„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-სა და „აირჩიე ევროპა“-სათვის ანტიკორუფციული ბიუროს მიერ წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა
ელზა პაპოშვილი
29.09.2024

ცდილობს თუ არა ხელისუფლება 26 ოქტომბრის არჩევნების წინ საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციას? - სწორედ ეს ეჭვი აქვს მესამე სექტორს და ოპოზიციას მას შემდეგ, რაც ფაქტურად ყოველდღიურ რეჟიმში, როგორც მმართველი გუნდი, ასევე ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი, ცდილობენ ადგილობრივი თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები პოლიტიკურ მხარედ წარმოაჩინონ. 

სიტუაცია უკვე იმდენად რთულადაა, რომ მმართველი გუნდი ლამის პირდაპირ აცხადებს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნებსაც არ აღიარებენ. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ამაზე ღიად განაცხადა და თქვა, რომ ისინი პოლიტიკურ მხარეს წარმოადგენენ და შესაბამისად, დასკვნების დაწერის დროს დამოუკიდებელ და ობიექტურ გადაწყვეტიებას ვერ მიიღებენ.           

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები სწორედ ამ ორგანიზაციების მხადრაჭერით მოიგო და მათი აღიარების შედეგად მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლების დათმობა მოუწია. ახლა კი „ოცნება“ ამტკიცებს, რომ ისინი არასანდო სადამკვირვებლო მისიები არიან. 

იგივე ხდებოდა მესამე სექტორთან დაკავშირებითაც, როცა არაერთი დარღვევა მიდიოდა ივანიშვილის წინააღდეგ მაშინდელი რეჟიმის მხრიდან, სწორედ არასამთავრობო როგანიზაციები იყვნენ, რომლებიც ივანიშვილს თავის დაცვაში ეხმარებოდნენ.

უფრო მეტიც, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები პერიოდულად ხვდებოდნენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიებში, ასე იყო 2012 წლის არჩევნებზეც და მაშინ ეს „ოცნებას“ სავსებით მისაღებად მიაჩნდა. ხოლო ახლა, როდესაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ოპოზიციის საარჩევნო სიებშია, „ოცნება“ ამას უკვე არასამთავრობო ორგანიზაციების მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძვლად მიიჩნევს და მათ სხვადასხვა მოთხოვნებს უყენებს.

აღსანიშნავია, რომ სწორედ დღეს იწურება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-სა და „აირჩიე ევროპა“-სათვის ხელისუფლების მხრიდან წაყენებული ერთგვარი ულტიმატუმის ვადა, რომლებიც ანტიკორუფციულმა ბიურომ პოლიტიკურ პარტიებს გაუთანაბრა.

ხელისუფლების ბრადებები 

ანტიკორუფციულმა ბიურომ ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად  გამოაცხადა. ამის შემდეგ მათზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონი გავრცელდება და 5 დღის ვადაში ფინანსური ხარჯთაღრიცხვა უნდა წარმოადგინონ. ბიუროს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „აირჩიე ევროპა“ აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ის მათი დაჯარიმებით იმუქრება. 

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მედიასთან კომენტარი  გააკეთა ხათუნა ლაგაზიძემ და განაცხადა, რომ ეს არის სადამკვირვებლო მისიებზე პირდაპირი ზეწოლა. მან კუპრაშვილის ბიუროს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. 

კუპრაშვილი ეკა გიგაურს და ხათუნა ლაგაზიძეს პოლიიტკურ პროცესებში პირდაპირ ჩართვაში სდებს ბრალს და ამბობს, რომ ისინი წარმოადგენენ მხარეს, ამიტომ, კანონის შესაბამისად, პოლიტიკური სუბიექტები არიან. 

კუპრაშვილმა პრეტენზიები ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებსაც წაუყენა - „ენ-დი-აი“-სა და „აი-არ-აი“-ს წაუყენა, რომელთაც გაცემული გრანტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ კუპრაშვილმა 27 აგვისტოს გამართულ  ბრიფინგზე ისაუბრა და განმარტა, რომ არჩევნების დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის ნეიტრალურობა და ობიექტურობა გადამწყვეტია და მათ მიერ დაფინანსებული ღონისძიებები არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად.

მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ არჩევნების შეფასებას და მის ლეგიტიმურობას საქართველოში დარეგისტრირებული ის ადგილობრვი სადამკვირვებლო ორგანიზაციები აპირებენ, რომლებიც პირდაპირ პოლიტიკურ პარტიებთან არიან დაკავშირებულები. ასეთებად კი „ქართული ოცნება“ 19 სადამკვირვებლო ორგანიზციას ასახელებს. 

მმართველი პარტიის წარმომადგენელმა გივი მიქანაძემ სპეციალურ ბრიფინგზე ამის ერთ-ერთ მაგალითად ოპოზიციური გაერთიანებების საარჩევნო სიებში ლელა ჯეჯელავას და ივა ჭყონიას ყოფნა დაასახელა.

ლელა ჯეჯელავა არის „აირჩიე ევროპას“ დამფუძნებელი. ეს ორგანიზაცია ანტიკორუფციულმა ბიურომ პოლიტიკურ სუბიექტად მიიჩნია, რასაც კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. 26 სექტემბერს გაირკვა, რომ ლელა ჯეჯელავა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიაშია. რაც შეეხება ივა ჭყონიას, ის არჩევნებში მონაწილეობას „კოალიცია ცვლილებებისთვის“ სახელით მიიღებს.     

„27 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით ცესკოში, არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, რეგისტრაცია გაიარა 49 ადგილობრივმა ორგანიზაციამ.  მათგან 19 ორგანიზაცია, ანუ საერთო ჯამის 39%, საჯარო წყაროებზე დაყრდნობით ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევით, გამოვლინდა, რომ არის პირდაპირ დაკავშირებული ისეთ ოპოზიციურ პარტიებთან, როგორიც არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „ლელო“, „დროა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და კიდევ რამდენიმე ოპოზიციური პარტია; ხოლო 7 მათგანი (ანუ, ეს არის 14%) არის ვითომ ნეიტრალური სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომლებიც რეალურად ოპოზიციის სასარგებლო საქმიანობას ეწევიან, რაც გამოიხატება მმართველი გუნდის საწინააღმდეგო აგიტაციასა და თავიანთ ანგარიშებში მმართველი გუნდის წინააღმდეგ წინასაარჩევნო დარღვევების ასახვის იგნორირებაში. საერთო ჯამში, 25 სექტემბრის მდგომარეობით, დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან, 26 წარმოადგენს მხარეს და არის მიკერძოებული, ანუ საერთო ჯამის 53%“, - ამბობს მიქანაძე.

„ოცნება“ სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციას ცდილობს 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ „ოცნება" სადამკვირვებლო მისიების შესახებ ყალბ ინფორმაციას სპეციაურად ავრცელებს, რათა როცა მათი მხრიდან არჩევნების გაყალბებაზე დაიწყება საუბარი, საზოგადოებისთვის ეს ნაკლებად დამაჯერებელი იყოს. 

„ფაქტია და ეს უკვე ძალიან ღიად ხდება. „ოცნებაში" ამზადებენ ნიადაგს, რომ თუ გაყალბება დააპირეს და დასავლური ორგანიზაციების მხრიდან - მათ შორის ეუთო/ოდირიდან, ევროპის საბჭოს დამკვირვებლებისგან, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებიდან „ენ-დი-აი“ და „აი-არ-აი“ - კრიტიკული შენიშვნები ექნებათ, „ოცნება" იტყვის, რომ ისინი გლობალური ომის პარტიის თამაშს თამაშობენ და ამიტომაც გვაკრიტიკებენო. ასევე იტყვიან, რომ ოპოზიცისთან არიან შეკრულები და მხარეს წარმოადგენენ. 

„თუ „ოცნება“ წააგებს, არაა გამორიცხული, „გლობალური ომის პარტიას“ და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დააბრალოს, რომ თითქოს ისინი ახდენდნენ ზემოქმედებას. თადარიგს იჭერს. ხედავს, რომ არჩევნებს აგებს, თუ არ გააყალბა. თან ისიც იცის, რომ თუ გააყალბა, დასავლეთიდან კრიტიკა იქნება. რუსეთი და ჩინეთი თვალს დახუჭავენ და დასავლეთის გარდა სხვა არავინ გააკრიტიკებს. ამიტომაც, დასავლეთთან ურთიერთობა თავიდანვე დაძაბეს, ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ, რითაც შეიძლება ქვეყანა იზოლაციაში მოაქციონ. გათვლა ასეთი ჰქონდათ, ამიტომაც გამოიგონეს „გლობალური ომის პარტია“. ახლა კი ერთობლივად ხდება ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების გაშავება. საზოგადოებას აჩვევენ იმ აზრს, რომ ისინი ახლავე არასანდოები არიან“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან“.

„სპეტაკი საარჩევნო პროცესი არ არსებობს, თუმცა...“

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დასავლეთში 26 ოქტომბრის არჩევნებისადმი ინტერესი დიდია და დამკვირვებლებს მაქსიმალური რაოდენობით გამოაგზავნიან, რომელთა რიგებშიც, მისი თქმით, ყველა მიუკერძოებელი ვერ იქნება. რაც მთავარია, ისინი ძირითადად ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დაეყრდნობიან, რომლებიც, აბაშიძის შეფასებით, პირდაპირ პოლიტიკურ პარტიებთან არიან დაკავშირებული.

„ადგილობრივ დამკვირვებლებს რაც შეეხება, აქ საინტერესო ოდიოზური პერსონაჟები შემოვიდნენ ე.წ. სადამკვირვებლო სფეროში. გამორიცხულია, რომ კოლექტიური ეკა გიგაურები, ნინო ლომჯარიები, ვითომ პოლიტიკური მოღვაწე ლაშა ბუღაძე და მათნაირები ობიექტურები იყვნენ და მათ ის რეალური სურათი დაინახონ, რაც წინასაარჩევნოდ ხდება და რაც მოხდება 26 ოქტომბერს. ისინი დამკვირვებლები კი არა არიან, არამედ ენმ-ის სასარგებლოდ თავხედურად აგიტირებენ და მმართველ გუნდს ვითომ აშავებენ, ცესკოს თავს ესხმიან და ა.შ. 

„მათი სტილი არ იცვლება, ესაა დეზინფორმაცია და მანიპულაციური ანგარიშები. პირდაპირ დაასახელა ხელისუფლებამ ის ჯგუფები და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ერთმანეთთან არიან დაკავშირებული. ორი ადამიანი სიაშიც კი ჰყავთ შეყვანილი, რომლებიც ამ სადამკვირვებლო ორგანიზაციების ხელმძღვანელები არიან. მეტი რაღა მტკიცებულებაა საჭირო?!

„უსინდისო ტყუილებთან ერთად, საარჩევნო გარემოს ურტყამენ სხვა კუთხითაც. უნდათ, რომ მაქსიმალური დაძაბულობა იყოს, რათა საზოგადოება დაზაფრონ, რომ თითქოს კოლოსალურ დარღვევებს და უკანონობას აქვს ადგილი. ცდილობენ შექმნან მცდარი სურათი, უწინარესად რამდენიმე უსინდისო საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, რომ მერე ისე წარმოაჩინონ, თითქოს არჩევნები შავბნელ გარემოში ჩატარდა და გამჭვირვალე არ იყო. სინამდვილეში, ბოლო 12 წლის განმავლობაში, რადიკალური ოპოზიცია ვერ იმარჯვებს ვერცერთი დონის არჩევნებში და ისინი ექსტრემიზმზე არიან გადასულები“, - ამბობს აბაშიძე.   

მისივე თქმით, უცხოური დამკვირვებლების გრძელვადიანი მისიები უკვე დაწყებულია. რამდენიმე კვირის წინ „ენ-დი-აიმ" და „აი-არ-აიმ" დაიწყეს წინასაარჩევნო გარემოს შესწავლა.

„არიან მიკერძოებული ადგილობრივი არასამთავრობიები, რომლებიც ისეთ ტყუილს ავრცელებენ, რაც „ნაცმედიაში“ რეგურალურად ვრცელდება, მაგრამ არიან პატიოსანი, ნეიტრალური დამკვირვებლები, რომლებიც ამ სხვადასხვა ხარვეზებს აფიქსირებენ. სპეტაკი საარჩევნო პროცესი არ არსებობს, არც ამერიკაში, არც ევროპაში და საერთოდ არსად, თუმცა საქართველოში არ არის ისეთი პრობლემები და ჩავარდნები, რის წარმოჩენაც რევანშისტულ ძალა ცდილობს“, - ამბობს აბაშიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×