თამთა ჩაჩანიძე
24.07.2024

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა, მთავარი გზავნილები კი „გავლენების კანონის" გაწვევა და სამართლიანი არჩევნების ჩატარება იყო. კონგრესმენების მხრიდან ისმოდა „ქართული ოცნების" მისამართით მწვავე კრიტიკა, რასაც მმართველმა პარტიამ უპასუხა - პრემიერ ირაკლი კობახიძის თქმით, მომავალი წლიდან ქართულ-ამერიკული ურთიერთობები „ძველ რელსებს დაუბრუნდება".

როგორც ოპოზიცია ამბობს, „ქართული ოცნება" ფსონს აშშ-ს ექსპრეზიდენტ და პრეზიდენტობის მოქმედ კანდიდატ დონალდ ტრამპის გამარჯვებაზე დებს, თუმცა, მოსმენაზე თავად ტრამპის მხარდამჭერი რესპუბლიკელი კონგრესმენები აკრიტიკებდნენ. მათი თქმით, მოსმენა აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „არის განაჩენი ივანიშვილის პარტიისთვის".

წარმომადგენელთა პალატაში საქართველოსა და მოლდოვის შესახებ მოსმენა 23 ივლისს გაიმართა, კანონმდებლებმა მოუსმინეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მაღალჩინოსნებს.

ანალიტიკოსთა შეფასებები

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამერიკელებს თავად აქვთ ქვეყანაში „მძიმე სიტუაცია" და საქართველოზე დებატები, მისი აზრით, უადგილო იყო. ამბობს, რომ სიტუაცია გლობალურად მნიშვნელოვნად იცვლება, რის შემდეგაც „ყველაფერი თავის ადგილზე დადგება".

„ამერიკელებს დღეს ისეთი მძიმე სიტუაცია აქვთ, რომ ურჩევნიათ საკუთარ ქვეყანას მიხედონ, რადგან სხვა ქვეყნებში ჩარევამ და ცხვირის ჩაყოფამ, მათ ძალიან ცუდი შედეგები მოუტანა. სახეზე გვაქვს ავღანეთი და უკრაინა. როდესაც მოგვიწოდებენ არჩევნები კარგად ჩაატარეთო, ჩვენ არ გვავიწყდება კონგრესსა და სენატში ორი არჩეული გარდაცვლილი - წინა არჩევნებზე ასეთი შემთხვევა იყო.

„ასევე არ გვავიწყდება გაყალბებული წინა საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის შესახებაც თავადაც აცხადებენ. ამიტომ ნათქვამია,რომ ყველამ თავის მამიდას მიხედოსო. ახლა სიტუაცია მნიშვნელოვნად იცვლება, ეს ომი დამთავრდება, რის შემდეგაც ძალთა თანაფარდობა გადანაწილდება და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

„ამიტომ ეს რაღაც საგანგაშოდ არ მიმაჩნია, აგერ უკვე ოთხი წელია ტირიან და ყვირიან, ეს ქვეყნის შინაურ საქმეებში ჩარევაა. მათ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურთ, ჩვენთან ხალხს კი იმ ოპოზიციის დანახვა არ სურს, რომელიც უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ომში ჩართვისაკენ მოუწოდებდა, ამით კი ყველაფერია ნათქვამი.

„ქართული ოცნების" პასუხი ნორმალურია, მას ეს პასუხები და მომავალი რომ გათვლილი აქვს, ამის დასტურია ის, რომ 2022 წლიდან დღევანდელ დღემდე მშვიდობით მოვედით. მეტიც, 2012 წლიდან, რაც „ოცნება" ხელისუფლებაშია, საქართველოს ომი არ ჰქონია",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნება" ფსონს ტრამპის გამარჯვებაზე დებს, თუმცა რომც გაიმარჯვოს, საეჭვოა რესპუბლიკელებმა „ხალხის ძალას" და მასთან კოალიციაში მყოფ „ქართულ ოცნებას" დაუჭირონ მხარი.

„ოცნება" საარჩევნო მარათონში ერთვება და გასაგებია არ უნდა, რომ დაკარგოს ის ამომრჩეველი, რომელიც მის ელექტორატს ეკუთვნის და პროდასავლური ორიენტაციისაა, ეს წმინდა პოლიტიკური მაქინაციებია. როგორ შეიძლება ილაპარაკო აშშ-სთან ურთიერთობების დალაგებაზე, როცა გყავს „ხალხის ძალა", რომელიც ანტიამერიკული და ანტიდასავლურია?!

„ტრამპმაც რომ გაიმარჯვოს, არა მგონია რესპუბლიკელებმა ისეთ პოლიტიკურ პარტიას დაუჭიროს მხარი, როგორიც „ხალხის ძალაა", რომელთან კოალიციაში „ოცნებაა". ორბანიც და სლოვაკეთის მმართველი პოლიტიკური ძალაც კი არ აკეთებენ ასეთ განცხადებებს, რასაც ეს ორი პარტია აკეთებს.

„გასაგებია, რომ პროდასავლური ორიენტაციის მხარდამჭერების დაკარგვის ეშინიათ, რომლებიც სერიოზულ ნაწილს წარმოადგენენ. გასულ არჩევნებზე „ოცნების" გამარჯვებას იმან შეუწყო ხელი, რომ პროდასავლური ლოზუნგებით გამოდიოდა. ახლა კი მათი კამპანია საბჭოთა კავშირის ლოზუნგებს მაგონებს და სერიოზული დილემის წინაშეა.

„მიკვირს რატომ ამყარებენ იმედებს ტრამპის გამარჯვებაზე, მის წინასაარჩევნო კამპანიაში არანაირი მხარდაჭერა არ გამოუხატავთ, მათ შორის არც ფინანსური. ორბანი და ფიცო ტრამპს დაელაპარაკნენ, ფინანსური დაუჭირეს მხარი, რისი იმედი აქვთ „ოცნების" წარმომადგენლებს არ ვიცი. როგორც ჩანს, ტრამპთან ახლო ურთიერთობა არ აქვთ და ფსიქოლოგიურ ტრიუკს იყენებენ, რომ ამომრჩევლები დააჯერონ",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

რა გზავნილები აქვს კონგრესს და როგორ ეხმიანებიან თბილისში

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ჯოშუა ჰაკმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე განაცხადა,საქართველოს მთავრობა მკვეთრად უხვევს ქვეყნის დემოკრატიული ტრაექტორიიდან, "უცხოური გავლენების" კანონი კი ანტიდემოკრატიული გადახვევის სიმბოლოა.

"ეს მოსმენა უკიდურესად მნიშვნელოვან დროს ტარდება, როგორც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, ასევე, საქართველოს სამომავლო დემოკრატიისთვისაც.საქართველოს მთავრობა მკვეთრად უხვევს ქვეყნის დემოკრატიული ტრაექტორიიდან და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და აშშ-სთან ურთიერთობებს რისკის ქვეშ აყენებს. მან მიიღო არადემოკრატიული კანონპროექტები, სამოქალაქო საზოგადოების დემონიზება მოახდინა, დეზინფორმაცია და რიტორიკული თავდასხმები დაიწყო აშშ-სა და ევროპელი პარტნიორების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს ათწლეულების განმავლობაში უჭერდნენ მხარს.

"უცხოური გავლენების" კანონი, რომელიც მმართველმა პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ" 28 მაისს მიიღო, ამ ანტიდემოკრატიული გადახვევის სიმბოლოა. ეს კანონი, რომელიც რუსეთში მიღებული კანონის ანარეკლია, შექმნილია კრიტიკული ხმების გასაჩუმებლად, დამოუკიდებელი არასამთავრობო აქტივისტებისა და ჟურნალისტების "გაშავებისთვის" და საქართველოს ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოების შიშით დამორჩილებისთვის.

„ბოლო თვეების განმავლობაში სახელმწიფო დეპარტამენტი ყველა დონეზე იყო ჩართული, რათა ქართველი ხალხისთვის ნათელი გაეხადა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მათი დემოკრატიული ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, ამავდროულად ნათლად ვეუბნებოდით საქართველოს მთავრობას, რომ ის არასწორი მიმართულებით მიემართებოდა", - განაცხადა ჰაკმა.

"რესპუბლიკელმა" კონგრესმენმა, ტომ კინმა კი განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" ლიდერის მუქარა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ კარგად შეესაბამებოდა უხეირო დიქტატორს და არა აშშ-ის ახლო პარტნიორს - ოქტომბერში არის იმედის ადგილი საქართველოშიც და მოლდოვაშიც".

კონგრესმენი ამბობს, რომ„მოუთმენლად ელის, როგორ უპასუხებს ქართველი ხალხი მთავრობის ქმედებებს ოქტომბრის კრიტიკულად მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებზე". დასძინა, რომ ოქტომბერში იმედი არის, როგორც საქართველოში, ასევე მოლდოვაში, რადგან მოსახლეობას საკუთარი ქვეყნების კრემლის სურვილებისთვის კიდევ ერთხელ დამორჩილება არ სურს.

კინის განცხადებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, არავითარი საფუძველი არ აქვს კრიტიკას, რომელიც კონგრესში მოვისმინეთ. ამბობს, რომ საბოლოოდ, ყველაფერი გადაიხედება და მომავალი წლიდან ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ძველ რელსებს დაუბრუნდება.

"დარწმუნებული ვარ, ვიდრე კონგრესმენმა კინმა ქართული კანონი რუსულად გამოაცხადა, ჯერ ქართული კანონი წაიკითხა ზედმიწევნით, მუხლობრივად, შემდეგ რუსული კანონი, შეადარა დეტალურად და ამის შემდეგ გააკეთა შეფასება. ეს, რა თქმა უნდა, მცირე ირონიაა. რეალურად, როდესაც ასეთი ორკესტრირებული შეფასებები მოვისმინეთ კონგრესში, მიანიშნებს, რომ ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული პრაგმატული პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით. ვიხილეთ უსამართლო თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე.

„კარგად მოგეხსენებათ, არავითარი საფუძველი არ აქვს იმ ე.წ. კრიტიკას, რომელიც მოვისმინეთ კონგრესში. აშკარაა, რომ კონკრეტულ ძალებს ჯერ კიდევ აქვთ საქართველოს მიმართ კონკრეტული ინტერესები, ისეთი, რომელიც ეროვნულ ინტერესს არ მიესადაგება. ეს სამწუხაროა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, მაქსიმუმ 1 წელში, შესაძლოა 6 თვეშიც ურთიერთობები სერიოზულად გადაიხედება, როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში.

„იქამდე იქნება განსხვავებული ინტერესები, ეროვნულ ინტერესებს აცდენილი. საბოლოოდ, ყველაფერი გადაიხედება და მომავალი წლიდან ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დაუბრუნდება იმ რელსებს, რომელსაც მანამდე ვიყავით მიჩვეული", - აღნიშნა პრემიერმა.

რაც შეეხება კონგრესმენის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ის აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" ლიდერის მუქარა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ კარგად შეესაბამებოდა უხეირო დიქტატორს და არა აშშ-ის ახლო პარტნიორს", პრემიერმა აღნიშნა, რომ თავად ეს განცხადებაა "უხეირო".

"ის განცხადება არის უხეირო, სადაც ეს სიტყვა იყო ნახსენები. ყველაფერი მიანიშნებს, რომ კონკრეტულ ძალებში ისტერიკაა, რომელთაც საქართველოშიმეორე ფრონტი სურდათ და ვერ მიაღწიეს. რევოლუციის მოწყობის ორი მცდელობა იყო. გახსოვთ, რამდენი რამ გააფუჭა ამერიკის წინა ელჩმა, ევროკავშირის წინა ელჩთან ერთად. ამ პირობებში, თუ ვინმე უნდა ზრუნავდეს და ხელეწიფებოდეს ურთიერთობების გადატვირთვა, სწორედ მეორე მხარეა - ამერიკის შეერთებული შტატები. როდესაც ვხედავთ რევოლუციის მოწყობის ორ მცდელობას "ენჯეოების"

„პირდაპირი მონაწილეობით და ამ პირობებში აპროტესტებ "ენჯეოების" გამჭვირვალობას, ლოგიკური დასკვნა ჩნდება, რომ ვიღაცას უნდა "ენჯეოების" ხელით რევოლუციის მესამედ მოწყობის მცდელობა. სწორი და სამართლიანი იქნებოდა, ნაცვლად სხვა თემებზე საუბრისას ურთიერთობების გადატვირთვაზე ვისაუბროთ", - აღნიშნა პრემიერმა.

ენმ-ის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს, გრძელვადიანი დამკვირვებლების გამოგზავნით საქართველოში, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში ქართველი ხალხის სურვილი ასრულდეს. 23 ივლისის მოსმენა კი „ოცნებისთვის" განაჩენია.

„გუშინდელი მოსმენა აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, განაჩენია ივანიშვილის პარტიისთვის, რომელსაც „დემოკრატი" და „რესპუბლიკელი" - ვიმეორებ -„რესპუბლიკელი", დონალდ ტრამპის მხარდამჭერი კონგრესმენები მოიხსენიებდნენ პრორუსულ, პუტინისტ, კორუმპირებულ და ვერშემდგარ დიქტატორად.

იქნება ეს „მეგობარი აქტის" ავტორი კონგრესმენი ჯო უილსონი, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ტომას კინი, თუ კონგრესის სხვა წევრები, მათ შორის „რესპუბლიკელები", რომლებიც, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, სწორედ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები არიან, უკიდურესად მწვავედ აფასებენ ივანიშვილის მცდელობას, რომ ქართველ ხალხს წაართვას ევროატლანტიკური არჩევანი.

„ივანიშვილის რუსეთთან დაახლოების და დემოკრატიული უკუსვლის პოლიტიკასთან ერთად, კონგრესის წევრებმა მწვავედ გააკრიტიკეს ივანიშვილის ხელისუფლების გადაწყვეტილება, ჩინეთის სახელმწიფო კომპანიების კონსორციუმისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გადაცემა.მაშინ, როდესაც სწორედ ივანიშვილის ხელისუფლებამ, პრეზიდენტი ტრამპის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს პირდაპირი გაფრთხილებების მოუხედავად, განდევნა ამერიკელი ინვესტორები და ისინი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ჩინური კომპანიებით ჩაანაცვლა.

„კონგრესის წევრებმა, ასევე ხაზი გაუსვეს ივანიშვილის და მისი გარემოცვის სანქცირების გაგრძელების აუცილებლობას, რაზეც სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ჯოშ ჰაკმა, რომელიც ცოტა ხნის წინ თან ახლდა ჯიმ ობრაიანს საქართველოში და რომელსაც მათ შორიც მეც პირადად შევხვდი, განაცხადა, რომ სავიზო შეზღუდვებთან ერთად აქტიურად განიხილება ფინანსური სანქციები ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ , როგორც პირების, რომლებიც ქართულ დემოკრატიას და ევროპულ მომავალს ძირს უთხრიან.

„როგორც ჯოშ ჰაკმა განმარტა - არჩევანი ახლა ქართველ ხალხზეა - 26 ოქტომბერს აირჩევენ ანტიდასავლურ ივანიშვილის ხელისუფლებას, რომლის პირობებშიც საქართველოს არ აქვს ევროატლანტიკური პერსპექტივა, თუ საკუთარი არჩევანით გადაარჩენენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს.

„ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს, მათ შორის გრძელვადიანი დამკვირვებლების გამოგზავნით საქართველოში, იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ნება და თავისუფალი არჩევანი აისახოს საარჩევნო შედეგზე, მაგრამ მთავარი საქმე ჩვენი გასაკეთებელია - საქართველოს მოქალაქეების, რომლებმაც შეუპოვარი ერთიანობით უნდა შევცვალოთ ივანიშვილის პრორუსული, ანტიდასავლური ხელისუფლება და დავიბრუნოთ ევროატლანტიკური პერსპექტივა. ჩვენი ერთიანობით და თანმიმდევრულობით, მჯერა, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის არჩევანი სწორედ ეს იქნება", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×