თამთა ჩაჩანიძე
20.09.2024

ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩისნკის განცხადებით, თუ საქართველოში არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში არ ჩატარდება, ბრიუსელი მზადაა აამოქმედოს ბერკეტები, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის დროებით შეჩერებაც. უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით „პოლიტიკოც" წერს.

თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" ამბობს, რომ ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ ჩაივლის არჩევნები, რამდენად დემოკრატიულად და სამართლიანად, მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებისთვის ევროკავშირის 27-ივე ქვეყნის თანხმობა აღარაა საჭირო და უნგრეთის უარი ამაში დაბრკოლება აღარ იქნება.

„ეს დამოკიდებულია იმაზე თუ არჩევნები რამდენად სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარდება. სამართლიანად ჩატარებაში ითვლება, რომ არ იქნება იძულება, მოსყიდვა, ცემა-ტყეპა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება. ის, რომ ოპოზიციამ თანაბარი უფლებებით ისარგებლოს, მათ შორის მედიებით.

„ყველას თანაბარი საარჩევნო პირობები უნდა ჰქონდეს და ასევე არ უნდა იყოს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დაშინება, რაც უკვე ვეღარ ხერხდება, იმ კანონიდან გამომდინარე, რომელიც მიიღეს. უნდა ჩავთვალოთ, რომ უკვე პრობლემაა, თუმცა როგორც ევროკავშირი და ჩვენი პარტნიორები ამბობენ, „ქართულ ოცნებას" უკანდასახევი გზა ჯერ კიდევ აქვს. თუმცაღა ივანიშვილის და სხვების ყოველდღიურ რიტორიკას, რომ ვუყრებთ, ეს არ მიუთითებს, რომ ამ მიმართულებით მიდის.

„ეს ალბათ ევროკავშირის მხრიდან კიდევ ერთი ბოლო გაფრთხილებაა, რათა ივანიშვილი და მისი პარტია დაფიქრდეს, რა შეიძლება გამოიწვიოს ასეთი ტიპის არჩევნებმა. იმას, რასაც ჰპირდებიან ხალხს, რომ ოპოზიცია, თავისუფალი მედია და სამოქალაქო საზოგადოება უნდა განადგურდეს, ესაა ბელარუსის გზა, რაზედაც ჰერჩინსკიმ პირდაპირ თქვა, აქამდე ეს არასდროს არ უთქვამს. თუ სიტუაცია არ შეიცვლება, არჩევნების ლეგიტიმურობაზე გაჩნდება კითხვები.

„ვიზალიბერალიზაციის შეჩერებისთვის უნგრეთი საჭირო აღარაა და თუ გადაწყვიტეს, თავისუფლად შეუძლიათ შეაჩერონ, იმ პირობებით, რომლებზეც საქართველომ ხელი მოაწერა, იქაც არის უამრავი რამ ჩადებული, რომლის მიხედვითაც, შეუძლიათ ჯერ ექვსი თვით შეაჩერონ და მერე თუ ქვეყანაში უკეთესობა არ იქნა და ქვეყანა დიქტატურისკენ წავიდა, რისი ნიშნებიც უკვე არის, მაშინ მთლიანად გაგვიუქმებენ და მაგიტომაც ახსენა ბელარუსი, რომ გაიგოს როგორც ქართველმა ამომრჩეველმა, ისე „ქართულმა ოცნებამ", თუ რა რისკებთანაა ეს დაკავშირებული.

„ბერკეტები ბევრია, მათ შორის ფინანსური, ჩვენ ევროკავშირთან უამრავი ხელშეკრულება გვაქვს დადებული, რომლითაც საქართველო სარგებლობს შეღავათებით და ა.შ. ეს ყველაფერი ჩაიხსნება", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ თუ ვითარება გაუარესდება, ევროკავშირი მზადაა ბერკეტები გამოიყენოს.

„ევროკავშირმა უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე გამოხატა შეშფოთება საქართველოში პროცესების განვითარების ტრაექტორიასთან დაკავშირებით. ჩვენ ცალსახად შეშფოთებულები ვართ, რომ იმ რეფორმების წარმოდგენის ნაცვლად, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან უფრო მეტად დააახლოებს, სამწუხაროდ, უკანასკნელი თვეების განმავლობაში ჩვენ გვქონდა პროცესების რამდენიმე განვითარება, რამაც გაზარდა დისტანცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ჩვენ ეს საკითხი შიგნით განვიხილეთ, წევრმა ქვეყნებმა განიხილეს ეს შიგნით და ჩვენ ხმამაღლა და მკაფიოდ განვაცხადეთ რამდენიმე თვის წინ, რომ ყველა შესაძლო ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის, საქართველოსთვის თავისუფალი სავიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება, პროცესების განვითარებაზე დაფუძნებით.

„ჩვენ ვაკვირდებით პროცესების განვითარებას, გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საარჩევნო კამპანია იქნება მშვიდობიანი, რომ არ იქნება ძალადობა, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი- ეს არის ჩვენი სურვილი, როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ვითარება გაუარესდება, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ ჩვენი ხელსაწყოების სხვადასხვა ელემენტი და თავისუფალი სავიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება ერთ-ერთი მათგანია", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

აღნიშნულ განცხადებას სოცქსელში ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე როგორც იგი წერს, ელჩი წინასწარ უშვებს არჩევნების გაყალბებას, რითაც ნათელი ხდება ზრახვები.

„ცუდი დიპლომატი ყოფილხართ ბატონო ელჩო, თუკი ასეთ მარტივ სიტუაციებშიც კი ვეღარ ახერხებთ დიპლომატიური ლექსიკის გამოძებნას და ასე ნაჯახისებურად შიფრავთ თქვენს ზრახვებს.

„2020 წლის არჩევნებზე პარალელური დათვლის გამყალბებელი ენჯეოს ოფისში რომ მიდიხარ, დიფირამბებს უძღვნი, ნდობას უცხადებ და წინასწარ უშვებ არჩევნების გაყალბებას, რატომ გგონიათ რომ აქაური საზოგადოება ვერ მიხვდება თუ რატომ აკეთებთ ამას?!

„თავიდან თითქოს ნორმალურად დაიწყეთ აქ თქვენი მისია, მაგრამ მერე თქვენი წინამორბედის ჭუჭყიანი წყალი გადმოგესხათ",- წერს ანჯაფარიძე „ფეისბუქზე".

რაც შეეხება „პოლიტიკოს" სტატიას, აღნიშნულია, რომ „ევროკავშირი მზად არის საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩეროს თუ "ქართული ოცნება" თავის ავტორიტარულ ტრაექტორიას გააგრძელებს"

როგორც გამოცემა ევროკომისიის სპიკერზე დაყრდნობით წერს, "ყველა ვარიანტი განიხილება" თუ მმართველი "ქართული ოცნების პარტია" თავის ავტორიტარულ ტრაექტორიას გააგრძელებს, "მათ შორის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის პოტენციალური დროებითი შეჩერება."

"როგორც ევროკავშირი-საქართველოს ვიზალიბერალიზაციის დიალოგისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის ნაწილი, საქართველოს კონკრეტული სტანდარტების დაკმაყოფილება მოეთხოვებოდა, მათ შორის ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და დისკრიმინაციის აღკვეთის უზრუნველყოფა...

შეფასება, რა თქმა უნდა, შენგენის სივრცის შიდა უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი მოვლენების შემთხვევაში მოხდება, ისევე როგორც საქართველოში შემდგომი დემოკრატიული ვარდნის შემთხვევაში", - განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა გამოცემასთან.

აღნიშნულს ეხმიანებიან მმართველი გუნდიდან, უმრავლესობის დეპუტატი რატი იონათამიშვილი სტატიას ცრუ ნარატივს უწოდებს და არ გამორიცხავს, რომ სტატია დაკვეთილიც იყოს.

„არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, საქართველოს ინტეგრაციის პროცესი დააზიანონ - არ გამიკვირდება, გავიდეს დრო და „ფარას" დოკუმენტებიდან ცნობილი გახდეს, რომ ეს სტატიაც კეზერაშვილების, სააკაშვილებისა და ასეთი ოდიოზური პირების მიერ იყო დაკვეთილი.

"ეს არის ცრუ ნარატივი და ცრუ ინფორმაცია, რაზეც სერიოზული საუბარი არარელევანტურია. რაც მთავარია, არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, საქართველოს ინტეგრაციის პროცესი დააზიანონ. მათ უნდა იცოდნენ, რომ სინამდვილეში აზიანებენ არა საქართველოს, არამედ ევროკავშირს. ამიტომ, მსგავსი ნარატივებით საუბრები, სპეკულაციები და დეზინფორმაცია საზოგადოებისთვის ნამდვილად არ არის საინტერესო. ვინც ამას კადრულობს, ის მტრობს საქართველოსაც და ევროკავშირსაც", - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×