ნატალია ჯვარიძე
07.06.2024

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა დაწესებული სანქციების კიდევ უფრო გაფართოებით იმუქრება, ამ საკითხზე "რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსები ერთხმად ამბობენ, რომ პოზიცია უცვლელად დარჩება, რადგან ახლა უკანდახევა "ოცნებისთვის" არჩევნებში წაგების ტოლფასია.

„ახლა მათ, რომ კუთხეში დასჯილი მოსწავლესავით დაიწყონ დგომა და თავის ჩაღუნვა, ეს მათ პოლიტიკურად და რეპუტაციულად კიდევ უფრო დააზარალებთ და მათ მხარდამჭერებს გაუჩნდებათ შეკითხვები, „თუ გათვალე შედეგები, მაშინ უკან რაღატო იხევ?" - ამბობს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან".

დავით ზურაბიშვილს კი მიაჩნია, რომ ახლა „ოცნებას" ორი გზა რჩება. პირველი უკან დაიხიოს, რომელიც ხელისუფლებიდან წასვლას ნიშნავს და მეორე ეს არის არჩევნებამდე ესკალაციის მოხდენა, რომელიც მათთვის უფრო ცუდია.

ამერიკამ „ოცნების" დასასჯელად სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში წუხელ გამოაცხადა, რომელიც მმართველი გუნდისა და პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს მოიცავს. სახდეპის პრესსპიკერ მეთიუ მილერის თქმით, შეზღუდვები გავრცელდება მათი ოჯახის წევრებზეც. ამასთან, სპიკერმა აღნიშნა, რომ სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში 24-დან 36 პირს მოიცავს.

„იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ თავიანთ ქმედებებს და გადადგამენ ნაბიჯებს, რათა წინ წავიდნენ თავისი ქვეყნის დიდი ხნის სასურველ ევროატლანტიკურ და დემოკრატიულ გზაზე. თუმცა, თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, შეერთებული შტატები მზად არის დამატებითი ქმედებები განახორციელოს", - აცხადებს მილერი.

ამას მმართველი პარტია უკვე გამოეხმაურა. თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სანქციების გამო არ ნერვიულობს.

„ვიღაცისთვის შეიძლება, სადღაც წასვლა ან არწასვლა პრობლემას წარმოადგენდეს, ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც ქვეყანაზე და სამშობლოზეა საუბარი. ამერიკის ვიზა არ მაქვს, ბოლოს იქ ვიყავი, როდესაც მილანში ვთამაშობდი, მის მერე არ ვყოფილვარ და წასვლის სურვილიც არ მაქვს. ღმერთს ვთხოვ ამაზე მეტი სანერვიულო არ მომცეს. ჩემი თხოვნა იქნება ნურც თქვენ ინერვიულებთ. სანქციების საბაბი არ არსებობს",- განაცხადა კალაძემ.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ეს დასაწყისია, რადგან ხელისუფლებამ ქვეყანას უღალატა და ამისთვის დაისჯებიან.

„მადლობა ამერიკას ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის. „რუსულ კანონზე" ხმის მიმცემი პარლამენტარები და პოლიციელები, რომლებიც მშვიდობიან მანიფესტანტებს არბევდნენ დასანქცირებულები არიან და ეს მხოლოდ დასაწყისია", - წერს „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი.

ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ სანქციები ხელისუფლებისთვის დამაზიანებელია და მათ ახლა რჩებათ ერთი ბერკეტი, ამომრჩევლების მობილიზება.

„ბუნებრივია, სანქციები ხელისუფლებისთვის დამაზიანებელია. ჩემი აზრით, ახლა მათ რომ კუთხეში დასჯილი მოსწავლესავით დაიწყონ დგომა და თავის ჩაღუნვა, ეს მათ პოლიტიკურად და რეპუტაციულად კიდევ უფრო დააზარალებთ, რადგან საზოგადოება და მათი მხარდამჭერები დასვამენ კითხვას, თუ იცოდი ამას რა შედეგები მოჰყვებოდა ან თუ გათვალე, მაშინ ახლა უკან რატომ იხევ?

ხელისუფლებას ერთი ბერკეტი აქვს და შეუძლია ამომრჩევლის მობილიზება იმ კუთხით, რომ მათ უთხრას, „ხედავთ ამერიკა ერთადერთი კანონის გამო, რომელიც არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობას ითხოვს, პატარა სახელმწიფოს უსამართლოდ ჩაგრავს", ანუ მოქალაქეების ეროვნულ -პატრიოტულ განწყობებზე ითამაშოს.

მე არ მგონია, რომ ხელისუფლება პოზიციას შეიცვლის. თუ ამერიკა იმას ელოდება, რომ კანონს უკან გაიწვევენ, ამას მმართველი პარტია არ გააკეთებს. ასეთი რამ არც ერთ ნორმალურ და შემდგარ სახელმწიფოში არ ხდება, რომ გარეშე თუ შიდა ზეწოლით ერთი და იგივე კანონი ორჯერ მიიღო და ორჯერვე უკან გაიწვიო.

სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც აშშ ხელისუფლების ქმედებებს დააკვირდება და ვერ დაინახავს მისთვის მისაღებ ნაბიჯებს, მაშინ ეს სანქციები გაგრძელდება და შეიძლება სავიზო შეზღუდვებს გასცდეს და ფინანსური სანქციები დაწესდეს ან პირიქით, სამოქალაქო სექტორის მიმართ დახმარება გაიზარდოს. საბოლოოდ, ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ დასავლეთმა ხელი შეაშველოს ოპოზიციას და ერთად შეასუსტონ ხელისუფლება", - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან".

დავით ზურაბიშვილის აზრით კი ხელისუფლებას ეგონა, რომ ამერიკა ამას არ გააკეთებდა, თუმცა ძალიან შეცდნენ., ამიტომ არ არის გამორიცხული შემდეგი სანქციებიც მალე დააწესონ.

„ოცნებას" ჰქონდა ილუზია, რომ ამ სანქციებზე ტყუილად ლაპარაკობდნენ და ეს არ მოხდებოდა, მაგრამ ხომ დავინახეთ, რომ ეს მართლა გააკეთეს. რა თქმა უნდა, ისინი თუ ამ ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ პოლიტიკას გააგრძელებენ, შეზღუდვები უფრო გაფართოვდება და ამას ფინანსური სანქციებიც მოჰყვება.

იმის მიუხედავად, რომ მათ ნორმალურ ცივილიზაციურ ყოფაში დაბრუნების შანსი დაუტოვეს, რასაკვირელია ისინი პოზიციას არ შეიცვლიან, რადგან მათ ისეთი სვლა გააკეთეს, რომ სულ ორი გზა რჩებათ. პირველი არის ის, რომ ახლავე დანებდნენ უკან წაიღონ ეს კანონი და საკადრო პოლიტიკას გადახედონ. პრაქტიკულად ეს იქნება ხელისუფლებიდან წასვლა, ოღონდ უფრო რბილი და ცივილიზებული ფორმით. მეორე ვარიანტია არჩევნებამდე სიტუაციის ესკალაცია, არჩევნები კი ძალიან დაძაბული იქნება, მაგრამ ვფიქრობ ხელისუფლების გამანადგურებელი დამარცხება", - აღნიშნავს ზურაბიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×