ნატალია ჯვარიძე
25.07.2024

ოკუპირვებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა „აპარტამენტების კანონი" უკან გაიწვია. გასულ კვირას კანონი პირველი მოსმენით მიიღეს, რასაც ფართომასშტაბიანი გამოსვლები და დაპირისპირება მოჰყვა. გადწყვეტილება მიღებულია დაძაბულობის მოხსნისა და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აღნიშნულ კანონპროექტს მოგვიანებით ისევ დააბრუნებენ.

კანონი ითვალისწინებს აპარტამენტების მშენებლობას უცხოელი, ცხადია - რუსი ინვესტორების მიერ გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონებში. ამას მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ეწინააღმდეგება, ისინი შიშობენ, რომ უძრავ ქონებას რუსეთის მოქალაქეები ჩაიგდებენ ხელში. აპარტოტელებისა და აპარტამენტების მშენებლობა 150 ჰექტარ ფართობზე იგეგმება, პროექტი მოიცავს მინიმუმ 10 ათასი ნომრის მშენებლობას.

კავკასიის საკითხებში ექსპერტის მამუკა არეშიძის პროგნოზით, რუსეთი ბოლოს მაინც თავისას გაიტანს და ეს საკითხი დღის წესრიგში ისევ დადგება.

„შეიძლება ითქვას, რომ ეს ქარიშხალია ჭიქაში, რადგან რუსები მაინც თავისას გაიტანენ. რასაკვირველია, ეს დღის წესრიგში ისევ დადგება".

კანონპროექტმა, რომლის სახელწოდება იყო „ოჩამჩირის, ტყვარჩელის და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ზომების შესახებ", აფხაზეთში საპროტესტო აქციები გამოიწვია. დე ფაქტო ხელისუფლების ოპონენტები აცხადებდნენ, რომ კანონის მიღება იქნებოდა „სახელმწიფოებრიობის საფუძველში ჩადებული დემოგრაფიული ნაღმი".

19 ივლისს საზოგადოებრივი შეკრება და ხალხმრავალი აქცია ოჩამჩირეში გაიმართა. „რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, აქციის მონაწილეები „დეპუტატების" ხალხთან გამოსვლას უშედეგოდ ითხოვდნენ. ამას გარდა, პოლიციასთან რამდენიმე შეტაკება მოხდა.

„ხალხი, რომელიც ალტერნატიული აზრის გამოსახატავად პარლამენტში გამოსვლას ითხოვდა, არ დაუშვეს. აფხაზური ერის ზურგს უკან ისეთი კანონებს მიღებას ცდილობენ, რომლებიც აფხაზური სახელმწიფო განადგურებას ისახავენ მიზნად", - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა „დეპუტატმა" ლეონიდ ჩამაგუამ.

საპროტესტო აქციების მონაწილეები ლაპარაკობენდნენ წითელ ხაზზე, რომლის იქითაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გაქრობის საფრთხეს ხედავენ.

მოწინააღმდეგეები იმასაც ამბობენ, რომ ეს არის რედაქტირებული, ძველი კანონპროექტი, რომლის გატანასაც ბჟანიას გუნდი შარშანაც ცდილობდა, მაგრამ ხალხის ზეწოლის გამო ვერ შეძლო.

გამოცემა „ეხო კავკაზას" ცნობით, ე.წ. აპარტამენტების კანონპროექტი თავად ინიციატორმა დეპუტატებმა გაიწვიეს. წარმოებიდან პროექტის მოხსნის დოკუმენტს ხელი მოაწერა დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ ლაშა აშუბამ. კანონპროექტი სამი დეპუტატის - გერმან კაჭარავას, ასლან აკაბასა და ბესლან ემურხბას მიერ იყო ინიცირებული.

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის პრესსამსახურის თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულია დაძაბულობის მოხსნის, სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით და საზოგადოების აზრის გათვალისწინებით.

მამუკა არეშიძის შეფასებით, სოხუმის მთავრობამ კანონი გაიწვია, რადგან მდგომარეობა ძალიან დაიძაბა და კინაღამ ხალხი პარლამენტშიც კი შეიჭრნენ. როგორც იგი აღნიშნავს, „ხელისუფლება" თვალთმაქცურად ყველანაირად ცდილობს, რომ აღნიშნული კანონი ისევ დააბრუნონ.

„აღნიშნული კანონპროექტი გაიწვეს იმიტომ, რომ საზოგადოებრივი დაძაბულობა ძალიან მაღალი იყო და საერთოდ ხალხი კინაღამ პარლამენტში შეიჭრა. ერთი მხრივ, პრეზიდენტსა და საზოგადოებას შორის ძალიან გამწვავდა ურთიერთობა და მეორე, თვითონ ე.წ. პარლამენტში დაიძაბა სიტუაცია, რადგან არიან გარკვეული დეპუტატები, რომლებსაც კანონის ამ ფორმით მიღება არ უნდათ, ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ. მოსახლეობას კი საერთოდ არ სურს.

„ოპოზიცია, რომელიც საზოგადოების პროტესტებს სათავეში უდგას, ერთ დროს თვითონ იყო ხელისუფლებაში და სწორედ ამ კანონის მიღება-არმიღებას შეეწირა. ახლა პირიქით, ეს ოპოზიცია არის ამ მთავრობის წინააღმდეგ. როგორც აღვნიშნე, ეს ყველაფერი აფხაზებს შორის ხდება, იქ მაცხოვრებელი დანარჩენი საზოგადოება ამ აქტიურობაში ნაკლებად მონაწილეობს, თუმცა გამონაკლისია რამდენიმე სომეხი დეპუტატი, რომლებიც პარლამენტში არიან და ერთ-ერთი მათგანი ამ კანონის აქტიური წინააღმდეგიცაა.

„ერთი წლის წინ პირველად შემოიტანეს და საზოგადოებრივი მღელვარების გამო უკან გაიწვიეს, ოღონდ საერთოდ კი არა, დასახვეწად, ანუ შესწორება შეიტანეს და ახლა დააბრუნეს. ეს შესწორება გულისხმობდა იმას, რომ ეს აპარტამენტები საკურორტო ზონაში კი არ უნდა აშენდესო, არამედ აღმოსავლეთ აფხაზეთში, ანუ ძირითადად გალსა და ტყვარჩელში. ვისაც ამ ბინების გაშენება უნდა, სულ არ აინტერესებს გალი და ოჩამჩირე. მოკლედ, ძალიან არეული სიტუაციაა. აფხაზების დიდ ნაწილს ამ პროექტის განხორციელება საერთოდ არ უნდა. მთავრობა კი ცდილობს, რომ როგორმე თვალთმაქცურად შესწორება ძალაში დატოვოს, რომელიც მხოლოდ აღმოსავლეთ აფხაზეთში გულისხმობს ამ მშენებლობებს, თუმცა მოსკოვში ასე არ თვლიან", - განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×