თამთა ჩაჩანიძე
05.06.2024

აშშ-ს კონგრესზე „ჰელსინკის კომისიის" ფარგლებში საქართველოს თემაზე ჩატარებულ მოსმენას, თბილისში დიდი გამოხმაურება მოჰყვა - „ქართულმა ოცნებამ" სხდომაზე საქართველოდან ე.წ. მოწმის სახით მიწვეულებს „ორჯონიკიძეები" და მათ გამოსვლას „ჩვეულებრივი ღალატი" უწოდა. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ კონგრესში მეგობრების მხრიდან „ძალიან ზუსტი შეფასება" მოისმინეს, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.

სხდომა „ჰელსინკის კომისიის" თავმჯდომარეს რესპუბლიკელ ჯო უილსონს მიჰყავდა, ის ასევე არის ავტორი საქართველოსთან დაკავშირებით შემუშავებული კანონპროექტისა „მეგობარი აქტ". ასევე მონაწილეობა მიიღეს ფონდ "ღია საზოგადოების" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ივანე ჩხიკვაძემ, საქართველოს ყოფილმა ელჩმა ევროკავშირში ნატალია საბანაძემ და საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა და „რენდის კორპორაციის" უფროსმა მკვლევარმა უილიამ კორტნიმ.

კონგრესმენმა ჯო ვილსონმა სხდომაზე განაცხადა, რომ აშშ არ დაუშვებს საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების უპასუხოდ დატოვებას. მისი თქმით, „"უცხოეთის აგენტების კანონი მხოლოდ აისბერგის წვერია".

როგორც ჯო უილსონმა განაცხადა, მიიღეს „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის წერილი, რომელსაც 4 ივნისის განხილვის ოქმს დაურთავენ. განხილვას ასევე ესწრებოდა თავად ნათელაშვილი და „ღია საზოგადოების ფონდის" ხელმძღვანელი ქეთი ხუციშვილი.

რა თქვეს კონგრესში

„ჰელსინკის კომისიის" თავმჯდომარის ჯო უილსონის თქმით, მოსმენა ქართველი ხალხისთვის კრიტიკულ მომენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების პარალელურად ხდება, მისი თქმით, კანონის ღია მიზანია დემოკრატიის ძირის გამოთხრა.

„ეს მოსმენა ქართველი ერისთვის კრიტიკულ მომენტში ხდება. 1991 წელს თავისი დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების შემდეგ, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ახლო, განუყოფელი ურთიერთობები ჩამოყალიბდა, რომლებიც დემოკრატიული პრინციპებისა და ძლიერი ევროატლანტიკური სივრცის საერთო ხედვას ეფუძნებოდა...

„სამწუხაროდ, ეს ძლიერი კავშირი ბოლო პერიოდში თავდასხმის საგანი გახდა მმართველი "ქართული ოცნების" მხრიდან, რომელიც [პარტიის] დამფუძნებელი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება. „ქართულმა ოცნებამ" ღიად უარყო ქართველი ხალხის დიდი ხნის განმავლობაში არსებული დემოკრატიული და ევროატლანტიკური არჩევანი პუტინისტური „უცხოური აგენტების კანონის" პარლამენტში გატანით, თვეების განმავლობაში მიმდინარე მასობრივი პროტესტების მიუხედავად...

„ამ კანონის ღია მიზანია ქვეყნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისთვისა და მედიისთვის ძირის გამოთხრა, სტიგმატიზება და უთანხმოების გამომხატველი ალტერნატიული აზრებისთვის პლატფორმების ჩახშობა. რაც უფრო უარესია, ეს „უცხოური აგენტების კანონი", როგორც ჩანს, მთავრობის ანტიდემოკრატიული გადახვევის აისბერგის მხოლოდ მწვერვალია. დამატებითი გადაწყვეტილებები და კანონპროექტები ანადგურებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ჯერ კიდევ დარჩენილ დამოუკიდებელ ნაწილებს, ბოლომდე მიჰყავთ სასამართლო სისტემის დაპყრობა.

„სამოქალაქო საზოგადოების მოქმედ პირებსა და აქტივისტებს, ისევე როგორც მათი ოჯახის წევრებს, გამუდმებით ემუქრებიან და აშინებენ, და ფიზიკურადაც თავს ესხმიან მთავრობასთან დაკავშირებული კრიმინალები. ოპოზიციის ოფისებზე თავდასხმები იყო, ისინი ვანდალურად დაამტვრიეს", - განაცხადა უილსონმა და დასძინა: "კრიტიკულად მნიშვნელოვანია "ქართულ ოცნებას" ვაჩვენოთ, რომ ჩვენ სერიოზულები ვართ საქართველოს მოსახლეობისთვის დახმარების შესახებ როდესაც ვსაუბრობთ, რომელთანაც გვსურს პოზიტიური და თანამშრომლობითი მომავალი. მიხარია იმის თქმა, რომ „მეგობარი აქტ"-ს ძლიერი ოპერატიული მხარდაჭერა აქვს".

კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენაზე ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატალი საბანაძემ განაცხადა, რომ კონკრეტულ პირებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა, რაც მოიცავს აშშ-ში ვიზის აკრძალვას და ფინანსურ სანქციებს.

„არსებობს დასჯის ზომები, მაგალითად სანქციები, რომლებიც, ვფიქრობ, მიზნობრივი უნდა იყოს, და პიროვნებებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა. ეს მოიცავს ვიზის აკრძალვებს, ეს მოიცავს ფინანსურ სანქციებს, მათ შეუძლებლობას გაგზავნონ საკუთარი შვილები ძვირადღირებულ უნივერსიტეტებში აქ, ამ ქვეყანაში [აშშ-ში].

„ამას გავლენა აქვს კონკრეტულ ადამიანებზე და ისინი ინდივიდუალურად არიან პასუხისმგებლები. ვფიქრობ, ამან [სანქციებმა] გავლენა არ უნდა იქონიოს მხარდაჭერაზე, ვინაიდან ქართველებს, ქართულ საზოგადოებას, მედიას მეტი მხარდაჭერა სჭირდება დღეს.

„და ასევე მჯერა, რომ კიდევ ერთი გადაწყვეტილება უნდა იყოს არჩევნების სიტუაციაზე ძალიან ახლოდან დაკვირვება და არჩევნების დაკვირვებაზე გრძელვადიან პერსპექტივაში დაფიქრება. ვინაიდან, როგორც ვთქვი, მეთოდები იხვეწება. ასე აშკარა არ არის - შეიძლება იყოს - მაგრამ დიდი სისტემა არსებობს პოლიტიკური ველის უწონასწორობაში მოსაყვანად ისე, რომ საბოლოო ჯამში არჩევნები აზრს კარგავს. იქნება შეჯიბრი, ვინაიდან არიან პარტიები და ისინი მონაწილეობას მიიღებენ, მაგრამ ეს შეჯიბრი მხოლოდ ლეგიტიმურობას იძლევა და ნამდვილი ცვლილების შანსს არა. ასე რომ, ეს უნდა გაკეთდეს", - განაცხადა საბანაძემ.

„ურთიერთობები უარესისკენ წავა თუ „ქართული ოცნება" ოქტომბრის არჩევნებს გააყალბებს, მიზნობრივმა სანქციებმა შესაძლოა საფასური გაზარდოს ივანიშვილისთვის და „ქართული ოცნებისთვის" სამომავლო რეპრესიული ზომებისთვის", - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენაზე საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, უილიამ კორტნიმ განაცხადა.

„ბოლო წლებში „ქართულმა ოცნებამ" უფრო პრო-რუსული და ანტი-დემოკრატიული კურსი აირჩია. ცოტა ხნის წინ მიღებულმა კანონმა საქართველო შეიძლება „გადასახადების თავშესაფრად" აქციოს „შავი ფულისთვის". „უცხოური აგენტების კანონმა", რომელიც რეპრესიულ რუსული კანონზე დაყრდნობით შეიქმნა, დამოუკიდებლობის შემდეგ უდიდესი საჯარო პროტესტი გამოიწვია. „ქართულმა ოცნებამ" შესაძლოა ბოროტად გამოიყენოს კანონი, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს.

„გერმანიის მარშალის ფონდის" მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიში პოლიტიკურ ძალადობას წინასწარმეტყველებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში. თითქოს სამი ათწლეულის განმავლობაში ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობა აშშ-საქართველოს ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენდა, ახლა, პერსპექტივები ქრება",- განაცხადა უილიამ კორტნიმ.

გამოხმაურებები თბილისში კონგრესის 4 ივნისის სხდომაზე

კონგრესში საქართველოს შესახებ მოხსენებას 5 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და თქვა, რომ რაც კონგრესში ვიხილეთ „ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი.

„გუშინ რაც ვიხილეთ ჩვენ კონგრესში, ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი პირდაპირ ვიტყოდი ამას. გუშინ ვანო და ნატალია, სერგო ორჯონიკიძეები საუბრობდნენ საქართველოსთან დაკავშირებით, ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი, ეს იყო ჩვეულებრივი ბოლშევიკური ღალატი, ამას სხვა სახელი უბრალოდ არ შეიძლება დაერქვას. რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„სამწუხაროდ, კონგრესში ანტიქართული განცხადებების ნიაღვარი ვნახეთ. ამერიკელ ხალხს 30 წელია ვაჩვენებთ მეგობრობას და გვერდში დგომას. ამერიკელი ხალხისთვის ბევრი გვაქვს გაკეთებული და ქართველი ხალხი გვერდში დაუდგა, მათ შორის საერთაშორისო მისიებში", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

„ამის საპასუხოდ, ვხედავთ საქართველოს ასეთი დამცირების მცდელობას, ეს არის, რა თქმა უნდა, სამწუხარო. სამწუხაროა, როცა ვხედავთ, დეზინფორმაციას მიხეილ სააკაშვილთან, არჩევნებთან დაკავშირებით, როდესაც ვხედავთ, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ცდილობენ, დაამცირონ საკუთარი სამშობლო უცხო ქვეყანაში მისი დასმენით და მისი გასამართლების პროცესის მოწყობით.

„ზუსტად ეს ხალხი, „ენჯეოები" და ოპოზიცია იყვნენ შეკრულნი მაშინ საქართველოს წინააღმდეგ, როდესაც გააყალბეს პარალელური დათვლის შედეგები და შეგახსენებთ, ამის შესახებ იცოდა დონორმა და უმალავდა ქართველ ხალხს და ხელისუფლებას, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო მცდარი. გვიმალავდნენ, როგორც „ენჯეო", ისე მისი დონორი. ასევე შეგახსენებთ, ბიულეტენებს და სხვა.

„შეგახსენებთ, 4 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფის პირველ დასკვნას, რომელმაც შეაფასა 2020 არჩევნები ყველაზე არადემოკრატიულ არჩევნებად და მათი განცხადება, სადაც, თუ არ ვცდები, სამი თუ ოთხი პუნქტი იყო და ყველა იყო ტყუილი. PVT იყო ტყუილი, თითქოს გვიან გამოქვეყნდა შედეგები, თითქოს, რვა პროცენტზე მეტობა იყო და ამ ყველაფერს აკეთებდნენ „ენჯეოები" და დუმდნენ მათი დამფინანსებლები, რომლებმაც მაშინ წაახალისა არჩევნების შედეგებზე ყალბი დასკვნების დადება. ის, რომ PVT-ს შედეგები იყო მცდარი, მათ შორის იცოდა USAID-მა და გვიმალავდა, როგორც ხელისუფლებას, ისე ქართველ ხალხს. პირადად მქონდა შეხვედრა USAID-ის წარმომადგენელთან და მან პირდაპირ მოგვატყუა, რომ ყველაფერი იყო სწორი და არაფერი შეცდომა არ იყო და შემდეგ, სამ დღეში აღიარა ISFED-მა, რომ ავრცელებდა ყალბ ინფორმაციას PVT-თან დაკავშირებით", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აქტიური გამოხმაურებები იყო ოპოზიციისგან, ენმ-ს დეპუტატი დავით ხაჯიშვილი ამბობს, რომ კონგრესში ძალიან ზუსტი შეფასებები მოისმინა, „ივანიშვილი და მისი პარტია აუცილებლად დასანქცირდებიან, რადგან მათ მძევლად ჰყავთ აყვანილი საქართველო და ვაჭრობენ საქართველოს მოსახლეობის მომავლით".

„ჩვენს მეგობრებს ძალიან სწორი შეფასება ჰქონდათ გუშინ კონგრესში. ჩვენი აზრით, აუცილებლად დასანქცირდება ივანიშვილი და მისი პარტია იმ ქმედებისთვის, რაც ამ ადამიანებმა ჩაიდინეს ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ. ვფიქრობ, დღეს ივანიშვილს მძევლად ჰყავს აყვანილი საქართველო, ჩვენი მოსახლეობა და ის ვაჭრობს ჩვენს მეგობრებთან, რაც რა თქმა უნდა, არ გამოუვა, ისინი დასანქცირდებიან აუცილებლად.

„სამწუხაროა, რომ ეს სანქციები მხოლოდ მათზე არ აისახება, ეს აისახება ჩვენს მოსახლეობაზე, რადგან ჩვენ ვნახეთ, რომ როგორც კი იყო ერთი განცხადება, რომ ისინი დასანქცირდებიან, ამის შემდეგ გაუფასურდა ლარი, ინვესტორები უარს ამბობენ ქვეყანაში ფულის ჩადებაზე, ტურისტებმა გააუქმეს თავისი საგზურები საქართველოში და სამწუხაროდ, ეს აისახება ყველაზე, რადგან ივანიშვილს მძევლად ჰყავს აყვანილი მთელი ქვეყანა და ვაჭრობს ჩვენი მომავლით. ეს პროცესი დასრულდება 26 ოქტომბერს, როდესაც ჩვენი მოსახლეობა უარს ეტყვის ივანიშვილს და მის პარტიას.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის არის ქვეყნის მთავარი პოლიტპატიმარი და დიდი ალბათობა არის, რომ მის მიმართ განხორციელებული იქნას ბოროტმოქმედული საქციელები. აქედან გამომდინარე, ამ შეფასებაშიც ჩვენს პარტნიორებს ვეთანხმებით და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ გვინდა, რომ თავისუფალი არჩევნები ჩავატაროთ, მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი და ამის შემდეგ ვნახოთ ვინ ვის მოუგებს არჩევნებს", - განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

როგორც „ლელოს" დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, კონგრესის გზავნილი ნათელია, რომ აშშ ქართველი ხალხის გვერდით დგას.

"ჰელსინკის კომისიის მოსმენა არის ფაქტების დადგენის მიზნით შეხვედრა ანუ საინფორმაციო.საკანონმდებლო პროცესი კი, ახლა დაიწყება და მომავალი კვირების მანძილზე, სავარაუდოდ ივლისის ბოლომდე გაგრძელდება. ეს მათთვის, ვინც დღეს ელოდებოდა რაიმე გადაწყვეტილებას.მთავარი კი, დღევანდელი მოსმენიდან არის შეკითხვა, რომელიც მრავალჯერ გაიმეორეს - რითი დაგეხმაროთ, ანუ ნათელი გზავნილი, რომ აშშ ქართველი ხალხის გვერდით დგას.დღევანდელი მოსმენის პოლიტიკური განაცხადიც ესაა", - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×