ელზა პაპოშვილი
20.09.2024

„ლელოსა“ და გახარიას პირობები გასაგები და არგუმენტირებულია, მაგრამ თუკი ამ პოლიტიკურ ლიდერებს მოლაპარაკება რეალურად სურდათ, არცერთი პირობა მოუგვარებელი არ იყო და მის გარშემო შეთახმება შესაძლებელი იქნებოდა, აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან“. ეჭვობს, რომ ორივე პოლიტიკურ ძალას ერთმანეთის სერიოზული მიუღებლობა აქვთ, რაც მოლაპარაკების ჩაშლის რეალური მიზეზია.  

დავით ზურაბიშვილი: ეს პირობები, რომელიც ორივე მახრის მიერ არის წამოყენებული, სულაც არ მეჩვენება გადაულახავ ბარიერად. თუკი გაერთიანების და კოალიციის სურვილი ორივე მხარის მხრიდან რეალური იყო, მოლაპარაკება უნდა გაგრძელებულიყო და პირობების მოდიფიცირებაც შესაძლებელი იყო. პირდაპირ ასე ხისტი უარი, ჩემთვის გაუგებარია. ეს არ იყო ხელის შემშლელი ბარიერები და ამის გადალახვა შესაძლებლად მიმაჩნია. 

მაგალითად გუშინ მე თავიდან გიორგი გახარიას და მისი გუნდის წევრების განცხადებები არ მომეწონა, როცა თქვეს, რომ მოალაპარაკებას წერტილი დაუსვეს.  გუშინ უფრო ხაზარაძის პოზიციები მომეწონა და  სიმპათიურად გამოიყურებოდა.  თქვა, რომ მოლპარაკების გაგრძელებისთვის მზად იყო. დღეს კი პირიქით, გახარიას მხრიდან იყო შეთავაზება დ ასეთი კატეგორიული უარი არ უნდა ყოფილიყო. გახარიას მხრიდან არც ისეთი კატასტროფა შეთავაზებები იყო. სამი პირობა იყო და რაღაცეების შეცვლა მოლაპარაკებით მგონია შესაძლებელი იქნებოდა. 

„რეზონანსი“: შესაძლოა  ხაზრაძისთვის ყველაზე რთული 9 ნომრის დათმობა და ახალი ნეიტრალური პლატფორმის შექმნა იყოს? მათი მხრიდან არის ასეთი არგუმენტები, რომ ეს ნიშნავდა საარჩევნო პროცესიდან მათი დამკვირვებლების ავტომატურად გამოთიშვას, პლუს ამას ის სარეკლამო ბადე, რაც უკვე შექმნილია და ამაში დიდი ფული აქვთ გადახდილი, წყალში ეყრებოდათ. ეს არგუმენტები რატომ არ მიიღო გახარიამ? 

დ.ზ: კი ბატონო, მესმის, რომ ხაზარაძისთვის ეს მომენტი  ყველაზე რთული  გახდა და დათანხმება გაუჭირდა. თუმცა გახარიას პოზიციიდანაც რომ შევხედოთ, მაშინ გამოდის, რომ მას უნდა ეთქვა საკუთარ პარტიასა და ნომერზე უარი, და ხაზარაძის პარტიას შეერთებოდა. ეს კი „ლელოს“ უპირატესობის ხაზგასმა იქნებოდა. მისი ამომრჩეველი გაიგებდა ასე, რომ გახარია „ლელოს“ შეუერთდა. ამიტომ გახარიასაც თავისი არგუმენტები აქვს. გასაგებია, აქ არის უკვე სარეკლამო პლაკატების, ბანერების თემა, რომელიც ცალკე ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამიტომ სერიოზული აწონ-დაწონვა იყო საჭირო. აქ მთავარი ისაა, რამდენად აქვთ მათ სურვილი, რომ შეთანხმდნენ. მე რასაც ვაკვირდები, ამ ორ ლიდერს არა აქვს თავსებადობა. ეს ერთიანობა ამომრჩევლის მოთხოვნა უფროა. თავად ამ პარტიებს ერთმანეთის მიმართ დიდად მზე და მთვარე არ ამოსდით.   

„რ“: გახარიას მხრიდან იყო ასევე პირობა წამოყენებული, რომ „ლელოს“ ნაციონლებთან კოალიცია არ შეექმნა. თუმცა ასეთი კოალიციის გარეშე, როგორ ფიქრობთ, ოპოზიცა შეძლებს მთავრობის დაკომპლექტებას მათ ხომ ოპოზიციურ ფლანგზე ყველა კვლევიით ყველაზე მეტი მხარდაჭერა აქვთ ოპოზიციურ ფლანგზე?   

დ.ზ: მე ეს საკითხიც არ მგონია პრობლემა, რადგან კონკრეტული პარტიების და პოლიტიკური სუბიექტების ჩაწერის გარეშე შესაძლებელი იყო ასე შეთანხმებულიყვნენ, რომ არ შეუწყობდნენ არავის ხელს, რომ  ერთპიროვნული მმართველი ყოფილიყო. ანუ არ ყოფილიყო აქ ხსენება „ოცნების“ და „ნაციონალების“, თუმცა ნაგულისხმევი იქნებოდა და ყველა ისედაც მიხვდებოდა, ვიზე იყო საუბარი. ასე ახლა „ოცნების“ და „ნაციონალების“ წარმომადგენლებთან შესაძლოა მოუწიოთ ურთიერთობა. კაცმა არ იცის, რა და როგორ იქნება. ეს არ იყო ის პირობა, რომლის შეცვლაც  შეუძლებელი იყო. მთავარია გინდოდეს და მაგის მეტი ფორმულირების მოძებნას რა უნდოდა. 

„რ“: გახარიას პარტიის წევრები ამბობენ, რომ ხაზარაძის მხრიდან პირველივე მოთხოვნა იყო,  გახარია სიაში არ ყოფილიყო. როგორ ფიქრობთ, ეს რამდენად მისაღები უნდა ყოფილიყო გახარიასთვის? 

დ.ზ: სიაში ჩაეწერება თუ არა, არ მგონია ამას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს. ხომ არ გაქრებოდა პოლიტიკური ველიდან? კამპანიის დროს, მენეჯმენტის დროს, ის ხომ პროცესებში ჩართული იქნებოდა? ამიტომ ესეც პრობლემა მე არ მგონია  და ამის გამო მოლაპარაკების ჩაშლა არ უნდა მომხდარიყო. 

„რ“: თუმცა როგორ წარმოგიდგენიათ გახარიას მოთხოვნა რეალობაში როგორ შეიძლება განხორციელდეს, როცა ამბობს, რომ არც „ოცნებას“ და  არც „ნაციონალებს“ კოალიციას არ შეუქმნის? ასეთი ვერსია ჩნდება, რომ შესაძლოა აპირებდეს „ოცნებიდან“ დეპუტატების გადაბირებას და ეს იყოს სწორედ მისი გეგმის ნაწილი, თავად კი ისევ პრემიერობა სურდეს. რეალურად მიგაჩნიათ ასეთი გეგმა?  

დ.ზ: არაფერი არ არის გამორიცხული. გახარიას თუ ასეთი გეგმა აქვს, მე ამაში არარეალურს ვერაფერს ვხედავ. თუკი „ოცნება“ დამარცხდა, თვისობრივად სრულიად ახალ პოლიტიკურ მოცემულობას მივიღებთ. აქ ძალიან რთული იქნება იმის პორგნოზირება, ვინ სად გაიქცევა, როგორ გაიყდება და ვინ გადაიბირებს.  იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ „ოცნებიდან“ ბევრი „ნაციონალებისკენაც“ კი გაიქცეს. რა უცხო იქნება ეს ბევრისთვის, იგივე არ გაუკეთებიათ თუ რა?! 

„რ“: ესეთი განცახდებებიც კეთდება უკვე,თითქოს გახარია რაღაცა თამაშს თამაშობს და მისი ნდობა ნაკლებად შეიძლება, თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? 

დ.ზ: არ მგონია, რომ თამაშობს და შეთქმულების თეორიებზე უნდა ვიმსჯელოთ. ის უბრალოდ ჩვენი სტანდარტული პოლიტიკური ლიდერებისგან განსხვავდება. ნაცმოძრაობის ოპოზიციური დღის წესრიგიდან ცოტა განსხვავებულია. დანარჩენ პარტიების 80%, თუ არ ჩავთვლით იაგო ხვიჩიასა და  მეგრელიშვილის „გირჩს“, რომელთაც ასევე საკუთარი დღის წესრიგი აქვთ, ძირითადად ნაცმოძრაობის დღის წესრიგს იმეორებს. მთავარი ხაზი ბიძინა ივანიშვილია, როგორც რუსეთის წარმომადგენელი და ინტერესების გამტარი. ყველა ერთნაირი ვერ იქნება, ვიღაცას მოეწონება, ვიღაცას არა. გახარია ამით არის განსხვავებული, რის გამოც საზოგადოების რაღაცა ნაწილისთვის ცოტა უცნაურია. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×