ელზა პაპოშვილი
23.09.2024

რა სახის მოვლენები შეიძლება განვითარდეს, თუკი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება არჩევნებამდე ან მის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად გადაწყვიტა? არსებობს თუ არა იმის თქმის საფუძველი, რომ თუკი „ოცნება“  26 ოქტომბერს გაიმარჯვებს, დასავლეთი მას არალეგიტიმურად სცნობს?

უკვე ცნობილია, რომ შტატებმა ივანიშვილის სანქცირების გადაწყვეტილება მიიღო. დოკუმენტი მზად არის. სანქციების დაწესების ერთ-ერთი მიზეზი "რუსულ დაზვერვასთან ივანიშვილის თანამშრომლობა და მისი ინტერესების გატარება" სახელდება. დასაბუთების დოკუმენტში, რომლის შესახებაც "ამერიკის ხმას" ამერიკის მთავრობის ორი მაღალჩინოსანი კონფიდენციალურად ელაპარაკა, საუბარია ივანიშვილის მიერ რუს ოლიგარქებთან მჭიდრო კავშირებზე. წერია, რომ შტატებს აქვს დადასტურებული მტკიცებულებები. 

თუ ივანიშვილის დასანქცირება რეალურად მოხდა, მას გაეყინება მთელი აქტივები ამერიკაში, მის მომსახურებაზე კი უცხოური ბანკები უარს იტყვიან. მისი  მილიარდების დიდი ნაწილი კი სწორედ უცხოურ ბანკებშია. ვინც ივანიშვილს სანქციებისგან გვერდის ავლაში დაეხმარება,  დასანქცირდება ისიც - ამბობს "ამერიკის ხმასთან" შტატების ის მაღალჩინოსანი, რომელმაც მედიას ინფორმაცია კონფიდენციალურად მიაწოდა. 

ელოდებიან თუ არა ივანიშვილის დასანქცირებას "ოცნებაში"? - მმართველ გუნდში  ამბობენ, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარე ისედაც დე ფაქტო დასანქცირებულია. მათი თქმით, ივანიშვილი ისჯება იმისთვის, რომ საქართველოს არ უღალატა.

„ბიძინა ივანიშვილი ჩვეულებრივად არის სანქცირებული. ამასთან დაკავშირებით თვითონაც რამდენჯერმე გააკეთა განცხადება. ყველა ინსტანციაში მოიგო სასამართლო. იცით, რომ მისი თანხები გაჩერებულია იმის მიუხედევად, რომ ყველა სასამართლო გადაწყვეტილება არის მის სასარგებლოდ. აქ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური გადაწყვეტილება, შანტაჟი, რომ დათმოს ქვეყნის ინტერესები, რომ მოხდეს ამ თანხების გამოთავისუფლება, თუმცა ეს არ და ვერ მოხდება.

"გაძარცვა ეს ადამიანი ბანკმა, შემდეგ მოიგო ყველა სასამართლო, ამას ემატება ის პოლიტიკური პროცესები, რაც ხდება წლების განმავლობაში და პირდაპირ დაიწყეს შანტაჟი ამ ადამიანის მის თანხებთან დაკავშორებით. დე ფაქტო სანქცირებულია, გინდ ასე დაარქვით, გინდ ისე. რეალობა, სამწუხაროდ ესაა“, - ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე.

"ქართული ოცნების" წევრი გიორგი კახიანი  კი ამტკიცებს, რომ ივანიშვილის სანქციებით ვერავინ შეაშინებს და ვერ აიძულებენ, ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგას. ამასთან, კახიანი ირწმუნება, რომ "ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს საზოგადოებაში დიდი მხარდაჭერა აქვს, დასანქცირების შემდეგ კი ეს მხარდაჭერა ერთი-ორად გაიზრდება.

„ასეთი მუქარები არაფერს ცვლის. ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას რაც არ უნდა სანქციები დაუწესონ, ვერ აიძულებენ რაიმე ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში არ შეიძლება იყო. ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა საზოაგდოებაში და ეს მხარდაჭერა უფრო და უფრო იზრდება და მითუმეტეს, თუ ის ფორმალური სანქციები, რაც ისედაც არსებობს, ეს თუ იურიდიულ სახეს მიიღებს, მერწმუნეთ, საზოგადოებაში კიდევ უფრო გააძლიერებს ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერას, - ამბობს გიორგი კახიანი.      

ოპოზიცაში ფიქრობენ, რომ ივანიშვილის დასანქცირება გარდაუვალი ფაქტორია და მას მოუწევს ხელისუფლების დათმობა, რადგან ვერაფერი ვეღარ გადაარჩენს, თუნდაც ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები.

„ამერიკის შეერთებული შტატებისთვის რეგიონში საკუთარი ინტერესების დაცვა არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ხელისუფლებაში. თქვენ იცით, რომ ივანიშვილის რეჟიმის დასანქცირებას აქვს ორპარტიული მხარდაჭერა. ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოში სწორედ ორპარტიული მხარდაჭერით იქნა ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც გულისხმობს ივანიშვილის რეჟიმის სანქცირებას და ქართველი ხალხის მხარდაჭერის გაზრდას. ამიტომ, მიუხედავად იმისა, როგორ დასრულდება საპრეზიდენტო არჩევნები, ჩვენ ველოდებით ძალიან ძლიერ სტრატეგიულ მხარდაჭერას ქართველი ხალხისთვის. რა თქმა უნდა, ივანიშვილის ხელისუფლების დასანქცირება ასევე არის ორპარტიული დღის წესრიგის ამოცანა, რაც დადასტურდა კონგრესში შესაბამისი კანონმდებლობის დაინიცირებით, რომელიც რუსული რეჟიმის დასანქცირების აუცილებლობას ითვალისწინებს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.  

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ სამწუხაროდ სიტუაცია და მოვლენები ისე ვითარდება, როგორც ამაზე არა ერთხელ უსაუბრია. მისი თქმით, ამერიკა და  დასავლეთი პირდაპირ „ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის შანტაჟზეა გადასული. დასავლეთში მიიჩნევენ, რომ სწორედ ივანიშვილია ის ფიგურა, რომელზე ზემოქმედებითაც საქართველოში პროცესების შეცვლა შეიძლება.

„სამწუხაროდ მე მომისმენია და წამიკითხავს კიდევაც ის აღქმა და განწყობა, რაც დასავლეთის პოლიტიკურ ლიდერებს საქართველოს მიმართ აქვთ. ისინი ფიქრობენ, რომ თუ არჩევნების შედეგების მიხედვით „ოცნებამ“ 25%-ზე ნაკლები აიღო, სხვა ძალებმა გაიმარჯვეს, ევროკავშირისგან და ამერიკისგან  იქნება განცხადებები გაკეთებული, რომ „ოცნებამ“ ვერ შეძლო გაყალბება და ხალხმა გიმარჯვა. პირდაპირ მსჯელობენ დასაველთში, რომ ვინაიდან ქართველი ხალხის 80%  სტაბილურად პროევროპულ და პროდასავლურ ხაზს მხარს უჭერს, აქედან გამომდინარე, „ოცნებამ“, რომელმაც ეს ხაზი გადახაზა და მათი აზრით, მიიღო რუსული კანონი, ხოლო  ამას დამატებული სექსუალურ უმცირესობებზე  პროპაგანდის აკრძალვის  კანონი, ამ ფონზე შეუძლებელია „ოცნებამ“ 25%-ზე მეტი აიღოს. აქედან გამომდინარე „ოცნებამ“ თუ გამოაცხადა, რომ უმრავლესობა აიღო და მთავრობის ფორმირება შეუძლია, დასავლეთისთვის ეს პირდაპირი მტკიცებულებაა იმის, რომ“ოცნებამ“ თითქოს არჩევნები გააყალბა.  ბიძიან ივანიშვილის  დასანქცირების  მუქარით, პირდაპირ ეუბნებიან „ოცნებას“, რომ თუ შენ ამაზე მეტი ხმა აიღე, მაშინ გამოვაცხადებთ, რომ არჩევნები გაყალბდა. საუბარია იმაზე, რომ „ოცნება“ ხელისუფლება ნებისმიერ შემთხვევაში, არ პროცენტსაც არ აიღებს, ხელისუფლება უნდა  გდააბაროს“, - ამბობს მამრაძე.  

მისივე თქმით, დიდი ალბათობით ივანიშვილის დასანქცირებას არჩევნებამდე არ იზამენ. ალბათ არც ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადახედვა მოხდება, თუმცა, ანალიტიკოსის აზრით, მოვლენები ისე ვითარდება, გამორიცხული უკვე არაფერია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×