„მსჯელობაზურაბიშვილზე უფრო რეალისტურია, ივანიშვილზე კი მხოლოდ ჰიპოთეზების წამოყენება შეიძლება"
თამთა ჩაჩანიძე
25.07.2024

სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის პირველი ვადა დეკემბერში ეწურება, 2024 წლიდან კი, საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტს ღია კენჭისყრით ირჩევს 300- კაციანი საარჩევნო კოლეგია და არა საქართველოს მოსახლეობა პირდაპირი წესით. ეს ცვლილებები 2017 წელს შევიდა. კენჭისყრამდე ექვსი თვით ადრე, პოლიტიკურ დღის წესრიგში ახალი კითხვა ჩნდება თუ ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი როგორც „ქართული ოცნების", ისე ოპოზიცის მხრიდან. თუმცა მანამდე, ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებია, მის შედეგებს კი მნიშვნელოვანი გავლენა ექნება საპრეზიდენტო არჩევნებზეც.

„ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ თუ პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრეზიდენტობას გადაწყვეტს, „საქართველოს ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი იქნება". ოპოზიციის ნაწილი კი მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ღიად უჭერს მხარს, უნდა ითქვას, რომ არც ბიძინა ივანიშვილისგან და არც ზურაბიშვილისგან დადასტურებული არაა, იღებენ თუ არა მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში.

ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ „ოცნების" მხრიდან ივანიშვილის კანდიდატურაზე საუბარი უფრო საპარლამენტო არჩევნების კამპანიას უკავშირდება, ვიდრე რეალურ სურვილს. ნაწილი ანალიტიკოსებისა კი მიიჩნევს, იმის პერსპექტივა, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი გახდეს, არ ჩანს.

პრეზიდენტობის რომელ შესაძლო კანდიდატურებზე საუბრობენ

პრეზიდენტობის არჩევნებს ახალი წესითაც ცესკო უზრუნველჰყოფს, 300 კაციანი კოლეგია პრეზიდენტს 5 წლის ვადით ირჩევს, კოლეგიის შემადგენლობაში შედიან - საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. სხვა წევრებს საკრებულოების შემადგენლობიდან ასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები. პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს. საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეუძლია მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას.

უმრავლესობის დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ თუ ოპოზიციის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იქნება, „ოცნებას" მისი დამარცხება გაუადვილდება.

„ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის გამორჩეული, ერთგული მოქალაქე, რომელიც გვერდში უდგას ქართველ ხალს და ქართულ სახელმწიფოს, განსხვავებით არათუ სალომე ზურაბიშვილისგან, არამედ ამ ოპოზიციური სპექტრისგან, რომლებიც არათანმიმდევრულები არიან. მე კიდევ ერთხელ ვეუბნები ოპოზიციას - თუ მათი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იქნება, კიდევ უფრო გაგვიადვილდება მათი დამარცხება", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ასე უპასუხა, რომ თუ ივანიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას და მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება, მისი არჩევის შემთხვევაში, ის „საქართველოს ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი იქნება."

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, როგორც იუსტიციის მინისტრი აცხადებს, მმართველი პარტია „შთამბეჭდავ გამარჯვებას გეგმავს".

„ქართული ოცნება" არჩევნებზე გეგმავს შთამბეჭდავ გამარჯვებას. რა შანსი აქვს ოპოზიციას, ეს, რა თქმა უნდა, ამომრჩევლის გადასაწყვეტია, თუმცა მათი ქმედებებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მათი შანსი არის მინიმალური. მათი მაქსიმუმი არის საარჩევნო ბარიერის გადალახვა, ისიც ვფიქრობ, რომ ძალიან გაუჭირდებათ",- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ვის რა შანსი აქვს

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ „ქართულ ოცნებაში" ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურაზე იყოს მსჯელობა, თუმცა ამაზე საუბარი მხოლოდ ვარაუდების დონეზე შეიძლება. რაც შეეხება ზურაბიშვილს, მისი აზრით, მეორე ვადით პრეზიდენტობა თავად ზურაბიშვილსაც აშკარად სურს, თუმცა ბოლო პერიოდში ოპოზიცია ორჭოფობს მის კანდიდატურაზე.

„მსჯელობა სალომე ზურაბიშვილზე უფრო რეალისტურია, ბიძინა ივანიშვილზე კი მხოლოდ ჰიპოთეზების და ვარაუდების წამოყენება შეიძლება. ჩემი დაკვირვებით, ბოლო პერიოდში, ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის საკითხს ისე ენთუზიაზმით აღარ ეკიდება. ყოველ შემთხვევაში, თავს იკავებენ იმის ცალსახად გაცხადებისგან, რომ ზურაბიშვილი მათი კანდიდატი იქნება. თუმცაღა ცალკეული ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ ის მათთვის საურველი იქნებოდა.

„ზურაბიშვილის ქარტიის ხემომწერი პარტიები, ერთხმად კამერების წინ რომ გამოსულიყვნენ და ეთქვათ, რომ ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიაო, ეს სერიოზული განაცხადი იქნებოდა იმის შესახებ, რომ მას რეალურად მხარს უჭერენ. ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა. ოპოზოციური პარტიების რამდენიმე ლიდერის ტელეინტერვიუს ვადევნე თვალი და ერთ-ერთ მათგანს ვერანაირად ვერ დააცდევინეს, უჭერს თუ არა მისი პარტია მხარს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას პრეზიდენტობაზე.

„ამავე დროს, ვხედავთ, რომ სალომე ზურაბიშვილი აქტიურად ცდილობს საკუთარი თავი შესთავაზოს თუ მოახვიოს ოპოზიციას, როგორც მეორე ვადით პრეზიდენტი, მაგრამ ის პროცესები და მოქმედებები, რასაც ოპოზიციურ ფლანგზე ვხედავთ, არ მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურაზეა ჩამოყალიბებული. მეორეს მხრივ, ოპოზიციას კანდიდატზე შეთანხმება მაინც მოუწევს, იქნება ეს სალომე ზურაბიშვილი თუ სხვა. ბრიუსელის დეკლარაციაში შავით თეთრზე წერია ერთ-ერთი პუნქტი, რომ ხელმომწერი პარტიები პრეზიდენტიბის ერთიან კანდიდატზე უნდა შეთანხმდნენ. იქ სახელი და გვარი მითითებული არაა, მაგრამ დიდი ლბათობით, იგულისხმება, რომ ეს სალომე ზურაბიშვილი იქნება. ვნახოთ არჩევნებამზე ოპიზიციური პარტიების პოზიციების ჩამოყალიბება როგორ მოხდება ზურაბიშვილის გარშემო.

„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს,არ გამოვრიცხავ იმას, რომ „ქართულ ოცნებაში" ამაზე საუბარი მსჯელობის დონეზე მიდიოდეს, მაგრამ სხვა რაიმე კონკრეტულის თქმა არ შემიძლია", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას" დღეს ივანიშვილის ხსენება უფრო საპარლამენტო არჩევნებისთვის აწყობს, ვიდრე საპრეზიდენტო, რადგან თავად ივანიშვილს შეზღუდული უფლებებისა და სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, პრეზიდენტობა შეიძლება მიუღებელიც იყოს. ამბობს, რომ ზურაბიშვილი მეორე ვადით არჩევას დათანხმდება და თუ ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, ეს უფრო რეალური გახდება.

„დღეს „ქართულ ოცნებას" შესაძლოა ივანიშვილის ხსენება უფრო საპარლამენტო არჩევნებისთვის უნდოდეს, ვიდრე საპრეზიდენტო. იმ შემთხვევაშიც თუ „ოცნება" გაიმარჯვებს, დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი პრეზიდენტობაზე არ წავა და ამ ნაბიჯს არ გადადგამს, თუ მას ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა, მაშინ ის სხვაგვარად დაბრუნდება, რეალური ძალაუფლების მქონე იქნება და არა პრეზიდენტი შეზღუდული უფლებებით.

„დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება" ამ თემის გათამაშებით (კარგი იქნება თუ ივანიშვილი პრეზიდენტი იქნებაო და ა.შ.) წინასაარჩევნოდ ერთგვარ ეიფორიას ქმნის. თუმცაღა ჩემი აზრით, ივანიშვილი ყავლგასული პოლიტიკური ფიგურაა და „ქართული ოცნების" გარდა, სხვას არავის აინტერესებს მისი არც გამოყენება და არც მხარდაჭრა.

„რაც შეეხება ზურაბიშვილის, რა თქმა უნდა, ის პრეზიდენტობას დათანხმდება და თუ ოპოზიცია არჩევნებში გაიმარჯვებს და ერთიანი იქნება, ალბათ რეალური კანდიდატურა ზურაბიშვილია. იგივე ზურაბიშვილის „ქართულ ქარტიაში" ფაქტიურად ამაზეა მინიშნება. ზურაბიშვილი თანახმა იქნება, რომ მეორე ვადით იყაროს კენჭი, ვნახოთ ოპოზიცური რგოლები როგორ გადანაწილდება.

„ზოგადად არჩევნებამდე პოლიტიკური ვითარება არის ერთი, არჩევნების შემდეგ კი სულ სხვა იქნება, იქ რაღაცეების გადათამაშება ხდება-ხოლმე, თუმცა ზურაბიშვილი მეორე ვადაზე უარზე არ იქნება. ივანიშვილი კი, დარწმუნებული ვარ, უარზე იქნება, მას არანაირი პრეზიდენტობა და ოფიციალური რაღაცეები არ უნდა. მშვენივრად, კომფორტულად გრძნობს თავს, ის პრეზიდენტზე და პრემიერზე მაღლა დგას, ვიზიტები და შეხვედრები რად უნდა, არ ვიცი, მისთვის არაფრისმომტანია", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×