვინმეს სჭირდება დედის დაფიცება იმის გამო, რომ „ქართულ ოცნებასთან“ არ გავაკეთებთ კოალიციას, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ“, - ამბობს მანჯგალაძე.  

„ნაციონალური მოძრაობის"თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განაცხადებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ინიციატივა, რომ არჩევნების შემდეგ მთავრობის ფორმირებაში ბიძინა ივანიშვილთან და „ქართულ ოცნებასთან“ არ ითანამშრომლებენ, მათთვის მისაღებია. მისივე თქმით, ასეთი დოკუმენტები წარსულშიც იყო და ენმ ყოველთვის ხელს აწერდა.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ოპოზიციური ძალა და ბოლო 12 წლის განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგობის ავანგარდში იყო, არის და იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ კოალიციური პარტნიორები, ასევე იქნებიან სხვა პროდასავლური პარტიები და ნებისმიერი წინასაარჩევნო განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ არც ერთი პარტია არ შეუქმნის ბიძინა ივანიშვილს მთავრობას, მისაღებია.

„ვფიქრობ, თუ ამგვარი კითხვები არსებობს, სავარაუდოდ, ამ კითხვების სამიზნე სხვა პარტიები არიან, თუმცა ვერ გეტყვით, ამ ინიციატივას კონკრეტულად არ ვიცნობ და მას შემდეგ, რაც დეტალები მეცოდინება, ალბათ, უკეთესად შემეძლება ამაზე საუბარი. ასეთი დოკუმენტები წარსულშიც იყო და ყოველთვის ხელს ვაწერდით“, - განაცხადა ბოკუჩავამ.   

ვის გულისხმობს ექს-პრეზიდენტი მერყევ ელემენტებში

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ეჭვები ლოგიკურია და მან კარგად იცის ოპოზიციურ ფლანგზე ვინ შეიძლება ასეთი მერყევი ელემენტები იყვნენ. ჩიტაძის აზრით, პოლიტიკურ სპექტრში, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც პირადი კეთილდღეობიდან გამომდინარე ცდილობენ პოლიტიკაში ყოფნას. 

„რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის განცახდება რეალურია და ყველამ კარგად იცის ვინ შეიძლება აქ პირველ ეჭვმიტანილად მოიაზრებოდეს. მე, მაგალითად, მგონია, რომ ამ შემთხვევაში გახარია და მისი პარტია იგულისხმა. ექს-პრემიერი ძალიან უცნაურ თამაშს თამაშობს და ოპოზიციურ ფლანგზე მე მას ბოლომდე არ ვენდობოდი. მგონია, რომ თუკი საჭირო გახდება, პირველი, იქნება ვინც „ოცნებას“ თუნდაც კოალიციის შემქნაში, ან უმრავლესობის შექმნაში დაეხმრება. არ მინდა კიდევ ერთი ორი დეპუტატის და პოლიტიკოსის ვინაობა დავასახელო, რომლებიც ჯერ მე მედავებოდნენ - „ოცნებაზე“ აზრი შეიცვალეო - და ახლა კიდევ ოპოზიციურ ფლანგზე არიან გადაბრგებული. მე ასეთ ხალხს ნამდვილად ერ ვენდობოდი.

„გახარია, მაგალითად, ერთ ქვაბში ხარშავს „ნაცებსაც“ და „ოცნებასაც“. ეს, რა თქმა უნდა, მისი მხრიდან ეშმაკური პოლიტიკური ფანდია, რომ იბირებს იმ ხალხს, ვისაც არც ერთი უნდა და არც მეორე. ხოლო მისი განცხადებები, რომ „ოცნებას“ არ შექუმნის კოალიციას, არასანდო მგონია. 

„ასევე შესაძლოა „ლელოში“ ახლა გაერთიანებული ერთი-ორი პოლიტიკოსიც იყოს, რომელსაც მე არ ვენდობოდი. შესაძლოა პირდაპირ „ოცნებაში“ არ გადავიდნენ, მაგრამ, თუ საჭირო იქნება, გამოეყოფიან ოპოზიციას ვითომ დამოუკიდებელ დეპუტატად და მერე მას დაეხმარებიან. 

„ასევე არიან „ნაციონალებშიც“ ბიზნესმენები, რომლებიც 2012 წლის არჩევნების მერე „ნაციონალურ მოძრაბას“ გამოეყვნენ და „ოცნებაში“ პორტირება მოახდინეს. ამიტომ ძალიან ბევრი არაა სანდო ამ ბიზნესმენებიდან, რომელთაც პოლიტიკა მხოლოდ საკუთარი ქონების დასაცავად უნადთ“, - ამბობს ჩიტაძე. 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილს შიში საკუთარ პარტიაზე აქვს. როგორც მან „რეზონანსთან“ განაცხადა, როდესაც პარტიულ სიაში ადგილები გაყიდულია, იქ სანდო არ შეიძლება ვინმე იყოს.  

„ალბათ სააკაშვილი უფრო თანაგუნდელებს აფრთხილებდა, რომ სიაში ასეთი ელემენტები არ შეეყვანათ, ვისი ნდობაც ნაკლებად შეიძლება. თუმცა, საარჩევნო სია უკვე ვნახეთ და  ასევე მის გარშემო დაწყებული უცნაური ამბებიც. მგონია, რომ სააკაშვილი „ნაციონალებს“ აფრთხილებს. იქ არის ერთი ორი ისეთი ფიგურა, რომელიც ნებისმიერ დროს გაყიდის ენმ-ს, თუკი ეს მას და მის ბიზნეს დასჭირდება. 

„რა თქმა უნდა, ასეთები არიან სხვა ოპოზიციურ ძალებშიც. მათი ორპირობა, უპრინციპულობა ერთხელ და ორჯერ გვინახავს? ეს ხალხი არის ჩვეულებრივი მედროვეები,  სადაც რა და როგორ დასჭირდებათ, ისე მოიქცევიან. გვახსოვს 2020 წლის არჩევნები და ოპოზიციის ყვირილი - პარლამენტში არ შევალთო. იმის მერე რა მოხდა - ერთმანეთს შევარდნას  ასწრებდნენ. 

„ალბათ იგივე სიტუაცია იქნება - ცოტას იჭაჭყანებენ და მერე ერთმანეთს დაასწრებენ, ოღონდ ხელფასი და ის კომფორტი ჰქონდეთ, რასაც პარლამენტი იძლევა. ამიტომ მემგონი წინ ძალიან ბევრი სიუპრიზი გველის“, - ამბობს აბაშიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×