ნაზი ბერიძე
10.11.2023

დიდი აჟიოტაჟის შემდეგ, ეუთო/ოდირმა სახალხო დამცველის მიმართის საფუძველზე დასკვნა მოამზადა, სადაც აღნიშნულია, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა არ უნდა მიიღოს. ექსპერტ-ანალიტიკოსებიც იზიარებენ საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას და ხელისუფლებას რეკომენდაციას უწევენ კანონპროექტი პარლამენტიდან გამოიწვიოს, ვინაიდან ახლა კანდიდატის სტატუსის მოლოდინში ვართ.

„როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო აღნიშნული ცვლილებების პროექტს და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა, შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოში მისი განხილვა ჯერ დასრულებული არ არის.

„აღსანიშნავია, რომ ეუთო/ოდირმა დასკვნის მომზადებისას კონსულტაციები გაიარა გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში. როგორც ეუთო/ოდირი მიუთითებს, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება ასევე იცავს გრძელვადიან დემონსტრაციებს, გახანგრძლივებულ მჯდომარე აქციებს, ადგილის დაკავების ტიპის მანიფესტაციებს და მოიცავს შეკრების ფორმისა და ტიპის არჩევის თავისუფლებასაც." - ნათქვამია ინტერპრესნიუსის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პოლიტიკის ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" ხელისუფლებას ურჩევს, არ მოახდინონ ამ კანონპროექტის პედალირება, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მსგავსი რეაქცია მოჰყვა.

„ეს რაღაცნაირად მაგონებს იმ სიტუაციას, რაც უცხოური გავლენის აგენტების კანონთან დაკავშირებით მოხდა, რომ თითქოსდა წინასწარ იყო ცნობილი საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია, მაგრამ მაინც ეს კანონპროექტი იქნა გატანილი პარლამენტში, მერე კი საერთაშორისო ზეწოლის და არა 7-8 მარტის აქციების შედეგად, განსაკუთრებით ამას მინდა ხაზი გავუსვა, ეს კანონი უკან გამოიწვიეს.

„შესაბამისად, თუ სწორად მახსოვს, მე მგონი პარლამენტმა გადადო პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა შეკრების დამანიფესტაციების კანონთან მიმართებით, და მე ვფიქრობ, რომ ეს შემთხვევითი არ იყო, რადგან მათ შესაძლოა იცოდნენ, რომ ამ კანონს ასეთი რეაქცია მოჰყვებოდა საერთაშორისო პარტნიორებისგან.

„როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის უკვე ცნობილია საერთაშორისო თანამეგობრობის დამოკიდებულება ამ კანონპროექტის მიმართ და ვფიქრობ, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ კანდიდატობის რეკომენდაცია მივიღეთ და ახლა და ველოდებით ევროპული საბჭოს საბოლოო დასკვნას, ხელისუფლების მხრიდან არ იქნებოდა გონივრული ამ კანონპროექტის პარლამენტში გატანა და მისი პედალირება," - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" დაწესებულ შეზღუდვებს არაკონსტიტუციურს უწოდებს.

„ზოგადად კონსტიტუციიურობასთან დაკავშირებით ნორმა უნდა შეფასდეს იმ ძირითად უფლებებთან მიმართებით, რომლებიც არის კონსტიტუციით დადგენილი. ამ თვალსაზრისით, იქ, რამდენადაც მახსოვს, იყო საუბარი კარვების და სხვა დროებითი ნაგებობების თუ მოწყობილობების დადგმაზე. თავისთავად ასეთი რამის დადგმა არ არღვევს კონსტიტუციით განსაზღვრულ რომელიმე უფლებას. შესაბამისად, აკრძალვა ასეთი რამის დადგმისა არ გამომდინარეობს კონსტიტუციიდან.

„ამდენად, თუ ეს არ გამომდინარეობს კონსტიტუციიდან, და უფრო მეტიც თუ ამის შედეგად შეიძლება შეზღუდული აღმოჩნდეს შეკრების მონაწილეთა სხვა უფლებები, მაგალითად დროებითი სცენის დადგმის გარეშე, შეიძლება ძალიან გართულდეს, ვთქვათ, მიტინგის გამართვა, რაც არის ადამიანების კონსტიუციური უფლება. ასევე იმ შემთხვევაში თუ შეკრება გრძელდება, ვთქვათ, დღეების განმავლობაში, კარვის დადგმის აკრძალვამ შეიძლება პრობლემები შეუქმნას მიტინგის მონაწილეებს. კარვები შეიძლება იქნეს გამოყენებული სურსათის და მიტინგის გამართვისთვის საჭირო სხვა ნივთების შესანახად ან უბრალოდ მოსასვენებლად. აქედან არაფერი კონსტიტუციით აკრძალული არ არის, ამიტომ ამის აკრძალვა პრობლემური იქნება.

„ერთადერთი შემთხვევაა როცა კონსტიტუცია ამბობს, რომ ხელისუფლებას უფლება აქვს შეწყვიტოს მიტინგი, ეს იმ შემთხვევაში, თუკი მომიტინგეები არღვევენ კანონს -დარღვევებსაც გააჩნია, რა ტიპის დარღვევა იქნება. მე თუ კანონში ჩავწერე, რომ არა მაქვს უფლება ვიყვირო მაგალითად მიტინგის დროს, მაშინ თუ ვიყვირებ, მოვლენ და შეგვაწყვეტინებენ მიტინგს. ამიტომ, გააჩნია, კანონით რა შეიძლება შეიზღუდოს. ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც წესდება კანონით, უნდა იყოს გონივრული, უნდა იყოს პროპორციული და ემსახურებოდეს სხვათა უფლებების დაცვის მიზანს და არ იყო უაზრო შეზღუდვები," -განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ხმალაძემ.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებით იკრძალება:

„... დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას, მისი მოწყობის გარეშე არსებითად არ ფერხდება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება ან/და მისი მოწყობა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება."

„3. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე" და „ვ" ქვეპუნქტების მოთხოვნის დარღვევის ან/და ამ კანონის 111 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გაფრთხილებიდან უახლოესი 15 წუთის განმავლობაში ორგანიზატორი ვალდებულია მოუწოდოს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს და მიმართოს ყველა გონივრულ ქმედებას, რათა გაიხსნას ტრანსპორტის სავალი ნაწილი, აღდგეს ტრანსპორტის მოძრაობა ან/და განხორციელდეს დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟი, აგრეთვე შესაბამისი გაფრთხილების მიღების შემდეგ დროებითი კონსტრუქციის მესაკუთრე, კანონიერი მფლობელი ან შეკრების ან მანიფესტაციის შესაბამისი მონაწილე ვალდებულია განახორციელოს დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟი.";

„6. თუ ორგანიზატორმა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი ვალდებულება არ შეასრულა ან შეასრულა, მაგრამ ვერ აღმოფხვრა დარღვევა 2 გონივრულ ვადაში, აგრეთვე თუ დროებითი კონსტრუქციის მესაკუთრემ, კანონიერმა მფლობელმა ან შეკრების ან მანიფესტაციის შესაბამისმა მონაწილემ არ განახორციელა დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟი გონივრულ ვადაში, სამართალდამცავი ორგანოები დარღვევის აღმოსაფხვრელად, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გასახსნელად, ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად ან/და დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟის განსახორციელებლად გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს."

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×