თამთა ჩაჩანიძე
20.11.2023

წვრილი ოპოზიციური პარტიების მოწოდებების მიუხედავად, „ოცნება“  5%-იანი ბარიერის დაწევას არ განიხილავს. ამ პოლიტიკური მოცემულობით და წინასაარჩევნო კვლევებით ჩანს, რომ 2024 წლის არჩევნების შედეგებით პარლამენტში მხოლოდ ორი პარტია შედის -„ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“. ანალიტიკოსთა შეფასებით, წვრილ ოპოზიციურ პარტიებს სხვა გზა არ რჩებათ გარდა იმისა, რომ გამსხვილდნენ და რამდენიმე პერსპექტიულ ცენტრად ჩამოყალიბდნენ. ამ შემთხვევაში ძალთა ბალასიც შიცვლება და მომავალ პარლამენტში მანდატების გადანაწილების პერსპექტივაც, რამაც შესაძლოა „ოცნებას“ ბარიერის დაწევისკენ უბიძგოს. 

როგორც „რეზონანსთან“ ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, 5%-იან ბარიერს მიღმა დარჩენის კანდიდატი პარტიების თუ ჯგუფების მხრიდან „ოცნების“ „ნამუსზე შეგდება“ შედეგს არ გამოიღებს, რადგან ორპარტულ პარლამენტში ძირითადი ხმები „ქართულ ოცნებისკენ“ წავა  და მას მინიმუმ 76 მანდატი ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაუფლებას შეინარჩუნებს.

ძაბირაძეს მიაჩნია, რომ გამოსავალი რამდენიმე სერიოზული ცენტრის ჩამოყალიბებაა, რომელთაგანაც თითოეულად 5%-იან ბარიერს გადალახავს და ჯამში 20%-ზე მეტს აიღებს, ეს მოცემულობა კი „ოცნებას“ უკან დაახევინებს. 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ  პარტია „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, ბარიერი კი არ შეამციროს, პირიქით გაზარდოს, რადგან მიიჩნევენ, რომ ამით „ოცნება“ პარლამენტში თავის სატელიტ პარტიებს ვერ შეიყვანს, რის გარეშეც უმრავლესობის ჩამოყალიბება გაუჭირდება. 

არჩვენებამდე წელიწადზე ნაკლები დარჩა და პარტიების ნაწილმა წინასაარჩევნო მზადება უკვე დაიწყო. 11 ნოემბერს „ევროპულმა საქართველომ“ კონფერენციაზე „ქართული პოლიტიკის სისტემური გადატვირთვის“ გეგმა და გუნდის ახალი წევრები წარადგინა. „ლელომ“ კი მომავალი წლის არჩევნებისთის მზადება ოფიციალურად 19 ნოემბერს დაიწყო, კონფერენციაზე ცნობილი გახდა,რომ პარტია თბილისის ორგანიზაციას აფუძნებს. 

ვის სურს ბარიერის დაწევა და ვის - არა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, 20 ნოემბერს კიდევ ერთხელ თქვა, რომ სარჩევნო ბარიერის დაწევა არ განიხილება. მისივე თქმით, ევროკავშირის ქვეყნების ნახევარზე მეტში ბარიერი 5%-ია.

„გახარიებმა" დღეს პირველად გააკეთეს სწორი განცხადება, რადგანაც მათთვის სულ ერთია, გინდ 5%-იანი ყოფილა და გინდ 15-იანი, მაინც ვერ გადალახავენ ბარიერს. წელს არ ყოფილა საერთოდ ამის შესახებ მოწოდება, რადგანაც ევროპის ქვეყნების ნახევარზე მეტში მიიჩნევა, რომ სწორედ 5%-იანი ბარიერი უზრუნველყოფს პლურალიზმის და დემოკრატიის ხარისხს. აქედან გამომდინარე, არ განიხილება ბარიერის დაწევა. ევროკავშირის ქვეყნების ნახევარზე მეტში ბარიერი 5%-ია“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

„რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე კი აცხადებს, რომ „ოცნება“ პირობას არღვევს, როცა აცხადებს, რომ არ აპირებს 5%-იანი ბარიერის შეცვლას. მისი თქმით, გაერთიანებების შექმნა ოპოზიციისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება.

„ქართულმა ოცნებამ" მკაფიოდ გააკეთა დაპირება და გარდა ამისა, ერთი მოსმენით მიღებული გვაქვს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ბარიერის 2%-მდე შემცირებას ითვალისწინებს. ეს ის საკითხია, რაზეც შეთანხმებული იყო ოპოზიცია და „ქართული ოცნება“, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ის პირობას არღვევს, როცა აცხადებს, რომ არ აპირებს 5%-იანი ბარიერის შეცვლას. ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა გადახედოს საკუთარ სტრატეგიას. გაერთიანებების შექმნა იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, თუ გვინდა ხელისუფლება შეიცვალოს.

„კობახიძე საკუთარ შიშებს ასაჯაროებს. მათ ეშინიათ, როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ და ამის გამო, ქვეყანას უქმნიან პრობლემას, ეს არის ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლა, რადგან მოქალაქეების დაკვეთა არის მრავალპარტიული პარლამენტი, რომ ამ ქვეყანაში იყოს ევროპული მმართველობა და ამის წინააღმდეგ მიდიან“, - განაცხადა სამნიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა პარტიის „საქართველოსთვის“ დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის განცხადებას, რომელმაც ხელისუფლებას მოუწოდა, თუ სურს ბარიერი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაზარდოს და აღნიშნა, რომ პარტიებმა იქიდან გამომდინარე არ უნდა იმსჯელონ, თუ ვის რისი გადალახვის შესაძლებლობა აქვს.

რაც შეეხება ლილუაშვილის განცხადებას, იგი „ოცნებას“ მოუწოდებს, რომ თუნდაც ბარიერი გაასამმაგონ.  

„აპირებენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებას“ - ეს არის თაღლითური ნარატივი. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას გაზარდოს ისტორიულ მაქსიმუმამდე ბარიერი, 7%-იანი ბარიერიც ახსოვთ ამ ქვეყანაში. მეტიც, გაასამმაგონ თუ უნდათ, 15%-მდე ასწიონ. არავის მათი სპეკულაციური ნარატივის არ ეშინია. პირიქით, ამ ყველაფერს ისინი იყენებენ იმ შიშის შესანიღბად, რაც უკავშირდება მათი კვლების რეალურ შედეგებს, რომლითაც ისტორიულ მინიმუმზეა „ოცნების“ რეიტინგი“, - განაცხადა ლილუაშვილმა. 

მანამდე „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსთან“ განაცხადა. რომ საარჩევნო ბარიერის საკითხთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ „კიდევ ერთხელ მოგვევლინა, როგორც გადამგდები პოლიტიკური ძალა“. ელისაშვილის თქმით, „ქვეყანა სულ რომ მართლა წარმატებული იყოს, ხელისუფლება მაინც უნდა შეიცვალოს“, რადგან „ძალიან გაუტკბათ“. ელისაშვილის თქმითვე, მისმა პარტიამ „შეცდომა დაუშვა“, როდესაც სხვა პარტიებთან ერთად „აიზილნენ“ და ამას აღარ აპირებენ.

რაც შეეხება ენმ-ს პოზიციას, პარტია 23 ნოემბრის შეკრებისთვის ემზადება და ოფიციალურად ამ საკითხზე მათი პოზიცია ჯერჯერობით ცნობილი არაა. 

რა ბერკეტი დარჩა ოპოზიციას 

როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, 5%-იანი ბარიერი მხოლოდ „ოცნებას“ და ენმ-ს აძლევს ხელს. დანარჩენ პარტიებს კი ერთადერთი გამოსავალი რჩებათ - უნდა გამსხვილდნენ. 

„5%-იანი ბარიერი ხელს აძლებს „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, ამ ორივე პარტიას ბარიერის დაძლევა გარანტირებული აქვს და თუ პოლიტიკური სპექტრი იმ მდგომარეობაში დარჩება, როგორშიც დღესაა, ამ ბარიერს მეტი ვერცერთი ვერ გადალახავს და რომც გადალახონ და 5-6-8%-ის ფარგლებში დარჩებიან, მათი მანდატები გადამწყვეტი რა თქმა უნდა არ იქნება. ძირითადი ხმები „ქართულ ოცნებაზე“ წავა და მას 76 მანდატი ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაუფლებას შეინარჩუნებს. „ქართული ოცნება“ შეეცდება, რომ ბარიერის თემა მუდმივად შეინარჩუნოს და არ დასწიოს, ეს აქსიომაა. 

„ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ გარდა, მეტი არცერთ პარტიას არ აქვს გარანტირებული გადალახოს 5%-იანი ბარიერი. მოთხოვნა და „ოცნების“ ნამუსზე შეგდება, რომ თქვენ ამბობდით და ამიტომ უნდა გააკეთოთო და ბარიერი დასწიოთო, რა თქმა უნდა შედეგს არ გამოიღებს.  შედეგს გამოიღებს ერთი რამ - თუ გაჩდება რამდენიმე ცენტრი (ენმ-სა და „ოცნების“ გარდა), რომლებსაც ასევე ექნებათ შედეგის მიღწევის სერიოზული შანსი, რომ არჩევნებში 10-12% მაინც აიღონ. მაშინ შესაძლოა „ოცნებამ“ იმაზე იფიქროს, თუ როგორ დასწიოს ბარიერი. 

„არც წვრილ პარტიებს და არც ზოგადად ოპოზიციას ახლა არანაირი ბერკეტი არ აქვთ, რომ „ოცნებას“ ბარიერი დააწევინონ“,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ. 

მისივე აზრით, ამ მოცემულობაში „ოცნებას“ უმრავლესობის შესაქმნელად პარლამენტში თავისი სატელიტების შეყვანა არც სჭირდება. 

„სატელიტების შეყვანა „ოცნებას“ ამ შემთხვევაში არ სჭირდება და გახარიას პარტია და მისი წარმომადგენლები მაგას ვერ ხვდებიან. ბოლო გამოკითხვებით, რაც ვნახეთ და ყველაზე ახლოს რეალობასთან მაინც „აირაის“ გამოკითხვებია, 5%-იან ბარიერს მხოლოდ ორი პარტია გადალახავს, სხვები კი სათუოა. ასეთ შემთხვევაში 76 მანდატზე მეტს „ოცნება“ მიიღებს და მას სატელიტები არ სჭირდება. 

„ოცნებას“ სატელიტები მაშინ დასჭირდება, როცა გახარიას, „ლელოს“ და სხვა ჯგუფებს ექნებათ საშუალება, რომ ცალკ-ცალკე  6-7% მიიღონ და წვრილ-გამსხვილებულ ოპოზიციურ ჯგუფებს ჯამში სადღაც 20%-მდე ექნებათ. მაშინ „ოცნებას“ სატელიტი დასჭირდება და ბარიერს დასწევს. დღევანდელ მოცემულობაში კი არ დასწევს“, - განაცხადა ძაბირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×