ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და „აირჩიე ევროპა", ასევე მისი ხელმძღვანელები ეკა გიგაური, ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები პოლიტიკური მიზნების მქონე სუბიექტებად გამოაცხადა. როგორც უწყების ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ორგანიზაციები კანონით დადგენილი წესით, ვალდებულები არიან 5 დღის ვადაში ფინანსური ანგარიშები წარადგინონ, ასევე გახსნან და წარადგინონ ინფორმაცია იმ „საბანკო ანგარიშების რეკვიზიტებზე, რომელიც საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენება". რამდენად შესაძლებელია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების წინ სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებსაც იგივე პრეტენზიები წაუყენონ?
ანალიტიკოსთა შეფასებით, ამგვარი განცხადებებითა და გადაწყვეტილებებით მოქმედი ხელისუფლება ცდილობს წინასწარვე დაუკარგოს ნდობა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით იმ ორგანიზაციების დასკვნებს, რომლებიც „ქართული ოცნების" მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი მიიჩნევს, რომ ზოგოერთი ორგანიზაციის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არსებული ეჭვები სსავსებით ლოგიკური და საფუძვლიანია.
რაჟდენ კუპრაშილის თქმით, ამ ორ ორგანიზაციაზე გავრცელდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მესამე თავით გათვალისწინებული შეზღუდვები, რისი შეუსრულებლობის შემთხვევაში, ანტიკორუფციული ბიურო „დამატებით ზომებს მიმართავს" და აღნიშნული ორგანიზაციების ხარჯებს, მონიტორინგის შედეგად, თავად დაითვლის.
ამის საპასუხოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობის" ხელმძღვანელი ეკა გიგაური ამბობს, რომ მისი ორგანიზაცია კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებს, ფინანსური დოკუმენტების მიწოდების თაობაზე ოფიციალური მოთხოვნა კი ჯერ არ მიუღიათ. „რეზონანსი" ცდილობდა გაეგო ხათუნა ლაგაზიძის პოზიციაც, თუმცა მან ზარებს არ უპასუხა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იგივე რაჟდენ კუპრაშვილმა 27 აგვისტოს „ენ-დი-აი"-ს (ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს) და „აი-არ-აი"-ს (საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს) ფინანსური ანგარიშის წარმოდგენის თხოვნით მიმართა. მისი განცხადებით, ისინი „უნდა წარმოადგენდნენ ობიექტურ დამკვირვებლებს არჩევნებში - უზრუნველყოფილ იქნას თქვენ მიერ გაცემული გრანტების გამჭვირვალობა იმ მიზნით, რომ დაფინანსებული ღონისძიებები არ იყოს გამოყენებული პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად", რადგან „არჩევნების დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის ნეიტრალურობა და ობიექტურობა გადამწყვეტია".
„ენ-დი-აი"-ს და „აი-არ-აი"- ს ვერაფერს ვერ უზამენ, ისინი უცხოური ორგანიზაციები არიან, მაგრამ საჯაროდ თუნდაც იმის დაფიქსირება, რომ ეს ორგანიზაციები პოლიტიკურად მიკერძოებულ საქმიანობას ეწევიან, ეს სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ მათი დასკვნები და შეფასებები ეჭვის ქვეშ დადგეს", - ამბობს ამ საკითხზე „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.
კუპრაშვილის განცხადება და „გამჭვირვალობის" პასუხი
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა აღნიშნული განცხადება 24 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, როგორც უშუალოდ, ასევე კამპანია „ჩემი ხმა ევროკავშირის" ფარგლებში, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის, ასევე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებებს. ამასთან, კეთდება განცხადებები სხვადასხვა მატერიალური და არამატერიალური რესურსების მობილიზების შესახებ. ტარდება შეხვედრები მოსახლეობასთან, იქმნება სპეციალური ჯგუფები სოციალურ ქსელებში, რომლებიც ემსახურებიან საზოგადოებაში კონკრეტული პოლიტიკური განწყობების ფორმირებას.
„აქტიურად გამოიყენება სპეციალურად შექმნილი ვებ-გვერდი, აპლიკაცია და როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მედია საშუალებები.მონიტორინგის შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ „აირჩიე ევროპა", მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და გამგეობის წევრები, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესებში, რომელიც ემსახურება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის, ან მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზანს. ამისთვის გამოყენებულია როგორც ადამიანური, ასევე მატერიალურ- ტექნიკური რესურსები, პრეზენტაციები, მოსახლეობასთან შეხვედრა რეგიონებში, კონცერტები, ვიდეორგოლების დამზადება-გავრცელება, რაც დაკავშირებულია ფინანსურ ხარჯთან, რომელიც შეადგენს 100 000 ლარზე მეტს. აღნიშნული რესურსი ხმარდება მოსახლეობაში კონკრეტული პოლიტიკური განწყობების ჩამოყალიბებას და წინასაარჩევნოდ მათი აზრის ფორმირებას.
„როგორც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანული კანონის, ასევე სასამართლო პრაქტიკის თანახმად, გაცხადებული პოლიტიკური მიზნის არსებობა დასტურდება არა მხოლოდ კონკრეტული ფიზიკური თუ იურიდიული პირის მხრიდან უშუალოდ მისი ხელისუფლებაში მოსვლის სურვილის დაფიქსირებაში, არამედ ასევე სხვა პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიის წარმოებაში და ამ გზით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენის მოხდენაში.
„ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო", მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, „აირჩიე ევროპა", მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები, ვალდებული არიან 5 დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით, ბიუროს წარუდგინონ გადაწყვეტილებით დადგენილი საანგარიშო პერიოდის შესაბამისი ფინანსური ანგარიშები. ასევე გახსნან და წარმოადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტების შესახებ, რომლებიც გამოიყენება მათ საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯებისთვის.
„ანტიკორუფციულ ბიუროში მიმდინარეობს მონიტორინგი ყველა იმ სუბიექტის მიმართ, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩართული არიან წინასაარჩევნოდ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის მიზნით განხორციელებულ საქმიანობაში და ამისთვის იყენებენ სხვადასხვა მატერიალურ თუ არამატერიალურ რესურსებს. მონიტორინგის შედეგების შესახებ, საზოგადოებას დამატებით ეცნობება", - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.
ამის საპასუხოდ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს სადამკვირვებლო ორგანიზაციის დევნას.
„როგორც ჩვენთვის მედიის მეშვეობით გახდა ცნობილი, ანტიკორუფციულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ცნოს გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე გავრცელდეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის III თავით გათვალისწინებული შეზღუდვები. აღნიშნული გადაწყვეტილება, როგორც ორგანიზაციას, ისე პირადად ეკა გიგაურს ჯერ-ჯერობით არ ჩაბარებიათ.
„ვაცხადებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება მოკლებულია როგორც ფაქტობრივ, ისე იურიდიულ საფუძველს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და ეკა გიგაგური დიახაც იყვნენ და კვლავაც რჩებიან საქართველოს ევროპული არჩევანის ერთგულნი და ამას აფიქსირებდნენ ყველა საჯარო განცხადებაში. ასეთი არჩევანი დაფიქსირებულია საქართველოს კონსტიტუციაში და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებს შეესაბამება. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში.
„ჩვენ დაველოდებით ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების ჩვენთვის ჩაბარებას და ამის შემდეგ გადავდგამთ სათანადო სამართლებრივ ნაბიჯებს", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
რისთვის ამზადებს საფუძველს ხელისუფლება
როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, შესაძლოა აღნიშნულ ორგანიზაციებს არჩევნებზე დაკვირვება არ აეკრძალოთ, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე საკმარისია, რომ მათი დასკვნები „ეჭვქვეშ დადგეს".
„პრეტენზიები იმ ორგანიზაციების მიმართ იქნა წაყენებული, რომელსაც ანტიკორუფციული ბიუროს მონიტორინგის შედეგად ფაქტიურად პოლიტიკური აგიტაცია-პროპაგანდის წარმოება დაუდგინდათ. შესაბამისად, ეს ინფორმაციული შეხვედრები არ იყო, ეს პირდაპირ პოლიტიკური მოწოდებები იყო, როგორც ბიუროს ხელმძღვანელმა აღნიშნა. შეფასებები აქედან გამომდინარე დაიდო, რომ ეს ორგანიზაციები შეიძლება ჩაითვალონ პოლიტიკურ სუბიექტებად და ვერ ჩაითვლებიან მიუკერძოებელ დამკვირვებლებად.
„რამდენადაც ვიცი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აპირებს, რომ არჩევნებზე დამკვირვებლად მოგვევლინოს. ბუნებრივია, ჩნდება კითხვები, თუ რამდენად იქნება მათი დაკვირვების შეფასებები ნეიტრალური და პოლიტიკურად მიუკერძოებელი. ისინი პირდაპირ ანტისახელისუფლებო საქმიანობაში არიან ჩართული. საქმე გვაქვს სამოქალაქო ორგანიზაციებით შეფუთულ პოლიტიკურ საქმიანოიბასთან.
„მეორე საკითხია, თუ ეს დაფინანსება საიდან მოდის. იგივე „აირჩიე ევროპა" ხათუნა ლაგაზიძის ხელმძღვანელობით, თავიანთი ე.წ. ევრომობილით 200-მდე სოფლისა და ქალაქის შემოვლას და იქ შეხვედრების გამართვას აპირებენ. წარმოიდგინეთ, ამ ყველაფერს რამხელა თანხები სჭირდება. მიჩნდება კითხვა - ვინ არის დამფინანსებელი? ამ თანხებს საკუთარი ჯიბიდან იხდიან, თუ რომელიღაც საერთაშორისო დონორი აფინანსებს?
„(თუ აღნიშნულმა ორგანიზაციებმა მოთხოვნა არ გაითვალისწინეს) ალბათ შემდეგ ანტიკორუფციული ბიურო კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიმართავს, ის თავად ვერაფერს გამოიგონებს.
„ენ-დი-აი"-ს და „აი-არ-აი"- ს ვერაფერს ვერ უზამენ, ისინი უცხოური ორგანიზაციები არიან, მაგრამ საჯაროდ თუნდაც იმის დაფიქსირება, რომ ეს ორგანიზაციები პოლიტიკურად მიკერძოებულ საქმიანობას ეწევიან, ეს სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ მათი დასკვნები და შეფასებები ეჭვის ქვეშ დადგეს. ყოველ შემთვევაში, ჩვენი საზოგადოებისთვის მაინც.
„გასაგებია, რომ ხათუნა ლაგაზიძის და ეკა გიგაურის ორგანიზაციები ადგილობრივი ორგანიზაციებია და მათზე საქართველოს კანონდემბლობა ვრცელდება და „ენ-დი-აი"-ს და „აი-არ-აი"- სთან დაკავშირებით ალბათ იურისტები უკეთ განმარტავენ, მაგრამ რადგანაც ისინი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებენ, მათზეც, ჩემი აზრით, ალბათ საქართველოს კანონები ვრცელდება.
„თუკი დადასტურდა ის, რაზედაც ანტიკორუფციულმა ბიურომ ისაუბრა, ამ ორგანიზაციებს არჩევნებზე დაკვირვება ვერ აეკრძალებათ, მაგრამ ისინი უკვე არაპარტიულ დამკვირვებლებად ვეღარ გამოვლენ",- განაცხადა ანჯაფარიძემ.
კითხვაზე, ამით რისი საფუძველი შეიძლება მზადდებოდეს ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებებით, ანჯაფარიძემ გვითხრა:
„ჯერჯერობით საბოლოო დასკვნების გაკეთება ნაადრევია. 5 დღის მერე ალბათ ვნახავთ რა მოხდება. მაგრამ, ჩემი აზრით, ამით ანტიკორუფციულმა ბიურომ მოახდინა არა მხოლოდ ჩვენი საზოგადიების, არამედ დაინტერესებული მხარის ინფორმირება იმის თაობაზე, რომ ეს ორგანიზაციები სამოქალაქო საზოგადოების საფარქვეშ რეალურად პოლიტიკურ აგიტაცია-პროპაგანდას აწარმოებდნენ, რაც პოლიტიკური ორგანიზაციების პრეროგატივაა.
„მემგონი საზოგადოების ინფორმირებაც სავსებით საკმარისია, რომ დასკვნები გააკეთონ - ენდონ ამ ორგანიზაციების დასკვნებს, თუ არა. აქვე აღსანიშნავია ერთი რამ - ლორა თორტონის „მაკკეინის ინსტიტუტის" და გერმანიის „მარშალის ფონდის" კვლევებში ასეთი რეკომენდაციაა მიცემული, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა ენდოს მხოლოდ და მხოლოდ მათთვის სანდო ორგანიზაციების დასკვნებს და ეს ორგანიზაციები არიან „სამართლიანი არჩევნები", ეკა გიგაურის ორგანიზაცია, „საქართველოს ახალგაზრდა იურისთთა ასოციაცია" და ა.შ. და ამ ორგანიზაციების მიმართ ბევრი კითხვაა, რომელზედაც ჯერჯერობით პასუხი არაა გაცემული.
„2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას ამ სამმა ორგანიზაციამ ხელისუფლებას ყოველგვარი მტკიცებულებების მოტანის გარეშე დააბრალა ყალბი პირადობის მოწმობების მასობრივად დაბეჭდვა იმისთვის, რომ ხელისუფლების მიერ მხარდაჭრილ კანდიდატს წახმარებოდნენ. ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ ეს არ მომხდარა, მათ ვერაფერი მტკიცებულება ვერ მოიტანეს, მაგრამ ეს ყველაფერი გაუტარეს. 2020 წელს კი პარალელური დათვლის შედეგები გააყალბეს და ტექნიკურ შეცდომად გაასაღეს. კიდევ საკითხავია ეს „სამართლიანმა არჩევნებმა" საკუთარი ინიციატივით გააკეთა, თუ ვიღაცამ გარედან უკარნახა. ამის შედეგად, ოპოზიცია თვენახევარი საპროტესტო აქციებს აწყობდა. ეს მოქმედებები ყოველგვარ ჩარჩოებს სცდება და მიმართულია იქითკენ, რომ „ოცნების" პოზიციები დაასუსტოს და ოპოზიციის გააძლიეროს", - განაცხადა ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".