ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს შესაძლოა უკიდურესად გამწვავებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დალაგების ბოლო შანსი იყოს
ელზა პაპოშვილი
22.09.2024

აშშ-ში ივანიშვილის სანქცირებისთვის ყველაფერი მზადაა. მედიის ცნობით, ამის ერთ-ერთი მიზეზი მისი რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობა და მათი ინტერესების გატარებაა. ამის ფონზე კი პერმიერ-მინიტრი ირაკლი კობახიძე თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩადის ამერიკაში.

დასაბუთების დოკუმენტში, რომლის შესახებაც „ამერიკის ხმას“ აშშ-ის მთავრობის ორი მაღალჩინოსანი კონფიდენციალურად ელაპარაკა, საუბარია ივანიშვილის მიერ რუს ოლიგარქებთან მჭიდრო კავშირებზე. შტატებს აქვს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

სანქციების სამი საფუძვლიდან ერთ-ერთია ივანიშვილის მიერ საერთაშორისო კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობა, რომელმაც რუსეთს მოუტანა სარგებელი. დასანქცირების შემთხვევაში გაიყინება ივანიშვილის აქტივები აშშ-ში და მის მომსახურებაზე, სავარაუდოდ, სხვა უცხოური ბანკებიც უარს იტყვიან, რადგან, „ვინც ივანიშვილს სანქციებისგან გვერდის ავლაში დაეხმარება, დასანქცირდება ისიც“, - ამბობს "ამერიკის ხმასთან" შეერთებული შტატების ის მაღალჩინოსანი, რომელმაც მედიას ინფორმაცია კონფიდენციალურად მიაწოდა. 

აღსანიშნავია, რომ მედიაში ოლიგარქის მოსალოდნელ დასანქცირებაზე ინფორმაციამ კობახიძის შტატებში ვიზიტამდე ერთ დღით ადრე გაჟონა. პრემეირი კვირას გაემგზავრა ნიუ-ორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად, რომელიც 27 სექტემბრამდე გასტანს.

ცნობილია, რომ 25 სექტემბერს ის ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რა ორმხრივი შეხვედრები ექნება პრემიერ-მინისტრს გენერალური ასამბლეაში მონაწილეობის გარდა.  მთავრობის მეთაურის პრესსამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს „მომავლის სამიტში“, რომელიც გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცისა და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით იმართება. დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან. მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.

ანალიტიკოსები კი „რეზონანსთან“ საუბრისას პრემიერ კობახიძეს ურჩევენ, რომ ეს ვიზიტი მაქსიმალურად გამოიყენოს და ეცადოს, რომ უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა განიმუხტოს. ანალიტიკოსების აზრით, აშშ-მა „ოცნების“ ხელისუფლებას კიდევ ერთი, შესაძლოა ბოლო შანსი მისცა და სწორედ ამ ვიზიტისას გამოჩნდება, როგორ გამოიყენებს „ოცნება“ ამ შანსს.

პოლიტიკური გამოხმაურება  

„თუ შენ ხარ საქართველოს პოლიტიკოსი და არა უსამშობლო პოლიტიკოსი, შენ მზად უნდა იყო ყველაფრისთვის, მათ შორის არა მხოლოდ ფინანსური სანქციების გადასატანად, არამედ, თუ საჭირო იქნება, სიცოცხლის დასათმობადაც მზად უნდა იყო. თუ ამისთვის მზად არ ხარ, მაშინ საქართველოს პოლიტიკაში არაფერი გესაქმება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გარე ძალები ცდილობენ საქართველო მუდმივად ამყოფონ კონტროლქვეშ, ისე, რომ საქართველოს არ გააჩნდეს თავისი ნება გადაწყვეტილებების მიღების დროს. შარმანაშვილი აღნიშნავს, რომ ქართველი ამომრჩეველი ძალიან გამოცდილია და ამ მანიპულაციებით მათ შეცდომაში ვერ შეიყვანენ.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძემ კი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირება არა მხოლოდ პირადად მას, არამედ ქვეყანასაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.

„ორი უმძიმესი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გუშინ მივიღეთ - ერთი მხრივ, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერებაზეა საუბარი და ამასთან ერთად, დაფინანსების შეწყვეტაზე; მეორე მიმართულება, ეს არის სანქციები. ბიძინა ივანიშვილის სანქციები არ არის მხოლოდ მისი სანქციები, ეს არის, ფაქტობრივად, საქართველოს ეკონომიკური კოლაფსისკენ გზა. ეს არის გზა, რომელიც საქართველოს მოაქცევს იზოლაციაში და უმძიმეს ვითარებაში ჩავვარდებით აბსოლუტურად ყველა. 

„წარმოიდგინეთ, „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენით, ივანიშვილის სანქცირებით, საქართველო კარგავს უვიზო მიმოსვლას ევროპასთან, საქართველო კარგავს მილიარდობით დაფინანსებას, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ევროპული და ამერიკული ინსტიტუტებიდან, რაც ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლასა და დანგრევას და მეორე მხრივ, გვყავს ხელისუფლებაში ადამიანი, რომელიც მხილებულია რუსეთთან თანამშრომლობაში“, - ამბობს ვაშაძე. 

ბოლო შანსი?

დიპლომატი ვალერი ჩეჩელაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შესახებ ინფორმაცი ჯერჯერობით ოფიციალურად არ არის დადასტურებული და ის მხოლოდ მედიაში გამოჟონილი ინფორმაციაა. თუმცა, მისი აზრით, ამ ინფორმაციის სტილისტიკა და ლექსიკა მიუთითებს იმაზე, რომ დიდი ალბათობით ეს სიმართლეს შეესაბამება. 

„ამ სიტუაციიდან  შესაძლოა ორი გზავნილი ამოვიკითხოთ, რომლიც „ოცნების“  ხელისუფლების მიმართ არის გამოგზავნილი. პირველი ის, რომ ის ტონი, რომელიც პრემიერმა ირაკლი ობახიძემ ამერიკის ელჩთან საუბრისთვის შეარჩია, ძალიან მცდარი და წამგებიანი იყო. ეს იყო ძალიან უხეში შეცდომა, რომლიც პრემიერმა დაუშვა. 

„მეორე, ვინაიდან ინფორმაციამ გამოჟონ იმის შესახებ, რომ სანქციები მზად არის, ხოლო არ ვიცით მისი იმპლემენტაცია როდის მოხდება, შესაბამისად, რაღაც დრო ეძლევა მმართველ პარტიას და მის საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, რომ გააკეთონ რაღაც დასკვნები და რამე მოიმოქმედონ. სწორედ ამის შესაძლებლობა ექნება პრემიერ კობახიძეს ნიუ-იორკში, სადაც ის მიბრძანდება. 

„რა თქმა უნდა, თუ მან გაეროში გამოსვლა ისევ „გლობალური ომის“ პარტიაზე საუბარს დაუთმო, არაფერიც არ მოგვარდება. თუ მან პრობლემების ეს ვიზიტი გადაწყვეტისთვის არ გამოიყენა, ძალიან დიდ შეცდომას დაუშვებს. ეს კი პირველ რიგში მას და მის ხელისუფლებას დააზიანებს. 

„მე ასე მგონია და ვურჩევ პრემიერს, რომ ეს შანსი გამოიყენოს და გამართოს საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრები, სადაც უფრო დეტალურად უნდა ისაუბროს ორი ქვეყნის ურთიერთობაში დაგროვილ პრობლემებზე. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მას ვურჩევ შეხვდეს ქალბატონ ელჩს, რობინ დანიგანს და მოაგვაროს ეს შექმნილი პრობლემა. ვფიქრობ, რომ ეს სიტუაცია პრობლემაზე მეტია, რადგან ამან შეიძლება რადიკალური გავლენა მოახდინოს საქართველოზე“, - ამბობს ჩეჩელაშვილი. 

შეცვლის თუ არა პირად დონეზე კომუნიკაცია რამეს და რა უნდა თქვას პრემიერმა აშშ-ში ისეთი, ან ივანიშვილმა ელჩთან, რომ ეს მოცემული სიტუაცია შეიცვალოს?  დიპლომატი ამბობს, რომ პირველ რიგში ის ტონი უნდა შეცვალოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომლითაც ბოლო დროს აშშ-ს ესაუბრებიან.

„პირველი რაც შეიძლება გაკეთდეს, ეს არის რომ, საკონსტიტუციო სასამართლომ გამჭირვალობის კანონთან დაკავშირებით მიიღო გადწყვეტილება და მისი მოქმედება დროებით შეაჩეროს, სანამ სსამართლო პროცესები წავა. მეორე - გაიცეს გარანტიები და პრემიერმა ამერიკაში ისაუბროს იმაზე, რომ არჩევნები ძალიან სამართლიანად, გამჭვირვალედ და გაყალბების გარეშე ჩატარდება, რომ არანაირი მანიპულაცია არ იქნება და შეიძლება მოხდეს შეთავაზება, რომ რაღაც ახალი ფურცლიდან დაიწყოს დიალოგი. 

„ასევე გარკვეული გარანტიების მიღება მოითხოვოს იმ შემთხვევისთვის, თუკი „ოცნება“ ამ არჩევნებში დამარცხდება. რამდენიმე იდეაა, რაც შეიძლება პრემიერის ამერიკაში ვიზიტის დროს გაჟღერდეს. საპატიო თავმჯდომარე ივანიშვილი ალბათ ახლა ნანობს, რომ შაჰინს და ტერნერს არ შეხვდა, როდესაც ისინი თბლისში ჩამოვიდნენ“, - ამბობს ჩეჩელაშვილი.  

„ოცნება“, როგორც „დამჯერი ბავშვი“, რომელიც უცებ „გაჯიუტდა“

კონფლიქტოლოგ მამუკა არეშიძის აზრით კი, დასაველთის ლიდერებს ზოგადად ახასიათებთ, რომ ოღონდ თავის მიზანს მიაღწიონ და შეუძლიათ ორმაგი სტანდარტები ისე გაატარონ, თვალიც არ დაახამხამონ. მისი თქმით, თუკი ადრე აშშ ამას მორიდებით და შეფარვით აკეთებდა, ახლა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ისინი პირდაპირ და ხისტ მოქმედებაზე არიან გადასულები.

„ამ ყველაფრის წინაპირობა ისაა, რომ საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანას საკუთარი პრინციპების და თამაშის წესების დადგენას არ პატიობენ. „ოცნება“ცდილობს, გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, მსხვილ მოთმაშეებთან ურთიერთობები დააბალანსოს. აშშ მიეჩვია, რომ მესამე სამყაროს განვითარებული ქვეყნები დამჯერი ბავშვის როლში უნდა იყვნენ. ეს არ არის მხოლოდ ამერიკის სენი, ეს არის ყველა დიდი ქვეყნის ჩვევა.  

„ეს დამჯერი ბავშვი რომ გაჯიუტდება, ამერიკა მაშინვე შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას იწყებს. საქართველო დამჯერი ბავშვის როლიდან გამოვიდა და დამატებით თამაშის წესების შემოღებაც კი მოინდომა. სწორედ ეს გარემოებაა, რის გამოც საქართველოს ხელისუფლება ისჯება. 

„კი, ბატონო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეს ასე ხისტად არ უნდა გაეკეთებინა და უფრო რბილი მოქმედებაც შეიძლებოდა. თუმცა ვიღაც იკითხავს - საკუთარი პრინციპის რბილად დაცვა როგორ არის შესაძლებელი? 

„მე მაინც მგონია, რომ საქართველოს პრემიერის აშშ-ში ვიზიტი ძალიან სწორი ნაბიჯია, რადგან ის უნდა შეეცადოს სიტუაცია რაც შეიძლება შერბილდეს. აშშ-ში არიან მოაზროვნე ადამაინები, რომლებიც პრაგმატულად ფიქრობენ და შესაძლოა, პრემიერის ვიზიტმა ეს დაძაბლობა განმუხტოს“, - ამბობს არეშიძე.

მისივე თქმით, ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობა გვჭირდება, რადგან ის საქართველოს სახელმწიფოებრივობის გარანტორია. მართალია, ამ გარანტორმა ბოლო დროს გადადგა ისეთი ნაბიჯები, რაც ქართული მხარისთვის მიუღებელია, თუმცა ბევრი რამის მოგვარება შესაძლებელია.    

„ვფიქრობ, სწორი დიპლომატიური მოქმედებით, ეს ვიზიტი შედეგებს მოიტანს. სამწუხაროდ, ხშირ შემთხევაში დასავლური ელიტა საქართველოსთან დაკავშირებით არასწორად არის ინფორმირებული, ან რეალობა არ იციან. „ოცნებამ“ 2012 წლიდანვე დაუშვა შეცდომა, როცა ლობისტური ინსტიტუტები არ შექმნა. დასავლეთის პოლიტიკური წრეების პერმანენტული ინფორმირება არ მოხდა, რაც ახლა შედეგის სახით გვაქვს. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ პრემიერის შეხვედრები ნაყოფიერი იქნება და უშუალოდ პირველი პირისგან მიიღებენ ინფორმაციას. ამან კი სიტუაცია რადიკალურად უნდა შეცვალოს“, - ამბობს არეშიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×