ნატალია ჯვარიძე
09.07.2024

პარტია „საქართველოსთვის" ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ დაანონსებული ამნისტია ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ და დაჯარიმებულ მოქალაქეებსაც შეახოს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, „ოცნებამ" მკაფიოდ უნდა აღნიშნოს, რომ ამნისტია სააკაშვილს არ შეეხება.

შესაბამისად, როგორც მეზვრიშვილმა განმარტა, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ამ პუნქტებს შეასრულებს, პარტია მზადაა, ამნისტიის პროექტის მხარდაჭერის საკითხი განიხილოს.

„ჩვენი გუნდი, პარტია „გახარია საქართველოსთვის", მოვუწოდებთ „ოცნებას", რომ დაანონსებული ამნისტია შეახოს რუსული კანონის არაძალადობრივი გაპროტესტების გამო ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით პასუხისმგებლობაში მიცემულ, დაჯარიმებულ და დაკავებულ პირებს!

ამნისტია ჰუმანური აქტია და ჰუმანურობის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. რაც უფრო მეტ ბრალდებულს შეუმსუბუქდება მდგომარეობა სამართლიანად, მივესალმებით.

ამასთან, ნებისმიერი ამნისტია სამართლიანი უნდა იყოს. უსამართლობაა ამნისტია რეალური დანაშაულის ჩამდენ პირებს შეეხოს და არ შეეხოს იმ ადამიანებს, რომელთა ერთადერთი „დანაშაული" ევროპული მომავლისთვის ბრძოლაა. ციხიდან პატიმრების მასშტაბურმა გამოშვებამ არ უნდა გამოიწვიოს კრიმინალის ზრდა და დანაშაულის განმეორება, მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა ვხედავთ ძალადობის აშკარა მატებას, სრულ განუკითხაობას ქუჩაში, კრიმინალური მენტალიტეტის დაბრუნებას და მათთან ხელისუფლების პირდაპირ თანამშრომლობას.

ხელისუფლებამ ადამიანებს დაუკარგა უსაფრთხოების განცდა - ორი დღის წინ ცეცხლსასროლი იარაღით გაუსწორდნენ „გლოვოს" კურიერს, რამდენიმე კვირის წინ 19 წლის ახალგაზრდა უბნის ე.წ. „მაყურებლებმა" ცემით მოკლეს. შესაბამისად, ამინისტია სამართლიანი ვერ იქნება, რადგან ანალიზზე დაფუძნებული არ არის.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თუ „ოცნების" მიზანი ჰუმანურობაა და არა ამომრჩევლის მოსყიდვა და საარჩევნოდ ხმების მობილიზება, მოვუწოდებთ: წარმოადგინოს სანდო კვლევა, რათა ამნისტიის გადაწყვეტილება კრიმინალის კიდევ უფრო ზრდის და მოქალაქეების უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების ხარჯზე არ იქნეს მიღებული; ამინისტია შეახოს ე.წ. რუსული კანონით დაზარალებულ პირებს და მოახდინოს ამ ადამიანების სრული სამართლებრივი რეაბილიტაცია; დააფიქსიროს ღია და მკაფიო პოზიცია, რომ ამნისტრია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არ შეეხება.

ამნისტიის სამართლიანობის ამ წინაპირობების დაკმაყოფილებების შემთხვევაში, მზად ვართ განვიხილოთ „ოცნების" მიერ დაანონსებული ამნისტიის მხარდაჭერის საკითხი, დანაშაულების სიმძიმის და კატეგორიების გათვალისწინებით", - განაცხადა მეზვირშვილმა.

ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით, ამნისტია მოხდება იმის მიხედვით, თუ ვის რა სიმძიმის დანაშაული აქვს და ამას კომპეტენტური პირები დაადგენენ. როგორც მან აღნიშნა, მმართველ პარტიას მოღალატე ლიდერისგან არანაირი რჩევა არ სჭირდება.

„სააკაშვილის შეწყალება და ამნისტიის საკითხი სხვადასხვაა და ამაზე პირდაპირი პასუხი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს ჰქონდა. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს თუ არა მიშას ეს მისი გადაწყვეტილებაა.

„საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა და სხვა პირთა ამნისტირებას კომპენტენტური პირები გადაწყვეტენ, გამომდინარე იქიდან თუ ვის რა კონკრეტული დანაშაულებები მიუძღვის, ინანიებს, გამოსწორდება, მოხდება რესოციალიზაცია და ა.შ. ვგულისხმობ დანაშაულთა ფართო სპექტრს და ეს კრიტერიუმები ყოველთვის და ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში განიხილება.

„რაც შეეხება, გახარიას პარტიის ანგარიჟირებულ მოწოდებებს ეგ ცოტა ღიმილის მომგვრელია პარტიისგან, რომელიც იმ პოლიტიკურ სივრცეში იმყოფება, რასაც „ნაცმოძრაობა" ჰქვია, მიუხედავად იმისა, რომ დისტანცირების ფუჭ მცდელობებს ახორციელებს.

„მმართველ გუნდს მოღალატე პოლიტიკური ლიდერისგან რჩევები არ სჭირდება, ეს როგორც ორჯერ-ორი ოთხი ისეა. არ აქვს მნიშვნელობა კარგს იტყვიან თუ ცუდს, მათი განცხადებების შინაარსი პოლიტიკურად ანგაჟირებულია, არაფრის მომცემი და მხოლოდ პოპულისტური ქულების დაწერისკენ მიმართულია. ასე რომ, აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, გადაწყვეტილების მიმღებლები ყველაფერს ისმენენ და შემდეგ შესაბამის გადაწყვეტილებას იღებენ", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს კი მიაჩნია, რომ „ოცნება" ამნისტირებულ პირებს თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, რადგან არჩევნებში ხმა მისცენ.

„ოცნების" მიერ დაანონსებული ამნისტია დიდი ალბათობით შეეეხება თითქოს ნაკლებ დანაშაულის მქონე ადამიანებს, თუმცა, მე ასე მგონია, რომ ხელისუფლება ამ ადამიანებს თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, რადგან შემდგომში მათ ხელი შეუწყონ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში და გარკვეულწილად რეგიონებზე ზეწოლა მოახდინონ, რომ მათ ხმა მისცენ", - აცხადებს ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×