
პარლამენტში 18 ნოემბერს ისევ დაფისქსირდა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაპირისპირება გენდერულ ნიადაგზე. „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს შორის მომხდარი კონფლიქტი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა მიმართ ძალადობად შეაფასა. თუმცა, „ტაბულას" დამფუძნებელი და „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი დანარჩენ ოპოზიციას დაუპირისპრდა და მათი ქცევა დაგმო.
„თუ ქალზე სტერეოტიპებით სარგებლობა გსურთ, კინდ ოფ „ქალ დეპუტატებს შეურაცხგვყოფენ" - სქესზე აქცენტით, მაშინ ადექით და მაგ სტერეოტიპებით იმოძრავეთ. როცა აგინებ - ჯიგარი ხარ. ხოლო როცა გაგინებენ - ქალი, არ გამოვა. ან ისე ქენით, ან ასე მეგობრებო. თანასწორობა მაგ თქვენი ზიგზაგებით ნაღდად არ მოვა," - დაწერა ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პარასკევს განვითარებულ მოვლენების კომენტირებისას განაცხადა: „დღეს პარლამენტში მორიგი უმსგავსობა ვიხილეთ - კიდევ ერთხელ ვგმობ ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობას, ეს არის ქართული კულტურისათვის შეუთავსებელი, უღირსი და სამარცხვინო საქციელი.
„საქართველოს პარლამენტი უკვე მერამდენედ ხდება არნახული სირცხვილის მოწმე. სწორედ იმის გამო, რომ ქალი დეპუტატების მიმართ მიუღებელი და აღმაშფოთებელი შეურაცხყოფის პირველ ტალღას პარლამენტისგან და უშუალოდ, პარლამენტის თავმჯდომარისგან რეაგირება არ მოჰყოლია, დღეს ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ - მორიგი უმსგავსობა.
კიდევ ერთხელ ვგმობ და ყოველთვის დავგმობ ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობას - ეს არის ქართული კულტურისათვის შეუთავსებელი, უღირსი და სამარცხვინო საქციელი," - განაცხადა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „ქართული ოცნების" დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას, თინა ბოკუჩავას „ნაბიჭვარი" უწოდა. მგალობლიშვილის შეურაცხმყოფელ რეპლიკას, „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ანა წითლიძის მხრიდან რეაქცია მოჰყვა. მან მმართველი პარტიის დეპუტატს ქაღალდები ესროლა.
ანა წითლიძის მიერ ლევან მგალობლიშვილის მისამართით ფურცლების სროლის შემდეგ, მგალობლიშვილმა მიკროფონი მოხსნა და ცდილობდა ის ანა წითლიძისთვის ესროლა, თუმცა მანდატური ჩაერია. უმრავლესობის წევრებმა ლევან მგალობლიშვილი სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს.
რას ნიშნავს ეს ინციდენტი? ახდენს თუ არა ოპოზიცია მანიპულირებას გენდერული საკითხებით და რატომ დაუპირისპიურდა ჩერგოლეიშვილი საპარალამენტო ოპოზიციას?
ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ჩერგოლეიშვილი საპარლამენტო ოპოზიციასთან დაპირისპირებით თავისი პარტიის რეიტინგის გაზრდას ცდილობს. რაც შეეხება კონკრეტულ ინციდენტსა და „ოცნების" წარმომადგენელთა მხრიდან ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების შეურაცხყოფას, საყვარელიძეს ეს მიუღებლად და უცნაურად მიაჩნია.
„მანიპულაცია ნიშნავს მეორე მხარის დაგეგმილ პროვოცირებას. იყო ეს დაგეგმილი პროვოცირება, თუ სპონტანურად წარმოიშვა, ძნელი სათქმელია. იმიტომ, რომ ბოკუჩავას მხრიდან ისეთი ქცევა ან ლაპარაკი, რომელიც გაღიზიანებას გამოიწვევს „ქართულ ოცნებაში", იშვიათობა არ არის და არც გასაკვირია.
„მაგრამ გასაკვირია „ქართული ოცნების" წარმომადგენლის რეაქცია, რაც არ ჯდება არც პოლიტიკური დაპირისპირების და არც თუნდაც გენდერული დაპირისპირების ფარგლებში და არც ქართული კულტურის ტრადიციებში. ამაში ვეთანხმები ქალბატონ პრეზიდენტს.
„ასე რომ, ის, რაც გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ", ეს ცალკე თემაა და სხვანაირად არის შესაფასებელი. ყოველი შემთხვევისთვის, „ქართული ოცნების" წარმომადგენელს არ ეყო იმდენი გონიერება, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაშვებული შეცდომაზე უარესი თვითონ არ დაეშვა.
„რაც შეეხება ჩერგოლეიშვილს, ეს პირველი შემთხვევა არ არის და მისი კრიტიკული დამოკიდებულება დანარჩენი ოპოზიციის მიმართ დღეს და გუშინ არ გაჩენილა. ასეთი დაპირისპირების მექანიზმი დევს იმაში, რომ მისი მეუღლე და მისი პარტია არ არის მაღალრეიტინგული და ახლა შეიძლება ცდილობს, რომ ამ პოლიტიკურ ჯგუფს რეიტინგი მიეცეს იმით, რომ კრიტიკული იყოს როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მიმართ", -განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.