პრემიერი ირაკლი კობახიძე ამერიკაშია. საქართველოს მთავრობას ამ დრომდე არ უთქვამს, გამართავს თუ არა კობახიძე პირისპირ შეხვედრებს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან. გავრცელებულ ინფორმაციაში მხოლოდ ისაა გაცხადებული, რომ კობახიძე 25 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა, მონაწილეობას მიიღებს „მომავლის სამიტში", შეხვდება გაერო-ს გენმდივან ანტონიო გუტიერეშს და დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც 79-ე სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად იმართება.
მანამდე მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კობახიძე აშშ-ის მაღალჩინოსნებთან შეხვედრას ცდილობდა, თუმცა უარი მიიღო.
როგორც ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, კობახიძე გაეროს მიწვევითაა ჩასული და არა აშშ-ს ხელმძღვანელობის და არაა გამორიცხული, რომ ამერიკაში პრემიერის ყოფნა „ოცნებამ" პროპაგანდისთვის გამოიყენოს. ზაქარეიშვილის ინფორმაციით, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობამ იცის რა, რომ კობახიძე მათი ქვეყნის ტერიტორიაზეა, „სპეციალური განცხადება გააკეთა, რომ არანაირი კონტაქტები და შეხვედრის დაშვება არ იქნება ირაკლი კობახიძესთან".
ამის პარალელურად კი „ამერიკის ხმა" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ შტატებს „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები შემუშავებული აქვს და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს.
გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ პრემიერი გენასამბლეაზე მსოფლიო ლიდერებს მიმართავს და გააცნობს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის, ასევე ეკონომიკური განვითარების და სხვა მრავალი მიმართულებით. კობახიძეს ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში პირველი გამოსვლა დღეს „მომავლის სამიტზე" ექნება, ასევე დღესვე გამართავს შეხვედრას გაეროს გენმდივანთან.
„მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას და სადაც შედგება შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
„გაეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, ერთ-ერთი უმთავრესი, რაშიც საქართველომ ბოლო წლებში აჩვენა მნიშვნელოვანი პროგრესი, არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება, რომელშიც ძალიან დიდ კონტრიბუციას სწორედ საქართველო აკეთებს. ასე, რომ საუბარი შეეხება რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, საქართველოს პროგრესს და ასევე იმ რეფორმებს, რომელიც მნიშვნელოვანია მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის" - აღნიშნა დავით ბაქრაძემ, მის კომენტარს კი მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამერიკის მაღალჩინოსნებთან პირისპირ შეხვედრაზე „ქართულ ოცნებაში" არაფერს ამბობენ, ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ კობახიძეს შეხვედრებთან დაკავშირებით ბარიერები შეექმნა.
„ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს „მომავლის სამიტში", რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ოლაფ შოლცის და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით იმართება. დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან. მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება",-აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ რელიზში.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნების" პოლიტიკის გამო აშშ-ს ხელმძღვანელობამ კობახიძესთან პირისპირ შეხვედრაზე უარი თქვა.
„კობახიძე ტერიტორიულად აშშ-ში კი არის, მაგრამ ის იქ გაეროს მიწვევითაა, სადაც ჩადიან ისეთი ადამიანებიც კი - ამერიკის მტრები, როგორც თავის დროზე ფიდელ კასტრო იყო, ირანის პრეზიდენტები. უამრავი მაგალითი შეიძლება მოვიყვანო თუ რამდენად აშშ-სთვის ყოვლად მიუღებელი პიროვნებები ჩადიან ხოლმე გაეროს ხდომებზე.
„ირაკლი კობახიძეს აშშ-ს ხელმძღვანელობასთან არანაირი დაგეგმილი შეხვედრა არა აქვს. მეტიც, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობამ იცის რა, რომ კობახიძე ამერიკის ტერიტორიაზე გაეროს მოწვევით იმყოფება, სპეციალური განცხადება გააკეთა, რომ არანაირი კონტაქტების დაშვება მასთან არ იქნება, რადგან მერე არ ეთქვა, რომ აშშ-ში ხომ ვიყავიო.
„ახლა გაეროში იმყოფებიან სომხეთის და აზერბაიჯანის დელეგაციები, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრები, მაგრამ შემდეგ მათ აშშ ცალკე შეხვედრებს მოუწყობს. ეს გაეროს ფორმატი არ იქნება. ჩვენ შემთხვევაშიც აშშ-ს თავისუფლად შეეძლო კობახიძეს შეხვედროდა, მაგრამ პრინციპულად არ აკეთებს ამას. ეს არის პროტესტი იმ პოლიტიკის გამო, რასაც „ქართული ოცნება" ახორციელებს აშშ-ის წინააღმდეგ, აბრალებს მას გლობალური ომის პარტიობას, აბრალებს, რომ გავლენებს ეძებს საქართველოში, რომ ამერიკა არასწორად იქცევა, რომ საჭიროა ურთიერთობების გადატვირთვა, თითქოს ყველაფერი წესრიგში იყოს. ეს შეერთებული შტატებისთვის ყოვლად მიუღებელია, შესაბამისად მათ გადაწყვეტილება მიიღეს, რომ კობახიძესთან არანაირი კონტაქტები არ ექნებათ.
„რადგან გაეროს მიწვევით ჩადის კობახიძე ამერიკის ტერიტორიაზე, არ ნიშნავს, რომ მათ კარგი ურთიერთობა აქვთ აშშ-სთან. ვინც გაეროს წევრია, ყველა დელეგაცია ჩადის. აშშ-ს ვალდებულება აქვს, რომ რაკი გაერო მათ ტერიტორიაზეა, ყველას აძლევს ვიზას, რომელ ვიზასაც გაერო მოითხოვს. ეს პროპაგანდაა მიამიტი ამომრჩევლისთვის, ამიტომაც საჭიროა საუბარი იმაზე, რომ კობახიძის ამ ვიზიტს აშშ-სთან არაფერი საერთო არ აქვს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია აშშ-სთან ურთიერთობების ძველ ჩარჩოებში დაბრუნება, ზაქარეიშვილმა გვითხრა:
„თუ „ქართულმა ოცნებამ" ეს კანონი უკან გაიწვია და დაიწყეს მუშაობა ევროკავშირის 9 პირობეზე, მაშინ ურთიერთობები გამოსწორდება. პრობლემა „ოცნების" პოლიტიკაშია, რასაც დღეს ახორიციელებს. ალბათ ამერიკელები ვერ ხედავენ იმას, რომ „ოცნების" შემთხვევაში სიტუაცია გამოსწორდეს. რომ გამოსწორდეს, მათთანაც ექნებათ ურთიერთიობები. რასაც „ოცნება" აკეთებს, ანტისახელწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციურია, კონსტიტუცია ავალდებულებს, რომ ნატოსა და ევროკავშირისკენ იმოძრაონ.
„ესენი ამერიკას და ევროპას მტრებად თვლიან, როცა ისინი მეგობრები არიან და გვეხმარებიან, დახმარების ფული გავლენის ფულად აქციეს. ბუნებრივია, ასეთ პირობებში აშშ და ევროკავშირი კონტაქტებს შეამცირებენ.
„ყველაფერი დამოკიდებულია არჩევნებზე, რითაც პირველ რიგში პოლიტიკა უნდა შეიცვალოს. თუ ხელისუფლება შეიცვლება და ოპოზიცია მოვა კოალიციური ხელისუფლების სახით, ბინებრივია პოლიტიკური ძალები დაიწყებენ მუშაობას ევროპულ და ამერიკულ ინსტიტუტებთან, რათა ნდობა აღადგინონ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".