ნატალია ჯვარიძე
23.09.2024

თუკი აქამდე პარტია „გახარია საქართველოსთვის" კატეგორიული წინააღმდეგი იყო შეერთებოდა პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილ „ქართულ ქარტიას", დღეს მისმა ლიდერმა დოკუმენტს ხელი მოაწერა. ანალიტიკოსების შეფასებით, გახარიას ეს ნაბიჯი მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს, თუმცა ამით ის სიტუაციიდან გამოსვლას და დამოკიდებულების შერბილებას ცდილობს.

„პრინციპში არ აქვს დიდი მნიშვნელობა „ქართულ ქარტიას" ერთით ნაკლები ხელმოწერა ექნება თუ ერთით მეტი, რადგან თუ ოპოზიცია არჩევნებზე დამარცხდება, შესაბამისად ეს ქარტიაც ფარატინა ქაღალდად გადაიქცევა", - განაცხადა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს კი მიაჩნია, რომ გახარია ბოლოდროინდელმა პროცესებმა ისე დააზარალა, საეჭვოა ამ ნაბიჯმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.

„ჩემი აზრით, გიორგი გახარიას გადაწყვეტილება არის რეაბილიტაციის გარკვეული მცდელობა მას შემდეგ, რაც ჩემი შეფასებით, მან კოალიცია „ძლიერ საქართველოსთან" შეთანხმება ჩაშალა. ამრიგად, მისი მიზანი ეს არის და ეს, მეტი არაფერი. არამგონია ამან მის რეიტინგზე რაღაც ისე იმოქმედოს. ასევე, მე ვფიქრობ, ამ გაერთიანების პროცესმა მან საკმაოდ დააზარალა და სრული რეალიბილიტაცია არამგონია, რომ მოახდინოს".

ყოფილ სახელმწიფო მინისტრისა და კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის აზრით კი ამით გახარიამ მოწინააღმდეგეებს გარკვეულწილად ამომრჩევლები წაართვა.

„გახარიას ქარტიაში შეერთება არის სიტუაციის შერბილების მცდელობა, რომ ვინმემ არ დააბრალოს, აი, გახარია არც ქარტიას ემხრობოდა, ამას აღარავინ იტყვის და ამით ამ კატეგორიის ხალხს გააჩუმებს. ვინაიდან მიუერთდება თუ არა ამით არაფერი არ შეიცვლება, მაგრამ ამ ფორმით მის მიმართ რაღაც უარყოფითი განწყობა მის ბანაკს გარეთ შეარბილა და ამით მის მოწინააღმდეგეებს გარკვეულწილად ამომრჩევლები წაართვა".

„გახარია საქართველოსთვის" ერთადერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია იყო, რომელსაც „ქართულ ქარტიაზე" ხელი არ ჰქონდა მოწერილი. ქარტიაზე ხელი არ აქვთ მოწერილი ასევე პარტიებს, „გირჩს" და ლეიბორისტულ პარტიას.

ხელმოწერამდე პარტიაში აცხადებდნენ, რომ იღებდნენ იმ რეფორმების გატარების პოლიტიკურ ვალდებულებას, რომლებიც ქარტიის შემადგენელი ნაწილია.

სალომე ზურაბიშვილმა თავისი ინიცირებული „ქართული ქარტია" 26 მაისს წარადგინა. ის ითვალისწინებს რეფორმების გატარებას ათზე მეტ სფეროში. მასზე ხელმომწერი პარტიები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მის პირობებს შეასრულებენ.

პრეზიდენტის თქმით, „ქართულ ქარტიაში" ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა.

ქარტიაზე ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, რომ შეასრულებენ „ამ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში. ასევე, დებენ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი, წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ", - წერია „ქართულ ქარტიაში".

ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ქარტიას ხელი 3 ივნისს მოაწერა.

ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, გიორგი გახარიას ეს ნაბიჯი ამომრჩევლებში მაინცდამაინც თანმიმდევრულად არ გამოჩნდება.

„მე ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება გიორგი გახარიას და მის პარტიას აქტივში არ ჩაეთვლება, რადგან თუ ქარტიას ეთანხმებოდა მაშინ თავიდანვე რატომ არ მოაწერა ხელი? ეს რაღაც პოლიტიკური კეკლუცობას წააგავს, რომ ვითომ ის სხვა პოლიტკური ძალებისგან განსხვავდებოდა, საბოლოოდ იქ მისვლა და ხელის მოწერა ვფიქრობ საზოგადოების და ამომრჩევლების თვალში მაინცდამაინც თანმიმდევრულად არ გამოიყურება , რადგან ამით რა შეიცვალა საერთოდ? ქარტიის ტექსტი თუ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება? ყველაფერი დაახლოებით ისევეა, როგორც ქარტიის გამოცხადების დღეს იყო. ამიტომაც გახარიას ეს ნაბიჯი შეიძლება ჩაეთვალოს დაძრულ მატარებელზე შეხტომის მცდელობად", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ გახარია ამით ცდილობს კრიტიკოსების პოზიციები გარკვეულწილად შეარბილოს.

„გახარიამ ამით დაადასტურა, რომ ის ოპოზიციის კონტექსტში მოქმედებს და ქარტიას შეუერთდა, რათა შეერბილებინა გარკვეული კრიტიკული დამოკიდებულება იმ ხალხის მიმართ, რომელთა მიმართ ისედაც არ იყო კეთილგანწყობილი. მგონი, მის ამომრჩეველს საკმაოდ მკაფიო ხედვა აქვს და ფიქრობს, რომ გახარია სწორად იქცევა. მას თავისი ხედვები აქვს. კოალიცია „ძლიერ საქართველოსთან" მოლაპარაკებების დროს ვინც აკრიტიკებდა, მისი ამომრჩვლები არ იყვნენ, ვინც იცავდა, სწორედ ის უჭერდა მხარს. მე ნაკლებად წამიკითხავს, რომ ვიღაცას ეთქვას, გახარიას მომხრე ვიყავი, მაგრამ ახლა აღარ ვარო. ასე რომ, მათი გაერთიანების ჩაშლით არაფერი ტრაგიკული არ მომხდარა, „ლელოს" ამომრჩევლები დარჩნენ ისევ მათ მხარდამჭერებად და გახარიას შემთხვევაშიც იგივე", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×