პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ბრიფინგისას საფრანგეთის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ საფრანგეთიდან ამ ქვეყნიდან არანაირი პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება არ არსებობს. ნატოზე საუბრისას აღნიშნა, რომ ალიანსი საქართველოს 16 წელია გაწევრიანებას ჰპირდება, თუმცა გადაწყვეტილებას არ იღებს. მან ასევე ოპოზიციაზეც ისაუბრა და „ნაცმოძრაობის" ქმედებებს დაბნეულობის ტაქტიკა უწოდა.
პაპუაშვილის თქმით, გაღიზიანებული რეაქციები, რასაც პარტნიორების მხრიდან ხედავენ, არ შეესაბამება ევროპული ღირებულებებს.
"საფრანგეთის ბიუჯეტიდან საქართველოს ბიუჯეტში არანაირი თანხა არ შედის. ამიტომ, ცოტა გაუგებარია, რას ეხებოდა (ელჩის) განცხადება. საბიუჯეტო დახმარება არის სპეციფიკური ფინანსური დახმარების ინსტრუმენტი, რომლის ქვეშაც საბიუჯეტო დახმარება იგულისხმება", - განაცხადა პაპუაშვილმა.
გარდა ამისა, მან ზოგადად შეაფასა ევროპელი ელჩების ბოლოდროინდელი განცხადებები.
„რაც შეეხება კომენტარებს, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენ, სამწუხაროა. მოლოდინი მქონდა, რომ ევროპელი ელჩებისგან მოვისმენდი დაპირებას, რომ მათი ქვეყნიდან შემოსული თანხა გამჭვირვალე იქნება და ქართველ ხალხს ეტყვიან, ვის, რისთვის და რამდენს აძლევენ ამ ფულს. ნაცვლად ამისა, რაღაც გაბრაზებული კომენტარები გვესმის, არ ვიცი ზოგიერთ დიპლომატს ემოციებში რატომ გადასდის, მაგრამ ისეთი კომენტარები გვესმის, რაც არ მგონია რომ სერიოზული აღქმა იყოს იმ გამოწვევისა, რომლის წინაშეც ქართული საზოგადოება დგას", - აღნიშნავს იგი.
საუბარია, საფრანგეთის ელჩის შერაზ გასრის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, 27 ივნისს ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა იყო დე ფაქტო შეჩერებული, რაც საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგია.
მისივე თქმით, ამ მიზეზით მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დროებით შეაჩერონ დახმარება საქართველოს ბიუჯეტში და დახმარება სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას გაუძლიერონ.
ასევე პაპუაშვილი თავდაცვის სამინისტროსთვის დაფინანსების გაყინვას გამოეხმაურა.
„მაშინ, როცა ნატო-ს ჯარები ავღანეთიდან გამოდიოდნენ, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო მათი სწრაფი გამოყვანა. მაშინ საქართველომ შეასრულა გადამწყვეტი როლი და ამაზე დიდ მადლობასაც ვიღებდით. სამწუხაროა, რომ გარკვეული პოლიტიკური გემოვნებებით თუ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ასეთ გადაწყვეტილებებს იღებ. ჩვენს გასაკეთებელ საქმეს სხვა არ გააკეთებს და რა თქმა უნდა, თავდაცვის ძალები უპირველეს ყოვლისა ჩვენი ინტერესის სფეროა. ეს ფაქტიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფომ თავად უნდა იზრუნოს საკუთარ ქვეყანაში მშვიდობასა და თავდაცვისუნარიანობაზე. ესეც გარკვეული გამოცდილება და გაკვეთილია. მაშინ, როცა 2008 წელს იყო ჩვენთვის დამანგრეველი ომი, ამ ომის შემდეგ ომგამოვლილ ქვეყანას 6 წელი, 2013-2014 წლამდე, ნატო-ს არცერთი ქვეყანა იარაღს არ აძლევდა. არათუ გვჩუქნიდა, მოყიდვაზეც კი ჰქონდათ აკრძალვა. იმ დროს „ნაცმოძრაობა" ამას მალავდა. ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არავინ საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა არ დააყენებს. ამიტომ ჩვენ არც სხვების ინტერესი არ უნდა დავაყენოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესზე მაღლა", - აცხადებს თავმჯდომარე.
პაპუაშვილი ამბობს, რომ „ნაცმოძრაობა" საზოგადოების დაბნეულობის ტაქტიკას ირჩევს, სახელს იცვლის, რომ რამენაირად ამომრჩეველი შეაცდინოს და ხმა მისცენ.
„რასაც ახლა ვუყურებთ, ეს არ არის წინასაარჩევნო კამპანიის მზადება, რაღაც პოლიტიკური იდეოლოგიების მიხედვით დალაგება და შინაარსობრივი თემების შეთანხმება. საუბარია იმაზე, „ნაცმოძრაობამ" როგორ დააბნიოს საზოგადოება და არჩევნებზე ვიღაცები ვერ მიხვდნენ, რომ მათ აძლევენ სინამდვილეში ხმას. ეს არის საარჩევნო აფერა, რომელიც ახლა მზადდება „ნაცმოძრაობის" მხრიდან მათი უცხოური მფარველების კარნახით. „ნაცმოძრაობამ" სახელიც კი გადაირქვა. მართალია, რიცხვ 5-ს ვერ შეელივნენ, მაინც კაბალისტური აზრები დევს მათში და ნუმეროლოგიისკენ შეიძლება მიდრეკილება აქვთ. იმდენად ხვდებიან და რცხვენიათ, რომ „ნაცებად" იწოდებიან, სახელს იცვლიან, რომ რამენაირად დააბნიონ მოქალაქეები და შემთხვევით ვიღაცამ მათ ხმა მისცეს", - აღნიშნავს იგი.
როგორც თავმჯდომარე ამბობს, საქართველო 16 წელია ნატო ალიანსში გაწევრიანებას ჰპირდება, თუმცა გადაწყვეტილებებს არ იღებს და დღეს ზუსტად ასეა უკრაინაც.
„ჩვენ პირობები არ გვინდა, ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებები. უკვე 16 წელია ამ ღია კარში ვდგავართ. როგორც თავის დროზე ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, დღესაც აქტუალურია ეს სიტყვები: როდესაც დიდხანს ხარ ღია კარში, შეიძლება ამ ორპირ ქარში ადამიანი გაცივდეს. ამიტომ, ამაზე უნდა იფიქრონ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა, რომ უსაფრთხოებას არ განაპირობებს დანაპირებები, უსაფრთხოებას უზრუნველყოფს გადაწყვეტილებები. ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინის მიმართაც დამატებითი გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა, იგივე გაიმეორეს, რაც 16 წლის წინ უკრაინასთან და საქართველოსთან დაკავშირებით ითქვა, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი. როდის გახდება, როგორ გახდება და ა.შ. უცნობია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 2 წელზე მეტია უკრაინა ევროპის დასაცავად იბრძვის და ასე აფასებს თავად ნატო ამ ომსაც, იმიტომაც ეხმარება უკრაინას. მიუხედავად იმისა, რომ გმირ უკრაინელ ხალხს უკვე 2 წელზე მეტია რუსეთის ჯარების შესაკავებლად ფრონტი აქვს ვნახეთ, რომ მათთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი გადაწყვეტილება მიღებული არ არის", - განაცხადა პაპუაშვილმა.