„ქართულ ოცნებას" 1-ელ ოქტომბერს თავისი საარჩევნო პროგრამის წარდგენა უნდა გაემართა, თუმცა, ამის ნაცვლად, მხოლოდ პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშილის საგანგებო მომართვა გაავრცელა, სადაც ძირითადად პოლიტიკური აქცენტებია დასმული. რატომ აჭიანურებს „ოცნება" თავისი გეგმის ეკონომიკური ნაწილის გაცნობას საზოგადოებისთვის და რამდენად დამაჯერებელია პრეზენტაციის გადადების ოფიციალური მიზეზი?
თავად პარტიაში გადადების მიზეზად „ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინიტრს ირაკლი კობახიძის ავადმყოფობას ასახელებენ. ბოლოს კობახიძე საჯაროდ 28 სექტემბერს გამოჩნდა, როდესაც სიტყვით გამოვიდა თელავში გამართულ წინასაარჩევნო შეკრებაზე. მას შემდეგ კი განცხადებებს აქტიურად აკეთებს სოც ქსელების, თუ მთავრობის პრესსამსახურის მეშვეობით.
ოპოზიცია ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას" ხალხისთვის სათქმელი არაფერი აქვს და 12 წლის განმავლობაში ყველა დაპირება, რაც გააჟღერეს, ტყული აღმოჩდა, მათ შორის საუბარია ას ქარხანაზე, „უფასო ფულზე", გრძელვადიან ინვესტიციებზე სოფლებში და ა.შ. ღონისძიების გადადების ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად ასახელებენ იმასაც, რომ „ქართული ოცნების" ახალი შიდა კვლევით, პარტიის რეიტინგი 30%-მდე დაეცა და პრეზენტაციისთვის არ სცალია პარტიას.
ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ღონისძიების გადადების რეალური მიზეზი შესაძლოა იყოს, ის, რომ პროგრამა ჯერ მზად არაა. ნაწილის აზრით კი, შესაძლოა, „ოცნებას" არ უნდა, რომ მაინცდამაინც არჩევნების წინ დიდი დრო დარჩეს მათი პროგრამის კრიტიკისთვის, რომელიც საზოგადოების ნაწილისა და ოპოზიციისგან ასე თუ ისე წამოვა.
გადადების სავარაუდო მიზეზები
„ოცნების" პრესსამსახურის ინფორმაციით, „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 1-ლ ოქტომბერს დაგეგმილი საარჩევნო პროგრამის წარდგენა რამდენიმე დღით გადაიდო. კონკრეტულ თარიღს ჯერ არ ასახელებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ პროგრამის პრეზენტაცია მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართება.
„თარიღთან დაკავშირებით დაზუსტებულ ინფორმაციას მმართველი პარტიის პრესსამსახური უახლოეს დღეებში გაავრცელებს", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ღონისძიების გადადების ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, მათ შორის კობახიძის ავადმყოფობაც, თუმცა, ალბათ უფრო კრიტიკას ერიდებიან. ძაბირაძის თქმით, შესაძლოა „ოცნებაში" ხვდებიან, რომ მათი პროგრამა შესაძლოა მმართველი პარტიის კრიტიკის მიზეზი გახდეს და ამიტომაც აჭიანურებენ, რომ კრიტიკისთვის ნაკლები დრო მისცენ როგორც ოპოზიციას, ისე სხვებს.
„კვლევამ დაბალი რეიტინგი აჩვენა თუ არა, არ მგონია ეს გადამწყვეტი ყოფილიყო. არ გამოვრიცხავ, რომ პრემიერი მართლაც ავად იყოს, ან მიზეზი სხვა იყოს. შეიძლება თავისთავად ის ნამუშევარი, რომელიც უნდა წარედგინათ, სრულყოფილი არ იყო, ან ვინმემ ჩათვალა (თუ ვინმე ჩასთვლიდა, ეს ძირითადად ივანიშვილია) და მიიჩნია, რომ სრულყოფილი არ იყო.
„გასაგებია, რომ წარდგენას ყველა ელოდებოდა, მაგრამ რომ გითხრათ, რომ „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა ისეთი იქნებოდა, რომ ამ საარჩევნო პროცესში რაღაც სიახლეს შეიტანდა, ასე არ მგონია. ამას უფრო კრიტიკა მოჰყვებოდა ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების მხრიდან.
„ვინც ელოდებოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ბოლოს და ბოლოს გაერკვია არჩევნებამდე ერთი თვით ადრე რას ჰპირდება „ოცნება" ამომრჩეველს. მაგრამ ალბათ უფრო ამ კრიტიკას ერიდებიან და არ უნდათ, რომ მაინცდამაინც დიდი დრო დარჩეს კრიტიკისთვის", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი „რეზონანსთან" ამბობს, რომ, შესაძლოა, პროგრამა ჯერ დასრულებული არაა.
„რეიტინგის დაცემის გამო გაქრობა არალოგიკური ბმაა. თუ რეიტინგი დაცემულია, პირიქით, უნდა გააქტიურდნენ. თუ რეიტინგი მაღალია იმდენად, რომ აქტიურობა უკვე არ სჭირდებათ, მაშინაა, რომ არ ჩქარობენ. ოპოზიციას ლოგიკის საქმე კვლავ ვერ აქვს კარგად.
„ნაკლებად ლოგიკურია ისიც, რომ შეიძლება ჩვენი პროგრამა კრიტიკის საგანი გახდეს და ამიტომ ერთი კვირით გადავდეთო. კრიტიკის საგანი ყველაფერი შეიძლება გახდეს ჩვენს სინამდვილეში და მით უმეტეს წინასაარჩევნოდ. ივანიშვილმა თქვა - „შევრიგდეთო" და არ იცოდა, რომ კრიტიკა მოჰყვებოდა? მოჰყვა კიდეც, მაგრამ მაინც თქვა. ეტყობა პროგრამა დასრულებული არაა.
„როცა ნაშრომი ჩასაბარებელი მაქვს, დეტალებზე დიდხანს ვწვალობ და ბოლო მომენტში ვაბარებ, რადგან მიმაჩნია, რომ ისეთი არაა, როგორიც მინდიდა. იქნებ მათაც მიაჩნიათ, რომ პროგრამა ისეთი არაა, როგორიც უნდათ და ფიქრობენ დრო მაქსიმალურად გამოიყენონ, რომ სასურველ კონდინციამდე მიიყვანონ. რა გასაკვირია, მე ჩემს სტატიას ვჩივი და მაგათ მთელი ქვეყნის პროგრამა აქვთ გასაკეთებელი.
„არ გამოვრიცხავ, რომ კობახიძეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჰქონდეს პრობლემები, მით უმეტეს, რომ გრიპის და კოვიდის შემთხვევები გახშირდა. ტყვიაგაუმტარ შუშის იქიდან ტყვია ვერა, მაგრამ ინფექცია შედის", - განაცხადა საყვარელიძემ.
კითხვაზე, ერჩივნა თუ არა „ოცნებას" ღონისძიების გადადებას, რომ კობახიძის ნაცვლად სხვა სპიკერს წარედგინა პროგრამა, მაგალითად, მამუკა მდინარაძეს, ან უმრავლესობის სხვა რომელიმე წევრს, საყვარელიძემ გვითხრა:
„მაგას მაინც მოჰყვებოდა ლაპარაკი, რადგან სწორედ პარტიისა და ქვეყნის პირველმა პირმა უნდა წარადგინოს, მით უმეტეს, ეკონომიკური ბლოკის პროგრამა. მომხდარა ისეც, რომ ამა თუ იმ პარტიას გადაუდია ხან სიტყვა, ხან ანგარიში. დროსთან დაკავშირებით ყველას აქვს პრობლემები. ოპოზიციასაც რაც ენაზე მოადგებათ, ყველაფერს ნუ იტყვიან, თორემ ეს თავად მათ პარტიის რეიტინგზე მოქმედებს ცუდად", - განაცხადა საყვარელიძემ.
ივანიშვილის წერილი
„ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 1-ელ ოქტომბერს გამოქვეყნებულ წერილში 12 წლიანი მმართველობას აჯამებს, აქაც აქცენტები ძირითადად პოლიტიკურია და დაახლოებით იმ შინაარსისაა, რაც რეგიონალურ ტურნეებზე სიტყვით გამოსვლისას აქვს, საუბრობს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაზე, „ნაცმოძრაობის" გასამართლებაზე, ომსა და მშვიდობაზე, რევოლუციაზე. ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას" „ბეწვის ხიდზე უწევს სიარული", ბრძოლის მთავარი ხაზი კი გადიოდა „დამოუკიდებლობაზე, მშვიდობაზე, თავისუფლებაზე, რწმენის, კულტურის, ისტორიის და იმ ღირებულებების დაცვაზე, რისთვისაც 2012 წლის 1 ოქტომბერს გავერთიანდით!".
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ივანიშვილის წერილშიც აქცენტები ძირითადად პოლიტიკურია და ეს მიუთითებს იმაზე, რომ „ოცნებას" მოსახლეობასთან სათქმელი აღარაფერი აქვს.
„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ „ქართულ ოცნებას" სალაპარაკო და სათქმელი ფაქტიურად არაფერი აქვს. ამიტომაც ფეხს ითრევენ, რომ კონცენტრირება დაპირებებზე კი არ გააკეთონ, არამედ, მხოლოდ მათი საქმიანობის პოლიტიკურ შემადგენელზე. მათ რომ რაიმე ისეთი რეალური დაპირება ჰქონდეთ, რომელსაც საზოგადოება მეტ-ნაკლებად მიიღებდა, აქცენტი ალბათ ამ მიმართულებაზე იქნებოდა გადატანილი და არა ოპოზიციურ პარტიებზე და ზოგადად პოლიტიკაზე.
„მე რომ „ქართული ოცნების" წარმომადგენელი ვიყო, მქონდეს უფლებამოსილება, რომ საარჩევნო პროგრამის შედგენაში მონაწილეობა მივიღო, გულწრფელად გითხრათ, რაიმე რეალურის და პოზიტიურის მოძებნა ძალიან გამიჭირდება, ყველაფერი უფრო ნეგატიურისკენ მიდის და სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს „ოცნება",¬ - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".
როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, ივანიშვილის მხრიდან მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე აქცენტირება სავარაუდოდ იმას მიუთითებს, რომ პროგრამის ეკონომიკური ნაწილი დასახვეწია.
„შეიძლება ამის მთავარი ფაქტორი ისაა, მიაჩნია, რომ ეკონომიკური ნაწილი დასახვეწია. ეკონომიკურ ნაწილს ივანიშვილიც არ შეეხო და გასაჯაროვებაც დააგვიანეს. ესე იგი ეს ნაწილი „გამომცხვარი" არაა საიმისოდ, რომ „ღუმელიდან" გამოიღონ და „მაგიდაზე" მიიტანონ.
„ამ დაგვიანების მთავარი მიზეზი ალბათ ბევრი რამაა, მათ შორის ისიც, რასაც ამბობენ - რომ ადრე იყო დაპირებები და არ შესრულდა. ეს რომ ერთი ვადის შედეგი იყოს, მაშინ უფრო ადვილი საპასუხო იქნებოდა, მაგრამ რამოდენიმე ვადა გავიდა უკვე და რაღაცეები შეუსრულებელი დარჩა და უფრო მეტ რამეზე აქვს საპასუხო. მემგონი ეს უფრო რთული სფეროა, ვიდრე პოლიტიკური ნაწილი", - განაცხადა საყვარელიძემ.