ტერიტორიული მთლიანობის შესაძლო აღდგენა თანდათან „ქართული ოცნების" მთავარი წინასაარჩევნო დაპირება ხდება, ხოლო მოსკოვი კი ამასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებში მიანიშნებს, რომ ეს შესაძლოა რეალური იყოს. ანალიტიკოსთა ნაწილი ამაში კოორდინირებულ მოქმედებას ხედავს და მიიჩნევს, რომ კრემლი, ამ და კიდევ სხვა მეთოდებით, ირიბად ეცდება ქართველ ამომრჩევლებზე „ოცნების" სასარგებლოდ გავლენის მოხდენას. მეორე ნაწილის აზრით კი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე „ოცნებას" კარტები ბოლომდე გახსნილი არ აქვს".
მმართველმა პარტიამ რეგიონალური ტურნეს ფარგლებში მორიგი შეხვედრა 28 სექტემბერს კახეთში გამართა, სადაც პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი კიდევ ერთხელ ახსენა და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ „ურთიერთშენდობის საფუძველზეა" შესაძლებელი. ამას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ხმაურიანი განცხადება წამოეწია, სადაც ოკუპირებულ ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონს ჩვენს „მეზობელ ქვეყნებად" იხსენიებს და დასძენს, რომ მოსკოვი მზადაა საქართველოს მათთან „ურთიერთობის ნორმალიზებაში დაეხმაროს".
ოპოზიციის შეფასებით, ეს კრემლის მორიგი პროვოკაცია, ხოლო „ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები აღიაროს".
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის სამხედრო დაზვერვამ რამდენიმე ისეთი განცხადება გაავრცელა, რომელიც მნიშნელოვან წილად იმეორებს „ქართული ოცნების" პროგნოზებისა და დასავლეთის მიმართ მათი ბრალდებების შინაარსს.
მაგალითად, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა აგვისტოშ გაავრცელად განცხადება, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, აშშ „თბილისის მაიდანს" გეგმავს. ამის შემდეგ, 27 აგვისტოს, რუსეთის საგარეო დაზვერვის უფროსმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ რუსეთის მიზანია, თავიდან აიცილოს „ფერადი რევოლუცია" საქართველოში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა კატეგორიულად უარყო რუსეთის ბრალდებები, რომ აშშ საქართველოში „ფერად რევოლუციას" გეგმავს და სანაცვლოდ ხაზი გაუსვა აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს განვითარებასა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
11 სექტემბერს კი რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასს"-მა დაზვერვის სამსახურიდან მიღებულ დოკუმენტზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ „ქართული ოცნების" წინააღმდეგ საქართველოს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას გეგმავს და ამისთვის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ეუთო/ოდირი) იყენებს.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური აცხადებს, რომ „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს გამოიყენოს ახალი ინსტრუმენტი მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევისთვის, რათა აღკვეთოს „ქართული ოცნების" გამარჯვება, რომელიც ახლა „ვაშინგტონისთვის არასასურველია".
„იგეგმება, რომ ეუთო/ოდირი შუალედურ ანგარიშს არჩევნებამდე 10-20 დღით ადრე გამოაქვეყნეს, რომელშიც იქნება დასკვნა, რომ ქვეყანაში არ არსებობს პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის", - აცხადებს დაზვერვის სამსახური.
ხოლო უშუალოდ არჩევნების დღეს, პირველადი შედეგების გასაჯაროვების შემდეგ, მათივე ცნობით, „წარმოდგენილი იქნება დასკვნა საარჩევნო პროცესის დემოკრატიის ნორმებთან შეუსაბამობის შესახებ".
ამ კონტექსტში, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური შეერთებულ შტატებს იმაშიც ადანაშაულებს, რომ ის საბაბს აძლებს „პროდასავლურ ქართულ ოპოზიციას, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყოს, რომლის მიზანიც ძალისმიერი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდებაა".
რა ფორმით ჩაერევა რუსეთი ჩვენს არჩევნებში
აღსანიშნავია, რომ ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" პერიოდულად საუბრობს აჩევნებში რუსეთის ჩარევის საფრთხეზე. ერთ -ერთი ასეთი განცხადება ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა.
„ქართული ოცნება" ოპოზიციას, დამკვირვებლებს, პარტნიორებს აბრალებს ყველაფერ იმას, რასაც თვითონ აკეთებს. „ქართული ოცნება" ცდილობს, დასავლეთს გადააბრალოს არჩევნებში ჩარევა იმიტომ, რომ პოტენციური რუსული ჩარევის საფრთხეები გადაფაროს. ჩვენ ვნახეთ რუსული დაზვერვის განცხადებები, ზახაროვას განცხადებები - ერთი ერთში სინქრონშია იმასთან, რასაც „ქართული ოცნება" აკეთებს.
„არჩევნებში რუსული ჩარევების საფრთხეები რეალურად არსებობს. ეს არ არის საარჩევნო მშვიდი გარემო, რადგან „ქართული ოცნება" დევნის ოპონენტებს, მედიას, ხალხს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებს სამსახურებიდან, ძალადობს ადამიანებზე და ყოველდღიურად ხდება ეს და ამასაც სხვას აბრალებს", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გვეუბნება, რომ კრემლის მთავარი ამოცანაა „ოცნებას" ხელი შეუწყოს და ხელი შეუშალოს სხვა ძალას, რომელიც შეიძლება ხელისუფლებაში მოვიდეს. ხელის შეშლის მეთოდები კი სხვადასხვანაირია.
„მაგალითად, შეიძლება კრემლმა „ოცნებას" მისცეს რომელიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების საუბრების ფარული ჩანაწერები. როცა კრემლი სხვა ქვეყნის არჩევნებში ერევა, ის ხელს უშლის იმ ძალას, რომელიც შეიძლება ხელისუფლებაში მოვიდეს. ასეთი განცხადებები მოსალოდნელია, თუმცა ეს უფრო ხელის შემშლელია, რადგან „ოცნებას" არ უნდა აწყობდეს, როცა რუსეთი აცხადებს, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია. რუსეთი ამით „ოცნებას" ახსენებს, რომ თქვე საცოდავებო, ჩემს ხელში ხართო", - განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ზააალ ანჯაფარიძე კი გვეუბნება, რომ რუსეთს არჩევნებში ჩარევის დიდი რესურსი აქვს და შეუძლია მრავალი ფორმა გამოიყენოს.
„ჩარევის ბევრი ფორმა არსებობს, რუსეთს კი იმის რესურსები აქვს, რომ ჩაერიოს. მაგალითად, არჩევნების წინ რაღაც ისეთი სენსიტიური ინფორმაცია შემოაგდოს, რომელმაც შეიძლება საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვიოს. ბოლოს და ბოლოს მას რომელიღაც ცნობადი სახის ლიკვიდაცია შეუძლია, რაც საზოგადოებაში მღელვარებას გამოიწვევს.
„გარდა ამისა, ე.წ. ჰიბრიდული მეთოდებიც არსებობს - სხვადასხვა სახის ინფორმაციული შემოგდებები, როგორიც, მაგალითად, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა ორჯერ გააკეთა - რომ ამერიკელები აქ ფერად რევოლუციას ამზადებენ და ა.შ. ინფორმაციული ზემოქმედებაც ჩარევის ფორმაა", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
განცხადებები ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვი ოკუპირებულ ცხინვალს და აფხაზეთს ჩვენს მეზობელ „ქვეყნებად იხსენიებს". მისი თქმით, რუსეთი მზად არის ურთიერთობების ნორმალიზებაში დახმარებისთვის, თუკი იქნება ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესი თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების უზრუნველყოფით.
„საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა უბრალოდ გულწრფელად აფასებს წარსულს, მათ თქვეს, რომ „ჩვენ გვინდა ისტორიული შერიგება" და რა ფორმით შეიძლება მოხდეს ეს შერიგება, თავად ამ ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ - აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმაც. ისინი საქართველოს მეზობლები არიან და გარკვეული კონტაქტები მაინც გარდაუვალია. თუკი ყველა მხარისგან იქნება ამ ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესი თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების უზრუნველყოფით, ჩვენ, მხარეების მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, მზად ვიქნებით დახმარებისთვის", - აღნიშნა ლავროვმა 28 სექტემბერს.
ამავე დღეს იყო „ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა კახეთში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე.
„ესაა ბრძოლა ჩვენი დიდი ხნის ნატვრის ასასრულებლადაც - კვლავ გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო. თუმცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით, შერიგებისა და ურთიერთ შენდობის საფუძველზეა შესაძლებელი!
„ამ საკითხთან დაკავშირებით უცხო ქვეყნების აგენტებისა და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის" დამოკიდებულება ნათლად გვიჩვენებს მათ რეალურ მიზანს - საქართველო მუდმივი კონფლიქტისა და დაპირისპირების რეჟიმში იყოს. სწორედ ამიტომ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მზადება, პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე გადის.
„26 ოქტომბერს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, „ქართული ოცნების" გუნდს გვაქვს მზაობა, რომ საჭირო მომენტში, ქვეყანა საკონსტიტუციო მოწყობის ისეთ მოდელზე გადავიყვანოთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს ავიხდინოთ ჩვენი მრავალწლიანი ოცნება - კვლავ ვიხილოთ ერთიანი და ძლიერი საქართველო!" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მანამდე,14 სექტემბერს, ბიძინა ივანიშვილმა, გორში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთაბ ახლოს, მოსახლეობასთან შეხვედრისას 2008 წლის ომის გამო „ოსი დებისა და ძმებისათვის" ბოდიშის მოხდის შესაძლებლობაზე ისაუბრა.
„26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები", - განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილის ამ განცხადებას ოკუპირებული რეგიონებიდან ახალი მოთხოვნებით გამოეხმაურენ, რომელთა შინაარსიც ის იყო, რომ ბოდიში საკმარისია არაა, აუცილებელია მათი „დამოუკიდებლობის" აღიარება, მათთვის მრავალმილიარდიანი რეპარაციების გადახდა და ახალი ტერიტორიების გადაცემაც კი. კრემლის პროპაგანდისტებმა კი ივანიშილის იდეა მოიწონეს.
მანამდე, 8 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აგვისტოს ომის 16 წლისთავს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა. მისი თქმით, მხარეებმა მეტი პოტენციალი უნდა გამოავლინონ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად, რაც „2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების განმეორების თავიდან აცილების გარანტია". რასაც, მისი თქმით, „საქართველო-სამხრეთ ოსეთსა და საქართველო-აფხაზეთს შორის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყება უნდა მოჰყვეს შემდგომი დემარკაციისთვის."
უბრალოდ დამთხვევა, თუ კოორდინირებული მოქმედება
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ესაა შეთანხმებული ნაბიჯები, რომელიც მოახლოებული არჩევნების კონტექსტში უნდა განვიხილოთ. რეალურად კი რუსეთი არ დაუშვებს, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და ეს ლავროვის სიტყვებშიც ჩანს.
„არავითარი შემთხვევითობა და დამთხვევა არაა. ნამდვულად კარგად სინქრინიზებული შეთანხმებული ვარიანტია. რუსეთი ვერაგულად, მაგრამ ცდილობს „ოცნებას" არჩევნებში დაეხმაროს, რომ წარმატებას მიაღწიოს. ლავროვი გაიძვერა, მაგრამ მაინც დიპლომატია და შეეძლო სხვანაირი სიტყვები შეერჩია - თამამად შეეძლო გამოეყენებინა სიტყვა „ხალხი" და არა „სახელმწიფო" ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში. მოკლე ტექსტში ამაზე ხაზი ორჯერ გაუსვა, რომ აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს" საქართველო უნდა ელაპარაკებოდეს, როგორც სახელმწიფოებს და რუსეთი დაეხმარება, რომ სერთო ენა იპოვონ. ეს „ქართული ოცნების" ძალიან ვერაგული და ცინიკური მხარდაჭერა იყო, ფაქტიურად დამცირება, მათ შორის საქართველოსი.
„ლავროვი ამით ეუბნება, რომ თქვე უბედურო „ქართულო ოცნებავ", უჩვენოდ გასაქანი არსად გაქვთ, ამიტომ რუსეთის პირობები უნდა მიიღოთ, თუ გინდათ არჩევნებში გაიმარჯვოთო. „ქართული ოცნება" კი ამაზე სამარცხვინოდ დუმს, მისთვის გამარჯვება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დამცირებას იტანს როგორც თავისას, ისე საქართველოსი", -განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი აცხადებს, რომ როცა რუსეთი ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მოიხსენიებს, ეს არ მიანიშნებს, რომ „ოცნება" და კრემლი კოორდინიტრებულად მოქმედებენ.
„ეს მაინც არ მიანიშნებს კოორდინირებულ საქმიანობას. როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცხინვალსა და აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მიიჩნევს, ამით ყველაფერი ნათქვამია. ის, რომ თითქოს მოსკოვი დაეხმარება საქართველოს ამ „ქევეყნებთან" ურთიერთობების დარეგულირებაში თუ მოგვარებაში, ამაში, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობენ ძალის არგამოყენების და თავდაუსხმელობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას, რაც ფაქტიურად გულისხმობს, რომ საქართველომ ეს რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად უნდა აღიაროს.
„ეს არ გულისხმობს იმას, რომ თითქოს ამ საქმეში რუსეთს რაღაც პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია. თუმცაღა მეორე მხარეცაა - რომ, სამწუხაროდ, რუსეთთან მოლაპარაკებების გარეშე ამ პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდება, რადგან იქ რუსული ჯარი დგას და ეს რეგიონები რუსეთს აქვს აღიარებული.
„რუსეთმა ორი რამ უნდა გააკეთოს - უკან წაიღოს აღიარება და იქიდან ჯარები გაიყვანოს, რასაც არ აპირებს. აქედან გამომდინარე, ვერანაირად ვერ ვისაუბრებთ, რომ რაღაცნაირად კოორდინაციაა საქართველოს ხელისუფლებასა და მოსკოვს შორის. ეს ოპოზიციას აწყობს, მაგრამ არაერთი პარამეტრით რეალურად ეს ასე არ ჩანს", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
რეალურია თუ არა „ოცნების" დაპირება
ყოფილი სახელწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნების" დაპირება არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღები შემთხვევაში ტერიტორიული მთლიანობის შესაძლო აღგენაზე არარეალურია.
„მგონია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მიიღებენ და უბრალოდ ტემპერატურას წევენ, რომ ის მინიმალური მაინც მიპოვონ, რაც დღეს აქვთ - კვალიფიციური უმრავლესობა, რომ მთავრობა დაამტკიცონ, ბიუჯეტი და კანონები მიიღონ. ეს დაახლოებით ისაა, მდინარის გადალახვა როცა გინდა, გეზი ცოტა მაღლა რომ უნდა აიღო, რათა იქ მიხვიდე, სადაც მიცურავ.
„ისინი არც კი ფიქრობენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, ან სხვა ღონოსძიებებზე. სხვათა შორის, „ნაცმოძრაობის" გასამართლებას საკონსტიტუციო უმრავლესობა არანაირად არ სჭირდება. ერთადერთი, რასაც საკონსტიტუციო უმრავლესობა მართლა სჭირდება და ღმერთმა დაგვიფაროს, ესაა, რომ მათ კონსტიტუციიდან ამოიღონ ნატო-სა და ევროკავშირში გაწვერიანების ვალდებულება.
„ბოდიშის მოხდას რად უნდა საკონსტიტუციო უმრავლესობა?! 84 მორალატე ისედაც ჰყავთ პარლამენტში, რომ ბოდიში მოიხადონ. ეს ძალიან ფარისევლური ნაბიჯია და ღმერთმა დაიფაროს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღონ. გაყალბების გარეშე ამას ვერ შეძლებენ და თუ დასავლეთი გაყალბების გამო საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს შემოიღებს, ისინი იტყვიან - რა აზრი აქვს ასეთ ორგანიზაციებში ყოფნას, როგორიც ნატო და ევროკავშირია? ამიტომ ჩვენ ამოვიღებთ ამ მუხლს. გაღმა შეედავებიან.
„ეს ვერაგული ფორმულა და გათვლაა. ერთადერთი, რასაც ამ პროცესის შეჩერება შეუძლია, არის ამომრჩევლის მაქსიმალური აქტივობა და ხმის არმიცემა „ოცნებისთვის", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი „რეზონანსტან" აცხადებს, რომ „ოცნება" კარტებს მაინც ბოლომდე არ შლის.
„ჩემი აზრით, „ოცნება" კარტებს ბოლომდე არ შლის. ისინი ამბობენ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობები გაჩნდა და შესაბამისად, მათი მესიჯია, რომ როცა ხელისუფლებაში მოვალთ საკონსტიტუციო უმრავლესობით, ისეთ ნაბიჯებს გადავდგამთ, რომლებიც ხელს შეუწყობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. თუკი ასე მოხდა, ამის შემდეგ მათგან უფრო მეტ კონკრეტიკას უნდა ველოდოთ, თუ ამ მიმართიულებით რას აპირებენ", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.