თამთა ჩაჩანიძე
21.11.2023

წვრილი ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ თუ „ოცნება" არჩევნებისთვის ბარიერს არ დასწევს, გეგმა „ბ"-თი იმოქმედებენ. არჩევნებამდე 11 თვით ადრე გამოქვეყნებული კვლევებით და პოლიტიკური მოცემულობით 5%-ს უპრობლემოდ ორი პარტია ლახავს, თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, თუ ბარიერთან ახლოს მყოფმა ჯგუფებმა წინასაარჩევნო კამპანია შინაარსიანად წარმართეს, არაა გამორიცხული, რომ პარლამენტში მინიმუმ ოთხი პარტია შევიდეს - „ოცნება", ენმ, გახარიას „საქართველოსთვის" და „ლელო".

„ოცნება" აცხადებს, რომ 5%-იან ბარიერს არ დასწევს. „ევროოპტიომისტების"დეპუტატმა რომან გოცირიძემ კი ახალი ინიციატივა წამოაყენა - „ნაცმოძრაობისა" და გახარიას პარტიის გამოკლებით უნდა შეიქმნას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციიდან შემდგარი დიდი გაერთიანება - „კონსულტაციები უნდა დაიწყოს მალე, იანვრიდან". როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობას" ბარიერის პრობლემა არ აქვს, მისი გადალახვის შანსი აქვს გახარიას პარტიასაც, ამიტომ ოპოზიციურ ველზე არსებულმა დანარჩენმა ძალებმა, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის იმ წარმომადგენლებმა, ვისაც პოლიტიკაში წასვლის სურვილი აქვს, ერთი დიდი გაერთიანება უნდა შექმნან.

წვრილი პარტიების გეგმა „ბ"

აქვე რომან გოცირიძე არ გამორიცხავს ასევე მეორე გაერთიანების შექმნასაც მათგან, რომელთაც ამ ბლოკთან თავსებადობა არ ექნებათ. მისი თქმით, მცირე პარტიების მხრიდან არჩევნებზე ცალკე გასვლა ან გულუბრყვილობა იქნება ან „ქართული ოცნების" სასარგებლოდ მოქმედება.

„ძალა ამ შემთხვევაში არის ერთ, დიდ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებაში. ცალ-ცალკე გასული პარტიების უდიდესი ნაწილი ბარიერს ვერ გადალახავს და თუ ერთმა ან ორმა გადალახა, ეს აბსოლუტურად არაფერს არ ცვლის. „ნაციონალური მოძრაობისა" და გახარიას პარტიის გამოკლებით, უნდა შეიქმნას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციიდან შემდგარი დიდი ბლოკი, მათ შორის შეიძლება იყოს არასამთავრობოების აქტიური ნაწილი და ცნობადი პირები, რომლებსაც პოლიტიკაში მოსვლა სურთ. ეს ბლოკი უნდა იყოს ნომერ პირველი თავის ელექტორალური ძალით, ენმ-ის ტოლფასი ან მასზე მეტი.

„ამ არითმეტიკით იმარჯვებს ოპოზიცია და იცვლება ხელისუფლება. პატარა პარტიების მხრიდან არჩევნებზე ცალკე გასვლა ან გულუბრყვილობა და ილუზიაა, ან უპასუხისმგებლობა ან „ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამენ პირდაპირ წყალს, ან კიდევ არიან ახირებული ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ოლიმპიური პრინციპით - გამარჯვება კი არ არის მთავარი, არამედ მონაწილეობა. ეს არის დიდი შეცდომა. გაერთიანებაზე საუბარი ოპოზიციამ უნდა დაიწყოს მალე, ალბათ იანვრიდან უნდა დაიწყოს კონსულტაციები", - განაცხადა გოცირიძემ.

„ლელოს" დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ თუ „ოცნება" ბარიერს არ დაწევს, ოპოზიცია გეგმას შეცვლის.

„ქართული ოცნება" ერთადერთი მიზეზით ამბობს უარს ბარიერის დაწევაზე, რომ მოიპაროს მორიგ ჯერზე თქვენი ხმები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბარიერი დარჩება 5%-ზე, თუ დაიწევა ან გაიზრდება, საზოგადოებას უკვე იმდენად სჭირდება რუსული ხელისუფლების თავიდან მოშორება ქვეყნის მართვის სადავეებიდან, რომ „ქართული ოცნება" შემდეგ არჩევნებზე ვერანაირი კონფიგურაციით ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას, ამიტომ, თუ შეცვლიან ბარიერს, ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ ცვლილებას, თუ არ შეცვლიან, ყველა შემთხვევაში შევცვლით ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას", - განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, დეოლიგარქიზაცია საქართველოში განხორციელდება, როდესაც ივანიშვილის ხელისუფლება შეიცვლება პროევროპული, დემოკრატიული კოალიციით.

„ჩვენ გვითხრეს ძალიან გასაგებად, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ მოთხოვნა უნდა იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ ქვეყანაში შეწყდეს ოლიგარქიული ზეგავლენა სახელმწიფო ინსტიტუტებზე და ერთადერთი ოლიგარქიული ზეგავლენა რომ აქვს ბიძინა ივანიშვილს, ეს უკვე არის დადასტურებული, მათ შორის ივანიშვილის მხარდაჭერით არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ დღეს," - აღნიშნა სამადაშვილმა.

ვინ გადალახავს ბარიერს

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ წინასაარჩევნო კამპანია პარტიებმა შინაარსიანად წარმართეს, 4 პარტია მაინც გადალახავს 5%-იან ბარიერს.

„გამოკვლევების მიხედვით 5%-თან ყველაზე ახლოს გახარიასა და ხაზარაძის პარტიები არიან, „ნაცმოძრაობა" კი იმდენად დაშორებულია ბარიერს, რომ მასთან მდგომს ვერ დაარქმევ. ამ პარტიებმა კარგად რომ იმუშაონ წინასაარჩევნოდ, შესაძლოა ოთხმა პარტიამ ბარიერი გადალახოს", - თქვა ანალიტიკოსმა

საყვარელიძემ რომან გოცირიძის ინიციატივაზეც ისაუბრა. „მეტ-ნაკლებად ძლიერები გამოირიცხა და კიდევ უფრო სუსტები თუ შექმნიან გაერთიანებას, ასეთი შემთხვევა არც მახსენდება, რომ სუსტებს ძლიერი გაერთიანება შეექმნათ. დავუშვათ გაერთიანდნენ, თუ ერთპროცენტიანი ხუთი პარტია შეგროვდა, ისინი ამდენი ძალისხმევით ერთ, ან ორ მანდატს მოიპოვებენ. პარლამენტში ასეთ შესვლას რა აზრი აქვს, ისინი ხომ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენას ვერ იქონიებენ?

„ახლაც სხვადასხვა ოპოზიციური პარტიაა შესული, მაგრამ გადაეწყვეტილებას ძირითადად მაინც „ოცნება" და უკიდურეს შემთხვევაში „ნაციონალებით" იღებენ, სხვა პარტიებს რა მნიშვნელობა აქვს არიან თუ არა პარლამენტში? ამით პარლამენტში შესაძლოა უფრო მეტი პარტია იყოს, მაგრამ ეს საპარლამენტო საქმიანობას არ შეცვლის", - განაცხადა მან.

ანალიტიკოსის თქმით, გამოსავალი სწორი დიაგნოზის დასმაშია, თუ რატომ აქვს დღეს ოპოზიციურ პარტიებს დაბალი რეიტინგი.

„მეჩვენება, რომ თავად ოპოზიციის მხრიდან გამოსავლის ძიება არ მიდის სწორად. მათ შექმნილი სიტუაცია არ მოსწონთ, მაგრამ როცა ავადმყოფი არ მოსწონთ, ჯერ მისი ჯანმრთელობა შეისწავლონ, დიაგნოზი უნდა დაუსვან სწორად და მერე მისცენ წამლები. ოპოზიცია არ სწავლობს იმას თუ მათ დაბალი რეიტინგი რატომ აქვთ, მერე იმის და მიხედვით თუ რას აღმოაჩენენ, შეიძლება გაერთიანდნენ, ან გაიყონ.

„პრობლემა ერთ ადგილასაა და ესენი გამოსავალს სხვა ადგილზე ეძებენ, პრობლემა გამთლიანებაში კი არა იმაშია, რომ თვითონ პარტიები ამომრჩევლისთვის მომხიბვლელები არ არიან. დგანან და აბა გავერთიანდეთო და შეიძლება მათზე ამომრჩეველს სერიოზული დამიკიდებულება ჰქონდეთ?" - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცახდებს, რომ ბარიერს 3-4 პარტია გადალახავს, ფიქრობს, რომ გოცირიძის ინიციატივას პერსპექტივა აქვს.

„ჩემი აზრით, ბარიერს სამი პარტია ნამდვილად გადალახავს - „ქართული ოცნება" „ნაციონალური მოძრაობა-სტრატეგია აღმაშენებელი" და გახარიას „საქართველოსთვის". ასევე იმედი მაქვს, რომ 5%-ს „ლელოც" გადალახავს, თუმცა მე უფრო ვფიქრობ, რომ სხვა პარტიებთან კოალიციაში უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს, მაგალითად „გირჩი - მეტი თავისუფლებასთან" და „დროასთან". ყველა პროდასავლურ გაერთიანებას მივესალმები და ვფიქრობ, რომ მსგავსი პროცესი მნიშვნლოვანია. გოცორიძის ინიციატივას პერსპექტივა აქვს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×