თამთა ჩაჩანიძე
05.06.2024

გაერომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილების საკუთარ საცხოვრებლებში დაბრუნების უფლების შესახებ რეზოლუცია მიიღო, წელს დოკუმენტს მზარდი მხარდაჭერა აქვს, შეცვლილია სომხეთის, არგენტინის და სამხრეთ აფრიკის პოზიციები. შიდა განხილვის თემა გახდა ჩინეთის პოზიცია, რომელთანაც საქართველომ სულ ცოტა ხნის წინ სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა და რომელმაც მხარდაჭერისგან თავი შეიკავა.

„ქართული ოცნება" ჩინეთს მადლობას უხდის დოკუმენტზე თავშეკავების გამო, ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ სტრატეგიული პარტნიორი ვერ იქნება ქვეყანა, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვან დოკუმენტზე მხარს არ უჭერს საქართველოს.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ დოკუმენტი ყოველ წელს გადის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და წლიდან წლამდე დოკუმენტის მხარდამჭერთა რიცხვი იზრდება, რაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების - აშშ-სა და ევროკავშირის დიდი დამსახურებაა. ამასთან დასძენენ, რომ ქვეყნის საგარეო უწყების დიპლომატებს დიდი წვლილი აქვს შეტანილი სომხეთის, არგენტინისა და სამხრეთ აფრიკის პოზიციაში.

ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ". რეზოლუციას 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, შარშან მხარდამჭერტა რიცხვი 100-ს შეადგენდა.

4 ივნისის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა 9 ქვეყანამ: რუსეთმა, ბელარუსმა, ბურუნდიმ, ზიმბაბვემ, ჩრდილოეთმა კორეამ, კუბამ, მალიმ, ნიკარაგუამ და სირიამ. 53-მა თავი შეიკავა, მათ შორის ჩინეთმა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა იმ სახელმწიფოებს, რომელთაც რეზოლუციას მხარი დაუჭირეს და შესაბამისად, ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირსა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს თანადგომა და მხარდაჭერა. მისი თქმით, „ეს ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს"

შეფასებები

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთს მადლობა გადაუხადა თავშეკავებისთვის, ამასთან აღნიშნა, რომ გაერო-ს რეზოლუციაზე წლიდან წლამდე იზრდება მხარდამჭერების რაოდენობა.

„გაერო-ს რეზოლუციაზე წლიდან წლამდე იზრდება მხარდამჭერების რაოდენობა, ამისათვის განსაკუთრებული მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც მუდმივ რეჟიმში მუშაობს, იმისათვის, რომ დევნილებთან დაკავშირებულ რეზოლუციას ჰქონდეს ფართო მხარდაჭერა. შარშან პირველად ჩვენ მოვახერხეთ და სამნიშნა რიცხვით დავაფიქსირეთ მხარდაჭერა რეზოლუციის მიმართ და წელს რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა, 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი ჩვენს რეზოლუციას. ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული დამსახურება და მადლობა მინისტრს, მთლიანად სამინისტროს გაწეული საქმიანობისთვის, თითოეულ დიპლომატს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა. მადლობა ჩინეთს იმისთვის, რომ მან შეინარჩუნა მანამდე დაკავებული პოზიცია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, დავით ბაქრაძის თქმით, მხარდამჭერთა რიცხვი მზარდია.

„ჩვენი მთავრობისთვის მნიშვნელოვანია დევნილ საზოგადოებაზე ზრუნვა და განხილვების დროს არაერთი დელეგაციის მიერ იქნა აღნიშნული, რომ სამაგალითოა ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ატარებს დევნილი მოსახლეობის მიამრთ. ამ თვალსაზრისით მხარდამჭერ ქვეყანათა რიცხვის ზრდა არის სწორედ წარმატებული პოლიტიკის სიგნალი.

„თუმცა თავისთავად ზრდა სამი ახალი მხარდამჭერით, არ გამოხატავს იმ მნიშვნელობას რომელიც წელს ჩატარებულ კენჭისყრას ჰქონდა, რადგან ხარისხობრივად ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოები გახდნენ საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუციის მხარდამჭერები. ეს არის სამხრეთ აფრიკა, არგენტინა - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ორი თვის წინ ჩატარებული ვიზიტი ლათინურ ამერიკაში ძალიან წარმატებული გამოდგა, მათ შორის არგენტინის ხელისუფლებასთან განხორციელებული კონსულტაციებისას; ასევე, სომხეთი, რომელიც ჩვენი მეზობელია, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია და ახლა უკვე მხარს უჭერს ამ მნიშვნელოვან რეზოლუციას.

„მნიშვნელოვანია ისიც, რომ შენარჩუნდა იმ სახელმწიფოთა რაოდენობა, რომლებიც წინააღმდეგ აძლევენ ხმას. ეს კვლავ ერთნიშნა რიცხვით გამოიხატება. შემცირებულია ასევე თავშეკავებათა რიცხვი, რაც ასევე იმის მანიშნებელია, რომ სახელმწიფოები უფრო მეტად ხედავენ საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუციის მნიშვნელობას და ჩვენ მომავალ წლებში კიდევ უფრო მტკიცე მხარდაჭერას უნდა მოველოდეთ",- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია ჩინეთის თავშეკავებას და პრემიერის მადლობას კრიტიკულად აფასებს და აცხადებს, რომ ჩინეთი არაა საქართველოს ევროვნული მიზნების მხარდამჭერი.

„ხელისუფლების მიერ სტრატეგიულ პარტნიორად გამოცხადებული ჩინეთი არ არის საქართველოს ეროვნული მიზნების მხარდამჭერი, რადგან ეწინააღმდეგება ნატო-ს გაფართოებას, არ უჭერს მხარს ქართველთა დაბრუნებას მშობლიურ სახლებში და არსებითად კვლავ რუსულ პოლიტიკას უჭერს მხარს ჩვენს რეგიონში.

„მორიგ ჯერზე ისმის კითხვა, რას გულისხმობს სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან: ქართული ეროვნული მიზნების განხორციელების მაგიერ, საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული ობიექტების ჩაბარებას კორუმპირებული, დასანქცირებული კომპანიებისთვის, რომლებიც კენიამ და მალაიზიამაც კი გააძევეს?

„ეს არის კიდევ ერთი მკაფიო დასტური, რომ "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკა სრულად არის აცდენილი ეროვნულ მიზნებს და ამოცანებს და ემსახურება რუსულ-ჩინური გავლენების გაძლიერებას. ეს შეიცვლება 27 ოქტომბერს დილით, როდესაც საქართველოს ეყოლება არა რუსეთისა და ჩინეთის მსახური ხელისუფლება, არამედ საქართველოს და ქართველების მსახური მთავრობა, რომელიც ქართველების და საქართველოს გამდიდრებას და გაძლიერებას დაისახავს მიზნად", - განაცხადა გეგელიამ.

„სტრატეგია აღმაშენებელის" წევრი სერგო ჩიხლაძე კი აცხადებს, რომ ჩინეთმა დაიკავა ისეთივე პოზიცია, როგორიც ნიკარაგუამ, კუბამ, ირანმა, ბელარუსმა.

„ტოტალიტარული რეჟიმები ერთმანეთის მიმართ სიმპათიით არიან განწყობილები და ერთმანეთის გაძლიერებას ცდილობენ. მსოფლიოში უფრო მეტი ქვეყანაა, რომელიც საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს, ვიდრე პირიქით.

„ზუსტად მათ რიცხვშია რუსეთი და სხვა ტოტალიტარული ქვეყნები. სამწუხაროდ, მათ რიცხვია ჩინეთის რესპუბლიკაც, რომელიც არ ჯდება მეგობრულ და მითუმეტეს, სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოში. მთავარია ახლა, რომ ივანიშვილმა ამ 5 თვეში ისე არ დააზიანოს საქართველოს საერთაშორისო კავშირები, რომ 100 ქვეყნიდან კიდევ უფრო არ შემცირდეს საქართველოს მხარდამჭერთა რიცხვი" , - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

რეზოლუციის მნიშვნელობა, მხარდამჭერი ქვეყნებისა და ჩინეთის პოზიცია

ჯიპას ასოცირებული პროფესორი და ანალიტიკოსი საგარეო საკითხებში თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ჩინეთისათვის მადლობის გადახდა უადგილოა და მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანასთან სტრატეგიულ პარტიორობა გავაფორმეთ, საქართველოს ხელისუფლებას უნდა ეზრუნა იმაზე, რომ ჩვენთვის ყველაზე სტრატეგიულ საკითხში მხარი დაეჭირა პეკინს.

„მადლობა საერთოდ სასაცილოა, რადგან თუ ხელისუფლება მართლა ფიქრობს, რომ ეს სამადლობელია, მაშინ მათ საერთოდ არაფერი გაეგებათ საგარეო პოლიტიკის და თუ იცის, რომ სამადლობელი არაა და მადლობას უხდის, მაშინ კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობა გვქონია, რადგან ჩინეთი არცერთ შემთხვევაში არ მისცემს წინააღმდეგ ხმას.

„ყოველ შემთხვავაში, იმ მოცემულობით, რაც დღეს ჩინეთშია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენ ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა გავაფორმეთ, ალბათ საქართველოს ხელისუფლებას იმაზე უნდა ეზრუნა, რომ სტრატეგიულ პარტნიორს, ჩვენთვის ყველაზე სტრატეგიულ საკითხში მხარი დაეჭირა და უბრალოდ თავშეკავებით არ შემოფარგლულიყო.

„სხვათა შორის, მაშინ, როცა ვლაპარაკობდით, რომ ერთ-ერთი ნაკლი იმ განცხადებისა არის ის, რომ საქართველოს და ჩინეთის ინტერესები არათანაბრადაა ასახული, ხელისუფლება მაშინაც იცინოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ჩვენ ვხედავთ, რომ ის კრიტიკა სამართლიანი ყოფილა, რაც მაშინ ჟღერდა"- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

მისი თქმით, სომხეთის პოზიცია მოსალოდნელი იყო იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რასაც ბოლო პერიოდში ფაშინიანის ხელისუფლება დგამს. რაც შეეხება არგენტინას და სამხრეთ აფრიკას, ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს საგარეო საქმეთა სამინისტროს კარგი მუშაობის შედეგია.

„სომხეთის პოზიცია ნამდვილად მოსალოდნელი იყო, რადგან ის ნაბიჯები, რასაც ფაშინიანის ხელისუფლება ბოლო პერიოდში დგას, მიუთითებდა იმაზე, რომ ის გაბედავდა და იმ მარწუხებისგან და წნეხისგან თავის დახსნას შეძლებდა, რაც მასზე რუსეთის მხრიდან წლების განმავლობაში ხორციელდება. რუსეთი სომხეთს ყარაბაღის თემით მუდმივად აშანტაჟებდა და აქედან გამომდინარე, სომხეთი წინააღმდეგ აძლევდა ხმას.

„მას შემდეგ, რაც ყარაბაღი ფაქტორი აღარაა და სომხეთი რუსეთისგან მიტოვებული აღმოჩნდა, ფაშინიანის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი გადადგა და პირველად იქნა სწორედ მის მიერ მხარდაჭერილი ჩვენთვის მნიშვნელოვანი რეზოლუცია.

„რაც შეეხება არგენტინას და სამხრეთ აფრიკას, საგარეო საქმეთა სამინისტროს არ უნდა დავუკარგოთ მისი აქტივობა და მუშაობა ამ მხრივ და ეს ნამდვილად დასაფასებელია. სამწუხაროდ, ხშირად ხდება ხოლმე ის, რომ ჩვენი დიპლომატიის მიერ გაკეთებული კარგი საქმეები, მერე პოლიტიკისების წინდაუხედავი განცხადებებით, ან ქმედებებით გადაიხაზება ხოლმე", - განაცხადა ფხალაძემ.

ანალიტიკოსმა რეზოლუციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ჩვენ ეს რეზოლუცია ყოველ წელს გაგვაქვს. როცა პირველად გავიტანეთ, თუ არ ვცდები 16 წლის წინ იყო, მაშინ მას მხარს სულ 14 სახელმწიფო უჭერდა. რეზოლუცია ძალიან მნიშვნილოვანია, იმ საერთაშორისო სამართლებრივი ბრძოლისათვის, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ ქვეყნის დეოკუპაციის მიზნით.

„მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანების უფლებები, რომლებიც სრულიად უსაფუძვლოდ გამოდევნეს საცხოვრებელი ადგილიდან მხოლოდ იმიტომ, რომ სეპარატისტებს არ ემხრობოდნენ, დაცული იქნას და რომ რუსეთის ხელისუფლებას დაეკისროს სრული პასუხისმგებლობა ყველა იმ ქმედებებზე, რომლებიც ამ ადამიანების მიმართ განახორციელა.

„ეს დიპლომატიური ფრონტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კარგი იქნება, რომ ჩვენი დიპლომატიის ძალისხმევას, პოლიტიკოსები უბამდნენ მხარს და ცალი ხელით გაკეთებულს, მეორე ხელით არ ანგრევდნენ. ეს 103 მხარდამჭერი, ჩვენ არ გვეყოლებოდა რომ არა აშშ და ევროკავშირი და ზოგადად ის ე.წ. გლობალური ომის პარტია, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება იძახის ხოლმე. რომ არა ეს მხარდაჭერა, დღეს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ბევრ ქვეყანას ექნებოდა აღიარებული, ამას „ოცნების" ხელისუფლება თუ შეიგნებს, კარგი იქნება",- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ კონფლიქტის თემაში ჩინეთი იშვიათად ერევა. მისი აზრით, არჩარევა უკვე არის ხოლმე სამადლობელი და ხელისუფლების მადლობაც იმას უკავშირდება.

„სეპარატიზმი ყველა ქვეყანაში პრობლემაა და ამიტომ ქვეყნები ამას საკუთარი მდგომარეობოდან და საკუთარი სირთულეებიდან გამომდინარე უდგება მაგ საკითხს. სეპარატიზმი უცხო არც ჩინეთისთვის არაა. ამიტომ ზოგადად კონფლიქტების თემაში პეკინი იშვიათად ერევა, მაგ მიზეზის გამო, რადგან ჯერ ერთი უკან აქვს ანალოგიური ტიპის პრობლემები, როცა მაგალითად ტიბეტი დაიპყრო და წინაც ელოდება ამ ტიპის პრობლემებს ტაივანთან დაკავშირებით.

„ალბათ ამითია განპირობებული, რომ არ იღებს მონაწილეობას იმ საკითხებში, რომელიც სეპარატიზმს უკავშირდება. ხელისუფლების მადლობაც ამას უკავშირდება - არჩარევა უკვე არის ხოლმე სამადლობელი", -განაცხადა ანალიტიკოსმა.

საყვარელიძემ სომხეთის პოზიციის ცვლილებაზეც ისაუბრა, მისი თქმით ეს უფრო მოსკოვი-ერევანის ურთიერთობის გაუარესების შედეგია.

„სომხეთს რუსეთთან უკვე გამძაფრებული ურთიერთობა აქვს, ეს თემა რუსეთს უკავშირდება, სხვათა შორის რუსეთთან დაკავშირება ამ თემისა შეიძლება იყოს ნაწილობრივ ჩინეთის პოზიციის მიზეზიც. სომხეთს ყოველთვის ის პოზიცია ჰქონდა, რაც ხელსაყრელი იყო რუსეთისთვის და რადგან დღეს უპირისპირდება, უკავებს იმ პოზიციას რაც მოწინააღმდეგისთვის დისკომფორტია.

„ეს რიგითი მოწოდება-რეზოლუციაა, რომელიც ამა თუ იმ მხარეს შეუძლია სურვილის შემთხვევაში გამოიყენოს. ჩვენთვის სასიხარულო მოვლენებში პრატიკული მნიშვნელობა ამ რეზოლუციას არ აქვს და პოლიტიკური მნიშვნელობა რა თქმა უნდა აქვს",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×