„ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ არჩევნებში მონაწილეობას ერთობლივად მიიღებენ
თამთა ჩაჩანიძე
09.07.2024

„დროა, გირჩი-ოთ ახალი" - ეს ოპოზოციის იმ ერთ-ერთი ახალი გაერთიანების სლოგანია, რომლის პრეზენტაციაც სამშაბათს გაიმართა, ელენე ხოშტარიას „დროა" და ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" წინასაარჩევნოდ მელია-გვარამიას „ახალს" შეუერთდნენ. ნიკა გვარამიას თქმით, „მცირე განსხვავებების" გამო, „ლელოსთან" შეთანხმება ამ დრომდე ვერ მოხერხდა, თუმცა „ამით პროცესი არ იკეტება". ახალი კონფიგურაციის შანსებზე ექსპერტთა შეფასებები ურთიერთაწინააღმდეგოა.

ამასთან, მალე გახდება ცნობილი, სად, რომელ პოლიტიკურ ცენტრში იქნება „რესპუბლიკური პარტია", როგორც პარტიის წევრი ხათუნა სამნიძე ამბობს, ამ ეტაპზე მოიაზრება „მეორე პოლიტიკური ცენტრი", რომლის ფარგლებში განიხილება „ახალი", „ლელო", „დროა" და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის". რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს", მისი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, გაერთიანებასთან დაკავშირებით საჯაროდ და არასაჯაროდაც მიმართეს „ახლის" და „ლელოს" ხელმძღვანელობას, თუმცა, მათგან საპასუხოდ დუმილია.

კვლავ ძველ პოზიციაზეა ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას „საქართველოსთვის", პარტიის წევრები ამბობენ, რომ მარტო აპირებენ გასვლას არჩევნებზე.

რას აპირებს ოპოზიცია

„ახალი", „დროა" და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" არჩევნებში მონაწილეობას ერთობლივად მიიღებენ. „ახალის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები "ხანგრძლივი და რთული" იყო, ახლა კი ისინი ერთიან წინასაარჩევნო კამპანიას დაიწყებენ.

"ახალი", "დროა" და "გირჩი - მეტი თავისუფლება" ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის, სამშობლოს ისტორიის და უმნიშვნელოვანესი მომენტის მიმართ, რომელიც დღეს უდგას საქართველოს და რომელიც განსაზღვრავს მის მომავალს და ვიღებთ გადაწყვეტილებას არჩევნებზე გამოვიდეთ ერთად", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამია ამბობს, რომ ნომერ 4-ზე შეთანხმებულები არიან, სახელზე კი მსჯელობენ.

"4-იანზე [საარჩევნო ნომერზე] შეჯერებული ვართ. სახელზე ვიმსჯელებთ. ერთიანი გადაწყვეტილება გვჭირდება. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, რისი ერთგულიც ვართ, ვგულისხმობ სალომე ზურაბიშვილის შეთანხმებას, არის ის, რომ პრემიერ-მინისტრი, მთავრობა იყოს მაქსიმალურად დისტანცირებული პოლიტიკური სპექტრისგან და არ იყოს არცერთი პოლოტიკური პარტიის წევრი",- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გარდა ამისა, გვარამიამ უპასუხა კითხვას გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მათი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ნიკა გილაური იქნება. გვარამიამ აღნიშნული არ დაადასტურა. "ნიკა გილაური ჩემი მეგობარია. ის ყველაზე კარგი პრემიერ-მინისტრია და ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ჩაიბარებდეს საქართველოს წინსვლას, მაგრამ ვერ დაგიდასტურებთ, რომ შეთანხმებულია და მისგან თანხმობა გვაქვს", - განაცხადა გვარამიამ.

„გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლისთვის სამი რამაა საჭირო.

„მჯერა, ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, რომ 5 წელიწადში ეს ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს, გავხადოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ერთადერთი, რაც ბარიერად ეღობება ამას, ეს არის არსებული რუსული რეჟიმი, რომელიც მართავს ამ ქვეყანას. 26 ოქტომბერს ამ რეჟიმის შეცვლა არის პრინციპული საკითხი, ისტორიული ამოცანა, ამის მიღწევისთვის საჭიროა სამი რამ.

„პირველი: საქართველოს მოქალაქეების მაქსიმალური მობილიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ საარჩევნო ყუთებთან. მეორე: ხმების დაცვა, მას შემდეგ, რაც ხალხი საარჩევნო ყუთებთან მოვა. მესამე: ისეთი კონფიგურაცია ოპოზიციურ ფლანგზე, რომელიც არ მისცემს საშუალებას რუსულ რეჟიმს, რომ კრიტიკულად განწყობილი ხმები წაიღოს თავის ყულაბაში. მჯერა, საბოლოოდ, ოპოზიციურ ფლანგზე ძალების კონსოლიდაცია სამივე ამოცანას ეხმიანება", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

8 ივლისს კი, „ნაციონალურმა მოძრაობამ" და „სტრატეგია აღმაშენებელმა" ახალი პოლიტიკური პლატფორმა - „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის" დააფუძნეს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარტიის ყრილობაზე განაცხადა, გაერთიანებაში, გიორგი ვაშაძისა და სოფო ჯაფარიძის გარდა, ასევე იქნებიან: გია ჯაფარიძე, ლაშა ბაქრაძე, თამარ კორძაია და არმაზ ახვლედიანი.ახალი გაერთიანება არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ნომრით წარდგება.

„ოცნება" ოპოზიციის გადაჯგუფებას კვლავ აკრიტიკებს, უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ გადაადგილებებით არაფერი იცვლება.

"გუშინ, ჩემი „ხაბე" ისევ დამიჩაგრეს. ამ ბიჭმა ასეთი რა დააშავა, რომ სცენაზეც არ აუშვეს, განახლებულ სიაშიც ვერ მოხვდა - „ხაბე" გამაგრდი, გგულშემატკივრობ!

„ახალი სახე გიორგი ვაშაძეა, თინა ბოკუჩავა, თუ არმაზ დიდი, პარლამენტში რომ ლექციებს ატარებდა ხოლმე?! - ციფრი დაიტოვეს, სათაური შეცვალეს! მათზე სერიოზულად როგორ უნდა ილაპარაკო, აგდებულად უნდა ილაპარაკო! ნეტა, ბელადმა იცის, მის პარტიას სახელი რომ გადაარქვეს? - თავისი პარტიის სახელწოდება რცხვენიათ და შეცვალეს! ახალ სახედ არმაზ ახვლედიანი და თამარ კორძაია უნდა შემოგვასაღონ. კორძაიას მიმართ მეგრული სოლიდარობა მაქვს და არ ვიცი, ამ გაუგებრობაში როგორ მოხვდა.

„ვინაა ახალი სახე? - ერთი გვარამიაა ახალი სახე პოლიტიკაში და მეორე ნიკა მელია. სამარცხვინო სიტუაციაა! ერთმანეთში აქვთ ქიშპი", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

რა შანსი აქვს ოპოზიციის ახალ კონფიგურაციას

ანალიტიკოსი ვახტნაგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ჯერჯერობით ოპოზიცია სწორი კონფიგურაციით მიდის და თუ გახარია და „ლელოც" გადაწყვეტენ ალიანსს, ეს ანალიტიკოსის აზრით, ყველაზე ხელსაყრელი გადაჯგუფება იქნება.

„ჩემი აზრით, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის და ისე, როგორც საჭიროა. თუ „ლელო" გახარიასთან მოძებნის საერთო ენას, ეს ოპოზოციური ფლანგის ყველაზე საუკეთესო განლაგება იქნება. გახარიას პლუს „ლელო", ასევე თუ მას ელისაშვილი და დოლიძე დაემატებიან, ჩათვალეთ, რომ ეს რეალურად ის ძალა იქნება, რომელიც იბრძოლებს იმისთვის, რომ პარტიებს შორის პირველი ადგილი მოიპოვოს, „ქართულ ოცნებასაც" კი აჯობოს. თუ ეს ვერ მოხერხდება, მაშინ პირველ ადგილს დიდი ალბათობით „ოცნება" დაიკავებს, მეორეზე ენმ, მესამეზე „ახლები" და მათთან შესაძლოა „ლელოც", გააჩნია რას გადაწყვეტენ და იქვე გახარია.

„ჩავთვალოთ, რომ ენმ და „ახლები" ერთად, პიკზე მყოფი „ერთიანი ნაცინალური მოძრაობის" ელექტორალურ ხმებს აიღებენ. ცალკ-ცალკეც საკმაოდ დიდი რაოდენობის ხმებს მიიღებენ, მაგრამ ჯამურად ეს დაახლოებით ალბათ მილიონამდე ხმა იქნება.

„ოპოზიცია ჯერჯერობით სწორ კონფიგურაციამდე მიდის. ახლა ერთი საკითხია - „ლელოს" გადასაწყვეტია, „ახლებთან" მიდის თუ გახარიასთან აკეთებს ბლოკს. თუ ისინი არჩევნებისთვის ცალკ-ცალკე გამოვლენ, მაშინ პრობლემები ჩნდება, ამიტომ ეს ორჭოფობა უნდა დასრულდეს.

„თუ ასე დაჯგუფდება, როგორც ვსაუბრობ და „ლელო" და გახარია საერთო ენას მოძებნიან, რთული არაა. დღეს მათი გაერთიანება აუცილებელია ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე. „ქართულ ოცნებას" არ უნდა დაუტოვონ, პიარისთვის რაიმე შანსი, რომ ერთმანეთს ვერ იტანდნენ და ა.შ. კი, უნდა ითქვას, რომ ასეა, თუმცა დღეს ქვეყნის ინტერესები უფრო წინაა, ვიდრე შენი პირადი დამოკიდებულება და აქ დაასრულონ.

„ამით ეს ყველაფერი დამთავრდება. ამასთანამვე, საერთო ენა უნდა მოძებნონ დოლიძესთან და ელისაშვილთან. ეს ყველაფერი ძალიან მარტივად შეიძლება გაკეთდეს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს როგორ და რას აპირებენ. მე („ლელოს" და გახარიას) ცალკ-ცალკე გასვლას არ ვურჩევდი, ასეთ შემთხვევაში, „ოცნებას" რჩება იმის შანსი, რომ ორივე ბარიერს მიღმა დატოვოს, ეს უკვე პრობლემური იქნება",- განაცხადა ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიცია რა კონფიგურაციითაც არ უნდა გადაჯგუფდეს, ხელისუფლების შეცვლის შანსი არ აქვთ.

„ნულს მივუმატოთ ნული, მივუმატოთ ნული, არის ნული. ოპოზიციის შანსი ხელისუფლების შეცვლის შესახებ არის ნული. ამასთან, ცნობილი აქსიომაა - შესაკრებთა გადანაცვლებით, ჯამი არ იცვლება.

„ანალოგიური სიტუაცია აქვთ ამათ და ლიდერებიც ისეთები ჰყავთ, მაგალითად ხაზარაძისგან მოსახლეობა მხოლოდ ფულის მიპროცენტებას ელოდება. შემიძლია დაგისახელოთ მეორე ლიდერიც - გირჩი ზურაბა, რომლისგან მოსახლეობა შარვლის ჩახდას ელოდება და მესამე - „დროა", რომლის ლიდერისგანაც მოსახლეობა პუტინის მიერ რუბლების გადმორიცხვას ელოდება.

„ნაციონალურმა მოძრაობამაც" ვითომ ახალი, მაგრამ კარგად დავიწყებული ძველი სახეები წარმოადგინა - არმაზ ახვლედიანი, გია ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ლაშა ბაქრაძე, რომლებსაც რომ შეეკითხოთ, თვითონაც ვერ დაითვლიან რამდენ პარტიაში არიან გადანახტუნებ-გადმონახტუნები. იხტუნონ, იხტუნონ, იხტუნონ, ამინ! ბოლოში რასაც მიიღებენ 26 ოქტომბერს, მაგასაც ვნახავთ. დღევანდელი გადასახედიდან, „ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას უეჭველად აიღებს",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×