თამთა ჩაჩანიძე
23.07.2024

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დიდი შიდა გამოხმაურება მოჰყვა. სასამართლომ შეაჩერა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ.

სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, პრეზიდენტს აეკრძალა ახალი კონკურსის ჩატარება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის ნებისმიერი ფორმით დანიშვნა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზი შესარჩევ კონკურსში მონაწილე მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელი გახდა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება" სასამართლოს საქმეებში ერევა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 15-დან „ერთი ადგილიც არ ემატებათ", რომ საზოგადოების ინტერესებს წარმოადგენდეს. მმართველი პარტია კი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ სასამართლოს თავისი დღის წესრიგ აქვს. ურთიერთსაწინააღმდეგოა ანალიტიკოსთა მოსაზრებებიც, რომლებიც „რეზონანსთან" მომხდარ ფაქტს აფასებენ.

საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება ამა წლის 22 ივლისს მიიღო უნდა აღინიშნოს, რომ მანუჩარ კაკოჩაშვილმა, რომელიც წიქარიშვილთან ერთად საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა, მოითხოვა „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მოსარჩელის [მანუჩარ კაკოჩაშვილის] დანიშვნის დავალება".

15 წევრისგან შემდგარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან, ექვსი არამოსამართლე წევრია, რომელთაგან ერთს პრეზიდენტი ნიშნავს, ხუთს - პარლამენტი ამტკიცებს. პრეზიდენტმა სწორედ იმ ერთი წევრის შესარჩევად გამოაცხადა კონკურსი და შექმნა საკონკურსო კომისია. კომისიამ ხუთი კანდიდატიდან პრეზიდენტს ორზე მისცა რეკომენდაცია. მათგან სალომე ზურაბიშვილმა კახა წიქარიშვილი შეარჩია. აღსანიშნავია, რომ ზურაბიშვილს კანონი არ ავალდებულებდა კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებას, მას შეეძლო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატი დასაბუთების გარეშე დაენიშნა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ სასამართლოს გადაწყვეტილება „პრეზიდენტის უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევად" შეაფასა. თავად წიქარიშვილი კი „რადიოთავისუფლებასთან" აცხადებს, რომ ამ ამბავში მთავარი ის არის, რომ მოსამართლემ რამდენიმე საათში მიიღო საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების შეჩერების გადაწყვეტილება და "ეს არ არის ჩვეულებრივი რაღაც, რაც ხდება".

ანალიტიკოსთა შეფასებები

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პრეზიდენტის ეს კონკრეტული გადაწყვეტილება განსაზღვრულია კონსტიტუციით და მისი დისკრეციული უფლებაა. მისი თქმით, „ოცნება" ცდილობს ყველა დაარწმუნოს, რომ „არანაირ წინააღმდეგობას აზრი არ აქვს და იმას აკეთებს რაც თავად სურს". ანალიტიკოსი დასძენს, რომ ეს აშკარად ანტიდასავლური ნაბიჯია და დასავლეთისგან კრიტიკა მოსალოდნელია.

„სასამართლოს გადაწყვეტულება თავისი შინაარსით მართლაც უპრეცედენტოა. ძალიან მაინტერესებს, ასეთ გადაწყვეტილების მიღებას რა არგუმენტაცია დაედო და როგორ დაასაბუთეს ეს?! თუ ვინმე კონსტიტუციაში ჩახედავს და მოსამართლემ ალბათ უნდა ჩაიხედოს, ეს საკითხი იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელსაც არავისთან არანაირი შეთანხმება არ სჭირდება - გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იღებს და ის უნდა აღსრულდეს.

„სასამართლოს ასეთი მოტივით შეიძლება პრემიერ-მინისტრის დანიშნვა შეაჩეროს, რომელსაც საბოლოოდ პრეზიდენტი აწერს ხელს. ეს გადაწყვეტილება რა ქვეყანაში მივიღეთ უკვე აღარ ვიცი, კონსტუტუციასთან რომ არაფერი ესაქმება, ეს გასაგებია.

„რაც შეეხება იმამ, თუ რის მიღწევას ცდილობენ, ალბათ უნდათ, ყველა დაგვარწმუნონ, რომ არანაირ წინააღმდეგობას აზრი არ აქვს და ჩვენ იმას გავაკეთებთ, რაც გვინდა. ჯერჯერობით ეგრეა, კი, რასაც უნდათ მართლაც იმას აკეთებენ, მაგრამ ასე რომ დიდხანს ვერ გაგრძელდება, ეგაც ფაქტია.

„ყველაფერი, რასაც „ქართული ოცნება" აკეთებს, ფაქტიურად ანტიდასავლურია, ყველა იმ ღირებულებას ეწინააღმდეგება, რასაც დასავლეთი, ლიბერალური, დემოკრატიული და ცივილური სამყარო ჰქვია და ფაქტია, რომ ამას დასავლეთისგან მოწონება არ ექნება. სანქციები და ხელისუფლების გაფრთხილება კი კარგა ხანია დაიწყეს, თუმცა ეს მათთვის კიდევ ერთი არგუმენტი იქნება იმის დამადასტურებელი, რომ „ქართული ოცნება" სამართლებრივი სივრციდან გავიდა",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიცია და პრეზიდენტი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებენ და თუ სასამართლოს გადაწყვეტილება მათთვის მიუღებელია, უნდა იმოქმედონ სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე და არა პოლიტიკური განცხადებებით, რომელიც ანალიტიკოსის აზრით ტემპერატურის აწევისკენაა მიმართული.

„რადიკალური ოპოზიციის აქტორებისგან განსხვავებით, საზოგადოების უდიდეს ნაწილი დამოუკიდებელი მოსამართლის გადაწყვეტიულებებზე კომენტარს არ აკეთებს. მიჩვეულები ვართ, რომ რევანშისტი ოპოზიციონერები წლების განმავლობაში საქმეში ჩაუხედავად აფასებენ ისეთ გადაწყვეტილებებს და დოკუმენტებს, რისი კომპეტენციაც მათ არასოდეს არ ჰქინიათ და მათ თავხედობა ჰყოფნით, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება შეაფასონ.

„სახეზე გვაქვს ტოტალური უმეცრება, საქართველოში რადიკალური ოპოზიციონერი „ყველაფრის სპეციალისტია", დარგი არაა, რომ „სიღრმისეულად" არ „იცოდეს" და ყველაფერზე უტიფარ, არაპროფესიონალურ კომენტარებს აკეთებს. შემდეგ, როცა ტემპერატურა აიწევს და ამა თუ იმ თემაზე პროფესიონალური არგუმენტები წამოვა, გაჩუმდებიან, ან სხვა თემით გადაფარავენ. წლებია ეს სიმახინჯე გრძელდება.

„რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანას რომ შევადაროთ, ასეთი რამ არსად არ ხდება. შევხედოთ აქაც როგორი ნონსენსი და კაზუსია - მაგალითად, სალომე ზურაბიშვილი არ სცნობდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ მან კონსტიტუცია დაარღვია, რამდენიმე თვე გავიდა და ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტს უჩივლა გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით.

„ამ ორმაგ სტანდარტებსა და არათანმიმდევრულობაზეა პრობლემა თავად რადიკალურ ოპოზიციაში და ვერასოდეს ვერ აღწევენ საწადელს, რასაც არჩევნების მოგება ჰქვია და ვერც ვერასდროს ვერ მოიგებენ.

„რაც შეეხება მოსამართლის ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, შესაბამისი მექანიზმები არსებობს როგორ უნდა იმოქმედონ და არა ის, რომ პოლიტიკური განცხადებები აკეთოს საჯარო სივრცესა თუ მედიაში",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

პოლიტიკური შეფასებები

კითხვაზე, რამდენად ჰქონდა სასამართლოს პრეზიდენტის განკარგულების გაჩერების უფლება, რომლითაც პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილი დანიშნა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლოს „თავისი დღის წესრიგი აქვს და თვითონ წყვეტს საკითხს, ვინ დაინიშნოს თუ არ დაინიშნოს კონკრეტულ თანამდებობაზე, ხელისუფლება სასამართლოს საქმეებში არ ერევა".

„სასამართლო არის დამოუკიდებელი ინსტანცია, სასამართლო არის ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დასანიშნ პირებთან დაკავშირებულ ბედს ის თავად წყვეტს. პრეზიდენტის უფლება არის პრეზიდენტის უფლება. სასამართლო მასთან დაკავშირებულ საკითხებს დამოუკიდებლად წყვეტს, რადგან ხელისუფლების დამოუკიდებელ შტოს წარმოადგენს.

„რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებად მედიას ძალიან გინდათ, რომ გააშუქოთ სცენა, თუ როგორ ერევა ხელისუფლება სასამართლოს საქმეში. თქვენ მოგწონთ 2012 წლამდე არსებული სიტუაცია, როცა ხელისუფლება ძალიან ღრმად და მკაცრად ერეოდა სხვა სახელისუფლო შტოების გადაწყვეტილებებში.

„თქვენ ის სიტუაცია გინდათ, როცა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ძალიან ახლო ნათესავები იყვნენ და აღმასრულებელი ხელისუფლება სასამართლოს უფლებებში პირდაპირ ერეოდა. ასეთ რაღაცას თქვენ ვერ ნახავთ და ვერც მოისმენთ!" - განაცხადა მათიკაშვილმა.

„ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი კი ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს და ამბობს, რომ „ოცნება" სასამართლოს საქმეებში უხეშად ერევა.

"სასამართლო კლანმა და ივანიშვილის „ოცნებამ" გადაწყვიტა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრიდან არც ერთი წევრი არ იყოს ისეთი, ვინც დაიცავს მოქალაქის ინტერესებსა და უფლებებს და არ იქნება „კლანისა" და ხელისუფლების ყურმოჭრილი მსახური. 15-დან ერთი ადგილიც არ ემატებათ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საზოგადოების ინტერესების წარმომადგენელი იჯდეს - იყოს ისეთი ადამიანი, ვინც ხმას აიმაღლებს სასამართლო სისტემაში არსებული უსამართლობების წინააღმდეგ. ეს იმ ხელისუფლებისგან გასაკვირი არ არის, ვინც გადაწყვიტა, რომ მთელს ქვეყანას მურუსიძე-ჩინჩალაძის სამართალი მიუსაჯეს. აი, ამ სამართლის გამოვლინება ვნახეთ ახლა!

„სასამართლო ხელისუფლებამ წარმოუდგენელი დრაკონული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ხელისუფლება მზად არის ახალგაზრდა ადამიანებს ცხოვრება დაუნგრიოს, ათასობით სხვა ახალგაზრდას მომავალი წაართვას, ოღონდ თავად შეინარჩუნოს ძალაუფლება. საქალაქო სასამართლომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ჩაიდინა სამართლებრივი აბსურდი, როცა კონსტიტუციით გარანტირებული პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება გააუქმა.

„საქალაქო სასამართლომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კონსტიტუცია გააუქმა. ეს გააკეთა იმიტომ, რომ კლანი იყოს კომფორტში, სასამართლო სისტემაში საზოგადოების თვალი და ყური არ შევიდეს და საზოგადოებას არ ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რა უსამართლობა ხდება სასამართლო სისტემაში.

„ამავდროულად, „კლანმა" სასამართლო სისტემაში მყოფ ცოტა, მაგრამ პრინციპულ და სამართლიან მოსამართლეებს წაართვა შესაძლებლობა, რომ 15 კაციან საბჭოში ერთი წევრი მაინც იყოს მათი დამცველი. ასე იმართება დღეს ქვეყანა. ასეთი სასამართლოს დაცვისთვის იბრძვის დღეს ხელისუფლება", - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

„გახარია საქართველოსთვის" დეპუტატი ანა ბუჩუკურის შეფასებით კი, ეს ნათელი მაგალითია იმისა, როცა სასამართლო ე.წ. კლანის მახინჯი, მანკიერი სისტემით იმართება და ეს სისტემა ახლა თავს იცავს.

„ეს არის ჩაკეტილი წრე. ერთია ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ივანიშვილის „ოცნებამ" სანდრო გირგვლიანის მოსამართლე და მისთანანი გადმოიბირა და ერთადერთი მიზნით გააძლიერა - სასამართლოს გავლენის ჯგუფი ივანიშვილს ხელისუფლების და ძალაუფლების გახანგრძლივებაში უნდა დაეხმაროს. მურუსიძე - ჩინჩალაძე ის მოსამართლეები არიან, რომლებიც მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან კორუფციის ბრალდებით დასანქცირდნენ. როცა ჩვენ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ვითხოვდით, მათ მთელი „ქართული ოცნება" გადაეფარა", - აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.

„ამერიკის პრეზიდენტის განკარგულება შეჩერებული აქვს ამერიკის სასამართლოს და ზურაბიშვილი რომელი ფარაონი მყავს, რომ სასამართლომ მისი სამართლებრივი აქტი ვერ შეაჩეროს?!" - ამის შესახებ „ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა „პალიტრანიუსთან" განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მისივე თქმით, სასამართლოს შეუძლია პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის შეჩერება და „კონსტიტუციას წაკითხვა უნდა".

„ვინ არის ახლა ზურაბიშვილი, ან რა უფლებები აქვს ისეთ, რომ მისი სამართლებრივი აქტის შეჩერება არ შეეძლოს სასამართლოს? სად წერია ეს? კონსტიტუციას უნდა წაკითხვა, ნორმალურად! როგორც შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის კანონი და კანონის შესაბამისი მუხლი გააუქმოს, ასევე შეიძლება პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი შეაჩეროს სასამართლომ.

„შეერთებული შტატები არის საპრეზიდენტო ინსტიტუტის ყველაზე ძლიერი მაგალითი და ჩვენ ვიცით, რომ ამერიკის პრეზიდენტის განკარგულება შეჩერებული აქვს ამერიკის სასამართლოს და ზურაბიშვილი რომელი ფარაონი მყავს, რომ მისი სამართლებრივი აქტი ვერ შეაჩეროს სასამართლომ?" - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×