თამთა ჩაჩანიძე
09.07.2024

აშშ-ს შემდეგ, შეზღუდვებზე ნაბიჯებს ევროკავშირი დგამს - გაყინულია 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვასაც გაერთიანება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გეგმავდა, ამასთან, ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია. საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერიჩისნკის თქმით, თუ მთავრობა კურსს არ შეიცვლის, „საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა".

მმართველი პარტია ევროკავშირის გადაწყვეტილებაში დიდ პრობლემას ვერ ხედავს, მათი თქმით, ამ წუთას ევროკავშირის დიდი გაფართოების ტალღა „არ ჩანს" და თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია, „არა უშავს, შევჩერდებით და მომავალი წლიდან გავაგრძელებთ".

ოპოზიცია კი აცხადებს, რომ თუ ოქტომბერში „ქართული ოცნების" ხელისუფლება არ შეიცვალა, შენგენის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმიც გაუქმდება, სტატუსიც შეჩერდება და თავისუფალი ვაჭრობაც. „საქართველო რუსეთთან ერთად აღმოჩნდება იზოლირებულ ეკონომიკურ სივრცეში".

ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, სიტუაციის შემობრუნების შანსი კიდევ გვაქვს, თუ ხელისუფლება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს გაიწვევს და დემოკრატიის ძირითად პრინციპებს დაუბრუნდება, სხვანაირად ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდება. ნაწილის კი ნაკლებად სჯერა, რომ შეზღუდვების რეალური მიზეზი ეს კანონი იყოს.

რა თქვა ევროკავშირის ელჩმა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ამ დროისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია.

„27 ივნისს, ევროკავშირის ლიდერებმა, პრეზიდენტებმა და პრემიერ-მინისტრებმა ბრიუსელში შეხვედრა გამართეს და მათ მიიღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, შეათანხმეს ევროკავშირის სტრატეგიული დღის წესრიგი შემდგომი პერიოდისთვის, მიაღწიეს შეთანხმებას ევროკავშირის მომავალ ლიდერებთან დაკავშირებით, დაადასტურეს უკრაინის დაცვის მიმართ ჩვენი მტკიცე ვალდებულება და სამწუხაროდ და ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, ისინი ასევე შეთანხმდნენ, შეეჩერებინათ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი.

„ეს ძალიან გარკვევითაა ნათქვამი ევროპული საბჭოს დასკვნაში. წაიკითხეთ ის ძალიან ყურადღებით. ევროკავშირის ლიდერებისთვის გაურკვეველია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების განზრახვა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი აშკარად უკუსვლაა 9 ნაბიჯისგან. ასევე, ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკა სრულად შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანთან. სამწუხაროდ, ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია. ეს ნამდვილად სამწუხარო და გულსატკენია", - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ევროკავშირი დგამს შემდგომ ნაბიჯებს სხვა კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით და ევროკავშირმა მოლდოვასთან და უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.

„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შემდეგ, ოქტომბრის შემდეგ, ახალჩამოყალიბებული მთავრობა, ვინც არ უნდა მოახდინოს ამ მთავრობის ფორმირება, დაიწყებს ხელახალ სერიოზულ მუშაობას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ", - აღნიშნა ელჩმა.

ამასთან ელჩის თქმით, 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვასაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გეგმავდა ევროკავშირი, გაყინულია. ამბობს, რომ ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი და იქნება სხვა ნაბიჯებიც.

„ამ დროისთვის ფული, რომლის გადარიცხვასაც ვგეგმავდით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის და რომელიც 30 მილიონ ევროს შეადგენს, გაყინულია. ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, იქნება სხვა ნაბიჯებიც. ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ შეიზღუდება და შევეცდებით, რომ საქართველოს მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისკენ და მედიისკენ მივმართოთ. ეს გამოცხადდა ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ.

„ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ თანდათან შემცირდება და ფოკუსირებული იქნება სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე. ძალიან, ძალიან ვწუხვარ, როცა გაცნობებთ, რომ ამ პოლიტიკის პირველი მსხვერპლი იქნება თავდაცვის სამინისტროს მიმართ ჩვენი მხარდაჭერა და სამწუხაროდ, 30 მილიონი ევრო, რომლის მიწოდებასაც ვგეგმავდით საქართველოს თავდაცვის მხარდაჭერის მიზნით, შეჩერებულია. როგორც იცით, საქართველოს მთავრობის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა 10-ჯერ მეტია სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერასთან შედარებით, ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვაფინანსებთ საქართველოს მთავრობას.

„ჩვენი, ევროკავშირის მხარდაჭერის თითქმის ნახევარი არის საქართველოს მთავრობისთვის პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერა. მიღებულია გადაწყვეტილება ამ პირდაპირი მხარდაჭერის თანდათან შემცირების შესახებ, მისი მიმართულების შეცვლის და სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებისთვის მხარდაჭერის გაზრდა, რომლებიც, როგორც ვიცით, დიდი ზეწოლის ქვეშ არიან საქართველოში ამ დროისთვის „გამჭვირვალობის" შესახებ კანონის გამო", - აღნიშნა ელჩმა.

პაველ ჰერჩისკი ამბობს, რომ 27 ივნისს ბრისუელში ევროკავშირის ლიდერები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე შეთანხმდნენ და „თუ მთავრობა კურსს არ შეიცვლის, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა".

„ეს ძალიან ძლიერი მესიჯია. 27 ივნისს ევროკავშირის ლიდერები ერთმანეთს ბრიუსელში შეხვდნენ და ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ისინი მომავალი პერიოდის სტრატეგიულ დღის წესრიგზე შეთანხმდნენ, მნიშვნელოვან დოკუმენტზე, რომელიც განსაზღვრავს, ვინ ვართ ჩვენ, როგორც ევროკავშირი და საით მივდივართ. ისინი ჩვენი მომავალი ინსტიტუციური ლიდერების ვინაობაზე შეთანხმდნენ, რომლებიც პარლამენტმა ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს.

„ეს მოსალოდნელზე ბევრად სწრაფად მოხდა. შეთანხმება ძალიან სწრაფად იქნა მიღწეული, ისინი შეთანხმდნენ და უკრაინის დაცვის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და ასევე, ამ საკვანძო გადაწყვეტილებებს შორის ისინი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე შეთანხმდნენ.

„ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია, მაგრამ სამწუხაროდ, მათ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ. ჩვენ თვეების განმავლობაში ძალიან მკაფიო სიგნალებს ვგზავნიდით, რომ თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება მოხდებოდა, ამას შედეგები მოჰყვებოდა. კანონი მიღებულია, ახლა, სამწუხაროდ, შედეგების დრო დადგა", - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

შეგვიძლია თუ არა სიტუაციის შემობრუნება

თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი საგარეო საკითხებში კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სიტუაციის შემობრუნების შანსი კიდევ გვაქვს, თუ ხელისუფლება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს გაიწვევს და დემოკრატიის ძირითად პრინციპებს დაუბრუნდება, სხვანაირად ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდება.

„ეს იმ ცუდის სცენარების მხოლოდ დასაწყისია, რომელიც დიდი ხანია განხილვის საგანი იყო, პირველი ნაბიჯებია და თუ საქართველოს ხელისუფლებამ თავისი პოლიტიკა ძირეულად და რადიკალურად არ შეცვალა, განსაკუთრებით, დემოკრატიის თვალსაზისით, სიტუაცია გართულდება.

„პირველი რაც უნდა გააკეთოს, რუსული კანონი უკან უნდა გაიწვიოს, ასევე დაიწყოს დემოკრატიის ძირითადი პირობების დაკმაყოფილება. უნდა უზრუნველჰყოს, რომ ეს არჩევნები იყოს საყოველთაო, დემოკრატიული და ყოვლისმომცველი. ყველა უნდა იყოს ჩართული, მათ შორის სართაშორისო თანამეგობრობა და უარი უნდა თქვას ძალადობასა და დევნაზე, მათ შორის მასმედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას საზოგადოების დაყოფაზე ჩვენებად და სხვბად, იყოს გამაერთიანებელი და არა დამყოფი.

„ქვეყანა დემოკრატიულ განვითარებას უნდა დაუბრუნდეს, ასევე უნდა გაასწორონ მორალური და საგარეო პოლიტიკური კომპასი, ერთდროულად ორ-სამ სკამზე ჯდომა არ გამოდის, მითუმეტეს თუ ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით ნაბიჯები გადავდგათ და უკრაინას და მოლდოვას დავეწიოთ, თუ არა და ეს მხოლოდ დასაწყისია და ამას თანდათან გართულებები მოჰყვება - რამდენიმე წელიწადში დასავლეთის მხარდაჭერა აღარ გვექნება, მათ შორის, დიპლომატიური და ქვეყანა იზოლაციაში აღმოჩნდება.

„მოლოდინი იმისა, რომ ჩინეთი დაგვეხმარება ეს ცოტა გადაჭარბებულია. ხელისუფლება იმაზე უნდა დაფიქრდეს რამდენად ღირს ერთი კაცის ახირების, ან ვიწროპარტიული ინტერესების გამო, ქვეყანა გადააყოლონ, თუ ისინი დემოკრატიულ ელემენტარულ პირობებზე უარს ამბობენ, არ მესმის სხვანაირად ქვეყანა ნორმალურ კალაპოტს როგორ უნდა დაუბრუნდეს",- განაცხადა კაკაჩიამ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ძნელი დასაჯერებელია, რომ აშშ-სა და ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიზეზი „გავლენების კანონი" იყოს. მისი თქმით, აქ „სხვა ძაღლის თავია დამარხული".

„მიზეზი ეს უბედური გამვირვალობის კანონია, თუმცა, ძნელი დასაჯერებელია, რადგან კანონი სხვადასხვა ქვეყანას მიღებული აქვს და პრეცედენტებიც არ მახსენდება, რომ ამის გამო ვიღაცა ასეთი წნეხის ქვეშ მოექციათ. იძახიან რუსულიაო და დასავლეთს რუსეთზე სანქციები ომის გამო აქვს დაწესებული და არა კანონის, რომლითაც მოსახლეობის ნახევარი დასაჯა - ზოგი ციხეში გაუშვა, ზოგი უბრალოდ მოღალატედ გამოაცხადა. როცა რუსეთში ეს კანონი ადამიანის უფლებათ შემლახავი აღმოჩნდა, რუსეთს არაფერი არ დაემუქრა.

„ჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა კანონში საქმე არაა და „სხვა ძაღლის თავია დამარხული". ეს „ძაღლის თავი" ჩინეთია, ამერიკისთვის ის კონკურეტია და ჩვენთან ურთიერთობა კი ჩინეთისთვის ხელშეწყობას გულისხმობს. ჩინეთი დაინტერესებულია კავკასიურ ტრანზიტში ევროპისაკენ და ამის ერთ-ერთი გზა ანაკლიის პორტზე გადის.

„აშშ-ჩინეთი - ეს ძველი დაპირისპირებაა და არა კონკრეტულ ადმინისტრაციასთან. ევროპაც ამერიკაზეა დამოკიდებული და თუკი ისეთ პოლიტიკას არ გაატარებს, როგორც ვაშინგტონს უნდა, მაშინ ამერიკული სანქციები ევროპისკენ იქნება მიშვერილი. ამიტომ ევროპა ცდილობს, რომ ამერიკას ანგარიში გაუწიოს.

„არაა გამორიცხული, რომ სიტუაცია შემობრუნდეს, ოღონდ ამ კარის გასაღები სხვებს უკავიათ, თუკი ჩინეთი და ამერიკა ეცდებიან ინტერესების საერთო წერტილები იპოვონ ისე, რომ ერთმანეთი არ დააზარალონ, მაშინ შესაძლოა ამერიკა დათანხმდეს იმას, რომ ჩინეთმა კავკასიის გავლით თავის საქმიანობა ააწყოს", -განაცხადა საყვარელიძემ.

კითხვაზე, რა დამატებით ნაბიჯებზე შეიძლება წავიდეს ევროკავშირი, ვიზალიბერალიზაციის საკითხს ხომ არ შეეხება, საყვარელიძემ გვითხრა:

„შეიძლება, თუმცაღა მე მაინც ამ ეტაპზე ამ საფრთხეებს ძალიან მნიშვნელოვნად არ უნდა შევაფასოთ, რადგან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბევრი მუქარა უფრო დაშინებისთვისაა გაკეთებული.

„აშშ-ს პოლიტიკური სივცრიდანაც კეთდება ძალიან კრიტიკული განცხადებები, იგივე სანქციებზე, მისი შედეგი ჯერ არ გვინახავს - არავის არ მისვლია ინფორმაცია. ამასთანავე, სხვების განცხადებებია აშშ-დან, რომლებიც იძახიან, რომ საქართველოსთან ურთიერთობა უნდა ავაწყოთო, ჯერ ამერიკული პოლიტიკა არაა დალაგებული ისეთი აურზაურია ამ ორი მოხუცის გადამკიდე.

„ახლაც ნატოს სამიტზე საქართველოდან საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიეს, ამ დროს, წვრთნები შეაჩერეს, ერთი ხელით გვსჯიან და მეორე ხელით გვეპატიჟებიან - რომელი უნდა ჩათვალო ამერიკული პოლიტიკის გამოხატულებად?"- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

პოლიტიკური გამოხმაურებები

ელჩის განცხადებას ეხმიანება „ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა დავითულიანი, ამბობს, რომ როდესაც დიდი გაფართოების ტალღა რეალური გახდება, „საქართველო ნამდვილად იქნება მისი ნაწილი" და თუ „შევჩერდებით, მომავალი წლიდან გავაგრძელებთ".

„საქართველო დიდი გაფართოების ტალღის ნაწილი იქნება. სამწუხაროდ, ამ წუთას დიდი გაფართოების ტალღა არ ჩანს. როდესაც ეს ტალღა რეალური გახდება, საქართველო ნამდვილად იქნება მისი ნაწილი, დედამიწაზე, მსოფლიო პოლიტიკაში ბევრი რამ ხდება და ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ კონფიგურაცია ცხადი იქნება.

„იმედი მაქვს, ყველა ამას დროულად გააცნობიერებს და შეძლებენ, ამ რაღაც დროებით ვნებებსა და ემოციებს მოერიონ და პრაგმატულად იაზროვნონ. რისი პროცესია შეჩერებული? რაში გამოიხატება? სხვასთან რა პროცესი აქვთ, მოლაპარაკებების გახსნაზე ელაპარაკებიან, ხომ? არა უშავს, ცოტა ხანი შევჩერდებით და მომავალი წლიდან გავაგრძელებთ", - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

რაც შეეხება ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის სამხედრო დაფინანსების შეჩერებას, დავითულიანი ამბობს, რომ ამით არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება, არამედ დასავლეთის ინტერესებიც ზიანდება.

„მთელი უკანასკნელი წლებია, საქართველო ცდილობს ერთდროულად დაიცვას საკუთარი ინტერესები და განაგრძოს წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით, ზოგადად, დასავლური ინსტიტუტების მიმართულებით. სამწუხაროდ, ვიღაცეები ცდილობენ, რომ ეს ასე არ მოხდეს და საქართველოს მხრიდან თავისი ინტერესების დაცვა პირდაპირპროპორციულად ასახონ დასავლურ ინსტიტუტებთან ურთიერთობების გაღრმავების შეფერხებაში.

„ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს. სამწუხაროა, რომ თავდაცვის ბიუჯეტს აკლებენ და ამ თანხების სამოქალაქო სექტორში გადასროლა სურთ და საბაბად სახელდება ის კანონი, რომელიც იქნა მიღებული. თუმცა ეს ამ გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის.

„თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამით მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას აზიანებს, ეს ტყუილია. ამით აზიანებს არა მარტო საქართველოს ხელისუფლებას, არამედ თავის, დასავლეთის ინტერესებს, რომლისთვისაც საქართველო არის მნიშვნელოვანი წერტილი გეოპოლიტიკურ რუკაზე. ამას რაც მალე გააცნობიერებენ, მით უკეთესი. მე დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან გააცნობიერებენ",- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ევროკავშირის მხრიდან დაფინანსების გაყინვა „მკაფიო გზავნილია".მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების განცხადებებზე დასავლეთს ობიექტური ქმედებები აქვს.

„ძალიან მკაფიო გზავნილია ევროპიდან და ამერიკიდან, ჩვენი პარტნიორების მხრიდან. გინდათ ჩვენთან ინტეგრაცია? 26 ოქტომბერს სირცხვილი ჩამოირეცხეთ „ქართული ოცნების" სახით და ყველაფერი იქნება. თუ მტრად აცხადებ, ამბობ, რომ ომი უნდათ და ა.შ. ათასს სისულელეს აბრალებ, ასევე შეთქმულების თეორიებს აბრალებ, ობიექტურია მათი მხრიდან მოქმედება. მე ვწუხვარ ამას, არ მიხარია, მაგრამ იცოდეთ, რომ 27 ოქტომბერს აღდგება 30 მილიონი, ამის გარანტიას გაძლევთ „ერთიანობის" გამარჯვებასთან ერთად და ამას ვიზეიმებთ", - განაცხადა ვაშაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებებს ეხმაურება.

„აქ ნიშნის მოგების დრო არაა, მხოლოდ დიდი წუხილის: აშშ-ის მიერ წვრთნების გაუქმებას მოჰყვა ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის ძალებისთვის გამიზნული 30 მილიონი ევროს გაყინვა. ეს პასუხია ამ ხელისუფლების ანტიევროპულ და ანტიდასავლურ რიტორიკასა და ქმედებებზე.

„პასუხი იმაზედაც, რომ ყველა მათი რჩევა თუ გაფრთხილებები დარჩა რეაგირების გარეშე: თუნდაც სიმბოლურად იმ ერთი - არაფრისთვის და არავისთვის საჭირო - რუსული კანონის უკან გაწევა ან გაყინვა. და პირიქით სხვა არაფერი ისმის, თუ არა დაჟინებული მტკიცება ხელისუფლების რუპორებისგან, რომ „მაინც" შევალთ ევროკავშირში ან უტიფრად იმის გამეორება, რომ ეს წვრთნები თურმე „ორივე ქვეყნის სასარგებლოდ" ტარდებოდა... (ნეტავ, აწი ამერიკას რა ეშველება!!!)

„ეს ძალიან მძიმე გზავნილები ჩვენი ორი უახლოესი მეგობრისგან ყურადსაღებია! მართალია, ეს პასუხია მმართველი პარტიის უგუნურ და მტრულ პოლიტიკაზე მათ მიმართ, ამავე დროს გაფრთხილებაა საზოგადოებისთვის: ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ „არჩევანი თქვენია" ევროპულ, დაცულ, მომავლის მქონე და რუსეთის იზოლირებულ ორბიტაზე გადასვლის საქართველოს შორის. გვეუბნებიან, რომ ეს კანონი(ები) და ეს არამეგობრული ქცევა თავსებადი არ არის ევროპულ თუ ამერიკულ აქამდე უწყვეტ მხარდაჭერასთან. ან, ან!

„ეს მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ჯიუტად და უარგუმენტოდ იმეორებს ზემოდან ნაკარნახებ კითხვას: „რატომ არის ეს კანონი რუსული?" რატომ და ამიტომ", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×