„ოცნება" აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე საუბარი „გამოგონილი თემაა" და „უბრალო შანტაჟია". მმართველი პარტიის პროგნოზით, რეალურ ნაბიჯებს ევროკავშირი არ გადადგამს. ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების" პირობებში სრულიად რეალური და მოსალოდნელია, რომ ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლა შეაჩეროს და მას მიაყოლოს სხვა სიკეთეებიც, რომელიც ქვეყანას ბლოკისგან აქვს.
ჯიპას ასოცირებული პროფესორი და ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საფრთხეები მართლაც არის და გარდამტეხი მომენტი არჩევნები იქნება. მანამდე ანალიტიკოსს არ აქვს იმის მოლოდინი, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას შეუჩერებენ, რასაც მხოლოდ 15 ხმა სჭირდება და უნგრეთი შემაფერხებელი ვერ გახდება.
„სამწუხაროდ არ არის ისე, როგორც „ოცნება" გვეუბნება. ეს არ არის ჩემი ან ცალკეული ექსპერტების შეხედულება, ამის შესახებ თავად ევროკავშირმა განაცხადა თავისი პრესსპიკერის პირით, რომ ყველა ვარიანტი დევს მაგიდაზე და მათ შორის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება იმ შემთხვევაში თუ ქვეყნის უკუსვლა გაგრძელდება და არ დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების დღის წესრიგს.
„ეს რეალობაა, რადგან ვიზალიბერალიზაცია, ისევე როგორც ევროინტეგრაციის სხვა სიკეთეები, იმის გათვალისწინებით იქნა მიღწეული, რომ ჩვენ ვაჩვენებდით პროგრესს, ვატარებდით ამბიციურ დემოკრატიულ რეფორმებს და ქვეყანა ამ მხრივ წინ მიიწევდა - ესაა საფუძველთა საფუძველი და თუ ეს იქნა შერყეული, მაშინ ყველა ეს მიღწევა, რომელიც ქვეყანას აქვს, დარტყმის ქვეშ დგება.
„ეს საკმაოდ დასაფიქრებელი და საგანგაშოა, თუმცა არ მგონია, რომ არჩევნებამდე შეაჩერონ ვიზალიბერალიზაცია. არჩევნები არის დემოკრატიის ტესტი, რომელსაც ყველა ადევნებს თვალყურს და თუ არჩევნებზე დადასტურდა, რომ ქვეყანა წინ მიიწევს დემოკრატიისკენ, მაშინ ამ მიღწევებს საფრთხე არ ემუწრება, მაგრამ თუ რეგრესს ვაჩვენებთ, მაშინ ამოქმედდება ის მექანიზმები, რომეზედაც თავად ევროკავშირი საუბრობს, რომ ყველა ვარიანტი განიხილება", - განაცხადა ფხალაძემ.
კითხვაზე, სხვა რა ვარიანტები განიხილება, ფხალაძემ გვითხრა:
„იმ დახმარების შეჩერება, რომელსაც ქვეყანა ევროკავშირისგან ჯერ კიდევ იღებს, ფაქტიურად არ არსებობს სფერო, სადაც ჩვენ დახმარებას არ ვიღებთ. როგორც ასეთი, კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევის მექანიზმი არ არსებობს, თუმცა მოლაპარაკებები არ გახსნილა, და ასეთ პირობებში არც გაიხსნება, და რეალურად დღეის მდგომარეობით სტატუსი გაყინულია.
„ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი ასეთია - 15 ხმა სრულიად საკმარისია, უნგრეთი მანდ ვერაფერს გადაწყვეტს.სხვა გადაწყვეტილებებს ძირითადად კონსენსუსი სჭირდება, მაგრამ არ მგონია, რომ უნგრეთმა წინააღმდეგობის გაწევა შეძლოს. თუ რამე ჩვენი საზიანო მოხდება, მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ „რეზონანსთან".
„სამწუხაროდ, გვყავს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც შეიძლება ევროკავშირს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და გაუქმება მოსთხოვონ - რა თქმა უნდა, ასეთი რამ არ მოხდება!" - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი. ამბობს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაჩერების საკითხი სხვადასხვა ოფისებში გამოგონილი თემაა და რეალურად ამაზე საუბარი არ არის.
„მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის და რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის პოლიტიკური ამბიცია დაკმაყოფილდეს, თურმე ამის გამო ჩვენს ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია უნდა შეეზღუდოს. არ მესმის, შენს ქვეყანასთან მიმართებაში მოღალატეობრივი დამოკიდებულება სხვა რა შეიძლება იყოს... ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, რა თქმა უნდა, არარეალისტურია და დარწმუნებული ვარ, ასეთი რამ არ მოხდება. ამაზე საუბარი არც არის. ამას სხვადასხვა ოფისებში იგონებენ", - განაცხადა გიორგი კახიანმა.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე კი აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება საკმაოდ რთული პროცესია და ეს მხოლოდ შანტაჟია.
„მაქსიმალურად მიმდინარეობს შანტაჟი. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, უფრო გააქტიურებენ განცხადებებს, რომ, აი, ვაუქმებთ ვიზალიბერალიზაციას, ვიწყებთ პროცესებს, კონკრეტულ ნაბიჯებს - ეს არის შანტაჟი. როდესაც ვსაუბრობ უცხოეთის ჩარევაზე, სწორედ ეს ფაქტები მეტყველებს. არ უარყოფენ ექსპერტები და პოლიტიკური პარტიები, რომ რაც უფრო მოუახლოვდება არჩევნები, გამძაფრდება ამ ტიპის განცხადებები", - აღნიშნა კალაძემ.
„პოლიტიკოს" ცნობით, ევროკავშირს „ყველა ვარიანტი უდევს მაგიდაზე, მათ შორის, „ვიზალიბერალიზაციის დროებითი შეჩერება, თუკი „ქართული ოცნება" ავტორიტარიზმის გზით განაგრძობს მოძრაობას".
„ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზალიბერალიზაციის დიალოგის და შესაბამისი სამოქმედო გეგმის ნაწილში საქართველო ვალდებული იყო, დაეკმაყოფილებინა კონკრეტული კრიტერიუმები, მათ შორის, ფუნდამენტური უფლებების დაცვა და დისკრიმინაციის პრევენცია.
„რაღა თქმა უნდა, ჩატარდება [ვითარების] შეფასება, თუკი განვითარებული მოვლენები საფრთხეს შეუქმნის შენგენის ზონის შიდა უსაფრთხოებას, ისევე როგორც საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის გაგრძელების შემთხვევაში", - აცხადებენ ევროკომისიაში.