
თუ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაიწყო, ის შეიძლება 10 წლამდე გაიწელოს, თუმცა საბოლოოდ წარმატების შანსები ძალიან მაღალია და ამ კუთხით თურქეთის მაგალითის მოშველიება, რომელიც 50 წელია ამ რიგში დგას, არ არის უპრიანი, აცხადებს „რეზონანსთან" კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.
„თუ ეს პროცესი დავიწყეთ, შესაძლოა 3-4 წელში დასრულდეს, შესაძლოა 10-ში, მაგრამ მაინცდამაინც თურქეთით ნუ გვაშინებენ, ეს ერთადერთი სახელმწიფოა რომელიც ამ მოლაპარაკებებში „გაიჭედა". შანსები ძალიან მაღალი გვაქვს. მთავარია, რომ სტატუსი საქართველომ მიიღო, სჯობს ოპოზიციამ ილაპარაკოს, რომ ეს საქართველოს დამსახურებაა და თუ ჩვენ წინ წაწევა გვინდა, მეტი შრომაა საჭირო, რათა მოლაპარაკებების პროცესის დაწყებაზე მწვანე შუქი რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ.
„ბრიუსელში ვიზიტისას, ერთ-ერთ ვარიანტში ისიც იგრძნობოდა, რომ შეიძლებოდა ახლა ევროკომისიას უარი ეთქვა და 2024 წლისთვის გადაეტანათ. მადლობა ღმერთს, ეს ვარიანტი არ გავიდა და 2024 წლის არჩევნები დათქმებში გადაიტანეს იმიტომ, რომ საზოგადოებას უთხრან, აბა, თქვენი სახე გვაჩვენეთო. საქართველოში უცნაური სიტუაციაა, ევროკავშირის მომხრე მოსახლეობის 80%-ია, მთავრობა კი მის წინააღმდეგაა და პრორუსული. ეს აბსურდულია, ამიტომ გვაძლევენ საშუალებას ვაჩვენოთ, სადაა სიმართლე," - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
მისი თქმით, ევროპულის საბჭოს დასკვნა პრინციპში უკვე ნათელია, და თუ რამე ექსტრაორდინალური არ მოხდა, ის დადებით იქნება.
„თუ ეს პროცესი დეკემბრამდე არ დავიწყეთ, [დასკვნაზე] ნამდვილად არ იმოქმედებს, თუ „ოცნებამ" დამატებით რაღაც სისულელე არ ჩაიდინა, მაგალითად თუ ასეთი რამე მოხდა, რომ ახალი რუსული კანონი არ შემოაგდო და მერე მიტინგი სისხლში არ ჩაახშო, ანუ თუ მკვლელობების დონეზე რამე არ მოხდა, დეკემბერში ჩვენ სტატუსს მივიღებთ. ეს დათქმები მთელი წელზეა გაწერილი.
„შემდეგი ოთახი გასავლელი გვაქვს, რომ ახლა მოლაპარაკებების დაწყების პროცესზე მწვანე შუქი მივიღოთ, რაც ახლა მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს. ეს დათქმები ერთ წელიწადში უნდა განვახორციელოთ, მერე თუ მოლაპარაკებების დაწყების საშუალება მოგვეცემა, მერე 9 და 12 პუნქტი კი არა, 50-ჯერ 50 იქნება და ეს იქნება მუდმივი. მერე ჩაგვსვამენ მატარებელში, რომელიც ერთდროულად „სარეცხი მანქანაც" იქნება, თან ვიმოძრავებთ და თან „გაგვრეცხავენ".
„ევროკავშირში გაწევრიანების დღეს ჩვენ სულ სხვა საქართველო ვიქნებით და დღევანდელ უმსგავსობასთან არაფერი საერთო არ გვექნება. რასაც ჰქვია მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო, „ოცნება" თუ სხვა. სადღაც 7-8 წელიწადში სულ სხვა საქართველო იქნება.
„ეს დათქმები მათ სჭირდებათ არა იმიტომ, რომ ჩვენ ზედმიწევნით შევასრულოთ, არამედ ნახონ, თუ როგორ ვასრულებთ. ერთია რომ „შტანგას" დაეჭიდები და ვერ აწევ, მეორეა, რომ არც კი მოინდომებ აწევას და იტყვი მძიმეაო - მათ აინტერესებთ ჩვენ დავეჭიდებით თუ არა ამ „სიმძიმეს". 12 პუქნტიდან სამის გარდა არცერთი შევასრულეთ, მაგრამ გაატარეს, ნახეს, რომ ზოგს არც კი დავეჭიდეთ, ზოგს დავეჭიდეთ და ვერ ავწიეთ.
„მათთვის ახლა მნიშვნელოვანია არა შედეგი, არამედ პროცესი, რას ვაკეთებთ მათი დავალების შესრულებისთვის, როგორც მასწავლებელი ხედავს მოსწავლეს, რომელიც ზარმაცია და სხვა მოსწავლე, რომელიც ბეჯითია, რაღაცეებს ვერ იგებს და უნდა აუხსნას. ახლა მთავარია ჩვენ როგორი მოსწავლეები ვიქნებით, ზარმაცები და არაფრისმკეთებლები თუ მონდომებულები.
„თუ მონდომებულები ვიქნებით, ამას დაინახავენ და ჩვენს სასარგებლოდ შეაფასებენ. მგონია, რომ ამას დეკემბრამდე არ დავიწყებთ. დეკემბრამდე იქნება „ოცნების" ზეიმი და ოპოზიციის განცხადებები, რომ „ოცნება" არაფერ შუაშია. „ქართული ოცნება" მართლა არაფერ შუაშია, ეს პირველ რიგში ქართველი ხალხის და გეოპოლიტიკის დამსახურებაა. ამასთან რუსეთმა ევროკავშირს ნამდვილი სახე დაანახა და ამიტომ ევროკავშირმა მიიჩნია, რომ ასეთ რუსეთთან ასეთი პოლიტიკა არ შიძლება. უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს მიმართ გადაწყვეტილებები პოლიტიკურია. ყოჩაღ ევროკავშირს, რომ ეს დაინახა. ამ ქვეყნების მოდნომება მინიმალურია და ერთად აღებიული 5%-ია. 95% ევროკავშირის დამსახურებაა.