კოალიცია „ძლიერი საქართველოსა" და პარტიის „გახარია - საქართველოსთვის" ლიდერების ურთიერთბრალდებების ფონზე, ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ მათი გაერთიანების ჩაშლის ისტორიით უფრო მეტად გიორგი გახარიას პარტია ისარგებლებს. სხვების აზრით კი, ეს სიტუაცია ამომრჩევლებზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს, თუმცა უკეთესი იქნებოდა, თუ ერთობა შედგებოდა.
„მე მაინც მგონია, რომ ამ ისტორიის გამო უკეთესი საარჩევნო შედეგები გიორგი გახარიას ექნება, რადგან მისი პოზიცია ფართო საზოგადეობისთვის უფრო გასაგებია", - განაცხადა ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან" საუბრისას.
ყოფილ სახელმწიფო მინისტრისა და კონფილქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის აზრით კი, ელექტორალური თვალსაზრისით არცერთი პოლიტიკური ძალა არ დაზარალებულა:
„ვინც აპირებდა ხმა მიეცა მათ გაერთიანებისთვის, ისინი არც ახლა შეიკავებენ თავს და არჩევანს ან ერთის, ან მეორის სასარგებლოდ გააკეთებს. დარწმუნებული ვარ, ხმები არ დაიკარგება, რადგან ვინც მათთვის ხმის მიცემას აპირებს, ის პასუხისმგებლიანი ამომრჩეველია და სახლში არ დარჩება".
განცხადებები ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ
რამდენიმე დღიანი მოლაპარაკებები, რომლის ინიციატორიც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო, უშედეგოდ დასრულდა. ამის მიზეზებზე საუბრისას გიორგი გახარიამ თქვა, რომ კოალიციის მიერ შეთავაზებული პირობები მისაღები არ იყო.
„გულწრფელად გეტყვით, ერთ-ერთი ასეთი პუნქტი იყო, მაგალითად, რომ გახარია არ უნდა იყოს სიაში. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა მე დამიცვა, გულწრფელად მინდა ვთქვა - ისეთი სიდიდის და მნიშვნელობის საკითხი იყო მაგიდაზე, რომ მე ამაზე დავთანხმდი. ვთქვი, რომ პრობლემაა-თქო?
„ერთ რამეს გეტყვით - ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მე მარტო არ ვარ. არასდროს ვამბობ, რომ პარტია „საქართველოსთვის" ვარ მხოლოდ მე. ჩემს უკან უზარმაზარი გუნდია. თქვენ თუ დააკვირდებით, სხვა ბევრი პარტიისგან განსხვავებით, ჩვენი გუნდი ძალიან მდგრადია. ეს ადამიანები დაახლოებით ათი წელია ერთად ვშრომობთ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, ბევრი ვერ დავარწმუნე. როდესაც ვსაუბრობდით, იმ დონეზე ვიყავით მისული, რომ ამ ადამიანებს ვესაუბრებოდი - მეგობრებო, თქვენ შეიძლება მოგიწიოთ სიაში შესვლა, სადაც მე ვერ ვიქნები. ბევრმა უარი თქვა. ზოგი წინააღმდეგი იყო", - აღნიშნა გახარიამ.
როგორც მან თქვა, „ძლიერ საქართველოს" სამი პუნქტი წამოაყენა, რისი შესრულების შემდეგაც შეუერთდებოდა კოალიციას, თუმცა „ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ამაზე უარი უთხრა.
„საჯაროდ ვაცხადებ მოლაპარაკებებისთვის ჩვენს მზაობას შემდეგი პრინციპებით: 1. ნეიტრალური პლატფორმა და მიგვაჩნია, რომ ეს არის სამართლიანი და უსაფრთხო ყველასთვის. 2. გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი პარიტეტული პრინციპი და 3. კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი როგორც „ქართულ ოცნებასთან", ასევე „ნაციონალურ მოძრაობასთან", - განაცხადა გახარიამ
„ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძის თქმით კი, მოლაპარაკებისას იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაც გულისხმობს შემდეგს - რომ ეს გაერთიანება არ შეუქმნიდა და არ შეუქმნის „ქართულ ოცნებას" მთავრობას და მთავრობას თვითონ შექმნის, რაც, ხაზარაძის თქმით, მნიშვნელოვანი ამბავია.
„ეს გაერთიანება იძლეოდა იმის სინერგიას და ვიმეორებ, ამ სინერგიას ახლა ჩვენ შევქმნით, რომ შეგვექმნა ძალა, რომელიც თვითონ დააკომპლექტებდა მთავრობას. დანარჩენი უკვე არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე გადასაწყვეტი საკითხებია. ამიტომ, ბოდიში და სპეკულაცია, რომ თითქოს „ქართულ ოცნებას" ვიღაც არ უკრავს (ალიანსს), მაგრამ აქეთ ვიღაცისკენ იყურება, ეს ასე არ არის, ამიტომ ამ სპეკულაციაში არ შევიდეთ. აღარ მინდა სხვა პუნქტები ჩამოვთვალო, მე მგონი მალე გახდება ეს პუნქტები ცნობილი", - თქვა ხაზარაძემ.
„მათი ამომრჩეველი არ გაბრაზდება..."
პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ამ პროცესში ნებისმიერი მონაწილე სუბიქტი ბარიერს აუცილებლად გადალახავს, თუმცა მისი თქმით, უმჯობესია ამ თემაზე საუბარი რაც შეიძლება მალე დასრულდეს.
„არჩევნების მთავარი მომენტი მოლაპარაკების ჩაშლა-არჩაშლა არაა, აქ სხვა რაღაცებია მნიშვნელოვანი. მაგალითად ის, რომ პოლიტიკური პარტია ამომრჩეველზე უნდა მუშაობდეს და არა რაღაც გარჩევებზე. ძალიან რთულია თქმა, თუ რა იყო ამის მიზეზი, რადგან ორივე მხარე სხვადასხვა ვერსიებს ამბობს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მათი ერთობა ოპოზიციას მეტ ხმას მოუტანდა.
„მე მაინც იმედი მაქვს, რომ მათი გაერთიანების გარეშეც იქნება ხალხი, რომლებიც ისედაც მისცემენ ხმას ამ ორს ცალკ-ცალკე, ბარიერს გადალახავენ და ძველ რეჟიმში ნორმალურად იმუშავებენ. ჯობდა მათი ერთობა ყოფილიყო, რათა მათ გარკვეული პირობები წაეყენებინათ პარლამენტში. რაკი ეს არ გამოვიდა, ნუ, რა ვქნათ. უკეთესი იქნებოდა ის ვარიანტი, მაგრამ ეს სიტუაციაც არაა ძალიან ცუდი. ყოველ შემთხვევაში ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც მონაწილეობდა ამ მოლაპარაკებებში, ყველა შეძლებს პარლმანტში მოხვედრას და თავიანთი ინტერესების რეალიზებას ერთობლივ ოპოზიციურ ფორმატში, ესაა მნიშვნელოვანი.
„მეეჭვება ამ ყველაფერმა მათ რეიტინგზე უარყოფითად იმოქმედოს. ხალხი, რომელიც მზად იყო ხმა მიეცა როგორც მათთვის ცალკ-ცალკე, ისე მათი ერთობისათვის, ეს ამომრჩეველი არ გაბრაზდება, სახლში არ დარჩება და არც „ქართულ ოცნებას" არ დაუჭერს მხარს.
„მგონი ამ ერთობის მომხრეები იმდენად გონიერი და პატრიოტი ხალხია, რომ კარგად ესმით - საქმე არაა „ლელოში" და გახარიაში, საქმე ევროპაში და ევროპაზე უარის თქმაშია. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, ამიტომ ყველა ყველაფერს გააკეთებს, რომ საბოლოო ჯამში საქართველოს ევროპა არ დაუკარგონ.
„მოლაპარაკების ჩაშლა არავის არ უნდა დაბრალდეს. არცაა ახლა ამის დრო. რაც უფრო მალე დასრულდება ამ თემაზე ლაპარაკი, მით უკეთესი. კარგი იქნება, რომ პრეზიდენტი, გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე მალე შეხვდნენ ერთმანეთს, ხელი ჩამოართვან და თქვან: „სამწუხაროა, ვერ შედგა ერთობა, მაგრამ ჩვენ წინ ერთად მივდივართ, რათა პარლამენტში ერთობა შევქმნათ". ეს იქნება ყველაზე კარგია ვარიანტი.
„ახლა არ არის რამის გარჩევის დრო, ამით მხოლოდ „ქართული ოცნება" იგებს. ჩაიშალა შეთანხმებები, მორჩა, საკამირისი უნდა იყოს ეს და არაა საჭირო ამაზე ლაპარაკი, ვინ როგორ და რა თქვა, რადგან როგორც კი ერთი მოსაზრება გაიჟღერებს, აუცილებლად ამის საპირისპირო აზრი გამოჩნდება. ამიტომ კარგი იქნება ყველამ აღიარონ, რომ ამის დრო არაა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
„მათ ერთი და იგივე ამომრჩეველი არასოდეს არ ჰყოლიათ"
რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ხაზარაძისა და გახარიასათვის გაერთიანება არ იქნებოდა მომგებიანი, რადგან, ასეთ შემთხვევაში, ორივე მათგანი ამომრჩეველთა ნაწილს დაკარგავდა.
„საერთოდ, ადამიანს რომ შესთავაზებ - სიაში არ შემოხვიდე, ან სიით მუხეთე იყავიო და ა.შ. - ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ორივე მხარის შეთანხმებას არ გულისხმობდა. ასეთი გართულებების პირობებში მოსახელობისთვის გახარიას პოზიცია უფრო გასაგები იქნება და მგონი სასარგებლოც, მაგრამ თავისთავად მოლაპარაკების ჩაშლა დიდ განსხავევებას არ მოუტანს, მითუმეტეს, რომ არჩევნებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი.
„გაერთიანება იძლევა უკეთეს შედეგს, თუკი ერთიანდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ერთი და იგივე ამომრჩეველზე გადიან, ანუ ასეთ შემთხვევაში ისინი ერთმანეთს ხმებს არ წაართმევენ და პირიქით, ხმები დაჯამდება. თუმცა, თუ მათ სხვადასხვა ტიპის ამომრჩეველი ჰყავთ, მაშინ ხმებს დაკარგავენ, რადგან თუ ამომრჩევლებს ერთი მხარე არ მოსწონთ, არჩევნებზე საერთოდ არ მივლენ, ან სხვას დაუჭერენ მხარს. ასეთი ხმების დაკარგვის შიში გახარია-ხაზარაძის გაერთინების შემთხვევაში იყო იმიტომ, რომ, თუ არ ვცდები, მათ ერთი და იგივე ამომრჩეველი არასოდეს ჰყოლიათ", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".