თამთა ჩაჩანიძე
08.07.2024

საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების წინასწარი შედეგებით, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერცერთი პარტია ვერ შეძლებს, თუმცა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მოწოდებამ, რომ მეორე ტურში მემარცხენეები და ცენტრისტები მის პოლიტიკურ ძალასთან ერთად მარინ ლეპენის ულტრამემარჯვენე პარტიის წინააღმდეგ გაერთიანებულიყვნენ, შედეგი გამოიღო.

არჩევნების მეორე ტური 7 ივლისს ჩატარდა, ეგზიტპოლების მიხედვით, პირველ ადგილზეა მემარცხენე პარტიების კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტი", ამ ჯგუფმა ეროვნულ ასამბლეაში, სადაც 577 ადჰილია, 182 მანდატი მოიპოვა. მეორე ადგილზეა პრეზიდენტ მაკრონის ცენტრისტული კოალიცია - 168 დეპუტატით. მესამე ადგილზე მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანება" - 143 მანდატით, რესპუბლიკურმა პარტიამ კი 45 ადგილი მიიღო.

ანალიტიკოსთა შეფასებით, საფრანგეთის არჩევნები ფრანგი ელექტორატისთვისაა ყუარდსაღები და აშკარად ჩანს, რომ ამომრჩეველი მინიმუმ სამადაა გაყოფილი, თუმცა, საგარეო კუთხით არაფერი იცვლება, მათ სორის საქართველოსთან მიმართებაში.

ანალიტიკოსთა შეფასებით, ემანუელ მაკრონმა თუ თუ რამე „ფატალური შეცდომა არ დაუშვა", მემარცხენეებთან კოალიციის შექმნას მოახერხებს, როსი მეშვეობითაც მთავრობა ჩამოყალიბდება.

ფრანგული არჩევნები და საერთაშორისო გამოხმაურება

საფრანგეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 66,63% იყო. მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭიროა 289 მანდატი, რაც ვერცერთმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ვერ მიიღო. ამიტომ ახლა მაკრონს მოუწევს კონსენსუსის გამოძებნა დანარჩენ ძალებთან.

უნდა აღინიშნოს, რომ მაკრონმა ვამდამდელი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ ჩანიშნა, რაც ევროპარლამენტის არჩევნებზე სასურველი შედეგი არ დადგა. პირველ ტურში ულტრამემარჯვენე პარტია, მარინ ლე პენის "ეროვნული გაერთიანება" 33,2%-ით ლიდერობდა. მაკრონმა კი მეორე ტურის წინ მოუწოდა, რომ მემარცხენეები და ცენტრისტები მის პოლიტიკურ ძალასთან ერთად ლეპენის წინააღმდეგ გაერთიანებულიყვნენ.

უნდა აღინიშნოს ასევე, რომ პროცესს ემთხვევა პოლიტიკური არდადეგები და ოლიმპიური თამაშები, რის პარალელურადაც ქვეყანამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - მიაღწიოს კონსენსუსს მთავრობის ჩამოყალიბებისთვის.

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების" ლიდერის, მარინ ლე პენის განცხადებით, მისი პარტიის გამარჯვება მხოლოდ გადაიდო.

"ჩვენი გამარჯვება მხოლოდ გადაიდო. ხვალინდელი გამარჯვების თესლს დღევანდელ შედეგში ვხედავ", - აღნიშნა მარინ ლე პენმა.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, გაბრიელ ატალის განცხადებით, დღეს პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მიმართავს.

„მართალია ალიანსმა სამჯერ მეტი მანდატი მოიპოვა, ვიდრე პროგნოზირებდნენ, მაგრამ უმრავლესობა არ გვაქვს. ხვალ დილით რესპუბლიკის პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მივმართავ", - აღნიშნა ატალმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტ მაკრონის ალიანსის ბევრი წევრი ხელახლა აირჩიეს.

საფრანგეთის არჩევნებს ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, წერს, რომ საფრანგეთმა ევროპა, დემოკრატია და საკუთარი ღირსება აირჩია და გადამწყვეტ მომენტში არჩევანი ხალხის ხელშია.

"მაკრონმა საკუთარი ხალხის იმედით იმოქმედა და ხალხმაც არნახული მობილიზაციით უპასუხა ამ დიდ გამოწვევას. გადამწყვეტ მომენტში ხალხის ხელში არის არჩევანი", - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი მას შემდეგ, რაც საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეგზიტპოლების შედეგები გახდა ცნობილი.

შედეგებს ეხმიანება პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი, აცხადებს, რომ ეს არის იმედგაცრუება მოსკოვისთვის და შვება - კიევისთვის.

„პარიზში- ენთუზიაზმი, მოსკოვში - იმედგაცრუება, კიევში - შვება. საკმარისია იმისთვის, რომ ვარშავაში ბედნიერი იყო", - წერს ტუსკი სოციალურ ქსელ „იქს"-ზე.

საფრანგეთის არჩევნები საქართველოსა და საგარეო კუთხით

ჯიპას ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ მაკრონმა დიდი შეცდომა არ დაუშვა, კონსენსუსს და მთავრობის ჩამოყალიბებას მოახერხებს. მისი თქმით, ცვლილება არ იქნება საქართველოსთან მიმართებაში.

„მოულოდნელი არაფერი მომხდარა და ძალიან გამიკვირდებოდა ლეპენს რომ გაემარჯვა, მას ამის არანაირი შანსი არ ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ მისმა რეიტინგმა ცოტა მოიმატა. თუ რამე ფატალური შეცდომა არ დაუშვა, მაკრონი მემარცხენეებთან კოალიციის შექმნას მოახერხებს და ისინი მთავრობის ჩამოყალიბებას მოახერხებენ.

„საფრანგეთის ხელისუფლებას კოალიციის შექმნის შესაძლებლობა აქვს, თუ რამე ფატალური შეცდომა არ დაუშვა. პროცესები ისევ ისე გაგრძელდება როგორც იყო.

„საქართველოსთან მითუმეტეს არანაირი ცვლილება არ იქნება, ვისაც არ უნდა გაემარჯვებინა მაინც არანაირი ცვლილება არ იქნებოდა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ თავად მაკრონს ხელისუფლებაში ყოფნის საკმაო ვადა აქვს და გარდა ამისა, ჩვენთვის ახლა მთავარი ისაა, რომ დავბრუნდეთ ევროპულ გზაზე. ლე პენი ზოგადად ევროსკეპტიკოსია და ის რომ მოსულიყო, ზოგადად სიტუაციას გაართულებდა, თუმცა ახლა ყველაზე მთავარი საკითხია, რომ ჩვენ იმ მოცემულობაში დავბრუნდეთ, სადაც წლების წინ ვიყავით",- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს არჩევნები და მასში არსებული ცვლილებები უწინარესად ფრანგული ელექტორატისთვისაა ყურადსაღები, რომ ამომრჩეველი მინიმუმ სამ-ოთხადაა გაყოფილი.

„ეს არჩევნები უწინარესად ფრანგული საზოგადოებისთვის იყო მნიშვნელოვანი. მაკრონის სარისკო გადაწყვეტილებამ, რომ ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, ვადამდელი არჩევნები მყისიერად გამოეცხადებინა და ფრანგული ელექტორატის პოლიტიკური მაჯისცემა გაეგო, ერთის მხრივ, მისთვის სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, მაგრამ მეორეს მხრივ, მეორე ტურამდე მემარცხენე პოლიტიკურ ფლანგთან ალიანსით მან მოახერხა და შეაფერხა ულტრამემარჯვენეების ხელისუფლებაში მოსვლა.

„როცა მაკრონი 7 წლის წინ ხელისუფლებაში მოვიდა, ფრანგულ პოლიტიკაში დომინანტი მისი ცენტრისტული პარტია იყო. ახლა კი აშკარად ჩანს, რომ ფრაგული საზოგადოება როგორც მინიმუმ სამ-ოთხადაა გაყოფილი - მემარცხენეები (მემარცხენეებშიც ულტრამემარცხენეები), ცენტრისტები, ულტრამემარჯვენეები, მემარჯვენეები. პარლამენტში მოხვედრილმა ვერცერთმა პარტიამ 289 საჭირო მანდატს ვერ მიაღწია, რაც მთავრობის ფორმირებისთვისაა აუცილებელი.

„ახლა, როცა წინ ოლიმპიადაა, ასევე საპარლამენტო საზაფხულო არდადეგები, ფრანგი და ევროპელი ანალიტიკოსებს მოლოდინი აქვთ, რომ ემოციები ჩაცხრება და შესაძლოა გარკვეულ კონსენსუსს მიაღწიონ, მაგრამ ესეც სათუოა. საუბარი იმაზე, რომ ხელახალი ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, არასწორია, რადგან ფრანგული კანონმდებლობით, ვადამდელი არჩევნებიდან, ერთი წლის განმავლობაში ხელახალი ვადამდელი არჩევნების დანიშნვნა დაუშვებელია.

„აქ რამდენიმე ვარიანტია - შეიქმნას უმცირესობის ტექნიკური მთავრობა, რაც ფრანგებისთვის მიუღებელია, რადგან მათ მაკრონის პარტიის დომინირების წინააღმდეგ მისცეს ხმა. ამას საფრანგეთზე დიდი გავლენა ექნება, თუ მთავრობა რამდენიმე დღეში თუ რამდენიმე კვირაში ვერ შეიკრიბა, ეს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, საფონდო ბირჟებზე აისახება. შესაძლოა კრიზისი არ დადგეს, როცა ევროპული სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერია, იქ ახალი მთავრობის შექმნამდე ხანდახან თვეები გადის, მაგრამ ამითი ქვეყანა არ იქცევა.

„მაკრონი თავის პოზიციას ინარჩუნებს, მაგრამ შესუსტებულად. ნებისმიერ შემთხვევაში, ახალი პრემიერი მისგან დისტანცირებული იქნება და პარლამენტში არჩეულთა ნებას დამორჩილებული. შესაბამისად, საშინაო ვითარებაში მაკრონი საკმაოდ სუსტი იქნება, რომლის ვადა 2027 წლის აპრილში იწურება. ქვეყანაში პოზიციების შესუსტების გამო, საგარეო ფლანგზეც არც ისეთი წონადი იქნება. ამავე დროს, ამ თამაშიდან მაკრონი პირწმინდად წაგებული არ გამოსულა, მან გარკვეული ძალაუფლება დაკარგა, მაგრამ უარესიც შესაძლოა მომხდარიყო.

„როგორც მარინ ლე პენმა თქვა, მისი პარტიის საბოლოო გამარჯვება ჯერჯერობით გადაიდო და ამას ევროპელი ანალიტიკოსებიც აღნიშნავენ. საფრანგეთში ულტრამემარკვენე ძალები არ გამქრალან, უბრალოდ იმას ვერ მაიღწიეს, რაც მანამდე პროგნოზირებული იყო, რომ უმრავლესობით მოვიდოდნენ. ძალიან ცაიტნოტური სიტუაციაა, ის სამი ძალა ერთმანეთის მოძულეები არიან პოლიტიკური თვალსაზრისით. მათ შორის გარიგება ურთულესი იქნება, მაკრონის მხრიდან მომლაპარაკებელი უნდა გამოინახოს, რომელიც კონსენსუსის მიღწევას შეძლებს",- განაცხადა ანალიტიკოსმა.

აბაშიძის თქმით, საქართველოსთან მიმართებაში დიდად არაფერი იცვლება.

„რაც შეეხება საქართველოსთან ურთიერთობას, უნდა ითქვას, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველო, ფრანგულ პოლიტიკაში არც შევარდნაძის დროს იყო აქტუალური, არც სააკაშვილის და არც „ქართული ოცნების" პირობებში გეოპოლიტიკიდან გამომდინარე. რაც შეეხება საგარეო საკითხებს, ფრანგული ამომრჩევლისთვის კი იყო განსახილველ საკითხებში უკრაინის ომის თემა, მაგრამ ამ არჩევნებში ისევე, როგორც ნებისმიერ ნაციონალურ არჩევნებში, შიდა მწვავე პრობლემები დომინირებენ - მიგრაცია, ეკონომიკა, კრიმინოგენული ვითარება და ა.შ.

„საფრანგეთის პოლიტიკური ისტაბლიშმენტი იგივე დარჩება, ამ რაღაცა ძვრებს ნამდვილად არ ველოდებით ქართულ-ფრანგულ ურთიერთობაში, ისევე, როგორც ამას წინათ დიდ ბრიტანეთში გამარჯვებული ლეიბორისტული პარტიის შემთხვევაში. არაფერი შეიცვლება, არჩევნებში სხვადასხვა პოლიტიკური ძალები მიდიან და მოდიან, მაგრამ ძირითადად მათი ცვლილება მათ მშობლიურ ელექტორატზე აისახება.

„საგარეო პოლიტიკაში ასე რადიკალურდა არც ქართულ-ფრანგული ურთიერთობა იცვლება, არც ფრანგულ-ამერიკული და არც ფრანგულ-ევროპული. ფაქტია, რომ საფრანგეთში ახლა ძალიან განუჭვრეტელი პოლიტიკური აწმყო და მომავალია, როცა სამი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა შეძლოს და საერთო ენა მოძენბნოს იმისთვის, რომ მთავრობა შეიქმნას და საფრანგეთის მოქალაქეების ინტერესები არ დაზიანდეს",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×