ნაზი ბერიძე
17.11.2023

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გაწყვეტას გეგმავს, რომლებმაც სეპარატისტული რესპუბლიკა ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარეს - პრინციპში ყველა მეტ-ნაკლებად ავტორიტეტულ ორგანიზაციასთან. როგორც „რეზონანსთან" ექსპერტები ამბობენ, თავად აფხაზეთშიც კი „ამ ავანტიურას" დიდი მხარდაჭერა არ ექნება. ამასთან, ფიქრობენ, რომ ეს საკითხი ერთგვარად დაკიდებულ მდგომარეობაშია და მანამ იქნება ასე, სანამ „უკრაინის საკითხს ფორმა არ მიეცემა",

„ეხო კავკაზას" ინფორმაციით, 16 ნოემბერს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ სოხუმში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ შესაძლოა შეაჩეროს გაეროს სააგენტოს პროექტები, რომლებმაც უარი განაცხადეს შეხვედრაში მონაწილეობაზე. მისი თქმით, ეს აღიქმება, როგორც არაგამჭვირვალე საქმიანობის დადასტურება და ინფორმაციის დამალვის მცდელობა.

გარდა ამისა, მან ასევე თქვა, რომ „მათთვის, ვისაც სურს გაანადგუროს აფხაზურ-რუსული ურთიერთობები და აფხაზეთის რესპუბლიკა „ოკუპირებულ ტერიტორიად" განიხილოს, უახლოეს მომავალში ჩვენი კარი დაიკეტება."

არძინბას თქმით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთში მიმდინარეობს პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს „კრემლის მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას", ასევე „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას". ამბობს, რომ საერთაშორისო სააგენტოები აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეზინფორმაციას აწვდიან მათ მიერ განხორციელებული პროექტების რეალურ მიზნებსა და ამოცანებზე, რაც დასტურდება „პროექტების პრაქტიკული განხორციელების პროგრესით და პუბლიკაციებით აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურ ვებ გვერდებზე", ნათქვამია „ეხო კავკაზას"მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ურთიერთობის გაწყვეტა ასე მარტივად არ ხდება, მათ შორის ასეთ მსხვილ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, როგორიც გაეროა, რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, სანამ „უკრაინის საკითხს ფორმა არ მიეცემა", ამაზე საუბარი ნაადრევია.

„არძინბა რას ფიქრობს და რას აკეთებს, ზოგადად მნიშვნელობა არავისთვის არა აქვს, მარტო ჩვენთვის კი არა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და მოსკოვისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ ინალ არძინბა ათანხმებს ხოლმე ნაბიჯებს მოსკოვთან. ურთიერთობის გაწყვეტა ასე მარტივად არ ხდება. მე ვფიქრობ, რომ ამ ნაწილში საერთაშორისო ორგანიზაციები უარს ეტყვიან თანამშრომლობაზე ინალ არძინბას და აფხაზეთს, მე ვგულისხმობ იმ ნაწილს, რომელიც აფხაზეთის სუვერენიტეტს ეხება.

„სხვა დანარჩენი ჰუმანიტარული იქნება თუ ა.შ. გაერო არის ერთერთი საერთაშორისო მსხვილი ორგანიზაცია, რომელიც მათთან თანამშრომლობს. იმდენად არ უღირთ აფხაზებს მასთან ურთიერთობის გაწყვეტა, რომ არა მგონია ეს აფხაზეთის საზოგადოება იქნება თუ აფხაზეთის ხელისუფლება, დაეთანხმოს არძინბას ამ ავანტიურას. შეიძლება ითქვას, რომ არძინბა არის ცალკე და დანარჩენი მთავრობა - ცალკე.

„ვიდრე უკრაინის ამბებს რაღაცა ფორმა არ მიეცემა, მანამდე ლაპარაკი ამ თემაზე არის ზედმეტი - კერძოდ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე", - განაცხადა „რეზონანსთან" მამუკა არეშიძემ.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ მართალია, საერთაშორისო ორგანიზაციების როლი მნიშვნელოვანია, ტერიტორიების დაბრუნებაში მათ გადამწყვეტი როლი არ გააჩნიათ.

„საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები, შეიძლება დაეხმარონ საქართველოს რაღაცა გარკვეული პრობლემების მოგვარებაში, მაგრამ ისინი ვერ გადაგვიწყვეტენ ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობას, ჩვენზეა ყველაფერი დამოკიდებული.

„საქართველომ აფხაზეთი უნდა დაიბრუნოს აფხაზებთან ურთიერთობით, პირდაპირი მოლაპარაკებებით და დაინტერესებით რომ საქართველო მათთვის უფრო საინტერესო სახელმწიფოა ვიდრე რუსეთი. რუსეთი არის აგრესიული და ოკუპანტი სახელმწიფო, რუსეთი ახდენს ანექსიას ყირიმისას და ა.შ. მთელი მსოფლიოს დემოკრატიული სამყარო მის წინააღმდეგაა. რუსეთს ემუქრება მომავალში სერიოზული ეკონომიკური პრობლემები იმიტომ, რომ დასავლეთი არ აპირებს შეასუსტოს სანქციები, პირიქით, აპირებს უფრო გაამკაცროს. ამიტომ უახლესი ხუთი-ათი წელი რუსეთს ძვირი დაუჯდება. ამ ფონზე საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, აფხაზებს და ოსებს შესთავაზოს განსხვავებული სახელმწიფო, სადაც მათი უფლებები იქნება ღირსეულად დაცული, ინტერესები პირობები საფრთხეები და შიშები იქნება მოხსნილი", - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×