კურსკის ოლქში უკრაინის არმიის წარმატების ფონზე, რუსი სამხედრო ანალიტიკოსების ნაწილი ქვეყანაში ახალი „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების აუცილებლობაზე ალაპარაკდა. გამოიწვევს თუ არა ეს გასაწვევი ასაკის მამაკაცთა მორიგ მასიურ გადინებას რუსეთიდან და რუსი დევნილების ახალ ტალღას საქართველოში?
ეს პროცესი ნაწილობრივ შესაძლოა უკვე დაწყებულიცაა. ბოლო დღეებში საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტთან, მნიშნელოვნად გაიზარდა ავტომობილთა ნაკადი. თუმცა, ანალიტიკოსთა ნაწილი ამას საკურორტო სეზონს უფრო უკავშირებს.
კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს და ვიზების სისტემა აამუშაოს.
„ამ შემთხვევაში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების სისტემა უნდა აამუშაოს და ამის გარეშე საზღვარზე არ უნდა უშვებდეს. მაგრამ წინასწარ ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ ასე არ მოიქცევა. ვინც კი მოადგება საქართველოს, ყველას გაუღებს კარებს და ყველას შემოუშვებს“, - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
მსჯელობა მობილიზაციის მიზანშეწონილობაზე
რუსულ საზოგადოებაშიც ვრცელდება ხმები, რომ ახლო მომავალში შესაძლოა მობილიზაცია გამოცხადდეს და ახალგაზრდა მამაკაცებს ქვეყნიდან გასვლა აეკრძალოს.
ორშაბათს ამ საკითხზე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროშიც იყო საუბარი და ითქვა, რომ მობილიზაციის გამოცხადება აუცილებელი არ არის. ამის შესახებ განცხადება გააკეთა სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ანდრეი კარტაპოლოვმა. დეპუტატის თქმით, ფრონტზე საკმარისი მებრძოლები არიან.
კურსკის რეგიონში ბრძოლები 6 აგვისტოს დაიწყო. გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა რეგიონის სიღრმეში შეჩერებულია. თუმცა შემდგომ დღეებში მოვლენების განვითარებამ ცხადყო, რომ ეს ასე არ არის. უკრაინული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე დღესაც განაგრძობენ წინსვლას.
ორი დღის შემდეგ, 9 აგვისტოს, სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის წევრმა ვიქტორ სობოლევმა განცხადა, რომ რუსეთში ჯერ არ იქნება დამატებითი მობილიზაცია საჭირო და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.
თუმცა, რუსეთში ასეთი ოფიციალური განცხადებების მაინცდამაინც არ სჯერათ, რადგან წინა „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადებისას რუსეთის ოფიციალური პირები ბოლო წამამდე ამტკიცებდნენ, რომ მობილიზაცია არ იქნებოდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 7 აგვისტოს დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალექსეი ჟურავლევმა განაცხადა, რომ კურსკის რეგიონის სასაზღვრო რაიონებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შემდეგ, ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს სამობილიზაციო რეზერვის მომზადება.
„მინიმუმ უნდა მოვამზადოთ სამობილიზაციო რეზერვი, არა უკრაინასთან ომისთვის, არამედ დასავლეთთან დაპირისპირებისთვის“, - განაცხადა მან.
რა ხდება ლარსზე
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ რუსეთში ამჟამად მყოფმა გასაწვევი ასაკის მამაკაცებმა მასიურად სცადონ ქვეყნის დატოვება და მათი ნაწილი საქართველოსკენ წამოვიდეს.
თვითონ რუსებიც წერენ, რომ ბოლო ერთ კვირაში მნიშნელოვნად გაიზარდა რუსეთიდან საქართველოში გადასვლის მსურველთა რაოდენობა და ლარსზე გაჩნდა დიდი საცობები.
12 აგვისტოს შუადღის მონაცემებით, საზღვრის რუსულ მხარეს რიგში იდგა 1430 სატრანსპორტო საშუალება. ამის შესახებ ჩრდილო ოსეთის-ალანიის მთავრობის ვიცე-პრემიერმა ირბეკ ტომაევმა განაცხადა.
გარდა ამისა, ელექტრონულ რიგში 4,8 ათასზე მეტი სატვირთო მანქანაა.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი, 5-დან 11 აგვისტომდე, ზემო ლარსის გავლით საზღვარი ორივე მიმართულებით 30 ათასზე მეტმა ავტომანქანამ და 112 ათასმა ადამიანმა გადაკვეთა.
საქართველო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე იოლი მარშრუტი
პაატა ზაქარეიშვილის აზრით, სავსებით მოსალოდნელია რუსეთში საყოველთაო ან შეზღუდული მობილიზაცია დაიწყოს და ამას რუსი მოქალქეების საქართველოს მისამართით წამოსვლა აუცილებლად მოჰყვება.
„იმის მიხედვით, თუ როგორ განხორციელდება საომარი მოქმედებები კურსკში, მოსალოდნელია სხვადასხვა ვარიანტები, მათ შორის რუსეთში საყოველთაო ან შეზღუდული მობილიზაცია. ეს რუსულ საზოგადოებაში უკმაყოფილებას გამოიწვევს და რა თქმა უნდა, ამას დევნილების ახალი ტალღა მოჰყვება. ისინი ყველანაირად ეცდებიან ქვეყანა დატოვონ და ერთ-ერთი იოლი გზა საქართველოში ჩამოსვლაა, დროებით მაინც.
„დარწმუნებული ვარ რუსები ამას იზამენ, რადგან რაც შეიძლება სწრაფად, ვიზების გარეშე დატოვონ ქვეყანა. ასე რომ, ეს ვარიანტი საკმაოდ რეალისტურია და შესაბამისად, ანგარიშგასაწევია“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან“.
როგორი იყო პირველი ტალღა
2022 წლის 21 სექტემბერს, უკრაინაში ომის დაწყებიდან მე-7 თვეს, ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. გადაწყვეტილებას რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვში, საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის გამო რუსმა მოქალაქეებმა ქვეყნის მასობრივი დატოვება დაიწყეს, მათ შორის საქართველოს მიმართულებით.
მობილიზაციის გამოცხადებიდან პირველ სამ დღეში, როგორც რუსული მედია წერდა, ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან, რუსეთის მხარეს 2 000-მანქანიანი რიგი დადგა, რომლის სიგრძე დაახლოებით 10 კილომეტრი ან უფრო მეტი იყო. ამის გამო მოძრაობა ძალიან შენელელდა და რუსეთის ზოგიერთი მოქალაქე საზღვრის გადაკვეთას 20 საათზე მეტ ხანს ელოდებოდა.
ამასთან, ურსეთის დატოვების მსურველებს დამატებითი პრობლემა შეექმნათ იმის გამო, რომ გზებზე გაჩნდა რუს ძალოვანთა ბლოკ-საგუშაგოები და საქართველოს საზღვრისკენ მხოლოდ ადგილობრივი - ჩრდილოეთ ოსეთის სანომრე ნიშნების მქონე მანქანებს უშვებდნენ. ამის გამო მოქალაქეთა ნაწილი პირდაპირ გზის პირას ტოვებდა თავის მანქანებს და საქართველოს საზღვრისკენ ფეხით, სკუტერით და ველოსიპედით მიემართებოდა.