თამთა ჩაჩანიძე
24.07.2024

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხმაურიან განცხადებას ავცრელებს, უწყების ინფორმაციით, „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მკლველობა მზადდებოდა, რომლის ფარგლებშიც იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, „ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს".

აღნიშნულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოში ტერორისტული თავდასხმების საფრთხე არსებობს. ოპოზიციას კი ქართული ფილმის სცენარი ახსენდება და ამბობს, რომ ეს ხალხის დაშინებას ემსახურება და უფრო „შეთქმულების თეორიებს" ეფუძნება.

სუს-ის ცნობით, ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა. აღნიშნულია, რომ საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში მათი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით დაბარება.

„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს. ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.

„სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში დაბარება მათი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით", - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

ანალიტიკოსთა შეფასებები

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სავარაუდო ქმედებებს წინ უძღვოდა ინტერნეტ სივრციდან საჯარო მოწოდებები, თუმცა სპეცსამსახურები არა ამ ინფორმაციას, არამედ მრავალმხრივ სამხილებს ეყრდნობიან.

„საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ რამდენიმე თვის წინ ამ სავარაუდო ქმედებებს წინ უზღვოდა ინტერნეტ სივრციდან ღია და აშკარა მოწოდებები ცალკეული ქართველი მებრძოლების მხრიდან, რომ ისინი უკრაინაში მობილიზაციას მოახდენდნენ, საქართველოში მძიმე ტექნიკას შემოიყვანდნენ ე.წ. რუსული ხელისუფლების ჩამოსაგდებად და ა.შ. ეს ციფრულ არქივებში ინახება.

„ჩვენ ასევე გვახსოვს ფარისეველი და მრავალსტანდარტიანი ოლექსი არესტოვიჩის მუქარაც, როცა ის უკრაინაში თანამდებობაზე იყო, რომ საქართველოში სამხედრო ძალასაც კი გამოიყენებდნენ, ეს ყველაფერი შენახულია და საჯარო სივრცეშია, ინტერნეტში. თუმცაღა ცხადია სპეციალური სამსახურები ამ განცხადებებს არ ეყრდნობიან და ეყრდნობიან მრავალმხრივ სამხილებს, ოპერატიულ-ტექნიკურ მასალებს და ა.შ. შესაბამისად გამოძიებაც მიმდინარეობს.

„აქ საეჭვო კიდევ ისიცაა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ეჭვმიტანილთა ადვოკატები და დესტრუქციული ნაცმედია, ამ კონკრეტულ საქმეზე არაფერს ამბობდა და ამ ქეისებს წარმოაჩენდა, თითქოს კონკრეტული ეჭვმიტანილები უკრაინაში ბრძოლის გამო ისჯებოდნენ",- განაცხადა აბაშიძემ.

კითხვაზე, თუ ეს სავარაუდოდ ოპოზიციის სასარგებლოდ კეთდებოდა, რაში აწყობდა თავად ოპოზიციას, აბაშიძემ გვითხრა:

„გავიხსენოთ რამდენიმე ხნის წინ ინტერნეტში მოხვედრილი აუდიოჩანაწერი, რომლის ავტენტიკურობა ჩართულ მხარეებს არ უარყვიათ, ეს თემურ ალასანიასა და გუბაზ სანიკიძის სატელეფონო თუ რაღაც საუბარი იყო, რომელიც ციფრულად იქნა ჩაწერილი. სადაც სააკაშვილის ბიძა ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის გასანადგურებლად მზადაა, რომ სნაიპერის დასაქირავებლად დიდძალი თანხა გამოყოს.

„ჩვენ არაერთი მუქარა გვახსოვს, მაგრამ მუქარებისა და მოწოდებების გამო, ამგვარ მძიმე დანაშაულებზე სისხლის სამართლის საქმე არ აღიძვრება. როცა საკმარისი რაოდენობის სამხილები და ოპერატიული მასალა არსებობს, გამოძიება მაშინ იწყება. დავაკვირდეთ ეს გამოძიება და პროცესები როგორ დაიწყო - საკმაოდ ცივილიზებულად, სუს-ში და სასამართლოზე გამოკითხვაზე დაბარებით და ეს რაღაც შოუ არ იყო, რომელსაც მერაბიშვილი, ახალაია და ადეიშვილი თავის დროზე აწყობდნენ, ნიღბიანი შეიარაღებული ადამიანებით ძალის დემონსტირებით და ა.შ.

„ეს ისე მოხდა, როგორც სტანდარტულ ევროპულ პროცედურებს შეესაბამება, ამაში ქართულ მართლმსაჯულებას და მით უმეტეს ქართველ სპეცსამსახურებს ვერავინ შეედავება. დარწმუნებული ვარ, ამ საქმეს ბოლომდე მიიყვენან და ძალიან ბევრი ადამიანი სახტად დარჩება. შესაძლოა უარყონ, მაგრამ ფართო საზოგადოება, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე, გაიგებს თუ რა ავაზაკებთან აქვს საქართველოს საქმე",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ყველაფერი წინასაარჩევნოდაა გათვლილი ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციისთვის. ამბობს, რომ სუს-ის ინფორმაცია დროში დაემთხვა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამზე თავდასხმას და არაა გამორიცხული, რომ „ქართულ ოცნებას" „თავში მოუვიდა" გაავრცელოს ხმა, რომ ე.წ.-მა გლობალური ომის პარტიამ ახლა ბიძინა ივანიშვილი „ამოიღო მიზანში".

„ამით ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციას ცდილობენ - ხალხმა თქვას, რომ ეს ნამდვილი ოპოზიცია კი არა, ეს არის ტერორისტული ხასიათის დაჯგუფება. ეს თავისთავად ოპოზიციას არანაირად არ აწყობდა, პირიქით ისინი საუბრობენ, რომ ხელისუფლება დემოკრატიული გზით უნდა შეიცვალოს. შესაბამისად, მომხრეა, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს და ამ გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში.

„რა თქმა უნდა, ეს ოპოზიციას არ აწყობს, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან გათვლაა, რომ ოპოზიცია წარმოჩინდეს, როგორც ტერორისტი. მეორეს მხრივ გათვლაა იმაზე, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ამას დაიჯერებს, სამწუხაროდ ზოგიერთს მაინც სჯერა, ისევე, როგორც ის, რომ ევროპა რყვნის, ადამიანებს ჩიპებს უდგამენ და ა.შ.

„ხელისუფლებას უნდა წარმოაჩინოს, რომ ის მსხვერპლია და ბიძინა ივანიშვილს ებრძვიან იმ კონტექსტში, რომ „ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანიო". თან იმის ჩვენება უნდათ, რომ თითქოს არჩევნების გზით ვერ დაგვამარცხებენ და ამიტომაც ოპოზიცია ყველაფერზე მიდისო. ამასთანავე, იმ პრობლემების გადაფარვა უნდათ, რომელიც საქართველოში არსებობს, თუნდაც რუსულ კანონთან დაკავშირებით და ა.შ.

„ეს ინფორმაცია ტრამპზე თავდასხმას დაემთხვა. არაა გამორიცხული ამათაც თავში მოუვიდათ გაავრცელონ ხმები, რომ „გლობალური ომის პარტიამ" ახლა ბიძინა ივანიშვილი ამოიღო მიზანში და „ადგილობრივი კრიმინალების" მეშვეობით, თითქოს გადატრიალება სურდა, ახლა ჯერი საზოგადოებაზეა, მიხვდეს, რომ ყველაფერი გათვლილია არჩევნებისთვის, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, ოპოზიციურად მოაზროვნე ადამიანების დისკრედიტაციისთვის - უთხრან, რომ ოპოზიციას თუ უჭერ მხარს, თვითონაც ტერორისტი ხარ. ამ ყველაფერს საბაბად იყენებენ, რომ განსხვავებული აზრი ჩაახშონ",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

პოლიტიკური გამოხმაურებები სუს-ის ინფორმაციაზე

უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შემაშფოტებელს უწოდებს, ამბობს, რომ საქართველოში ტერორისტული აქტების საფრთხეები არსებობს.

„რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია, რომელიც სუს-მა გაავრცელა, არის უაღრესად შემაშფოთებელი, საქმე ეხება ტერორისტულ აქტს. თქვენ იცით, რომ ადვოკატები დღეების განმავლობაში მალავდნენ ინფორმაციას, რომ საქმე ტერორიზმის მუხლითაც იყო აღძრული. ეს ინფორმაცია შემაშფოთებელია იმ ფონზე, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში მსოფლიოში ხდება - 2 ტერორისტული აქტი განხორციელდა, ერთი სლოვაკეთში, მეორე აშშ-ში.

„ეს არის საერთო ხელწერა, რომელიც ახასიათებს ერთი და იმავე გლობალურ პოლიტიკურ ძალებს. აქედან გამომდინარე, საფრთხეები არსებობს და გამოძიება, რომელიც დაწყებულია, მიანიშნებს იმაზე, რომ ეს საფრთხეები აქტუალურია.

„თქვენ გახსოვთ, რომ შედგა სატელეფონო საუბარი ერთ-ერთ ევროკომისართან, მოგვიანებით ევროკომისარმა თავადვე აღიარა, რომ ჰქონდა ერთგვარი გაფრთხილება ტერაქტთან დაკავშირებით და ამაზე იყო რეალურად საუბარი მისი მხრიდანაც. უბრალოდ მან თქვა, რომ პოლარიზაცია იქნებოდა ის, ვინც ტყვიას ისროდა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ პოლარიზაცია ტყვიებს არ ისვრის, ტყვიებს „ქილერები" ისვრიან. გაფრთხილებაც არსებობდა. ეს არის იყო ევროკომისრის გაფრთხილება, ეს იყო ერთგვარი „მესენჯერი", რომ შესაბამისი ინფორმაცია ჩვენამდე მოეწოდებინა. რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელია. ვიღაცებს არ მოსწონთ ის პოზიცია, რომელიც საქართველოს ომთან მიმართებით უკავია, ასეთ პირობებში საფრთხეები არსებობს.

„გასაკვირი არც ის არის, რომ გამოძიების თანახმად ამ ყველაფერში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების როლი იკვეთება, იმ ადამიანების, რომლებიც დღეს ფიზიკურად უკრაინაში იმყოფებიან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი აქტების პრევენცია მოხდეს და ამისათვის სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს.

„ყველას კარგად მოეხსენება, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი მმართველი პარტიის ლიდერი, ის არის პოლიტიკური გაერთიანების საპატიო თავმჯდომარე, ამის მიღმაც თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, როგორია ბიძინა ივანიშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში და მისი გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ასეთი შესაძლო აქტის ადრესატი.

„აქ ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ როდესაც ევროკომისრის მხრიდან მოგვაწოდეს ჩვენ კონკრეტული გაფრთხილება ტერაქტთან დაკავშირებით, ეს იყო ზოგადი გაფრთხილება და არ იყო საუბარი კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკოსზე საუბარი. აქედან გამომდინარე, ადრესატი შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი. გასაკვირი არ არის, რომ პირველ რიგში, როდესაც საუბარია ჩვენი ქვეყნის არა კეთილმოსურნეებზე, მათთვის ადრესატი ბიძინა ივანიშვილია, რადგან პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში მშვიდობისა და განვითარების გარანტი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ივანიშვილი ცდილობს, ყალბი შიშითა და კონსპირაციებით კვებოს საქართველოს მოქალაქეები. ბოკუჩავამ აღნიშნულ ბრალდებებს აბსურდული უწოდა და დასძინა, რომ სწორედ ამან გამოიწვია პარტნიორების პოლიტიკის ცვლილება მმართველი ძალის მიმართ.

„აბსურდული ბრალდებები და მუდმივი თავდასხმა უკრაინის, აშშ-ის, ევროკავშირის მაღალჩინოსნების და დასავლეთის წინააღმდეგ არის სწორედ ის, რამაც განაპირობა დასავლეთის პოლიტიკის ცვლილება ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ და სანქციების დაწესება მისი და მისი გარემოცვის წინააღმდეგ. ჩვენ გუშინ კონგრესში მოვისმინეთ, რომ სწორედ მისი ანტიდასავლური, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის გამო განიხილება, მათ შორის, ფინანსური სანქციები. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილის მცდელობა, რომ კონსპირაციებით კვებოს საქართველოს მოქალაქეები ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე იქნება უკიდურესად წარუმატებელი და ქართველი მოქალაქე გააკეთებს ინფორმირებულ არჩევანს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის შესახებ.

„ეს არის მუდმივი კონსპირაცია, დეზინფორმაცია რუსული სტილის პროპაგანდა, რასაც დასავლელი პარტნიორები ჰიბრიდულ ომს უწოდებენ. ივანიშვილი ყალბი შიშის დანერგვით ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს საქართველოს მოქალაქე და სწორედ ამის საფუძველზე შეინარჩუნოს ხელისუფლება.

„ვფიქრობ, მე, როგორც პოლიტიკოსი, საერთოდ არ უნდა ვკონცენტრირდე იმ აბსურდულ ბოდვაზე და მუდმივ კონსპირაციის თეორიაზე, რითაც ცდილობს კვებოს ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეს მისცეს შესაძლებლობა, გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი 26 ოქტომბერს. ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რომ ვისაუბროთ ფაქტებზე დაფუძნებით, მოვახდინოთ კონგრესმენების ციტირება, რომ საქართველოს მოქალაქე იყოს ინფორმირებული და გაკეთოს ინფორმირებული არჩევანი ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის შესახებ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„გირჩის ლიდერის იაგო ხვიჩიას აზრით, სუს-ში დაწყებული გამოძიება შეთქმულების თეორიებს ეფუძნება.

„ქართული ფილმის სცენარი მახსენდება, რომლის მიხედვით, ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბს თხრიან, როცა ეს არის ბრალდება და ადამიანებს ამით ასამართლებენ. არ ვიცი, რა მტკიცებულებები იქნება წარმოდგენილი სუს-ის მხრიდან, მაგრამ გლობალური ომის პარტიის ვერსიის შემდეგ ვალდებულები ვართ, ყველა ვერსია, რასაც ხელისუფლება შემოგვთავაზებს, ეჭვქვეშ დავაყენოთ.

„უფრო შეთქმულების თეორიებისკენ ვიხრები, ვიდრე რეალობისკენ. ჩვენი პოლიტიკოსების აზრით, ხალხის შეშინება მადლიანი საქმეა - რაც უფრო შეაშინებენ ხალხს საარჩევნოდ, მით უფრო შეუყვარდებათ - ასე ფიქრობენ ქართულ პოლიტიკურ ველზე",- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×