წინა არჩევნებისაგან განსხვავებით, ამჯერად მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ღიად და აქტიურად ჩაერთო საარჩევნო კამპანიაში. რას მოუტანს „ოცნებას" ბიძნა ივანიშვილის ასეთი გააქტიურება, რატომ გახდა ეს საჭირო და ზოგადად, როგორ მუშაობს დღეს ამომრჩევლებში ივანიშვილის ფაქტორი? ანალიტიკოსთა ნაწილი ივანიშვილს „ოცნების" ერთადერთ კოზირად მიიჩნევს და ამბობს, რომ მისი გამოჩენა იძლებითი ნაბიჯია. მეორე ნაწილსი აზრით კი, ივანიშვილის ფაქტორი „ოცნების" პასიური მხარდამჭერების მოტივირებისთვისაა საჭირო.
„ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რეგიონებში გასვლით ღონისძიები მცხეთა-მთიანეთიდან 21 აგვისტოს დაიწყო, სადაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა და მმართველი პარტიის სხვა ლიდერებმა მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს და მთავარი გზვანილები გააჟღერეს მოსახლეობასთან. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი შხვედრები ივანიშვილის მონაწილეობით სხვა რეგიონებშიც იგეგმება.
როგორც ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, დღეს ქვეყანა რთული გამოწვევების წინაშე დგას და „მშვიდობის, ღირსების, სუვერენიტეტის, ქრისტიანული ფასეულობებისა და ქვეყნის ნათელი მომავლის დაცვა ახლაც მუდმივ სიფხიზლეს საჭიროებს. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს კი ამ თვალსაზრისით, საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება". ამბობს, რომ ეს ფაქტიურად რეფერენდუმია.
ივანიშვილმა ის სამი მთავარი მიზეზი დაასახელა, რის გამოც „ქართული ოცნების" მიზანი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა.
გარდა ამისა, როგორც აღინიშნა, ეს იყო მმართველი პარტიის პირველი გასვლითი შეხვედრა და მსგავსი ღინისძიებები სხვა რეგიონებშიც იგეგმება ივანიშვილის მონაწილეობით.
ოპოზიცია „ქართული ოცნების" მცხეთის შეკრებაზე საუბრისას განსაკუთრებით უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ მცხეთაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული და ივანიშვილი სცენაზე მმართველი პარტიის სხვა ლიდერებისაგან განცალკევებით, საგანგებოდ მისთვის მოწყობილი დაცული ტრიბუნიდან ესაუბრებოდა მხარდამჭერებს.
რა თქვა ივანიშვილმა
როგორც ბიძინა ივანიშვილმა შეკრებაზე განაცხადა, „ქართულ ოცნებას" „ბევრად უფრო დიდი ამოცანა" აქვს, ვიდრე მხოლოდ არჩევნების მოგება შეიძლება იყოს - „მოვიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება, რაც საქართველოს არა მხოლოდ მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან ეროვნულ ამოცანებსაც წარმატებით გადაჭრის".
„პირველ რიგში: საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას" სჭირდება „ნაციონალური მოძრაობის" გასასამართლებლად. ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოვაშოროთ ქვეყანას მძიმე სენი, რომელიც მას უკვე ორი ათწლეულია არ ასვენებს. ჩვენ წამოვიწყებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც როგორც „ნაციონალური მოძრაობა", ისე ყველა მისი სატელიტი და მემკვიდრე პარტია, აიკრძალება, რისთვისაც ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი არსებობს.
„ნაციონალურ მოძრაობას" ჩადენილი აქვს უამრავი დანაშაული საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მათი ხელწერა იყო ავტორიტარიზმი, ადამიანების მკვლელობა და წამება, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების გაყალბება და მრავალი სხვა დანაშაული, რომელიც არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს. 2008 წელს მათ ჩართეს საქართველო ომში, რამაც ჩვენ ქვეყანას ტერიტორიების 20% დააკარგვინა, 400-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა და 30 ათასი ქართველი დევნილად აქცია.
„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს დღესაც არეულობისა და ომისკენ ექაჩება, რის გამოც მათი გასამართლება ახლა სულ სხვა აქტუალობას იძენს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ქვეყანამ მუდმივად დანაღმულ ველზე იაროს, ამისათვის კი „ნაციონალური მოძრაობის" გასამართლება აუცილებელზე აუცილებელია.
„26 ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ნიურნბერგის პროცესად „ნაციონალური მოძრაობისთვის", სადაც ქართველი ხალხის საკონსტიტუციო უმრავლესობა უსამშობლო პოლიტიკოსების ამ ერთიანობას, ყველანაირ ანტისახელმწიფოებრივ დავალებაზე ხელის მომწერ უცხოურ აგენტურას სათანადო განაჩენს გამოუტანს. საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების პირობებში, კრებსით „ნაციონალურ მოძრაობას" დამსახურებული სასჯელისგან ვერავითარი გარე მფარველობა ვეღარ გადაარჩენს. საქართველოში ჯანსაღი არჩევნები მხოლოდ მას შემდეგ ჩატარდება, რაც პოლიტიკურ სისტემაში კრებსით „ნაციონალურ მოძრაობას" პატრიოტული პოლიტიკური ძალები ჩაანაცვლებენ", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, მეორე მიზეზი, რატომაც სჭირდება „ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა ისაა, რომ მიიღებს კონსტიტუციურ კანონს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ".
მესამე მიზეზი კი ისაა, რომ „დღეს მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ვითარება დინამიკურად იცვლება. ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, რა დროსაც საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა გახდება აუცილებელი".
როგორ მუშაობს ამომრჩევლებში ივანიშვილის ფაქტორი
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამომრჩევლებში ივანიშვილის ფაქტორი ცალსახად მუშაობს.
„ივანიშვილის ფაქტორი ცალსახად მუშაობს და თან ძალიან სერიოზულადაც, რადგან „ქართული ოცნების" მომხრეების ლომის წილი სწორედ ივანიშვილზე მოდის და „ოცნების" ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯის უკან ჩვენი საზოგადოება ივანიშვილის დანახვას მიეჩვია. ამაში მათ ხელს უწობს ოპოზიციაც და ზოგიერთი დასავლელი დონორიც, რომლებიც ამბობენ, რომ ქვეყანაში ყველაფერს ივანიშვილი მართავსო.
„ამომრჩევლის უმრავლესობა რომ „ოცნებას" უჭერდა მხარს და არჩევნებში ამარჯვებინებდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილის ფაქტორი იყო წამყვანი და მნიშვნელოვანი", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ მოცემულობით, ივანიშვილი „ოცნების" მთავარი ფაქტორია, რადგან ხელისუფლებას სხვა რეალური ბერკეტი არ აქვს.
„ივანიშვილი „ოცნების" მთავარი ფაქტორია. უფრო ძლიერი არც არგუმენტი გააჩნიათ, არც მიღწევა და არც არაფერი. ესე იგი ისევ უნდა ივაჭრონ და მოსახლეობაში იმის ილუზია შექმნან, რომ ივანიშვილი რაღაცას გააკეთებს. დაიწყოს
„იძულებულები არიან და ივანიშვილიც იძულებულია, რომ ამ კამპანიაში ჩაერთოს, რადგან მეტი ისეთი არც რამე სალაპარაკო აქვთ და არც რაღაც ისეთი მიღწევა, რომ ამით ამომრჩეველთან მისვლა შეიძლებოდეს. ისიც კი, რაც 21 აგვისტოს ვნახეთ, ფაქტიურად არაფრის მომცემი იყო - მოსახლეობას ჰპირდებიან იმას, რომ ენმ-ს და მის სატელიტებს დასჯიან. კი, ბატონო, დასაჯონ, რა პრობლემაა, მაგრამ ამით მოსახლეობის ცხოვრება უკეთესი გახდება, უფრო მეტი სოციალური გარანტიები მიეცემა თუ რა?
„ნაცმოძრაობა" რაც შეეძლოთ - დასაჯეს. პირველი პირები ვინც ივნენ, თუ ადეიშვილს არ ჩავთვლით, ციხეში თითქმის ყველა იყო. ახლა თუ გააუქმებენ, ის, ვინც მათ მხარს არ უჭერდა, მათთვის ენმ სულ გაუქმებულია, ვინც მხარს უჭერს, ისევ დაუჭერს. თუ გააუქმებენ, ქვეყანა დიქტატურას მიიღებს სხვას არაფერს", - განაცხადა ძაბირაძემ.
რატომ გახდა საჭირო ივანიშვილის ჩართვა საარჩევნო კამპანიაში
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნება" ზედიზედ სამი ვადითაა ხელისუფლებაში, მის მხარდამჭერებში ბუნებრივად გაჩნდა გარკვეული პასიურობა და ნიჰილიზმი. 26 ოქტომბრის არჩევნებზე კი დიდი ფსონი დევს. შესაბამისად, ადგილობრივი და გარე ფაქტორების გათვალისწინებით მმართველი პარტია იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ივანიშვილის პირადი მონაწილოება მნიშვნელოვანი იქნებოდა.
„საერთოდ, ყოველთვის ასეა ხოლმე - როცა ხელისუფლებაში ერთი და იგივე პოლიტიკური ძალა სამი ვადით იმყოფება, ამომრჩეველს შესაძლოა რაღაც გარკვეული დაღლა შეეტყოს, ან რაღაც გარკვეული ნიჰილიზმი, პასიურობა. მონაცემებით ვიცით, რომ წინა არჩევნებზე ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი სახლში დარჩა. დღეს კი ამ არჩევნებზე დიდი ფსონები დევს - ვხედავთ დასავლეთი როგორ გააქტიურდა, რომელსაც ქვეყანაში არა ერთპარტიული, არამედ კოალიციური მმართველობა სურს და შესაბამისად, შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ასეც მოხდეს.
„ვფიქრობ, რომ ყველა - ადგილობრივი და გარე ფაქტორების გათვალისწინებისა და გაანალიზების შედეგად, ივანიშვილი და „ქართული ოცნება" იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ამ წინასაარჩევნო კამპანიაში სწორედ ივანიშვილის პირადი მონაწილეობა იქნებოდა მნიშვნელოვანი", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი მმართველი პარტიის ერთადერთი კოზირია. მისი აქტიურად ჩართვა წინა არჩევნებში მმართველ პარტიას იმიტომ არ სჭირდებოდა, რომ მოსახლეობაში ჯერ კიდევ იყო გარკვეული პოზიტიური მოლოდინი „ოცნებასთან" დაკავშირებით.
„ოცნებას" სხვა სათქმელი და სხვა კოზირი არ აქვს, ისევ ივანიშვილის ფატქორით უნდა ისპეკულიანტოს. უფრო უკეთესი სათქმელი არ აქვთ და უნდა თუ არა, იძულებულია ასე გააკეთოს. წინა არჩევნებში ივანიშვილი რომ არ სჭირდებოდათ, გასაგებია, მაშინ რეიტინგიც ჰქონდათ, მოსახლეობაში მოლოდინები იყო, ფიქრობდნენ, რომ იქნებ მართლა რაღაც ექნა. რასაც 2012 წელს დაჰპირდა. ერთადერთი რაც „შეასრულა" არის „გასაოცარი დემოკრატია", ისეთი, რომელიც ევროპას და მთელს დასავლეთს უკვირს. ეტყობა ამ დემოკრატიის თვალსაზრისით გაკვირვებები კიდევ გველის", - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.
როგორ აღიქმება დაცვის ზომები ამომრჩეველში
21 აგვისტოს მცხეთის შეკრებაზე საუბრისას, ოპოზიცია იმაზე აკეთებს აქცენტს, რომ ივანიშვილი ტყვიაგაუმტარი შუშით იყო გარემოცული და „ოცნების" სხვა ლიდერებისაგან განსხვავებით, სცენაზე ცალკე, საგანგებოდ მისთვის მოწყობილი ტრიბუნიდან მიმართავდა მხარდამჭერებს.
როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ივანიშვილთან დაკავშირებით საქმეს იძიებს, ალბათ საჭიროდ ჩათვალეს უსაფრთხოების ზომები და „ოცნების" მხარდამჭერებიც ამას სწორედ ასე აღიქვამენ.
„ამას ყველა ინდივიდუალურად აღიქვამს, მაგრამ შეგახსენებთ, რომ მაგალითად, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამმპზე საჯარო თავდასხმა განხორციელდა მკვლელობის მიზნით, ისიც საჯარო გამოსვლებში კაბინის უკან დგას, რომ ნებისმიერი შემთხვევითობა გამორიცხული იყოს. იქიდან გამომდონარე, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ივანიშვილის მკვლელობისა და „ქართული ოცნების" სხვა ლიდერებზე თავდასმის მცდელობას იძიებს, ალბათ მათ მაინც საჭიროდ ჩათვალეს, რომ უსაფრხეობის ზომები ზედმეტი არ იქნებოდა.
„ასეთ მომატებულ უსაფრთხოების ზომებს მე ამას ვუკავშირებ, თორემ გვახსოვს, როცა წინა არჩევნების დროს ივანიშვილი საჯაროდ გამოდიოდა, მას არავითარი შეჯავშნული კედელი და სხვა დამცავი ზღუდეები არ იცავდა, მაგრამ ახლა ეტყობა წმინდა უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა დადგა.
„მხარდამჭერები მიიღებენ ისე, როგორც მომატებული უსაფრთცოების ზომებს, მაგრამ ყველა ინდივიდს ამა თუ იმ მოვლენასა თუ პროცესის მიმართ თავსებური აღქმა აქვს და როგორ და რანაირად აღიქვამენ, ამას არჩევნებზე ვნახავთ",- განაცხადა ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძეც ასევე ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევს უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას, რადგან ივანიშვილს, შესაძლოა, რეალურად ემუქრებოდეს საფრთხე.
„დაცვის ზომებში მის ამომრჩეველში ჩვეულებრივად აღიქმება. ივანიშვილს პრობლემები აქვს. რეალურად რომ ვთქვათ, ივანიშვილი სწორად იქცევა, როდესაც ასეთი დაცვით გამოდის. მას არცერთი მხრიდან გარანტია არ აქვს, ქვეყნის შიგნით არ ვლაპარაკობ, ვსაუბრობ ქვეყნის გარეთ. ის თავს დაუცველად გრძნობს, ვერავის ენდობა და მგონია, რომ ეს ყველაზე სწორი ნაბიჯია. ქვეყნის შიგნით არავის არ აწყობს, რომ მას რაიმე დაემართოს, მით უმეტეს მიტინგზე, ეს ვისაც აწყობს. გასაგებია - მას რუსების ეშინია და სხვა არავისი.
„აქ ნდობაზე არაა საქმე, ის ხომ ფაქტიურად ამომრჩეველთან არ ლაპარაკობს, ის თავის ელიტას ამშვიდებს და ცდილობს სახელისუფლებო ვერტიკალში მომუშავე ადამიანების და მათთან ერთად მყოფი ბიზნესმენების მხარდაჭრა შეინარჩუნოს. საშუალო და დაბალ რგოლში სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანები მშვენივრად ხედავენ ქვეყანაში რა ვითარებაა. ივანიშვილს უნდა ისინი დააჯეროს, რომ ჩვენ ისევ გავიმარჯვებთო, რომ ამათი ერთიანობა შეინარჩუნოს.
„როცა ხელისუფლება მილევად რეჟიმშია და რეიტინგს კარგავს, ჭკვიანი ბიზნესი სავარაუდო პარტნიორების ძებნას იწყებს. ეს ის ბიზნესია, რომელიც მუდამ ხელისუფლების მხარდაჭერას და ნდობის მოპოვებას ცდილობს. ივანიშვილს კი უნდა ეს ხალხი თავის ორბიტაზე შეინარჩუნოს. ეს ბიზნესმენები გრძნობენ, რომ „ოცნება" უკვე მილევად რეჟიმშია და ივანიშვილს მათი მხარდაჭერის იმედი აღარ აქვს. ამიტომ ეს ყველეფარი მათკენაა მიმართული", - განაცხადა ძაბირაძემ.