ნატალია ჯვარიძე
23.09.2024

აშშ „ქართველი ხალხის აქტში" საბოლოო შესწორებების განხილვას 25 სექტემბრისთვის გეგმავს, ამის შემდეგ კი კანონპროექტს კენჭს სენატში უყრიან. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამის დაჩქარება მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ სავიზო და ფინანსურ სანქციებს განიხილავენ.

„არ უნდა გაგვიკვირდეს მათგან სავიზო და ფინანსური სანქციების ტალღები, მუქარები და ა.შ. მე მაინც მაინტერესებს, სადამდე მივა ეს დაძაბულობა. დაველოდოთ მოვლენებს", - განაცხადა ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორ ნიკა ჩიტაძეს კი მიაჩნია, რომ ამ სამიტის მიზანია, აშშ-მ ქართველ ხალხს „ქართული ოცნების" შესახებ სწორი მინიშნება მისცეს.

„აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ამერიკას იმედი აქვს „ოცნებას" რამე გამოასწორებს, ამ მინიშნებით ქართველმა ხალხმა უნდა გამოიტანოს სწორი დასკვნა. რეზოლუციაში კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ ისინი ხალხს მხარს უჭერენ და მათი სანქციები არ შეეხებათ".

რა წერია დოკუმენტში

„ქართველი ხალხის აქტი", სხვა საკითხებთან ერთად, იმ პირებისთვის სავიზო შეზღუდვებს/სანქციებს ითვალისწინებს, რომლებიც, ავტორების ზრით, ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს წინსვლას ხელს უშლიან, ასევე ხაზს უსვამს აშშ-ის სენატის ვალდებულებას, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას მხარი დაუჭიროს. ორპარტიული კანონპროექტის ავტორები არიან სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი. ეს „გავლენების კანონონზე" აშშ-ს რეაქცია.

„ქართველი ხალხის აქტი" ორ ძირითად ნაწილს მოიცავს. პირველი, ასე ვთქვათ, დამსჯელი ნაწილია და სანქციებს ითვალისწინებს, მეორე კი წამახალისებელი, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებაზეა საუბარი.

კანონპროექტის ავტორები მიმართავენ სახელმწიფო დეპარტამენტს, რათა სანქციები, კერძოდ კი სამოგზაურო შეზღუდვები, დაუწესდეს იმ ფიზიკურ პირებსა და მათ ოჯახის წევრებს, რომლებიც „უცხოური გავლენების შესახებ" კანონის ხელშეწყობასა და მხარდაჭერაში მონაწილეობდნენ. ასევე, სანქციები გამიზნულია მათზე, ვინც „საქართველოს სტაბილურობის, სუვერენიტეტის ან ტერიტორიული მთლიანობის შელახვაზე" და „ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაზე პასუხისმგებლები არიან".

მას გარდა, საუბარია იმაზეც, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით შეიმუშაოს გრძელვადიანი სტრატეგია, მათ შორის, გადაიხედოს სამხედრო დახმარება და შეაჩეროს ყველა სახის დაფინანსება, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერას უზრუნველყოფს. დამატებით, შეიძლება დროებით გაიყინოს აშშ-საქართველოს სტრატეგიული დიალოგი.

მეორე ნაწილი ძირითადად არასამთავრობოების დახმარებას გულისხმობს. ის ითვალისწინებს 50 მილიონი დოლარის გამყოფას „საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განვითარების პროექტების მხარდასაჭერად". ასევე საუბარია „ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით" ამ კუთხით ახალი მიდგომების დაგეგმვაზე.

ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, რომ სხვადასხვა ფაქტორებმა ამერიკელ კანონმდებლებს ამ განხილვის დაჩქარება აიძულეს.

„განხილვა დააჩქარეს, რადგან არჩევნები ახლოვდება, მითუმეტეს დღის წესრიგში დგას ამერიკის მხრიდან სანქციების ამოქმედების საკითხი. თან ამერიკისთვის შეურაცხმყოფელი იყო, როდესაც საქართველოს პრემიერი ასე ულტიმატუმის ენით ესაუბრება მათ ელჩს. ამიტომ შესაბამისი რეაქცია იყო საჭირო, რომელიც ერთი მხრივ უკავშირდება დიპლომატიურ ძალისხმევას კონკრეტული რეზოლუციების მიღების კუთხით და საქართველოსთვის იმის მინიშნებას, რომ დღევანდელი ხელისუფლება არასწორ პოლიტიკას აწარმოებს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

გია აბაშიძის აზრით კი, გამორიცხული არაა ამას ევროპარლამენტიც აჰყვეს.

„მე ვფიქრობ, ამ შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ სავიზო სანქციებზე იმსჯელებენ და სავარაუდოდ, ფინანსურზეც. მათ წინასაარჩევნოდ სურთ მუქარა უფრო აღმატებულ რეგისტრში იყოს. თუმცაღა ამით უკუშედეგი რომ არის, ფაქტია და ეს საზოგადოების განწყობასაც ეტყობა. მგონი რუსულ პროპაგანდასა და ჰიბრიდულ ომს არ ჩაუდენია იმდენი ანტიდასავლური ქმედებები, რაც თავად ევროპელმა და ამერიკელმა აქტორებმა ჩაიდინეს ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს გასაგებია, რადგან მათი ფავორიტი პარტია თუ პარტიები, რომლებიც „ნაცმოძრაობის" ქოლგის ქვეშ არიან, აბსოლუტურ წაგებულ მდგომარეობაში იმყოფებიან და ასე ღიად ხდება მათი საარჩევნო კამპანიის გარედან ხელშეწყობა. ეს სრულიად მიუღებელია, ვინაიდან ქართველ ადამიანს არ სურს, გარედან კარნახობდნენ, არ აქვს მნიშვნელობა საიდან იქნება, რუსეთიდან თუ დასავლეთიდან. ქართველი ხალხის შესაბამისი რეაქცია 26 ოქტომბერს იქნება.

„ასევე, უნდა ითქვას ისიც, საქართველოზე მომხსენებელი ეკა გიგაური რომ არაფერს წარმოადგენს საზოგადოებრივი წონადობის თვალსაზრისით, ესეც დიდი ხანია ცნობილია. ამრიგად, ეს ყველაფერი გაგრძელდება და გასაკვირი არაა. შესაძლოა ევროპარლამენტიც აჰყვეს, გვინახავს ბრიუსელიდან ათასი სულელური რეზოლუციები მიხეილ სააკაშვილის ე.წ. წამებაზე და ბევრი სხვა. კიდევ და კიდევ უნდა ვთქვას, რომ ამას არანაირი შედეგი არ ექნება რადიკალური ოპოზიციის რეიტინგის ასაწევად", - განაცხადა გია აბაძიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×