თამთა ჩაჩანიძე
07.06.2024

აშშ-ს შეზღუდვების პირველი ტრანში 26-დან 36 პირს მოიცავს, რომელშიც მოიაზრებიან „ქართული ოცნებისა" და პარლამენტის წევრები, სამართალდამცავები და კერძო პირები. სახდეპის სპიკერის მეტიუ მილერის ნათქვამი, რომ „სავიზო შეზღუდვები ქმედებების სერიაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია", თავის თავში მოიცავს იმას, რომ გაფართოვდება სანქცირებულ პირთა სიაც და ზომებიც უფრო მკაცრი გახდება. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მომდევნო ნაბიჯები უკვე არა მხოლოდ კონკრეტულ პირებს, არამედ ქვეყანასაც შეეხება.

ჯიპას ასოცირებული პროფესორი და ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ახლა ყველაფერი „ქართულ ოცნებაზეა" დამოკიდებული.

„უკვე გამოაცხადა აშშ-მ, რომ ეს პირველი ეტაპია და თუ საქართველოს ხელისუფლებას ისე გააგრძელებს, როგორც აქამდე მოდიოდა, ეს თემა კიდევ უფრო გაფართოვდება. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვეთვის ეს კიდევ უფრო მძიმე იქნება, რადგან აქ მხოლოდ პიროვნებებზე აღარაა ლაპარაკი, ქვეყანა დაზარალდება.

„ის თუ რა შინაარსის იქნება - შეერთებულმა შტატებმა ჩვენი ურთიერთიბის გადახედვა გამოაცხადა, ეს მხოლოდ პერსონალური სანქციები არაა, ჯერ მხოლოდ გადაადგილებას და ვიზებს შეეხო და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამას ფინანსური ნაწილიც მოჰყვება.

„მეორე თემა, რაც ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მტკივნეულია, ესაა იმ დახმარებების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, რომელსაც აშშ-ს მთავრობა უწევს საქართველოს, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს შეეხება აბსოლუტურად ყველა სფეროს, თავდაცვას, ინფრასრუქტურას, ეკონომიკას, ენერგეტიკას და ა.შ.

„ქართული ოცნება" ისე ქცევა, რომ ყველანაირ საფუძველს აძლევს აშშ-საც და სხვებსაც, რომ ეს სიაც გააფართოონ და ზომებიც უფრო მკაცრი გახდეს. ასე. რომ ეს მთლიანად არის დამოკიდებული „ქართულ ოცნებაზე", - უთხრა თენგიზ ფხალაძემ „რეზონანსს".

ევროპული კვლევების ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი კი ამბობს, რომ თავიდან შეიძლება დასანქცირებულთა წრე გაფართოვდეს.

„სენატსა და კონგრესში ორი კანოპროექტია ჩაშვებული, რომელიც გულისხმობს სხავადასხვა სახის სანქციებს დაწესებას. პირველ რიგში ესაა პერსონალური სანქციები, რომელიც ფინანსურ ნაწილსაც მოიცავს, ანუ ანგარიშებისა და აქტივების გაყინვას, და თავისთავად ვიზის და გადაადგილების აკრძალვას. ეს არ ვიცით ზუსტად როდის ამოქმედდება, ან ამერიკა ჩათვლის თუ არა, რომ ახლავე აამოქმედოს, რადგან შეიძლება ამ კანონებმა პრევენციის სახით იმუშაოს. როცა ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს იღებენ, პირველ რიგში ფიქრობენ იმაზე, რომ ამან პრევენციის როლი ითმაშოს, ყოველ შემთხვევაში, დემოკრატიული უკუსვლა რომ შეჩერდეს. თუ ისინი შეამჩნევენ, რომ უკუსვლა მაინც ხდება, მაშინ რა თქმა უნდა აამოქმედებენ.

„ურთიერთობების გადახედვა დაახლოებით იმას ნიშნავს, რომ პრიორიტეტები გადახალისდება და ფინანსური დახმარება შეიკვეცება. აქამდე თუ სახლმწიფო სექტორს აშშ ასობით მილიონიან დახმარებას უწევდა, ერთ წელიწადში ეს სადღაც 180 მილიონამდე იყო და საქართველო, რომ ამ თვალსაზრისით ისრაელის მერე მეორე ქვეყანა იყო მსოფლიოში, ერთ სულ მოსახლეზე ამერიკული დახმარების თვალსაზრისით. ეს წარსულს ჩაბარდება.

„კონგრესში წარდგენილი დოკუმენტების ინიციატორები ორივე პარტიიდან არიან, ესენი ამას არ გააკეთებდნენ თუ საკუთარ პარტიაში არ მოსინჯავდნენ, არსებობს თუ არა ამის მხარდაჭერა. ჩანს, რომ კონგრესშიც და სენატშიც ამასთან დაკავშირებით კონსენსუსი არსებობს",- განაცხადა გოგოლაშვილმა.

კითხვაზე, თუ საბოლოოდ კანონპროექტები დამტკიცდა, როდის ან როგორ შეიძლება ამოქმედდეს, დოკუმენტებში ჩაწერილი შეზღუდვები, გოგოლაშვილი პასუხობს, რომ ამოქმედება სიტუაციის მიხედვით იქნება.

„იმის მიხედვით ამოქმედდება თუ როგორი სიტუაცია შეიქმნება საქართველოში. კანონპროექტს ექნება გრძელვადიანი მოქმედების ვადა, როგორც თავის დროზე სანქციები ბელარუსს დაუწესეს. მაშინაც ასეთი კანონი შეიმუშავეს, იმას „დემოკრატიის მხარდაჭერის აქტი" ერქვა. ანგარიშები გრძელვადიანად კეთდება, შემდეგ პერიოდულად ამ ანგარიშების და სიტუაციების მიხედვით შესაბამის მუხლებს აამოქმედებენ", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

ამბობს, რომ სანქციები მოსალოდნელია ევროკავშირისგანაც.

„ყველაზე საშიში მომენტი ახლაა - 25 ივნისს ტარდება ევროკავშირის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, ამიტომ იქ შეიძლება კენჭი უყარონ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, ამას უბრალო უმრავლესობაც ჰყოფნის (მინიმუმ 14 ქვეყანა).

„რაც შეეხება პერსონალურ სანქციებს, მათ კონსენსუსი სჭირდებათ, ამ ეტპზე მე მგონი უნგრეთთან ვერ ხერხდება მოლაპარაკება, მაგრამ სიტუაციას შეხედავენ, თუ საჭრო იქნება, საბოლოო ჯამში, უნგრეთსაც ალბათ აიძულებენ დათანხმდეს. თან ახლა ევროკავშირი და წევრი ქვეყნები ევროპარლამენტის არჩევნებით არიან დაკავებულები, შემდეგ ფორმირება უნდა მოხდეს თუ მაგალითად ევროკომისიის შემედგენლობაში ვის რა პორტველი უნდა ჩაბარდეს, შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უნდა აირჩონ. მანამდე ევროპარლამენტი უნდა დაკომპლექტდეს - პოლიტიკური ჯგუფები უნდა შეიკრას და ეს პროცესი ალბათ ივლისის ბოლომდე გაგრძელდება, ამის შემდეგ ჩვენ ვნახავთ ევროკავშირის რეაქციას და მათ შორის ინდივუდუალურ სანქციებსაც", - განაცხადა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×