თამთა ჩაჩანიძე
10.11.2023

„თუ გვექნება დემოკრატიული არჩევნები, ეს საშუალებას მისცემს წარმოიშვას ახალი კოალიცია", - ეს განცხადება პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საფრანგეთში ვიზიტისას გააკეთა. რა ერთობას გულისხმობს პრეზიდენტი „კოალიციაში", არ დაუკონკრეტებია, თუმცა „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტს ჰქონდეს მომავალი გეგმები ქართულ ოპოზიციაში გადაბარგების შესახებ და ეს განცხადება შეიძლება „წამოცდენასავით იყოს".

აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში 9 ნოემბერს გაემგზავრა მშვიდობის ფორუმზე დასასწრებად, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ პრეზიდენტს ამ ვიზიტზე მათგან თანხმობა არ ჰქონია. ამავე ფორუმზეა მიწვეული პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც. საქართველოს პრეზიდენტმაც და პრემიერმაც ცალკ-ცალკე შეხვედრა გამართეს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.

კოალიციაზე განცხადება ზურაბიშვილმა „ფრანს 24"-თან ინტერვიუს დროს გააკეთა.

„ის (ღარიბაშვილი) დღეს საფრანგეთში იმყოფება და ესწრება მშვიდობის ფორუმს, ხვდება პრეზიდენტ მაკრონს. ამან [განცხადებამ] მე გამახარა, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკომისიამ პოლიტიკურად ძალიან ზუსტი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ეს გარკვეულწილად აიძულებს საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას ერთ ევროპულ სიხშირეზე იყვნენ. ვნახოთ... ვფიქრობ, რომ სტატუსი, რომელსაც იმედია წლის ბოლოს მივიღებთ, იქნება არა სტატუსი მონიჭებული საქართველოსთვის როგორც „საბოლოო ანგარიშსწორება", არამედ როგორც strings attached (ვალდებულებებით დატვირთული - რედ.), უფრო მეტი და უფრო ძლიერი კავშირი ევროპასთან, ევროპის მეტი ჩართულობა. ევროპა უნდა იყოს ჩვენთან ერთად, ეტაპობრივად, შემდეგ ეტაპამდე.

„იმედი მაქვს, რომ თუ გვექნება დემოკრატიული არჩევნები, ეს საშუალებას მისცემს წარმოიშვას ახალი კოალიცია. ამ შემთხვევაში, შევასრულებთ ყველა პირობას, რომ ჩვენ გავხსნათ მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ერთი წელი გვაქვს დაგვიანება უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, ეს წელი უნდა ავინაზღაუროთ და ამისათვის ევროპა ჩვენს გვერდით უნდა იყოს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, რომ ზურაბიშვილის განცხადება კოალიციაზე ნიშნავს, რომ მას მომავალი გეგმები აქვს ქართულ ოპოზიციაში.

„2024 წლის არჩევნებში არანაირი პარტიული კოალიციები ვერ მოხვდებიან, გარდა ერთიანი პარტიული სიისა - ეს ჩვენმა საზოგადოებამ და ამომრჩეველმა კარგად უნდა გაიგოს. სალომე ზურაბიშვილის რასაც ლაპარაკობს, ეს ნიშნავს, რომ მას მომავალი გეგმები აქვს ქართულ ოპოზიციაში და არა საზღვარგარეთ ევროპულ სტრუქტურებში. ის საფრანგეთის მოქალაქეა და შეუძლია, რომ ნებისმიერი მაღალი თანამდებობა დაიკავოს, მაგრამ როგორც ჩანს, მას ეს პერსპექტივა არ აგულება.

„მან გადაწყვიტა, რომ ნულჯამოვან თამაშში შევიდეს, რაც გულისხმობს იმას, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვისთან იქნება, გახარიასთან, ლომჯარიასთან თუ სხვასთან. სამწუხარო მოცემულობაა, რომ ქართული ოპოზიციას რეიტინგი არ აქვს. ნაცოპოზიციასთანაა აფილირებული ზურაბიშვილიც, გახარიაც და ლომჯარიაც, ისინი ქართულ საზოგადოებას არ უნდა. ელექტორატს არ სურს, რომ არჩევანი ზურაბიშვილსა და „ოცნებას" შორის გააკეთოს, ეს კი ქართული პოლიტიკის ტკივილია.

„მე ასე ვუყურებ ზურაბიშვილის ნათქვამს, გამოდის, რომ მას ევროპისა და გაეროს სტრუქტურებში მომავალი არა აქვს და ცდილობს, რომ ქართულ ოპოზიციაში რამენაირად დამკვიდრდეს, მაგრამ ეს მისთვის უკიდურესად წამგებიანი და სამარცხვინო იქნება. მიიღებს თუ არა პოლიტიკურ დივიდენდებს, ეს ძალიან სათუოა", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×